დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 18/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.000.871 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №230
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარებისათვის ერთჯერადად გაიცეს 50 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის ვაუჩერი, ხოლო ყოველი ოჯახისათვის (შემდგომში – მოსარგებლე) – 50 კგ ფქვილი.“.
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვაუჩერები მიეცემა ყოველ ბენეფიციარს ინდივიდუალურად, ხოლო ფქვილი – ოჯახს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს ვაუჩერის მიღების უფლება აქვს ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, ვაუჩერი მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით.“.
3. მე-9 პუნქტს დაემატოს ,,გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ1) სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ შესაბამის საბანკო დაწესებულებას თანხა გადაურიცხოს საბანკო დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ ფორმირებულ ბაზასთან შედარების საფუძველზე.“.
4. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ვაუჩერებისა და საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვა და ბენეფიციარებისათვის გადაცემა უზრუნველყოს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ.“.
5. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსარგებლეებისათვის ფქვილის გადაცემა და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვაუჩერების დასარიგებლად. აღნიშნული პროცესის კოორდინაცია განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.“.
6. დადგენილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 151 და 152 პუნქტები:
„151. დამტკიცდეს საპრეზიდენტო სუბსიდიის ვაუჩერის მოსარგებლისათვის გადაცემის, სარეალიზაციოდ წარდგენისა და ანაზღაურების თანდართული წესი.
152. ვაუჩერის დარიგების, სარეალიზაციოდ გამოყენებისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 17 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საპრეზიდენტო სუბსიდიის ვაუჩერის მოსარგებლისათვის გადაცემის, სარეალიზაციოდ წარდგენისა და ანაზღაურების წესი
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სოციალური სააგენტოს მუშაკი – (შემდგომში – მუშაკი) ამ წესის მიზნებისათვის, სააგენტოსაგან დელეგირებული სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ფიზიკური პირი, მოსარგებლეთათვის ვაუჩერის გადაცემის ფუნქციით;
ბ) ვაუჩერის მიმღები ოფისი – სააგენტოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით დაქირავებული, სათანადოდ აღჭურვილი ოფისი ამ წესის მიხედვით ვაუჩერის მიღებისა და შესაბამისი ინფორმაციის გაცემის ფუნქციით;
გ) პერსონალური რეესტრი – (შემდგომში – რეესტრი) დოკუმენტი, რომლის საფუძველზე მუშაკი ახორციელებს მოსარგებლეთათვის ვაუჩერის ჩაბარებას;
დ) კომპანია – მოსარგებლისათვის ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანია.
მუხლი 2. ვაუჩერი და მოსარგებლეთა პერსონალური რეესტრები
1. სააგენტო უზრუნველყოფს ვაუჩერის სტამბურად ტირაჟირებული ფორმების პერსონიფიკაციას (მოსარგებლის ვინაობა, პირადი ნომერი, მისამართი) და ალაგებს/ფუთავს დასარიგებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.
2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მისაწოდებლად სააგენტო ხელმძღვანელობს სათანადოდ მომზადებული ელექტრონული სიით.
3. დარიგებისათვის მომზადებული ვაუჩერები შესაბამისი პერსონალური რეესტრების თანხლებით გადაეცემა მუშაკს დადგენილი წესით.
4. სააგენტო უზრუნველყოფს ვაუჩერის წარდგენის ოფისების ორგანიზებასა და სათანადო ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობისათვის, თუ სად წარადგინონ მოსარგებლეებმა მიღებული ვაუჩერები სარეალიზაციოდ.
მუხლი 3. ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის
მოსარგებლეს ვაუჩერს გადასცემს მუშაკი პერსონალური რეესტრის საფუძველზე, რაც დასტურდება რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელმოწერით.
მუხლი 4. ანაზღაურება საპრეზიდენტო სუბსიდიის ვაუჩერის შესაბამისად
1. ვაუჩერის მფლობელი მოსარგებლე უნდა გამოცხადდეს ვაუჩერის მიმღებ უახლოეს ოფისში და წარადგინოს ვაუჩერი. მიზანშეწონილია, მოსარგებლემ იქონიოს კომპანიასთან ანგარიშსწორების ბოლო ქვითარი.
2. სააგენტოსათვის ანგარიშსწორების საფუძველი არის ვაუჩერის მიზანმიმართულად მიწოდებისა და მისი სააბონენტო ნომრის მიხედვით დამისამართების თითოეული შემთხვევა.
3. სააგენტოს მიერ ვაუჩერის შესაბამისად ანაზღაურებული თანხა აისახება კომპანიისა და მოსარგებლის ანგარიშსწორების მოთხოვნის ქვითარში, რომელსაც მოსარგებლე ყოველთვიურად იღებს კომპანიისაგან.
მუხლი 5. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადაცემის რეგლამენტი
1. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მიწოდების ფუნქცია ეკისრება მუშაკს.
2. მუშაკი მოქმედებს სახელშეკრულებო პირობებით, რასაც განსაზღვრავს ხელშეკრულება მასსა და სააგენტოს შორის.
3. მუშაკი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და მისამართზე გადასცეს ვაუჩერები კონკრეტულ მოსარგებლეებს, 15 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს მინიმუმ 3 ვიზიტი იმ შემთხვევაში, როცა რაიმე მიზეზით ვერ გადასცა მოსარგებლეს ვაუჩერი პირველი ორი ვიზიტის დროს.
4. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადასაცემად მუშაკი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სააგენტოსაგან იღებს მასზე გაპიროვნებულ ვაუჩერებს და შესაბამის პერსონალურ რეესტრს მოსარგებლეთა სახელობითი მონაცემებით.
5. მუშაკი პერსონალურ რეესტრში მითითებული მისამართის მიხედვით საცხოვრებელ ბინაში აკითხავს მოსარგებლეს. პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე მოსარგებლის იდენტიფიკაციის შემდეგ მუშაკი პერსონალური რეესტრის შესაბამის გრაფებში მკაფიო, გასაგები ხელწერით შეიტანს:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (თუ ასეთი ბინაში არ არის, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ტელეფონი; მაგალითად, მეზობლის);
ბ) კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული ელექტრომრიცხველის სააბონენტო ნომერი (თითოეული ციფრი თითოეულ უჯრაში); ინფორმაციის წყაროდ ამისათვის მუშაკი იყენებს კომპანიიდან გამოგზავნილ ბოლო სტანდარტულ ქვითარს. თუ ქვითარი ვერ მოიძიეს, მოსარგებლე და მუშაკი თანხმდებიან შეხვედრაზე, რომლისთვისაც მოსარგებლემ კომპანიის ოფისში უნდა მიიღოს და უნდა იქონიოს საკუთარი მრიცხველისათვის სტანდარტულად დაბეჭდილი ანგარიშსწორების ქვითარი, სადაც აღნიშნულია სააბონენტო ნომერი;
გ) ბუნებრივი გაზის მრიცხველის სააბონენტო ნომერი (თითოეული ციფრი თითოეულ უჯრაში);
დ) გრაფაში – ,,შენიშვნა“ აღინიშნება რაიმე განსაკუთრებული, საყურადღებო ინფორმაცია მოსარგებლის ადგილსამყოფელთან ან მის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელობა აქვს ვაუჩერის გადაცემისათვის;
ე) გრაფაში – ,,შედეგი“ აღინიშნება ვაუჩერის გადაცემის ვადის ამოწურვის (მინიმუმ 3 ვიზიტის) შემდეგ დაფიქსირებული ის მიზეზი, რის გამოც მუშაკმა ვერ შეძლო ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის. სტანდარტული მიზეზები სათანადო კოდით მითითებულია პერსონალური რეესტრის ყოველი ფურცლის ქვემო კიდეზე.
6. პერსონალური რეესტრის სათანადო გრაფების (გარდა გრაფისა – „ვაუჩერის მიღების დადასტურება“) შევსების შემდეგ მუშაკი ვაუჩერის სათანადო ნაწილში შეიტანს მონაცემს იმ მრიცხველის სააბონენტო ნომრის შესახებ, რომლითაც აღინუსხება მოსარგებლის მიერ გაწეული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დანახარჯები.
7. ვაუჩერის სათანადო ნაწილში საჭირო მონაცემის შეტანის შემდეგ მუშაკი აცნობს და უხსნის მოსარგებლეს ვაუჩერის წარდგენის რეგლამენტს, განუმარტავს უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის, ვაუჩერით სარგებლობის ვადას, ვაუჩერის წარდგენის მისამართსა და დადასტურების წესს, ვაუჩერის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის წესს, ვაუჩერის გასხვისებისა და გაყალბების დაუშვებლობას და ასეთ შემთხვევაში მოსარგებლის პასუხისმგებლობას.
8. ვაუჩერისა და შესაბამისი განმარტებების მიღების ფაქტი დასტურდება მოსარგებლის ხელმოწერით რეესტრის გრაფაში – „ვაუჩერის მიღების დადასტურება“.
9. ვაუჩერის გასხვისება დაუშვებელია. მუშაკის ვალია ზუსტად, დანიშნულებისამებრ მიიტანოს ვაუჩერი და ობიექტურად დაამისამართოს იგი მრიცხველის სააბონენტო ნომრის მიხედვით. ამ პირობიდან ნებისმიერი გადახვევის დროს არამართლზომიერ მოქმედებაში მუშაკის მონაწილეობა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას.
10. ვაუჩერის გადაცემას აუცილებლად უნდა უძღოდეს პიროვნების იდენტიფიკაცია.
მუხლი 6. საგანგებო შემთხვევები
1. პერსონალური რეესტრის ფურცელზე დაშვებული და გასწორებული შეცდომა მოწმდება მუშაკის მიერ შენიშვნის გრაფაში ჩაწერილი სიტყვით – „შევასწორე“.
2. ვაუჩერზე მრიცხველის სააბონენტო ნომრის გადატანისას დაშვებული შეცდომის გასწორება ხდება მუშაკის მიერ მონიშნული ადგილების ქვემოთ ნომრის ხელახალი კორექტული ჩანაწერის გაკეთებით და იქვე მინაწერით – ,,შევასწორე“, რაც მოწმდება მისივე ხელმოწერით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუშაკი განუმარტავს მოსარგებლეს, რომ ვაუჩერის წარდგენისას მან აუცილებლად უნდა იქონიოს კომპანიის ანგარიშსწორების ქვითარი (სასურველია, ბოლო თვის).
4. თუ ოჯახში უნდა დარიგდეს რამდენიმე ვაუჩერი და ხერხდება მხოლოდ ერთ-ერთ მოსარგებლესთან შეხვედრა და მისი პიროვნების იდენტიფიკაცია, მუშაკს უფლება აქვს ამავე ოჯახის სხვა წევრთა ვაუჩერებიც გადასცეს იდენტიფიცირებულ მოსარგებლეს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) მოსარგებლე, რომელსაც მუშაკი შეხვდა და მოახერხა მისი იდენტიფიცირება, უნდა იყოს სრულწლოვანი და იმავე მისამართზე მცხოვრები არაიდენტიფიცირებული მოსარგებლის ოჯახის წევრი;
ბ) მოსარგებლე, რომელსაც მუშაკი არ შეხვედრია, ვაუჩერის გადაცემის მომენტისათვის ცოცხალია;
გ) მოსარგებლე, რომელსაც მუშაკი არ შეხვედრია, ვაუჩერის გადაცემის მომენტისათვის მუდმივად ცხოვრობს ამ კონკრეტულ მისამართზე.
5. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ვაუჩერის მოსარგებლის გარდა სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მუშაკს.
6. თუ ვაუჩერის მიმღები არასრულწლოვანია, პიროვნების იდენტიფიკაცია ხდება დაბადების მოწმობაზე დაყრდნობით.
