,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-1/588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 23/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.22.024.011.775
1-1/588
18/04/2008
სსმ, 62, 23/04/2008
010.260.050.22.024.011.775
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.22.024.011.775

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/588

2008 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის და მე-12 მუხლის 62 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული წესი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“.

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 ე. შარაშიძე

 

წესი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების და წილების (შემდგომში – აქციები და წილები) მართვის უფლებით გადაცემის წესს.

2. აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

3. აქციების და წილის მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები;

ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.

4. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემა ხორ ციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესის შესაბამისად.

5. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი მართვის უფლებით გადაცემის შესახებ.

6. აქციებისა და წილის მართვის უფლემით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

    მუხლი 2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და ფასი

1. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის (აუქციონი პირობებით) ან პირდაპირი განკარგვის წესით.

2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და მაქსიმალური ფასის გადახდა.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, საერთაშორისო ორგანიზაციას.

4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო, მართვის უფლებით გადასაცემი აქციების ან/და წილის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

    მუხლი 3. აუქციონის ან პირობებით გამოცხადებული აუქციონის ორგანიზება

1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებებშიც.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);

გ) შესაბამისი სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

დ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას;

ე) აქციების საერთო რაოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, თვითმმართველი ერთეულის წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;

ვ) განაცხადების მიღების, დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;   

ზ) საჭიროების შემთხვევაში სააუქციონო პირობად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);

თ) აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის საწყის წლიურ ფასს, «ბეს“, სავაჭრო ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო;

ი) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.

    მუხლი 4. აუქციონში ან პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მსურველი) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მსურველზე, წილის ან/და აქციის დასახელებას, რომლის მართვის უფლებით მიღებაც სურს მსურველს და საწყის ფასს, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მსურველის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) „ბეს“ და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

4. მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქციების ან/და წილის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, „ბე“ და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეულისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მსურველზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მსურველს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მსურველი ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

6. მონაწილეს აქვს „ბეს“ დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

7. მსურველს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს „მმართველად“;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

    მუხლი 5. აუქციონის ან პირობებით გამოცხადებული აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს აქციების ან/და წილის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული აქციების ან/და წილის შემთხვევაში განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო).

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით, ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის ნომერს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის, თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების შემდეგ აქციები ან/და წილი ითვალება მართვის უფლებით გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი «ბე“ არ დაუბრუნდება.

9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდებათ.

10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 6. პირდაპირი განკარგვის წესით წილისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება.

1. პირდაპირი განკარგვის წესით აქციების ან/და წილის მართვის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო.

2. პირდაპირი განკარგვის წესით აქციების ან/და წილის მართვის უფლებით გადაცემის მიზანია აქციებზე ან/და წილზე მართვის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს აქციების ან/და წილის პირდაპირი განკარგვის წესით დადგენილ პირობებს.

3. პირდაპირი განკარგვის წესით აქციების ან/და წილის მართვის უფლებით გადაცემის მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:

ა) განცხადებას;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

გ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში);

ე) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.

4. აუქციონის გარეშე აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის, საჯარო სამართლის იურდიული პირებისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის.

5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო იხილავს შემოსულ განცხადებას ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი აქციების ან/და წილის პირობებს.

    მუხლი 7. გარიგებათა გაფორმების წესი

1. აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ, ხოლო პირდაპირი განკარგვის შემთხვევაში პირდაპირი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, არა უმეტეს 3 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო გამარჯვებულ მონაწილესთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებასთან და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები იფარება მართვის უფლების მიმღების მიერ.

2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სააუქციონო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შეუსრულებლობაზე და ამ წესის მე-8 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს.

    მუხლი 8. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირის  პასუხისმგებლობა

1. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს ყოველ 6 თვეში წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიშს) ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

2. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირს მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: გაასხვისოს, ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში აქციების ან წილის მართვის უფლების მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო ან/და პირდაპირი განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) მართვის უფლების გადაცემის საზღაურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის მართვის უფლების მიმღები, მართვის უფლების გადაცემის საბოლოო საზღაურის გადაუხდელი თანხის 0,1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მართვის უფლების მიმღები პირის მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

4. თუ მართვის უფლების მიმღები პირი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. მართვის უფლების მიმღებ პირს ჩამოერთმევა აქციების ან წილის მართვის უფლება.

    მუხლი 9. დავათა განხილვის წესი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.