„აღმასრულებლის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის, მისი ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“

„აღმასრულებლის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის, მისი ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 05/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.071
92
01/05/2009
სსმ, 54, 05/05/2009
070.030.000.22.027.013.071
„აღმასრულებლის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის, მისი ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

 

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

070.030.000.22.027.013.071

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №92

2009 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

აღმასრულებლის საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამის, მისი ჩატარების, საკვალიფიკაციო- საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა, მისი ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

აღმასრულებლის საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა, მისი ჩატარების, საკვალიფიკაციო- საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზნები

1. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – საკვალიფიკაციო გამოცდა) მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა შემდგომში აღმასრულებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ან/და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

2. საკვალიფიკაციო გამოცდა განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი (კანდიდატი) აღმასრულებლისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

3. გამოცდების ორგანიზება და ჩატარება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) მიერ.

მუხლი 2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები

1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდაერთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება (განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიიცის მინისტრის თანხმობით, უმაღლესი განათლება) და ფლობს სახელმწიფო ენას.

2. ამ წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:

ა) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო (მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის) უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ ან „საერთაშორისო სამართალი“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია;

ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში;

გ) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“, ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მათ ჩაბარებული აქვთ შემდეგი საგნები:

გ.ა) საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი;

გ.ბ) სისხლის სამართალი;

გ.გ) სისხლის სამართლის პროცესი;

გ.დ) სამოქალაქო სამართალი;

გ.ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

გ.ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

გ.ზ) სამართლის თეორია.

3. პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარების შემთხვევაში.

მუხლი 3. საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისია

1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნამდე 30 დღით ადრე, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთაგან იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისია (შემდგომში – საორგანიზაციო კომისია).

2. საორგანიზაციო კომისიის უფლებამოსილება წყდება საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე.

3. საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელს კომისიის წევრთაგან ნიშნავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

4. საორგანიზაციო კომისიას ევალება გამოცდების მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.

მუხლი 4. საბუთების მიღება საკვალიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად

1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით კანდიდატთა საბუთების მიღება იწყება გამოცდის ჩატარებამდე ოცდახუთი დღით ადრე და წყდება გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე. დაგვიანებით შემოსული საბუთები არ მიიღება.

2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველს განცხადება შეაქვს საორგანიზაციო კომისიაში. მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ;

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების (განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიიცის მინისტრის თანხმობით, უმაღლესი განათლების) დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი დანართთან ერთად;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

ვ) გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დაწესებული საფასურის – ორასი ლარის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. გამოცდის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე თითოეულ კანდიდატზე გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის.

4. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება დადგენილ წესს, კანდიდატის საბუთები არ მიიღება და იგი გამოცდაზე არ დაიშვება.

 მუხლი 5. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა

საკვალიფიკაციო გამოცდას ნიშნავს და მისი ჩატარების თარიღს განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

მუხლი 6. გამოცდის ჩატარების ენა

საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

მუხლი 7. საკვალიფიკაციო გამოცდის ფორმა და მისი შედეგების გამოცხადება

1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით.

2. გამოცდის შედეგები ცხადდება გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ხუთი დღის ვადაში.

თავი II

გამოცდა

მუხლი 8. საგამოცდო ტესტი

1. საგამოცდო ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით შედგენილ ას საკითხს.

2. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი შეიცავს ფაქტობრივი შემთხვევის აღწერას ან თეორიული ხასიათის შეკითხვას, ხოლო მეორე ნაწილი – მათი სამართლებრივი გადაწყვეტის ოთხ შესაძლო ვარიანტს (პასუხს). გამოსაცდელის ამოცანაა გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო საგამოცდო ტესტის პასუხებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ფურცელში.

3. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. გამოსაცდელმა უნდა შემოხაზოს მხოლოდ ერთი პასუხი.

მუხლი 9. ტესტის საკითხების შეფასება

1. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით.

2. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან არც ერთი პასუხი არ არის შემოხაზული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით.

3. გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0 (ნული) ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 (ასი) ქულა.

მუხლი 10. გამსვლელი ქულა

გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ეთვლება გამოსაცდელს, რომელიც დააგროვებს 75 (სამოცდათხუთმეტ) ან მეტ ქულას.

მუხლი 11. საგამოცდო დრო

1. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ხუთი საათი. დროის გადაცილების შემდეგ საკვალიფიკაციო გამოცდების საორგანიზაციო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 (ნული).

2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. პირველი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი საგამოცდო ტესტის ჩაბარების გარეშე.

მუხლი 12. საგამოცდო ტესტების დარიგების წესი

1. ტესტური გამოცდის დაწყებამდე საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენლებს საგამოცდო დარბაზში შემოაქვთ დალუქული ყუთები, რომელშიც მოთავსებულია დალუქული კონვერტები.

2. საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი გამოსაცდელთაგან მოიწვევს რამდენიმე პირს, რომლებიც შეამოწმებენ, არის თუ არა ყუთი სწორად დალუქული. დალუქული ყუთი იხსნება საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელთა თანდასწრებით.

3. ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი და პასუხების ფურცელი.

4. კონვერტის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებული ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი დალუქული კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.

5. ტესტურ გამოცდაზე გამოცხადებულ პირთათვის საგამოცდო ტესტების დარიგების შემდეგ საორგანიზაციო კომისია ითვლის დარჩენილი კონვერტების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს კონვერტებს სპეციალურ ყუთში.

მუხლი 13. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტური გამოცდის დაწყებამდე

საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ჩატარებისათვის.

მუხლი 14. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა

1. ტესტური გამოცდის დაწყებამდე გამოსაცდელს ჩამოერთმევა ნორმატიული აქტები, კანონთა კომენტარები, სახელმძღვანელოები ან სხვა ანალოგიური მასალა, ასევე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებები.

2. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასალის ან ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული).

მუხლი 15. გამოცდის შედეგების შემოწმება

1. გამოცდის პასუხები მოწმდება საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობიდან შერჩეული უფლებამოსილი პირების მიერ კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ან მის მიერ კომისიის უფლებამოსილი წევრის მეთვალყურეობით.

2. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.

თავი III

საკვალიფიკაციო- საგამოცდო კომისია

მუხლი 16. საკვალიფიკაციო -საგამოცდო კომისიის შექმნა, მისი შემადგენლობის ანონიმურობის უზრუნველყოფა და უფლებამოსილება

1. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით, 9 წევრის შემადგენლობით იქმნება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია (შემდგომში – საგამოცდო კომისია).

2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. საგამოცდო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საგამოცდო კომისიის წევრთაგან ნიშნავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

4. საგამოცდო კომისია იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებამდე არა უადრეს ათი დღისა და მისი უფლებამოსილება წყდება საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების დამტკიცებისთანავე.

5. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და იგი არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდების შედეგების დამტკიცებამდე.

6. საგამოცდო კომისიის წევრის ვინაობის გამჟღავნება თვით ამ კომისიის წევრის მიერ შეიძლება გახდეს მისთვის საგამოცდო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

7. გადაწყვეტილებას საგამოცდო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

მუხლი 17. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე

საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე:

ა) უძღვება საგამოცდო კომისიის სხდომებს;

ბ) ისმენს საორგანიზაციო კომისიის ინფორმაციას უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის შესახებ;

გ) საგამოცდო კომისიის წევრებს აცნობს საგამოცდო საკითხების (ტესტების) დადგენილ სტანდარტს;

დ) უშუალოდ მეთვალყურეობს გამოცდების შედეგების შეფასების პროცესს ან ამ უფლებამოსილებას ანიჭებს საგამოცდო კომისიის ერთ-ერთ წევრს;

ე) საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდეგ, წარუდგენს ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს;

ვ) საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას.

მუხლი 18. საგამოცდო დარბაზში საგამოცდო კომისიის წევრთა დაუშვებლობა

1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საორგანიზაციო კომისიის მიერ წინასწარ გამოცხადებულ ადგილას.

2. დაუშვებელია საგამოცდო დარბაზში საგამოცდო კომისიის წევრთა ყოფნა. გამოცდის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას ახორციელებენ საორგანიზაციო კომისიის წევრები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხელეები, ამ მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური გამოცდილების მქონე პირები. მეთვალყურეებზე გაიცემა საგამოცდო დარბაზში შესასვლელი საშვი.

მუხლი 19. საპრეტენზიო კომისია

1. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას საგამოცდო კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.

3. გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის განმავლობაში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.

4. გამოცდის შეფასების გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა 70 (სამოცდაათი) ქულა.

5. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და შედგება 7 წევრისაგან.

6. საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.

7. გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განცხადებაზე აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება კომისიის წევრების მიერ საიდენტიფიკაციო კოდით. საპრეტენზიო განცხადებების განხილვისა და იდენტიფიკაციის შემდეგ პრეტენზიების განხილვის შედეგები შეიტანება საპრეტენზიო უწყისში და დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით.

მუხლი 20. საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები

1. საკვალიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია, რომელიც შემდეგ წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს.

2. პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდები, იღებენ სერტიფიკატს.

3. გამოცდების შედეგები ქვეყნდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

თავი IV

საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა გამოცდის მიმდინარეობაზე

მუხლი 21. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების დრო

1. საკვალიფიკაციო გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე საგამოცდო ფურცელში მითითებულ დროს და გაიაროს რეგისტრაცია. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ფურცელი.

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საგამოცდო ფურცლის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. რეგისტრაციის დასრულებისთანავე იხურება შენობის შესასვლელი კარები და დაგვიანებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

4. გამოცდა დაიწყება რეგისტრაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.

მუხლი 22. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები

საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

მუხლი 23. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი

1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგილის დაკავებისათვის განკუთვნილ დანომრილ ბარათებს, რომლის მიხედვით იკავებენ ადგილს საგამოცდო დარბაზში.

2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

 მუხლი 24. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება

საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები და სპეციალური საშვის მქონე პირები.

 მუხლი 25. საკვალიფიკაციო გამოცდიდან გაძევების შედეგები

საკვალიფიკაციო გამოცდაზე წესრიგის დარღვევის გამო გამოსაცდელის გაძევების შემთხვევაში მას უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ორ საკვალიფიკაციო გამოცდაში.

 მუხლი 26. საჯაროობა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებისას

1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

2. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია საორგანიზაციო კომისიაში და მიიღონ საგამოცდო დარბაზში შესასვლელი საშვი.

3. დამკვირვებლები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საგამოცდო პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში დამკვირვებელი დათხოვილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან.

თავი V

აღმასრულებლის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა

მუხლი 27. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო - საგამოცდო პროგრამის შინაარსი

აღმასრულებლის საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა მოიცავს შემდეგ ნორმატიულ აქტებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ვ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (თავი IX);

ი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ზოგადი ნაწილი, კერძო ნაწილის კარი XII, თავი XLIV);

კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (კარი XI, თავი LX);

ლ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ნ) „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენცია (მინსკი);

ო) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.