დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 17/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.040.000.22.027.012.892 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.012.892
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №58
2009 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №150, მუხ. 1666) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ნოტარიუსის უფლებები
1. ნოტარიუსს უფლება აქვს:
ა) შეასრულოს თავისი ფუნქციები ყოველგვარი ჩარევისა და დაბრკოლების გარეშე;
ბ) გამოითხოვოს სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ) მიიღოს საზღაური სანოტარო მომსახურებისათვის, მათ შორის, აინაზღაუროს სანოტარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯები, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია თავისი ვალდებულებების ეფექტური შესრულებისათვის, ნოტარიუსის ღირსებისა და სანოტარო ბიუროს ხელშეუვალობის დასაცავად.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო მოქმედების მონაწილის თხოვნით უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტების ელექტრონული და/ან ქაღალდის ვერსიის სახით წარდგენა შესაბამისი სამსახურებისათვის. ეს მომსახურება შედის სანოტარო მომსახურებაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის ცალკე საზღაური არ გადაიხდევინება.“.
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. არ მიიღება ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიღებული დოკუმენტი, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ნოტარიუსი უფლებამოსილია მიიღოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით გაცემული/გამოცემული დოკუმენტი (დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამზადებული ასლი). ეს ნორმა ვრცელდება ელექტრონული დოკუმენტების (მათი ქაღალდის ასლების) მიმართაც.“.
3. პირველ კარს დაემატოს III1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი III1
ელექტრონული სანოტარო რეესტრი
მუხლი 361. ელექტრონული სანოტარო რეესტრი
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ცალკეული თვითმმართველი ერთეულის ან თვითმმართველი ერთეულის ნაწილის (ადმინისტრაციული ერთეულის) ტერიტორიაზე იწარმოება ელექტრონული სანოტარო რეესტრი. ნოტარიუსი (ნოტარიუსის შემცვლელი პირი), რომელსაც სანოტარო ბიუროს განთავსების უბნად განსაზღვრული აქვს ბრძანებაში მითითებული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია ან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილი (ადმინისტრაციული ერთეული), ვალდებულია მის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები რეგისტრაციაში გაატაროს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.
2. ნოტარიუსზე, რომელიც სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციას აწარმოებს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში, არ ვრცელდება ამ ინსტრუქციის III თავით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 362. ელექტრონული სანოტარო რეესტრის წარმოების წესი
1. ელექტრონული სანოტარო რეესტრი ერთიანია მასში ჩართული ყველა ნოტარიუსისათვის. ელექტრონული სანოტარო რეესტრი აერთიანებს ამ ინსტრუქციის 29-ე და 366 მუხლებით გათვალისწინებულ რეესტრებს.
2. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი და სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი;
ბ) სანოტარო მოქმედების მონაწილის შესახებ:
ბ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი;
ბ.ბ) არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, რომელსაც არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
ბ.გ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სახელწოდება, იურიდიული მისამართი, ხოლო რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ.გ) სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის იურიდიული პირი: სახელწოდება, ადგილსამყოფელი;
გ) სანოტარო მოქმედების შინაარსი. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში დეტალურად უნდა ჩაიწეროს იმ აქტის შინაარსი, რომელიც არ რჩება სანოტარო არქივში. იმ აქტის შესახებ, რომელიც ინახება სანოტარო არქივში, შეიტანება ზოგადი ინფორმაცია (სანოტარო აქტის დასახელება);
დ) სანოტარო საზღაურის ზუსტი ოდენობა და მასზე დარიცხული დღგ (დღგ-ით დაბეგვრის შემთხვევაში), აგრეთვე სანოტარო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებების რეგისტრაციისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, დამატებით მიეთითება მამკვიდრებლის ვინაობა, გარდაცვალების თარიღი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები.
4. ანდერძთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედების რეგისტრაციისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, დამატებით მიეთითება: საანდერძო განკარგულების შინაარსი, ანდერძისმიერი მემკვიდრის (სათადარიგო მემკვიდრის) ვინაობა და იდენტიფიკაციის მონაცემები (მათი არსებობისას), ანდერძით დანიშნული ანდერძის აღმსრულებლის (ასეთის არსებობისას) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, იმ პირის (ასეთის არსებობისას) სახელი და გვარი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, რომელსაც ანდერძით დაევალა ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა, ლეგატირის (ასეთის არსებობისას) სახელი და გვარი (იურიდიული პირის დასახელება) და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, საანდერძო ლეგატის შინაარსი.
მუხლი 363. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია ელექტრონულ სანოტარო რეესტრში
1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებულ თითოეულ სანოტარო მოქმედებას ენიჭება უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.
2. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერი შედგება შესაბამისი (მიმდინარე) კალენდარული წლის აღმნიშვნელი ნაწილისა (მაგ. ,,09“) და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომრისაგან. მიმდინარე კალენდარული წლის აღმნიშვნელი ციფრები და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომერი ერთობლივად ქმნის სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერს. ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში სანოტარო მოქმედებათა ნუმერაცია იწყება ერთიდან.
3. ბათილია სანოტარო მოქმედება, რომელიც არ არის რეგისტრირებული რეესტრში, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი იმ შემთხვევებისა.
4. ყოველ სანოტარო მოქმედებას ეძლევა ცალკე რიგითი ნომერი. ამასთანავე, კერძო აქტების (გარიგებები, განცხადებები და სხვა) იდენტური ეგზემპლარები შეიძლება დაინომროს ერთი და იმავე ნომრით იმ პირობით, რომ ნოტარიუსის ფორმულიარსა და რეესტრში მიეთითება ეგზემპლარების ოდენობა და სანოტარო მომსახურებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ეგზემპლართა რაოდენობის შესაბამისად. ნოტარიუსი უფლებამოსილია, კერძო აქტების (გარიგებები, განცხადებები და სხვა) იდენტური ეგზემპლარები დანომროს სხვადასხვა ნუმერაციით და ასევე ჩაწეროს რეესტრში. თუ საჯარო აქტი დამოწმდა რამდენიმე ეგზემპლარად, თითოეულ დედანს (მიუხედავად ეგზემპლართა რაოდენობისა) ენიჭება ერთი სარეგისტრაციო ნომერი და სანოტარო მომსახურებისათვის საზღაური იანგარიშება ერთი აქტის შესაბამისად.
5. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედება რეგისტრაციაში ტარდება დოკუმენტზე ნოტარიუსის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმისთანავე, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში ჩანაწერს ასრულებს ნოტარიუსი ან მისი დავალებით სანოტარო ბიუროს თანამშრომელი, რომელსაც ნოტარიუსთან წერილობითი ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
მუხლი 364. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირება
1. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირებას და ტექნიკურ მეთვალყურეობას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
2. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირებისა და ტექნიკური მეთვალყურეობის უშუალოდ განმახორციელებელ პირებსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ფორმდება ხელშეკრულება კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობა სანოტარო საიდუმლოების გახმაურებისათვის.
3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა:
ა) გასცემს ნოტარიუსზე (ნოტარიუსის შემცვლელ პირზე) ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან დაშვების ავტორიზაციას;
ბ) შეაჩერებს ან წყვეტს ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან დაშვების ავტორიზაციას ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) უზრუნველყოფს ელექტრონული სანოტარო რეესტრის მონაცემების უსაფრთხოებას და დაცვას;
დ) უზრუნველყოფს ნოტარიუსების (შემცვლელი პირების) და მათი დაქირავებული თანამშრომლების სწავლებას ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან მუშაობის საკითხებზე;
ე) ამტკიცებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის წარმოების ტექნიკურ ინსტრუქციას.
მუხლი 365. ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი
1. ნოტარიუსი (შემცვლელი პირი), რომელიც ვალდებულია სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაცია აწარმოოს ელექტრონული სანოტარო რეესტრის მეშვეობით, რეესტრთან დაშვების ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რომელიც ნოტარიუსს დაუყოვნებლივ ანიჭებს რეესტრთან დაშვების უფლებას. რეესტრთან დაშვების უფლების მინიჭება ხდება ნოტარიუსისათვის რეესტრთან წვდომის უნიკალური კოდის მინიჭების გზით.
2. ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან დაშვების უნიკალური კოდის დაცვა არაუფლებამოსილი პირების წვდომისაგან, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის დაკარგვის ან გახმაურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
3. ყველა, ვისაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით მინიჭებული აქვს ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან დაშვების უფლება, ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია სანოტარო მოქმედებების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა რეესტრთან დაშვების შედეგად. ეს ვალდებულება ძალაში რჩება მას შემდეგაც, რაც ამ პირებს შეუწყდათ ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან დაშვების უფლება.
მუხლი 366. დადგენილებათა რეგისტრაცია ელექტრონულ რეესტრში
1. ნოტარიუსი ვალდებულია აწარმოოს დადგენილებათა რეგისტრაცია ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.
2. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში უნდა ჩაიწეროს ის დადგენილებები, რომელსაც მიიღებს ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობის პროცესში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები