დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 223 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 05/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.011.571 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.571
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №223
2008 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულებაში (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1880) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ” ქვეპუნქტი:
„ზ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება და გაზრდა მათ საქმიანობაში არსებული რისკ-ფაქტორების ანალიზის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გზით.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ინსპექციას უფლება აქვს:
ა) განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, ან/და დისციპლინური დევნის წარმოება;
ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანოებისგან და საჯარო მოსამსახურეებისაგან, სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური დევნის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები ან ინფორმაცია;
გ) გამოიძახოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას;
დ) მოიწვიოს სამინისტროს სისტემის ორგანოთა საჯარო მოსამსახურეები ან/და სხვა სპეციალისტები სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის პროცესში. მოიწვიოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები ან სხვა ექსპერტები საექსპერტო დასკვნის მიღების ან კონსულტაციის მიზნით;
ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, მინისტრთან ან შესაბამის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელთან დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ (სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით);
ვ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ზ) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების ან/და გაუმჯობესების შესახებ;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ბაზა;
ი) განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, შეისწავლოს მოპოვებული მასალები და ინფორმაცია და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები;
კ) გასცეს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საქმიანობის სრულყოფისათვის;
ლ) განახორციელოს მონიტორინგი მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;
მ) შეისწავლოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მხრიდან მოსალოდნელ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზები;
ნ) სათანადო რეკომენდაციების მომზადების გზით ხელი შეუწყოს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის სტიმულირებას;
ო) განიხილოს წერილობითი მოსაზრებები სამინისტროს ფუნქციონირების და მის საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი ხარვეზებისა და რისკების შესახებ;
პ) დანერგოს შიდა აუდიტის პოლიტიკის სტანდარტები და პროცედურები INTOSAI-ს (აუდიტის უმაღლესი ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაცია), IFAC-ს (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია) და სხვა სათანადო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად;
ჟ) შეისწავლოს სამინისტროს სისტემის ორგანოთა ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობა, ეკონომიურობა და ეფექტურობა, და უზრუნველყოს შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება (ოპერაციული აუდიტი);
რ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“;
გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსპექციის უფროსის განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს შემოწმების ჯგუფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესამოწმებელი ორგანოს (ან მისი სტრუქტურული ერთეულის) სახელწოდება, შემოწმების საგანი, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი.“;
დ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესამოწმებელი ორგანოს ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს წარუდგენს შესაბამის განკარგულებას და შემოწმების პროგრამას (აღნიშნული არ ვრცელდება რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველოს მიერ განხორციელებული შემოწმების ჩატარებისას).“;
ე) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. შემოწმების შესახებ შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას, რომელშიც დეტალურად აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი; რისკ-ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაზე; არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები; კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის, რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე). დასკვნას თან უნდა დაერთოს შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია.“;
ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას;
ბ) ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წლის შედეგების მიხედვით, წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას სხვა პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას ინსპექციის მოსამსახურეს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;
ზ) წინადადებით შედის მინისტრთან სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებას ან/და განკარგულებას;
ლ) მინისტრს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ;
მ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის სტრუქტურას;
ნ) ამტკიცებს ინსპექციის საშტატო ნუსხას;
ო) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად და გასათავისუფლებლად წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და ინსპექციის სამმართველოს უფროსების კანდიდატურებს;
პ)კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;
რ) კვარტალში ერთხელ ამზადებს მოხსენებებს მინისტრის წინაშე სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
ს) დაკისრებული უფლება-მოვალეობების ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტები ან/და ექსპერტები;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
ზ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ინსპექციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე.“;
თ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველო;
ბ) რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველო;
გ) სპეციალურ დავალებათა შესწავლის სამმართველო;
დ) საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.“;
ი) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველო
შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანოების ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისას სამინისტროსა და მის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის პროცესში ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
გ) სამინისტროსა და მისი სისტემის საჯარო მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი;
დ) სამსახურებრივი შემოწმებისას სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დისციპლინური დევნის წარმოება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.“;
კ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 13I. რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველო
1. რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, შეისწავლის მოპოვებულ მასალებსა და ინფორმაციას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) იძლევა რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემის ორგანოთა საქმიანობის სრულყოფისათვის;
გ) ახორციელებს მონიტორინგს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;
დ) ადგენს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მხრიდან მოსალოდნელ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევ და ხელშემწყობ მიზეზებს;
ე) სათანადო რეკომენდაციების მომზადების გზით ხელს უწყობს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის სტიმულირებას;
ვ) განიხილავს წერილობით მოსაზრებებს სამინისტროს ფუნქციონირების და მის საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ;
ზ) დანერგავს შიდა აუდიტის პოლიტიკის სტანდარტებსა და პროცედურებს INTOSAI-ს (აუდიტის უმაღლესი ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაცია), IFAC-ს (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია) და სხვა სათანადო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად;
თ) შეისწავლის სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობას, ეკონომიურობას და ეფექტურობას და უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას (ოპერაციული აუდიტი);
ი) ქმნის თავისივე სამოქმედო პროცედურების სქემას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შეიძლება იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები