,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 10/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 04/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.012.989
  • Word
206
10/04/2009
სსმ, 45, 10/04/2009
430.030.000.22.022.012.989
,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.012.989

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №206

2009 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2008 წ., №142, მუხ. 1408) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობა.“;

ბ) დებულებას დაემატოს 41 და 42 მუხლები შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო

1.  პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრთან არსებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2.  საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომლის შემადგენლობას, პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ იურიდიულ პირთა განცხადებების ცენტრში წარდგენის ვადის დადგენამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

3.  საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

    მუხლი 42. საბჭოს რეგლამენტი

1. საბჭოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და საბჭოს მდივანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს მინისტრი.

2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ცენტრის დირექტორის მოთხოვნის ან/და საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.

3. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

4. საბჭო პროგრამის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე შემაჯამებელი დასკვნის საბჭოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

5. ცენტრი ვალდებულია საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომამდე გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე.

6. საბჭოს სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ცენტრის დირექტორს.

7. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

8. საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.

9. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

10. ცენტრი ვალდებულია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი), საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში, მიაწოდოს ინფორმაცია აკრედიტებული და არააკრედიტებული პროგრამების თაობაზე.“;

გ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს პროგრამის აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას.“;

დ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ იურიდიულ პირთა განცხადებების ცენტრში წარდგენის ვადა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც განცხადებების მიღების ვადის დაწყებამდე 1 თვით ადრე საჯაროდ ცხადდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

 ე) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     პროგრამის განმხორციელებელი პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ცენტრს წარუდგენს განცხადებას პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდიული პირის სახელწოდებას;

ბ) იურიდიული პირის მისამართს;

გ) აკრედიტაციის მისანიჭებლად წარდგენილი პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალს შესაბამისი კრედიტების მითითებით;

დ) პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე მოთხოვნას;

ე) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ბეჭდით დამოწმებულ ხელმოწერას;

ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.“;

ვ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.გ) პროგრამისა და პროგრამაში მოდულის/მოდულების არსებობის შემთხვევაში მოდულის/მოდულების დასახელება, აგრეთვე მათი განხორციელების ადგილი;“

ზ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. იურიდიული პირი, რომელიც აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ, ცენტრში წარადგენს სხვა პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე ახალ განცხადებას, ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები განცხადებას დაურთოს მხოლოდ შესაბამის დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.“;

თ) დებულების მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი.

ი) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარმდგენი იურიდიული პირის აკრედიტაციის მაძიებლად ცნობიდან 10 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თითოეული აკრედიტაციის მაძიებლისათვის ქმნის შესაბამისი კვალიფიკაციის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს და განსაზღვრავს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესა და აკრედიტაციის მაძიებელთა სააკრედიტაციო ვიზიტის ვადას.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის აკრედიტაციის მაძიებელს.

3. აკრედიტაციის მაძიებელი უფლებამოსილია, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან არა უგვიანეს 3 დღისა, შესაბამისი წერილობითი დასაბუთებით, მოითხოვოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შეყვანილი აკრედიტაციის ექსპერტის აცილება.

4. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან აკრედიტაციის ექსპერტის ამ დებულებით და/ან აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ასევე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან აკრედიტაციის ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელთან.

5. ცენტრი აცილების წარდგენიდან 2 დღის ვადაში იხილავს აკრედიტაციის მაძიებელი იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილ აცილებას და იღებს გადაწყვეტილებას აცილების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

კ) დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავმჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი, რაც აისახება ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.“;

ლ) დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აწარმოოს მოლაპარაკება აკრედიტაციის მაძიებელთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად განახორცილოს სააკრედიტაციო ვიზიტი;“;

მ) დებულების მე-16 მუხლში:

მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად თითოეულ პროგრამაზე, ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 20 დღისა, დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.“;

მ.ბ) დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში უზრუნველყოს აკრედიტაციის ექსპერტების დასკვნების და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის ცენტრში წარმოდგენა.“;

ნ) დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო ექსპერტთა ჯგუფის შესაბამისი დასკვნების განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.“;

ო) დებულების 171 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასების განხორციელებას.“;

პ) დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების დრო და პერიოდი არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.“;

ჟ) დებულების 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. პროგრამის შინაარსი

1. პროგრამა მოიცავს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის ამა თუ იმ კომპონენტს ან/და აუმჯობესებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული შესაბამისი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარჩვევებს. პროგრამის მიზნები, ამოცანები, შედეგები, სწავლების მეთოდები და მოცულობა შესაბამისობაში უნდა იყოს პროგრამის შინაარსთან და ხელს უნდა უწყობდეს მასწავლებლისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.

2. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობა მოწმდება შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით:

ა) პროგრამა შესაბამისობაშია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებთან;

ბ) პროგრამაში მკაფიოდ არის განსაზღვრული სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები;

გ) ჩამოყალიბებულია პროგრამაში ჩართვის წინაპირობა;

დ) პროგრამაში მკაფიოდ არის განსაზღვრული პროგრამის მიზნები და ამოცანები;

ე) კონკრეტულად აღწერილი და ჩამოყალიბებულია სასურველი სასწავლო შედეგები ცოდნის გაღრმავების ან/და უნარჩვევების გამომუშავების თვალსაზრისით;

ვ) პროგრამა მოიცავს საკითხების ჩამონათვალს;

ზ) პროგრამის საკითხები შესაბამისობაშია დასახულ მიზნებთან და ამოცანებთან;

თ) პროგრამის საკითხები შესაბამისობაშია მოსალოდნელ შედეგებთან;

ი) პროგრამის მოცულობა მოსალოდნელი შედეგების ადეკვატურია;

კ) პროგრამას გააჩნია მიზნის მიღწევისათვის შესაბამისი სწავლების მეთოდოლოგია;

ლ) პროგრამას გააჩნია შესაბამისი საკითხების თანმიმდევრობის და მოცულობის ამსახველი სასწავლო გეგმა;

მ) პროგრამას გააჩნია შინაარსისა და მოცულობის ადეკვატური კრედიტების რაოდენობა ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის შესაბამისად.

    მუხლი 23. ხარისხის უზრუნველყოფა

1. პროგრამის სტრუქტურა, მოცულობა და პროგრამის განმხორციელებელი ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. პროგრამა მოიცავს თვითშეფასების მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს პროგრამის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. პროგრამა შემუშავებულია არსებულ ეტაპზე სახელმწიფო, პროგრამის სამიზნე ჯგუფის, პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების პოზიციათა გათვალისწინების საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეების შეფასება ხდება სამართლიანად და გამჭვირვალედ.

 2. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობა მოწმდება შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით:

ა) პროგრამას გააჩნია თვითშეფასებისა და ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგია;

ბ) განსაზღვრულია პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

გ) პროგრამის სამიზნე ჯგუფის წევრები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო შედეგების მიღწევისათვის საჭირო პირობებით და სასწავლო მასალებით;

დ) პროგრამას გააჩნია აქტუალურობის დასაბუთება;

ე) პროგრამას გააჩნია ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა;

ვ) დადგენილია სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები;

ზ) შემუშავებულია სერტიფიკატის გაცემის სანდო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფის მექანიზმები.

    მუხლი 24. რესურსები

1. პროგრამის რესურსები მოიცავს პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო, შინაარსის, მოცულობისა და სპეციფიკის შესაბამის ადამიანურ რესურსებს, პროგრამის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებსა და რესურსების მართვის სტრატეგიას.

2. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობა მოწმდება შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით:

ა) პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსების რაოდენობა რაციონალურადაა განსაზღვრული;

ბ) პროგრამის მოცულობის ადეკვატურადაა განსაზღვრული განმახორციელებელი ადამიანური რესურსების სამუშაო დატვირთვა;

გ) პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსებისათვის განსაზღვრულია საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

დ) არსებობს ინფორმაცია პროგრამის ადამიანური რესურსების კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და მათი თანხმობის წერილები პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირთან თანამშრომლობის სურვილის დადასტურების თაობაზე ან პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანურ რესურსებთან გაფორმებულია შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებები;

ე) პროგრამას გააჩნია სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

ვ) პროგრამაში გაწერილია რესურსების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის განსაზღვრული სტრატეგია;

ზ) არსებობს პროგრამის შინაარსის შესაბამისი ლიტერატურა ან/და საკითხავი მასალები.

3. პროგრამის ადამიანური რესურსების შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის), ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლები, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე და საჯარო სკოლის ბუღალტერი.“.

2. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 მაისიდან.

ნ. გვარამია