7. თუ ვაუჩერის მიმღებს ჰყავს ოფიციალური მეურვე, ვაუჩერზე მოსარგებლესთან ერთად დაბეჭდილია მეურვის ვინაობა და მისამართი, რომლის მიხედვითაც ხდება ვაუჩერის გადაცემა, მუშაკი არკვევს სამეურვეო პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
8. თუ მეურვე და სამეურვეო პირი ფაქტობრივად ერთად ცხოვრობენ, მუშაკმა ვაუჩერი მეურვეს უნდა გადასცეს.
9. თუ გამოირკვა, რომ მეურვე და სამეურვეო პირი ფაქტობრივად სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ და მრიცხველიც სხვადასხვა აქვთ, მუშაკი აბრუნებს ვაუჩერს სააგენტოს იმ განყოფილებაში, საიდანაც იგი მიიღო; განყოფილება მიმართავს სააგენტოს ცენტრალურ ოფისს მეურვის მისამართიანი ვაუჩერის გასაუქმებლად და სამეურვეო პირის მისამართიანი ვაუჩერის დასაბეჭდად; ასეთი ცვლილების შემდეგ მუშაკი გადასცემს ვაუჩერს მეურვეს, რომელიც წარადგენს მას ვაუჩერის მიმღებ ოფისში, ვაუჩერის მფლობელის სააბონენტო ნომერზე გაპიროვნების მიზნით.
10. ვაუჩერზე მითითებული მისამართის არარსებობის შემთხვევაში ვაუჩერი არ გაიცემა, თუმცა მოსარგებლეს ეძლევა საშუალება, არ დაეკარგოს შეღავათის მიღების უფლება, თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი სხვა მისამართზე აქვს. ამ შემთხვევაში მოსარგებლე ვაუჩერის მისაღებად განცხადებით მიმართავს სააგენტოს რაიონულ განყოფილებას.
მუხლი 7. ვაუჩერის წარდგენის რეგლამენტი
1. მოსარგებლემ მიღებული ვაუჩერი სარეალიზაციოდ უნდა წარადგინოს ვაუჩერის მიმღებ ოფისში (შემდგომ – მიმღები ოფისი), რომლის შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვს ვაუჩერის გადაცემისას. მიზანშეწონილია, რომ ვაუჩერის წარმდგენმა პირმა თან იქონიოს კომპანიის ანგარიშსწორების ბოლო ქვითარი; თუ ვაუჩერზე აბონენტის ნომერი შესწორებულია, ქვითრის წარდგენა აუცილებელია.
2. ვაუჩერის წარმომდგენი პირი ვაუჩერის სანაცვლოდ იღებს ცნობას, სადაც აღნიშნულია წარდგენილი ვაუჩერის მფლობელის უნიკალური ნომერი ავტომატიზებულ ბაზაში (მოსარგებლის კოდი), ვაუჩერის მიმღებ ოფისში ჩაბარების თარიღი და მიმღები ოფისის თანამშრომლის ხელმოწერა.
3. მიმღები ოფისის თანამშრომელი ვაუჩერის მიღებისას სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატითა და სათანადო მონაცემების გამოყენებით ატარებს ვაუჩერის მიღების პროცედურას და სააგენტოს მიაწვდის წინასწარ შეთანხმებული ფორმატის ინფორმაციას.
4. მოსარგებლის მხრიდან გადახვევების გამო სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში მიმღები ოფისის თანამშრომელი მოსარგებლეს ურჩევს მიმართოს სააგენტოს შესაბამის განყოფილებას.
5. მიმღებ ოფისში ვაუჩერის წარდგენისა და ცნობის მიღების შემდეგ მოსარგებლე უნდა დაელოდოს კომპანიისაგან სტანდარტული ქვითრის მიღებას. შესასრულებელ სამუშაოთა ციკლის მიხედვით ვაუჩერის რეალიზაციის შედეგი უნდა აისახოს კომპანიის ანგარიშსწორების სტანდარტულ ქვითარზე 1,5-2 თვის განმავლობაში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები