დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1996 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.010.000.22.024.013.514 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.013.514
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1–1/1996
2009 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 21 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში (სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დებულება;“.
2. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველოს დებულება;“.
3. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დებულება“.
4. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო. რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების საფუძველზე.“.
5. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველოს, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი) თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და არის მითითებულ რაიონებში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სამართალმემკვიდრე.“.
6. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების საფუძველზე.
2. სამმართველო, საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და არის მითითებულ რაიონებში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სამართალმემკვიდრე.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მოქმედი ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
4. სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
5. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამმართველო ახორციელებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.
6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სამმართველოს გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, ორგანოებისა და დაწესებულებებისათვის.
7. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების თანახმად.
8. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის სამმართველო ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სამინისტროს წინაშე.
9. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
10. სამმართველოს და მის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. სამმართველოს აქვს დამოუკიდებელი დასრულებული ბალანსი, სათანადო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.
12. სამმართველოს დაფინანსება ხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
13. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილ წესით.
14. სამმართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ოზურგეთი, კოსტავას 1.
მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები
სამმართველო თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს მასზე დელეგირებული სახელმწიფო ქონების გამიჯვნის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციასა და კონტროლს;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებას და ადასტურებს პრივატიზებულ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებას;
გ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს კანონით გათვალისწინებული ფორმების მიხედვით მასზე დელეგირებული ქონების პრივატიზაციას, ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს; კოორდინაციას უწევს საწარმოებში შექმნილი პრივატიზების სამუშაო კომისიების მიერ წარმოდგენილი მასალების შემოწმებას;
დ) გასცემს მასზე დელეგირებულ სახელმწიფო პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობებს;
ე) აღრიცხავს შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიაზე არსებულ და მის გამგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფო ქონებას;
ვ) გასცემს არაპრეფერენციული წარმოებისა და საქონლის წარმოების CT-1 სერტიფიკატებს;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. უფლებები და მოვალეობები
1. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს:
ა) იყოს სახელმწიფოს წარმომადგენელი სახელმწიფო დელეგირებულ ქონებაზე დადებულ ხელშეკრულებათა შესრულებაში, ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო დელეგირებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემული ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით გაცემის შესახებ;
ბ) მიიღოს მონაწილეობა მასზე დელეგირებულ სახელმწიფო დაქვემდებარების ქონებით შექმნილი საწარმოების გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისა და ლიკვიდაციის პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) თავისი ფუნქციების შესრულების პროცესში მოიწვიოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან სპეციალისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იურიდიული და ფიზიკური პირები;
ე) ცალკეული საკითხების გადამოწმების ან დარღვევებზე რეაგირების მიზნით კომპეტენციების შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით მიმართოს სათანადო ორგანოებს;
ვ) დაიცვას სახელმწიფო ინტერესები სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამმართველო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა)სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით საწარმოთა შექმნის შესახებ, რომლის დაფუძნება ხდება სახელმწიფოს ქონების ბაზაზე;
ბ) განახორციელოს მის მიერ განკარგული სახელმწიფო ქონების მყიდველების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონტროლი;
გ) განახორციელოს დელეგირებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო ქონების ჩამოწერა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაცია მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
დ) უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის საჯაროობა და რეკლამირება;
ე) განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) სახელმწიფო ქონების მონაწილეობით დადებულ გარიგებებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში აღძრას სასამართლოში სარჩელი ამ გარიგებათა გაუქმების შესახებ და აცნობოს სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა სახელმწიფო ქონების დაყადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო დაყადაღების შემთხვევაში აცნობოს სამინისტროს; ასევე ადგილზე დაიცვას სამინისტროს სხვა ფუნქციებიდან გამომდინარე ინტერესები თავისი კომპენტენციის ფარგლებში.
მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მიმდობილობის გარეშე მოქმედებს სამმართველოს სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს საბიუჯეტი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისათვის;
დ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ე) წარმოადგენს სამმართველოს და ანიჭებს სამმართველოს მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ სასამართლო ორგანოებში);
ვ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს მმართველობას განეკუთვნება;
ზ) დადგენილი წესით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად კომპეტენციებს და პასუხისმგებლობას;
თ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
ი) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
კ) აბარებს მინისტრს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ლ) ატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას;
მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამმართველოს თანამშრომელთა მივლინების შესახებ;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, თანამშრომელთა შვებულებების შესახებ, სამმართველოს უფროსის და უფროსის მოადგილის გარდა.
მუხლი 5. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამმართველოს სტრუქტურასა და საშტატო განრიგს სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები