დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 26/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 01/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.19.012.012.132 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.012.132
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №5
2008 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №84, მუხ. 735) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნები და ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმა“.“.
2. „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დებულება განკუთვნილია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის.“.
ბ) მე-2 მუხლის „ა“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;“;
„დ) მონიტორინგი – სადაზღვევო ორგანიზაციებისა და/ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, გარიგებების შესახებ, აგრეთვე ამ გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“;
„ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“;
გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;“;
დ) მე-2 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ი) გარიგების მონაწილე პირი – „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მზღვეველი, დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე, სადაზღვევო აგენტი და სადაზღვევო ბროკერი, სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელთანაც გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება. აგრეთვე, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საპენსიო სქემის მეანაბრე, საპენსიო სქემის მონაწილე ან მისი მემკვიდრე. ასევე ამ ქვეპუნქტში მითითებული ყველა პირის წარმომადგენლები და მარწმუნებლები.“;
ე) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ი1“ „ი2“და „ი3“ ქვეპუნქტები:
„ი1) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს);
ი2) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ი3) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი.“;
ვ) მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“;
ზ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:
„ტ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
უ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს.“;
თ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული ოპერაცია (გარიგება) ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგება (ოპერაცია) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, მიუხედავად თანხის ოდენობისა, შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) ოპერაცია (გარიგება), რომელზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ);
ა.ბ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან;
ა.გ) ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ;
ა.დ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ბ) გარიგების (ოპერაციის) ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):
ბ.ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა;
ბ.ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა;
ბ.გ) პრემიის დაბრუნების პირობით პიროვნული დაზღვევა;
ბ.დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;
ბ.ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი;
ბ.ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული ოპერაცია (გარიგება);
ბ.ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება;“.
2. მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ, ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
ი) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ და „32“ პუნქტები:
„31. სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებებს, რომელთაც არა აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
32. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.“;
კ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, ოპერაციის (გარიგების) მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – შესაბამისი პირის, იდენტიფიკაცია;“;
ლ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე, უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაცის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის სპეციალური ანგარიშგების ფორმების მიწოდების პირობები.“;
მ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ოპერაციის (გარიგების) მონაწილე სხვა პირების, მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ, შესაბამისი პირის იდენტიფიკაციის პირობები და წესი;“;
ნ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“;
ო) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გადაწყვეტილებას ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ, უჩვეულოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის წარდგენის შესახებ იღებს შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პირ(ებ)ი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სათანადო ქვედანაყოფების მიერ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციისა და მომსახურების შედეგად მოპოვებული, აგრეთვე ორგანიზაციაში არსებული (მათ შორის, ორგანიზაციის სხვადასხვა ფილიალში) ინფორმაციის საფუძველზე (საერთო საინფორმაციო ქსელის დანერგვის შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს ამ ქსელში არსებული ინფორმაციაც). ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლისთვის მიწოდებული მითითებები და სხვა ინფორმაცია. საეჭვო და/ან დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა);“;
პ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის: კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის, ამ ინფორმაციის შემოწმებისა და გაანალიზების მასალების), აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა;“;
ჟ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას.“;
რ) მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (ან სპეციალური სტრუქტურული ერთეული). მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელის (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) თანამდებობა სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო სქემების დამფუძნებელების ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ დონეს (ორგანიზაციებს შორის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის თანამდებობა შესაძლებელია იყოს განსხვავებული, ორგანიზაციის სიდიდიდან გამომდინარე).“;
„3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“;
ს) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით, სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის თანამშრომლების კონსულტირება და სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის დროული გაცნობა.“;
ტ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მოახდინოს თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაზე.
2. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულნი არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების (წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), მათ მიერ დადებული გარიგებების „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე რისკის მიხედვით შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიაში გაერთიანება, თითოეულ კატეგორიას მიუსადაგონ შესაბამისი (გამარტივებული ან გაძლიერებული) იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების პროცედურები. საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმება უნდა განხორციელდეს სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.
3. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები.
4. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა მესამე პირისგან/შუამავლისგან იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს (სადაზღვევო ორგანიზაციას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს).
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
6. სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს (ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო პოლისის (სერტიფიკატის) გამოწერა და სხვა), თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას.
7. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს შორის ურთიერთობის შესწავლა.
8. ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობის მიუხედავად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი არ აჩერებს ოპერაციის (გარიგების) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში და ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ ოპერაციის (გარიგების) და მისი მონაწილე პირების შესახებ.
10. იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად);
ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
გ.ა) სრული სახელწოდება;
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;
გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად);
გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში).
11. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ან დოკუმენტი) მისი შექმნის შესახებ, ასევე რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან) და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობის და პასპორტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტის გარდა, პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
13. სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა დააფიქსირონ პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.
14. სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული, ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.
15. სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მუდმივი კლიენტების (იმ პირების, რომლებიც პერიოდულად მიმართავენ სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს სადაზღვევო მომსახურებისათვის), საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და მათი უკეთ შესწავლის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს შეუძლია გამოიყენოს კლიენტების ანკეტირების პროცედურა. ანკეტირების პროცესის პარალელურად სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა.
16. ანკეტირების პროცესის გამოყენება დასაშვებია აგრეთვე იმ პირების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც მიმართავენ სადაზღვევო ორგანიზაციას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს ერთჯერადი ოპერაციის განხორციელების მიზნით (არარეგულარულად), ან წარმოადგენენ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს (მაგალითად, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ).
17. თუ იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები ან სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლთან არსებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):
ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
18. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულნი არიან პერიოდულად (შიდა ინსტრუქციით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში) განაახლონ და მოიყვანონ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობაში არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.
19. კლიენტების იდენტიფიკაციასთან, ანკეტირებასთან და არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების დეტალური წესი და სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის თანამშრომლების შესაბამისი ფუნქციები განისაზღვრება სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით.“;
უ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასაპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) ოპერაციის და/ან გარიგების შესახებ.
2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტის) აღრიცხვის დროს სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ოპერაციის (გარიგების) შინაარსი (დაზღვევის სახეობა, პერიოდი, მოქმედების არეალი და ა.შ.);
ბ) ოპერაციის (გარიგების) დადების თარიღი, სადაზღვევო თანხის ოდენობა, სადაზღვევო პრემიის ან საპენსიო შენატანის ოდენობა, ანაზღაურებული ზარალის (თუ ზარალი ანაზღაურდა) და გაცემული პენსიის სიდიდე;
გ) ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
დ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის დავალებითაც სადაზღვევო შუამავალი ახორციელებს ოპერაციას (გარიგებას);
ე) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე პირის დავალებით, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ვ) თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის (დაზღვეულის, მოსარგებლის) სასარგებლოდ – შესაბამისი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ზ) თუ სადაზღვევო გარიგება სრულდება დაზღვევის შუამავლის მეშვეობით, მაშინ – შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
თ) ოპერაციის (გარიგების) შესრულების მიზანი და საფუძველი (ამ უკანასკნელის თაობაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). ოპერაციის (გარიგების) შესრულების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონის მოთხოვნა, კლიენტის მიერ დადებული სამეწარმეო ხელშეკრულება, კომერციული გარიგება და სხვა.
3. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო ორგანიზაციას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს გააჩნია ინფორმაცია იმ გარიგების (ან სხვა საფუძვლის) შესახებ, რომელიც სადაზღვევო (ოპერაციის) გარიგების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების სახე (მაგალითად, ნასყიდობა, უზურფუქტი, იჯარა, ლიზინგი და ა.შ.);
ბ) გარიგების საგანი (კონკრეტული ნივთი, მატერიალური ფასეულობა ან არამატერიალური უფლება, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, ან მომსახურება, სამუშაო, რომელიც გარიგების თანახმად უნდა შესრულდეს);
გ) გარიგების ფორმა (წერილობითი ხელშეკრულება, ზეპირი გარიგება);
დ) გარიგების მიზანი (მაგალითად, მოგების მიღება, ქველმოქმედება, ვალის გადახდა და სხვა);
ე) გარიგების მონაწილე პირების (მათ შორის, მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, თანახმად ამ დებულების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტისა;
ვ) გარიგების დადების თარიღი, ადგილი და მოქმედების ვადა, თანხის ოდენობა და ვალუტა;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში).
4. დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-17 პუნქტებსა და ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.“;
ფ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე ოპერაციის (გარიგების) შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – ოპერაციის (გარიგების) შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს შენახული როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული სახით (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა).
2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით). ამასთან, სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ბეჭდითაც.
4. სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ ოპერაციას და/ან გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
5. დოკუმენტები (ინფორმაცია) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ მხოლოდ შიდა ინსტრუქციითა და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.“;
ქ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წერილობითი ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.“;
ღ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ გარიგების (ოპერაციის) ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოპერაცია (გარიგება) წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში. ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.“.
ყ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0105, საქართველო, თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5 და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი.“;
შ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომერზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 31 27 03.“;
ჩ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების (მათი ფილიალებისა და წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ნაბეჭდი ფორმა, დამოწმებული სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერით.“;
ც) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები