დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 12/06/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.033.013.184 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.184
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №369
2009 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო;
ბ) მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველო;
გ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო.“.
2. 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო
მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ბ) წლიური და კვარტალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
დ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ვ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ზ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით დადგენილ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 37. მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველო
მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
გ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა.
მუხლი 38. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
გ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება საბაჟო/საგადასახადო სფეროში;
დ) საგადასახადო შეთანხმებების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის) ხელშეკრულების მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულების გაფორმება;
ე) საგადასახადო და საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივნისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები