საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1497
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 21/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.001.842
  • Word
1497
02/06/2005
სსმ, 29, 21/06/2005
270.000.000.05.001.001.842
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 1973 წ., მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. კანონის 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 159. შვებულება ორსულობისა და   მშობიარობის და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო

1. მომუშავე ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო და ქალებს, რომლებმაც ახალშობილი ბავშვი იშვილეს უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, შვებულება და დახმარება ეძლევათ სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან.

2. ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება ეძლევათ მშობიარობამდე სამოცდაათი კალენდარული დღის ხანგრძლივობით, ხოლო მშობიარობის შემდეგ – ორმოცდათექვსმეტი (გართულებული მშობიარობის ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – სამოცდაათი) კალენდარული დღის ხანგრძლივობით, რომელიც გამოიანგარიშება შეჯამებულად და ქალს მიეცემა მთლიანად მშობიარობამდე ფაქტიურად გამოყენებული დღეების რაოდენობის მიუხედავად.

3. ქალს, რომელმაც ახალშობილი ბავშვი იშვილა უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, შვებულება ეძლევა ბავშვის შვილად აყვანის დღიდან, ვიდრე ბავშვის დაბადებიდან გავიდოდეს ორმოცდათექვსმეტი დღე. მასზე ვრცელდება ამ კანონის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი:

„თავი XVII1

სახელმწიფო სოციალური დაზღვევა

    მუხლი 2361. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებით უზრუნველყოფა

1. დახმარება დროებითი შრომისუუნარობის გამო მთლიანი ხელფასის ოდენობამდე მუშაკს ეძლევა ავადმყოფობის, დასახიჩრების, დაავადებასთან დაკავშირებით სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანის, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის, კარანტინის, სანიტარიულ-საკურორტო მკურნალობისა და პროთეზირების შემთხვევებში.

2. ავადმყოფობის ან დასახიჩრების დროს დახმარება გაიცემა შრომისუნარიანობის აღდგენამდე ან ინვალიდობის დადგენამდე.

3. დროებით შრომისუუნარობაზე (საავადმყოფო ფურცელი) დახმარებას პირველი 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დამქირავებელი, ხოლო შემდეგ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

    მუხლი 2362. ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებით უზრუნველყოფა

დახმარება ორსულობისა და მშობიარობის გამო გაიცემა ორსულობისა და მშობიარობისთვის აღებული მთელი შვებულების სრული ხელფასის ოდენობით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ.

    მუხლი 2363. დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი

დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 2364. საპენსიო უზრუნველყოფა

მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს პენსიები დაენიშნებათ პენსიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 2365. მოხუცებულობისა და სოციალური პენსიები

1. მოხუცებულობის პენსიის მიღების უფლება აქვთ მუშებსა და მოსამსახურეებს:

ა) მამაკაცებს – რომლებსაც შეუსრულდათ 65 წელი და აქვთ არანაკლებ 25 წლის მუშაობის სტაჟი;

ბ) ქალებს – რომლებსაც შეუსრულდათ 60 წელი და აქვთ არანაკლებ 20 წლის მუშაობის სტაჟი;

გ) იმ პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ან არანაკლებ 10 წლის უწყვეტი მუშაობის სტაჟი აქვთ მაღალმთიან რეგიონში, საპენსიო ასაკი უმცირდებათ ხუთი წლით.

2. სოციალური პენსიების დასანიშნად გათვალისწინებულია ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილთან 5 წლით მეტი ასაკი.“.

    მუხლი 2366. პენსიები ინვალიდობისა და მარჩენალის დაკარგვის გამო

პენსიები ინვალიდობისა და მარჩენალის დაკარგვის გამო ენიშნებათ იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკის დაინვალიდება ან მარჩენალის გარდაცვალება გამოწვეულია შრომითი დასახიჩრებით, პროფესიული დაავადებით, საერთო დაავადებით ან დასახიჩრებით, რომელიც დაკავშირებული არ იყო სამუშაოსთან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 2 ივნისი.

№1497 Iს