დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 908 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 178, 15/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.012.466 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.466
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №908
2008 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07წ., №29, მუხ. 348) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედექციით:
,,4. სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების მიერ არასატარიფო ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე ზედამხედველობა;
ბ) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება;
გ) საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები; საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი; ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) საბაჟო კონტროლის განხორციელება რენტგენსკანერების მეშვეობით, მათი ექსპლუატაცია, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციების დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
ე) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან, ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიების განხორციელებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
ვ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ნებართვის (უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა, საბაჟო საწყობის (ღია, ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა, დროებითი შენახვის საწყობის (ღია, ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა) გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანისა და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობა, მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
თ) სპეციალურ საბაჟო კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ორგანიზება. სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები