დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 19/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380.050.000.10.003.001.007 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/03/2008 - 08/04/2008)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №63
2008 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ლიცენზიას გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელშიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტრო რთავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.“;
ბ) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით (მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე), მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
51. ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო, ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამინისტრო.“.
4. დებულების 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. მიწის მინაკუთვნის დაწესება
ლიცენზიის გაცემისას სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მიწისა და სამთო მინაკუთვნის დაწესების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
5. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სალიცენზიო პირობები
1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია სამინისტროს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;
ბ) მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.“.
6. დებულების 71 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 75 მუხლი:
„მუხლი 75. ლიცენზიის გაუქმება
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე სასამართლოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.“.
8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 76 მუხლი:
„მუხლი 76. ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება
სამინისტრო ლიცენზიის გაცემის, გაუქმების ან/და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სალიცენზიო მოწმობის ასლები.“.
მუხლი 2.
ლიცენზიის გაცემის მიზნით ამ დადგენილების ამოქმედებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დაწყებული პროცედურები დასრულდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ.
მუხლი 3.
ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასა და მასში ცვლილებების შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
მუხლი 4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები