დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 25/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 25/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.16.009.011.447 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.16.009.011.447
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება № 3
2008 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
„ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, კომისია ადგენს:
მუხლი 1.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილებაში (სსმ III, 1999 წლის 31 აგვისტო, №41 (48), მუხ. 737) „ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში დამტკიცების შესახებ” (ტექსტში შემდგომ – ლიცენზირების წესები) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დამტკიცდეს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სალიცენზიო მოწმობა და მისი აღწერილობა (დანართი № 1)”;
2. ლიცენზირების წესების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ლიცენზირების წესები და პირობები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სექტორში დასაქმებული ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, განსაზღვრავს ლიცენზიის გაცემასთან, ცვლილებებთან ან გაუქმებასთან დაკავშირებულ წესებს, პირობებსა და პროცედურებს.
2. ლიცენზირების პროცესს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად.“;
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ლიცენზია და ლიცენზიის სახეები
1. ლიცენზია არის ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. სალიცენზიო მოწმობაში აღნიშნული უნდა იყოს სალიცენზიო განაცხადში მითითებული მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზედაც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და ლიცენზიის გაუქმების პირობები.
3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
4. ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორში კომისიის მიერ გაიცემა შემდეგი სახის ლიცენზიები:
ა) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია;
ბ) ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია;
გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია;
დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია;
ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია;
ვ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.
5. ლიცენზიები გაიცემა უვადოდ.
6. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) ლიცენზიის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შესაბამის ცვლილების შესატანად. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.“ ;
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სალიცენზიო რეესტრი
1. კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიტანება მონაცემთა ერთობლიობა ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანისა ან გაუქმების შესახებ.
2. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ.
3. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ;
4. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეიტანება:
ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი);
ბ) ლიცენზიის სახე;
გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი.
5. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.“.
5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ლიცენზიის გაცემის წესი და პროცედურები
1. ლიცენზიის მისაღებად ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს წერილობითი განაცხადი. განაცხადში მითითებული უნდა იყოს, თუ ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით და ლიცენზირების წესებით განსაზღვრული თანდართული საბუთების ნუსხა.
2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) იურიდიული პირისთვის – ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და წესდება, ინდივიდუალური მეწარმეებისათვის – ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული წარმოების საშუალებების ფლობის და/ან სარგებლობის დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, აგრეთვე საკადასტრო რუკა (ლიცენზიის მაძიებლის სამოქმედო არეალის განსაზღვრის მიზნით);
გ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მოქმედ სახელმწიფო სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის დასკვნა;
დ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა;
ე) საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის გადამცემ ქსელში ჩართვისათვის გადაცემის ლიცენზიის მფლობელის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა (გარდა ელექროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა), ხოლო წარმოების საშუალების გამანაწილებელ ქსელში ჩართვის შემთხვევაში, შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის მიერ გაცემული გამანაწილებელ ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა;
ვ) საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ჩართვისათვის – გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელის მიერ გაცემული ტრანსპორტირების სისტემაში ჩართვის ტექნიკური პირობა;
ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა;
თ) წარმოების საშუალებების ფლობის (მათით სარგებლობის) დამადასტურებელი ცნობა;
ი) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი ელექტრონული ან ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა).
3. ამ მუხლის პირველ და მეორე მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული მონაცემების სისწორეზე და სისრულეზე პასუხისმგებელია მისი წარმომდგენი პირი.
4. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტე.
5. კომისია ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში განიხილოს ლიცენზიის მაძიებლის განცხადება და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დააკმაყოფილოს განცხადება და გასცეს ლიცენზია;
ბ) უარი თქვას ლიცენზიის გაცემაზე.“.
6. ლიცენზირების წესების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ლიცენზიის პირობები
1. ლიცენზიანტი ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნების და კომისიის დადგენილებების და გადაწყვეტილებების შესაბამისად.
2. ლიცენზიანტს არა აქვს უფლება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში ლიცენზიანტი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე. კომისიისაგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიანტი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია.
3. აკრძალულია ლიცენზიის გადაცემა სხვა ინდივიდუალურ მეწარმეზე ან იურიდიულ პირზე.
4. კომისიას უფლება აქვს შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება საწარმოს ფუნქციონირების შეუჩერებლად.
5. ლიცენზიანტი ვალდებულია აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის რაოდენობა აღრიცხვის საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების წესების და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მათი ინსპექცია.
6. ლიცენზიანტი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს:
ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;
ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;
გ) სხვა ინფორომაცია, რომელსაც კომისია მიიჩნევს საჭიროდ.“.
7. ლიცენზირების წესების მე-6 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ლიცენზიის გაუქმება, ცვლილებების შეტანა
1. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა ხდება მისი პირობების შესაბამისად, გაუქმება – ლიცენზიის პირობების, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევისათვის.“ ;
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები;
გ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა;
დ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-8 და მე-9 პუნქტები;
ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. კომისიის მიერ ლიცენზიის თაობაზე გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება ლიცენზიის მაძიებლის, ლიცენზიის მფლობელის ან მესამე პირების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილი წესით.“ ;
8. ლიცენზირების წესების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ლიცენზირების წესებისა და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა
ამ წესების და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება კომისიის მიერ, დადგენილი წესით.
9. ლიცენზირების წესებს მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 მუხლები:
„მუხლი 10. სალიცენზიო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1. სალიცენზიო მოწმობების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას კომისია ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად.
2. სალიცენზიო მოწმობის ფორმების შესყიდვას კომისია ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. სალიცენზიო მოწმობის ფორმების შეკვეთას კომისია ახორციელებს კანონმდებლობის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. პოლიგრაფიული საწარმოდან სალიცენზიო მოწმობების ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
4. სალიცენზიო მოწმობის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილზე, ამ მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
5. სალიცენზიო მოწმობის ფორმის შევსება ხორციელდება კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო გაცემა – პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. მესამე პირზე სალიცენზიო მოწმობის გაცემა ხდება ლიცენზიის მფლობელის მიერ გაცემული მინდობილობის და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, (მინდობილობა რჩება ადგილზე).
6. ლიცენზიის მფლობელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებენ სალიცენზიო მოწმობის მიღების ფაქტს.
მუხლი 11. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ფორმის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ფორმის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) სალიცენზიო მოწმობის ფორმის ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ფორმის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტების მიხედვით (დანართი 2).
3. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ფორმის უტილიზაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
დანართი № 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის (ტექსტში შემდგომ – მოწმობა) ფორმა წარმოადგენს ცარცის ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ფერის A4 ფორმატის ერთფურცლიან მოწმობას.
2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ნომერი და სერია, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და წევრების ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით). მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – სფს.
3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი.
4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფაბრებით; გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სალიცენზიო მოწმობა“, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს; დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს.
საქართველოს მცირე სახელმწიფო
გერბი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისია
____________________________________________________________________________________
ლიცენზია
სერია _________________________________ სარეგისტრაციო № _________________________
_______________________________________________________________________________________
(მფლობელის დასახელება)
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეძლევა უფლება განახორციელოს
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
ლიცენზიის პირობები მოცემულია დანართში.
ლიცენზიას დანართის გარეშე ძალა არა აქვს.
ლიცენზია გაიცემა უვადოდ.
გადაწყვეტილება № ____________________________ წლის ____________________________
თავმჯდომარე ____________________________
კომისიის წევრი ___________________________
კომისიის წევრი ___________________________
ლიცენზიის გაცემის თარიღი _________________________
დამკვეთი –– საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული
კომისია დამზადებულია – შპს „სი-ჯი-ეს“ სფს რეგისტრაციის №______________
დანართი № 2
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტი №
ქ. თბილისი
„___“ _________________ 200 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის
ფორმის ჩამოწერის შესახებ
| № | მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე | რაოდენობა | მკაცრი აღრიცხვის ფორმის სტამბური ნომერი | მკაცრი აღრიცხვის ფორმის სარეგისტრაციო ნომერი |
| 1 |
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე:
წევრები:
მდივანი:
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები