დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 16/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 19/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.050.11.004.012.893 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.11.004.012.893
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №3
2009 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
,,უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, მე-9 მუხლების, 67-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2001წ., №16, მუხლი 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საბირჟო ვაჭრობის დღეს (დღე – როდესაც თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე იმართება უცხოური ვალუტით ვაჭრობა) – დღის 11 საათსა და 15 წუთამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი აგროვებს ინფორმაციას შიდა სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიმართ მოქმედი ლარის გაცვლითი კურსის შესახებ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი არა უგვიანეს 11 საათისა და 15 წუთისა, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ელექტრონული სისტემიდან იღებს წინასწარ განაცხადს, რომელშიც ნაჩვენებია თანაფარდობა საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების მსურველი კომერციული ბანკების უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.“.
2. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დილის საბირჟო ვაჭრობები თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე იწყება 11 საათსა და 30 წუთზე.“.
3. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ყოველი სამუშაო-საბანკო დღის პირველი საათისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (მისი არყოფნის შემთხვევაში – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ადგენს უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსებს, რომელიც ქვეყნდება სპეციალური საკურსო ბიულეტენის სახით, კურსების დადგენიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. ამასთან, აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად დგინდება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უკანასკნელი დილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის მიმართ დაფიქსირებული ლარის გაცვლითი კურსი. აშშ დოლარის გარდა სხვა უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენა ხდება უკანასკნელი დილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის მიმართ დაფიქსირებული ლარის გაცვლითი კურსისა და კონკრეტულ მომენტში საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე აშშ დოლარის მიმართ ამ უცხოური ვალუტების კურსების კროსკურსული გადაანგარიშების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება განპირობებულია თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის დამფუძნებელთა 1998 წლის 15 აპრილის კრების (ოქმი №18) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის წესებში“ განხორციელებული ცვლილებებით.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები