დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 521 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 15/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.250.000.22.023.012.004 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.22.023.012.004
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №521
2008 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 თებერვლის №129 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ღვალაძე
გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 4
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის, აეროკოსმოსური გადაღებითი და გეოინფორმაციული სისტემების საქმიანობის სფეროში (შემდგომში – ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;
ბ) საქართველოს ტერიტორიის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებითა და მონაცემებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა;
გ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;
დ) ეროვნული სიმაღლური ზღვის დონის შექმნის ორგანიზება და მონიტორინგი;
ე) დარგის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) სახელმწიფო და ადმინისტრაციული საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების, სახელწოდებების და ინფორმაციის სწორი ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;
ზ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება და გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ სახელმწიფო ფონდში (ამობეჭდილი და ციფრული ფორმით) შენახვა.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ამოცანებია:
ა) სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაბამისი უწყებების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით, სახელმწიფო დანიშნულების შინაარსობრივად განახლებული სხვადასხვა მასშტაბების ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული და სხვადასხვა დანიშნულების თემატიკური ციფრული რუკებით და აეროკოსმოსური სურათებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ბ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციისა და საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფისა და საზღვრების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ მონაცემთა ბაზის შექმნის ორგანიზება;
დ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ციფრული სივრცითი ინფორმაციული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება;
ე) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
ვ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის ციფრულ მონაცემთა ბაზის შექმნა და ფუნქციონირება;
ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდის მართვა.
მუხლი 5
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) ტოპოგრაფიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის საქმიანობის სფეროში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, შეიმუშაოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს დარგის საქმიანობის პრაქტიკულად განხორციელებისათვის საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური (ინსტრუქცია, დებულება) დოკუმენტაციის პროექტები;
გ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პროექტები;
დ) ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისაგან მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია;
ვ) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო სახსრებით განსახორციელებელი ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაობის შესყიდვისას სამსახურთან სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილის შეთანხმება;
ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 2.1.9, 2.1.10 და 2.1.11 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სივრცული ინფორმაციის ცენტრს გადასცეს გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის სარეალიზაციოდ განკუთვნილი გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 6
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;
ბ) შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა წინადადებებსა და რეკომენდაციებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7
სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები