დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 801 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 185, 27/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.22.026.011.285 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.285
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №801
2007 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებაში (სსმ III, 01.06.2006, №73, მუხ. 917) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის“ თანდართული დებულება“;
3. ბრძანების მე3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები“;
4. 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულება“;
ბ) პირველი, მე-2, მე-3, მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომ – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.“;
გ) მე-6 მუხლის „ვ)“ და „ზ)“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრის მომზადება;
ზ) სხვადასხვა სახის ცერემონიალების, ღონისძიებებისა და სამხედრო რიტუალების ჩატარების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.“;
დ) მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
მუხლი 10
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;
ე) მე-12 მუხლის „ბ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ბ) დასამტკიცებლად წარადგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას და სტრუქტურას.“;
ვ) მე-12 მუხლის „ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ“;
ზ) მე-IV და მე-V თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 13
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფები):
ა) განათლების, წვრთნების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო:
ბ) სარიტუალო სამსახური;
გ) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია;
დ) სერჟანტთა მომზადების სკოლა;
ე) ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“;
ვ) საჩხერის სამთო მომზადების სკოლა;
ზ) საპატიო ყარაული;
თ) სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი.
მუხლი 14
სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთეულებს შორის ფუნქციები ნაწილდება გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.
მუხლი 15
ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 16
ქვედანაყოფს, საჭიროებისამებრ, გააჩნია ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, ბეჭედი და სხვა ატრიბუტიკა.
მუხლი 17
ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ე) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 18
ქვედანაყოფების ფუნქციები
1. განათლების, წვრთნების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი განათლებისა და წვრთნების ერთიანი სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლების სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან;
გ) სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების ინსტიტუციური ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება, სწავლებებისა და წვრთნების კოორდინაცია და კონტროლი;
დ) სასწავლო დაწესებულებებისა და საწვრთნელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა მაღალ ორგანიზაციულ, ნატოსთან თავსებადი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. სარიტუალო სამსახური:
ა) სამხედრო საჩვენებელი ორკესტრისა და საპატიო ყარაულის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) სამხედრო რიტუალებისა და საპატიო სტუმრების დახვედრა-გაცილების ცერემონიალების ჩატარების ორგანიზება.
3. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია (ტექსტში შემდგომ – თავდაცვის ეროვნული აკადემია):
ა) საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ბრძოლისუნარიანი არმიის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სამხედრო პროფესიული განათლების პროცესის განხორციელება ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სასწავლო პროგრამებით;
ბ) მოტივირებული სამხედრო პედაგოგიური კადრების მომზადება, საერთაშორისო სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარება და დანერგვა;
გ) საგანმანათლებლო პროცესის თანმიმდევრული განვითარება, თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფა, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიური ზრდა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
4. სერჟანტთა მომზადების სკოლა:
ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მიხედვით მაღალპროფესიულ დონეზე კვალიფიციურ სერჟანტთა მომზადება;
ბ) სკოლაში მეთაურთა, პედაგოგთა, ოფიცერინსტრუქტორთა და ინსტრუქტორთა პროფესიული დონის, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიური ზრდა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
გ) საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარება და დანერგვა.
5. ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიონალ კაპრალთა პირადი შემადგენლობის მომზადება;
ბ) სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სამხედრო ტექნიკური ქონებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა და დაცვა;
გ) სასწავლო ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის სასწავლო პროცესების უზრუნველყოფა.
6. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა:
ა) სპეციალისტების მომზადება/გადამზადება ალპინიზმისა და სამთო-ტაქტიკური მიმართულებით, აღნიშნულის განსახორციელებლად ძლიერი და მობილური სასწავლო ბაზის შექმნა;
ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამთო მომზადებაში დაგეგმილი წვრთნების ორგანიზება და პრაქტიკული უზრუნველყოფა;
გ) მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან ერთობლივ წვრთნებსა და გაცვლით პროგრამებზე წინადადებების მომზადება.
7. საპატიო ყარაული:
ა) საქართველოს უმაღლესი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრა-გაცილებისას და სხვადასხვა სახის დღესასწაულზე საზეიმო და სამხედრო ცერემონიალების ჩატარება;
ბ) საზოგადო მოღვაწეების და მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონიალით უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე საპატიო განწესის შესრულება და გვირგვინით შემკობის ცერემონიალის უზრუნველყოფა.
8. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი:
ა) სამხედრო რიტუალების, საზოგადოებრივ-აღმზრდელობითი, კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებების ცერემონიალის ჩატარების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სასწავლო-სარეპერტუარო გეგმების შემუშავება, ორკესტრის პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის გაუმჯობესება და აღნიშნულის განსახორციელებლად ძლიერი და მობილური სასწავლო მატერიალური ბაზის შექმნის უზრუნველყოფა;
გ) ქვედანაყოფების მიერ სამწყობრო სიმღერების შესწავლის უზრუნველყოფა, სამხედრო მუსიკოსებისა და მედოლემესიგნალეების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.
მუხლი 19
სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები: თავდაცვის ეროვნული აკადემია, სერჟანტთა მომზადების სკოლა, ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სამხედრო-საგანმანათლებლო, პროგრამული, სამხედრო სახელმძღვანელო ლიტერატურის, სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნას, სამხედრო-სასწავლო პროცესის დაგეგმვას და კოორდინაციას.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 20
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები