დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40/22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 30/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 30/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.20.013.011.869 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.011.869
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №40/22
2008 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და 36-ე მუხლების შესაბამისად, ვრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში (სსმ III, 2007 წელი, №88, მუხლი 949) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა
1. კონტროლის პალატას საერთო ხელმძღვანელობას უწევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
2. კონტროლის პალატის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს პალატის მუშაობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად;
ბ) წყვეტს კონტროლის პალატის საქმიანობის, კონტროლისა და რევიზია-შემოწმების ორგანიზაციის საკითხებს;
გ) თავმჯდომარეობს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომას;
დ) წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი თანამდებობის პირების კანდიდატურებს;
ე) ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ვ) ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კონტროლის პალატის სისტემის პასუხისმგებელ მუშაკებს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატის თავმჯდომარეებს ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით;
ზ) ამტკიცებს კონტროლის პალატის საშტატო განრიგს კონტროლის პალატისათვის დადგენილი მუშაკთა ზღვრული რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;
თ) წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით;
ი) წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კონტროლის პალატის ანგარიშს პალატის საქმიანობის შესახებ;
კ) წარმოადგენს კონტროლის პალატას სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ლ) მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უმაღლესი ნორმატიული აქტია საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში;
მ) განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს კონტროლის პალატის სისტემის ერთეულების საქმიანობას;
ო) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
პ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეებს, აჯილდოებს უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტთან შეაქვს წარდგინებები საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების დაჯილდოების თაობაზე;
რ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარების ოდენობას.
3. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
5. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ კონტროლის პალატის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს.
6. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. კონტროლის პალატის მოხსენება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და წლიური შედეგების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებით
1. საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშისა და ანგარიშგების საქართველოს პარლამენტში წარდგენის დროს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებით.
2. კონტროლის პალატის მოხსენება წარმოადგენს საანგარიშო წლის შესაბამისად 6 და 12 თვის მიხედვით სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობისა და წლიური შედეგების ანალიზისა და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით შედგენილ დასკვნას, რომლის მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად ზუსტად და სრულად არის წარმოდგენილი ანგარიშგებები.
3. კონტროლის პალატის სარევიზიო დეპარტამენტები და კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული ანალიზისა და შემოწმების შედეგების შესახებ დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტს წარუდგენენ, შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შედეგებზე – საანგარიშო წლის 5 ოქტომბრამდე, ხოლო ბიუჯეტის შესრულების წლიურ შედეგებზე – საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 5 აპრილამდე.
4. კონტროლის პალატის სარევიზიო დეპარტამენტებმა და კონტროლის პალატებმა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.“.
3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები. სტრუქტურულ ერთეულებში შეიძლება შედიოდეს სამმართველოები და განყოფილებები.“.
4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. რევიზია-შემოწმების გეგმის მომზადების წესი
„1. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების წლიური და კვარტალური გეგმების პროექტები მზადდება კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის მიერ, სარევიზიო დეპარტამენტების წინადადებების გათვალისწინებით.
2. დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების მომდევნო წლისა და პირველი კვარტალის რევიზია-შემოწმების გეგმების პროექტებს 15 ოქტომბრამდე უგზავნის სარევიზიო დეპარტამენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 15 ნოემბრამდე წარუდგინონ თავისი მოსაზრებები დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტს.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატები და სარევიზიო დეპარტამენტები წარადგენენ დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტში მეორე კვარტალის რევიზია-შემოწმების გეგმის პროექტებს და წინადადებებს შესაბამისად 15 თებერვალს, მესამე კვარტალისას – 15 მაისს, მეოთხე კვარტალისას – 15 აგვისტოს.
4. დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმების საბოლოო პროექტებს ათანხმებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და სარევიზიო დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.“.
4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონტროლის პალატა საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობას ახორციელებს სარევიზიო დეპარტამენტებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების მეშვეობით.“.
5. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. რევიზია-შემოწმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სარევიზიო დეპარტამენტების ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სარევიზიო პერიოდის ხანგრძლივობისა და ობიექტის სირთულის გათვალისწინებით, რევიზია-შემოწმების ვადას 90 კალენდარულ დღემდე აგრძელებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რევიზია-შემოწმების ვადის კიდევ 30 კალენდარულ დღემდე გაგრძელების შესახებ თანხმობის გაცემის თხოვნით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სარევიზიო დეპარტამენტების ხელმძღვანელები მოტივირებული მოხსენებითი ბარათით მიმართავენ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს რევიზიის მიმდინარე ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას რევიზია-შემოწმების ვადის 120 კალენდარულ დღემდე გაზრდის თაობაზე. რევიზიის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“.
6. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რევიზია-შემოწმების პროგრამა დგება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის მიერ სარევიზიო (შემმოწმებელთა) ჯგუფთან ერთად. პროგრამას ამტკიცებს (ვიზირებულს იურიდიული დეპარტამენტის მიერ) სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კურატორ თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის არყოფნის, ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში რევიზია-შემოწმების პროგრამას ხელს აწერს სარევიზიო (შემმოწმებელთა) ჯგუფის ხელმძღვანელი. რევიზია-შემოწმების პროგრამა დგება სამ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი რჩება სარევიზიო (შემმოწმებელთა) ჯგუფს, მეორე წარედგინება შემოწმების ობიექტს, ხოლო მესამე გადაეცემა ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“.
7. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რევიზია-შემოწმების პროგრამაში ან სარევიზიო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე რევიზია-შემოწმების შეჩერება, შეწყვეტა, განახლება, ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.“.
8. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. შემხვედრი თემატური შემოწმება
შემხვედრი თემატური შემოწმება ტარდება პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, ძირითადი შემოწმებიდან გამომდინარე და მხოლოდ ძირითადი შემოწმების დროს დასმული საკითხების ფარგლებში, ბრძანებისა და დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის მოხელეებს.
მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭოლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები