დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 28/04/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.013.047 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.013.047
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №252
2009 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებით (სსმ III, 29.02.08წ., №32, მუხლი 337) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) იურიდიული სამმართველო;
გ) მომსახურების სამმართველო;
დ) კონტროლის სამმართველო;
ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო;
ვ) საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო;
ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
თ) საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი“;
ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი.“.
2. მე-8-მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) საქმის წარმოებას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდეციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდეციების მოძრაობაზე;
ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;
ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდეციებისა და კორესპონდენციათა საქმეების რეგისტრაციას, ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებასა და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;
ზ) ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, აწარმოებს მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;
თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
კ) წარადგენს შესაბამის ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.
მუხლი 9. იურიდიული სამმართველო
იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;
ბ) მონაწილეობს საგადასახადო, საბაჟო და სხვა სახის სასამართლო დავებში;
გ) მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში;
დ) მონაწილეობს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილულ დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველოდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს შუამდგომლობებს სასამართლოში წარსადგენად, დაყადაღებულ ქონებაზე აუქციონის ჩატარების უფლების მოპოვების მიზნით;
ვ) შემოწმების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფს:
ვ.ა) შემოწმების აქტის განხილვის სხდომის მომზადებას;
ვ.ბ) სათანადო გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ და გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილისათვის წარდგენას, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად, შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედ-ვით, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნას;
ზ) მოწოდებული სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ;
თ) აწარმოებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის ან არდარიცხვის განხორციელების თაობაზე;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოფს „საბაჟო შეტყობინებების“ მომზადებას;
კ) დადგენილი წესით აწარმოებს საბაჟო სამართალდარღვევების აღრიცხვას.
მუხლი 10. მომსახურების სამმართველო
მომსახურების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო არღიცხვას (ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს);
ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;
გ) უზრუნველყოფს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოების (მათი ფილიალების), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მათი ფილიალებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოებას და რეესტრის ამონაწერების გაცემას;
დ) ახორციელებს ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, შესაბამისი მოწმობის გაცემას და საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრის წარმოებას;
ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;
ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას, ასევე ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის (ჩგდ) რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით;
თ) უზრუნველყოფს გადასახდის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტუ-რების მიღებას, ვიზუალურ დათვალიერებას და მო-ნაცემების შეტანას ავტომატიზირებულ საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – ასს);
ი) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელთა საკუთრებაში არსებულ, აგ-რეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფ მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ და ახდენს მონაცემების ასს-ში შეტანას;
კ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიღებას და კომპიუტერულ ბაზაში ასახვას;
ლ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;
მ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოსათვის ინფორმაციის მიწოდებას გადასახადის გადამხდელის მონაცემების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში ასახვის გზით;
ნ) უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;
ო) დადგენილი წესით ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ განხორციელებული ღონისძიებების, საგადასახადო ვალდებულებების შესახებ და უზრუნველყოფს ასს-ში შეტანას;
პ) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს სათანადო წესით გაფორმებულ დასკვნას ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილისთვის წარსადგენად სავარაუდო დარიცხვის შესახებ;
ჟ) უზრუნველყოფს სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილისთვის წარდგენას სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის);
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნას“;
ტ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების ასს-ში შეტანას;
უ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში ახდენს გადასახადის გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშზე, ან მათ დაბრუნებას გადასახადის გადამხდელთათვის;
ფ) დადგენილი წესით, მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო დავალიანებების არსებობა/არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;
ქ) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას, ასახავს მონაცემთა ბაზაში და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;
ღ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების კუთხით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;
ყ) აწარმოებს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;
შ) უფლებამოსილია სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოებისაგან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია;
ჩ) აწარმოებს განმარტებით მუშაობას „ღია კარის დღის“ პრინციპით გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ც) უწევს კონსულტაციებს (ზეპირი, წერილობითი) გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ძ) დადგენილი წესით იცავს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოებას და ინფორმაციის შენახვის წესებს;
წ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. კონტროლის სამმართველო
1. კონტროლის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახდენს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას;
ბ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას;
გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვებას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;
დ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ე) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადასახადის გადამხდელებზე აღმრიცხავი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს. დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახალ დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტებს;
ვ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
ზ) ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს;
თ) ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენას, ამზადებს შემოწმების აქტის განხილვის ოქმის პროექტს შემოწმების აქტის განხილვის სხდომაზე წარსადგენად;
ი) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწვდის შესაბამის ინფორმაციას;
კ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს შესაბამის ოქმებს და უზრუნველყოფს შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;
ლ) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს და განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, კრებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციას, ახორციელებს მათ შედარებით და კრებსით ანალიზს;
მ) ახორციელებს შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;
ნ) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების ან/და სხვა მიღებული ან დამუშავებული სათანადო ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კონტროლის სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, მოცემული პერიოდისათვის, ატარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.
მუხლი 12. იძულებითი ღონისძიებების სამმართველო
იძულებითი ღონისძიებების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
ბ) განიხილავს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საკითხს, ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტებს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს;
გ) განიხილავს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
დ) უზრუნველყოფს საგადასახდო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგანას და შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსთვის გადაცემას;
ე) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს, განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას.
მუხლი 13. საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო
საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება, კოორდინაცია და რეაგირების ღონისძიებების ორგანიზაცია;
ბ) საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობების, ვადებისა და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მარშრუტის დაცვის შემოწმება;
გ) ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში პირის (მისი წარმომადგენლის ან გადამზიდველის) მიერ განხორციელებული ღონისძიებების შემოწმება;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების, ანალიზისა და გამოკვლევის ჩატარების ორგანიზება;
ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ვ) საგზაო წესების დარღვევის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ან/და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე საბაჟო ორგანოს მიერ გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე შესაბამის სამართალდარვევაზე მომხდარი რეაგირების მდგომარეობის შემოწმება;
ზ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალის, იარაღის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების და მედიკამენტების, სავალუტო კონტროლის და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების უზრუნველყოფა და განხორციელება. საბაჟო ორგანოების მოხელეთათვის გაცემული სპეცტექნიკის აღრიცხვა;
თ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ღია ან/და დახურული საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულების დადგენილი ფორმით კონტროლის განხორციელება. სანებართვო პირობებთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ნებართვის გამცემი ორგანოს ინფორმირება;
ი) საბაჟო საწყობის საქონლის დათვალიერების ადგილებზე განხორციელებული საბაჟო პროცედურების ჩამწერი საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის მიღება, შერჩევითი დამუშავება და შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
კ) ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებულ საბაჟო ორგანოებში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიებზე (საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;
ლ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის წარმოდგენილი დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების დაცვის და დეკლარირების სისწორის შემოწმება, მათ შორის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდის, საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახადების დარიცხვის სისწორის, საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;
მ) საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების შესრულების კონტროლი, ანალიზი და შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ნ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების წარმართვისას საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და საბაჟო საქმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების მეშვეობით ამ დოკუმენტაციის შემოწმების ორგანიზება და შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა;
პ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, იურიდიული სამმართველოსათვის მიწოდება;
ჟ) საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საბაჟო შემოწმების, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების განხორციელება;
რ) ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მიერ გამოწერილი ან კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის არქივში გადაცემის მიზნით დამუშავება;
ს) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 14. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) საძიებო სისტემების დანერგვა-ექსპლუატაცია;
ბ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანების შესრულების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება-სისტემატიზაცია, ანალიზი და დამუშავებული ფორმების რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დანაყოფებისათვის მიწოდება;
გ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა, საბაჟო მონაცემების დამუშავება, მათი შედარება საგადასახადო მონაცემებთან;
დ) საქმიანობის მიხედვით გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის ანალიზი და რისკის ფაქტორების განსაზღვრა, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვების და შემოსული გადასახადების ანალიზი;
ე) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის უფროსის) დავალებების შესაბამისად, სხვა ანალიტიკური ინფორმაციის შემუშავება;
ვ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება.“.
3. მე-15 მუხლის „გ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება. ამ მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირს მოსთხოვოს და შეუმოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან საქართველოდან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები