დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 172/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 11/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.033.013.098 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.098
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №172/ნ
2009 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„ 2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ 2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანების (სსმ III, 25.03.2009წ., №3 6, მუხლი 419) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ლ“ და „ მ“ ქვეპუნქტები:
„ ლ) ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №11);
მ) გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №12).“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი №11
ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები და კომპონენეტები
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები პროგრამის კომპონენტების შესაბამისად:
| პროგრამის კომპონენტი | მოსარგებლეები |
| 1 | ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა | პროგრამის მოსარგებლეები არიან 60 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეები, გარდა ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ და ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეებისა, ასევე ,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა. |
| 2 | ნეიროონკოლოგიურ დაავადებათა სტაციონარული მკურნალობა | |
| 3 | ონკოჰემატოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა | |
| 4 | ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა | პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, გარდა ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ და ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეებისა, ასევე „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა. |
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
მუხლი 4. მომსახურების მოცულობა
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) სპეციალისტების კონსულტაციას;
ბ) პაციენტების დიაგნოსტიკურ მომსახურებას;
გ) ქირურგიულ ოპერაციებს;
დ) ქიმიო- , ჰორმონო-, და სხივურ თერაპიას;
ე) ონკოინკურაბელური პაციენტების სტაციონარულ მოვლას და სიმპტომურ მკურნალობას.
მუხლი 5. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ფინანსდება მომსახურების თითოეული ეპიზოდი. სამედიცინო მომსახურების ეპიზოდები წარმოდგენილია 14 ჯგუფად. თითოეული ჯგუფის ყველა ეპიზოდისთვის დაწესებულია ერთი საშუალო ღირებულება. თანაგადახდის წილი განისაზღვრება ნოზოლოგიური ჯგუფების მიხედვით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| N | ნოზოლოგიური ჯგუფი | ტარიფი (ლარი) | სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი | პაციენტის თანაგადახდა |
| 1 | თორაკალური | 1660 | 1110 | 550 |
| 2 | თავკისერი | 1530 | 1050 | 480 |
| 3 | მამოლოგია | 1130 | 750 | 380 |
| 4 | პროქტოლოგია | 1760 | 1210 | 550 |
| 5 | აბდომინური | 1760 | 1210 | 550 |
| 6 | უროლოგია | 1760 | 1210 | 550 |
| 7 | რბილი ქსოვილები | 1130 | 750 | 380 |
| 8 | გინეკოლოგია | 1530 | 1050 | 480 |
| 9 | ნეიროონკოლოგია | 3000 | 2000 | 1000 |
| 10 | სხივური თერაპია (გინეკოლ.) | 1410 | 1050 | 360 |
| 11 | სხივური თერაპია (ამბ. სტაც.) | 965 | 740 | 225 |
| 12 | ქიმიოთერაპია მედიკ. გარეშე (ამბ. სტაც.) | 150 | 120 | 30 |
| 13 | ქიმიოთერაპია მედიკ. გარეშე, ონკოჰემატოლოგია (ამბ. სტაც.) | 200 | 150 | 50 |
| 14 | კრიოთერაპია | 120 | 70 | 50 |
2. ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტის ფარგლებში დიაგნოსტიკაში პაციენტის თანაგადახდა შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 30%-ს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ ასანაზღაურებელი თანხა იანგარიშება ასევე ფაქტობრივი ხარჯიდან (70%), მაგრამ არა უმეტეს 150 ლარისა. კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში – არა უმეტეს 160 ლარისა. კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის №№1; 2; 4; 5; 6; 8; 9; 10; 11 და 12 პუნქტებისათვის.
3. ნეიროონკოლოგიური ნოზოლოგიების ვერიფიკაცია ხორციელდება ასევე კომპიუტერულ- ტომოგრაფიული ან ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული კვლევების საფუძველზე.
4. ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტის ფარგლებში იმ ნოზოლოგიების მკურნალობის თანხები, რომლებიც ითვალისწინებენ პათომორფოლოგიური და ბიოფსიური მასალების კვლევას, ანაზღაურდება მხოლოდ სათანადო დასკვნის არსებობის შემთხვევაში. თუ შეუძლებელია მორფოლოგიური ვერიფიკაციის მიღწევა, ანაზღაურება ხორციელდება კლინიკურად დადასტურებული ონკოლოგიური დიაგნოზების მიხედვით, მაგრამ ასეთ შემთხვევათა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს საერთო შემთხვევათა 5%-ს. ოპერაციის შემდგომი პათომორფოლოგიური გამოკვლევების ტარიფების ანაზღაურება და თანაგადახდა ხორციელდება იმავე წესით, როგორც ამ მუხლის მე-2 პუნქტში.
5. ქიმიოთერაპია და/ან ჰორმონოთერაპია – პროგრამით ანაზღაურდება ქიმიომედიკამენტების და/ან ჰორმონების ღირებულების 50%, არა უმეტეს 250 ლარისა.
6. ქიმიოთერაპია (ონკოჰემატოლოგია) – ანაზღაურდება ქიმიომედიკამენტების ღირებულების 50%, არა უმეტეს 200 ლარისა.
7. ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა – ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე, რომლის ღირებულება შეადგენს 75 ლარს. პროგრამით ფინანსდება მომსახურების ღირებულების 70%.
მუხლი 6. პროგრამის მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
1. მომსახურებას განახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ყველა სამედიცინო დაწესებულება.
2. ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ხელშეკრულების პირობებს, ანგარიშსწორების ფორმებსა და წესს განსაზღვრავს სააგენტო და ინფორმაციის სახით წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
4. პროგრამის განხორციელების მექანიზმებთან დაკავშირებით სააგენტო უზრუნველყოფს მოსახლეობისა და სამედიცინო დაწესებულებების დროულ და ადეკვატურ ინფორმირებულობას.
მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი
„ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 3 883.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
(ათასი ლარი)
| კომპონენტი | წლიური ბიუჯეტი |
| ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა | 3202.8 |
| ნეიროონკოლოგიურ დაავადებათა სტაციონარული მკურნალობა | 258.8 |
| ონკოჰემატოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა | 271.8 |
| ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა | 150.0 |
| სულ | 3883.4 |
დანართი №12
გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით, ასევე გულის იშემიური დაავადებით და გულის სიმსივნით დაავადებული მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით, ასევე გულის იშემიური დაავადებით და გულის სიმსივნით დაავადებული მოსახლეობისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი კარდიოქირურგიული მომსახურების უზრუნველყოფა.
მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება:
ა) გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა;
ბ) შეძენილი მანკებით, გულის იშემიური დაავადებით და გულის სიმსივნით დაავადებული 60 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა;
გ) პროგრამის სერვისით ვერ ისარგებლებენ „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ და ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეები, ასევე „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეები და „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეები.
მუხლი 4. მომსახურების მოცულობა
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებული პაციენტების კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
ბ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
გ) კორონარულ ანგიოპლასტიკას.
მუხლი 5. დაფინანსების მეთოდოლოგია, ანაზღაურების წესი
1. მომსახურება ჯგუფდება კატეგორიების მიხედვით და ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| ნოზოლოგიური ჯგუფები | საშუალო ღირებულება |
| გულის თანდაყოლილი მანკები: |
|
| ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევით | 17 155 |
| ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გარეშე | 11 992 |
| პირველადი დიაგნოსტიკა | 2 400 |
| ენდოვასკულური ოპერაციები: |
|
| ამპლაცერი / პეისმეიკერი | 8 551 |
| ვალვულოპლასტიკა / რაშკინდი | 3 016 |
| გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიები: |
|
| იშემიური დაავადებების, გულის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა | 11 890 |
| შეძენილი მანკები: |
|
| ერთი სარქვლის / აღმავალი აორტის / აორტის რკალის პროთეზირება / პლასტიკა | 15 106 |
| ბიოლოგიური სარქველი | 17 185 |
| ბენტალი / მწვავე მანკი / ინფარქტის შემდგომი გართულებები: სარქვლოვანი პათოლოგია, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა | 18 690 |
| ორი სარქვლის / სარქვლის და აღმავალი აორტის პროთეზირება | 18 052 |
| ანგიოპლასტიკა | 2 500 |
2. კარდიოქირურგიული მკურნალობა ფინანსდება შემთხვევის ღირებულების 70%-ით პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა ანგიოპლასტიკისა.
3. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების ანგიოპლასტიკით მკურნალობა ფინანსდება შემთხვევის ღირებულების 50%.
4. გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებულ 18 წლამდე პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობა ფინანსდება სრულად.
მუხლი 6. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
1. მომსახურების მიწოდება ხორციელდება მოსარგებლეთა ვაუჩერიზაციის გზით.
ა) კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემულ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია კარდიოქირურგიული მომსახურების მისაღებად;
ბ) კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგიული მკურნალობის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას არა უმეტეს ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულებისა;
გ) სპეციალიზებული კლინიკა აღრიცხვაზე მყოფი პაციენტის შესახებ ინფორმაციას წარადგენს სააგენტოში;
დ) სააგენტო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ადმინისტრაციულ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოფს აღრიცხვაზე მყოფი პაციენტებისათვის კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერების ბეჭდვასა და დარიგებას;
ე) კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერის მფლობელს, პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღებისას აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებს შორის.
2. ვაუჩერის ფორმას, ხელშეკრულების პირობებს, ანგარიშსწორების ფორმებსა და წესს განსაზღვრავს სააგენტო და ინფორმაციის სახით წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი
„ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 8 659.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
(ათასი ლარი)
| ღონისძიება | თანხა |
| 1. გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა | 3 200,0 |
| 2. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების მკურნალობა | 4 439,5 |
| 3. ანგიოპლასტიკა | 1 020,0 |
| სულ: | 8 659.5 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები