დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 26/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 184, 26/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.17.010.011.284 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.17.010.011.284
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №8
2007 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„მუხლი 36. მონიტორინგი და კონტროლი
1. ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
2. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.
3. კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექსპარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.
4. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებასთან.
5. მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით.
6. შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.
7. მონიტორინგსა და შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ამ წესებით დადგენილი ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში.
8. შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს:
ა) შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების დღე, დრო და ადგილი;
ბ) შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების საფუძველი;
გ) შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა;
დ) შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს);
ე) შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები;
ვ) მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს);
ზ) შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში);
თ) შემოწმებაზე ან/და მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე თუ არ დაუშვა შემმოწმებელი ან რაიმე სხვა ფორმით ხელი შეუშალა შემოწმების აქტის შედგენას – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა.
9. თუ შემოწმების აქტის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს დარღვევის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც ეცნობება დამრღვევს.
10. თუ შემოწმებაზე ან/და მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების (მონიტორინგის) შედეგად დაადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციებისა და ,,მაუწყებლობის” სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, იგი შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის.
11. თუ მონიტორინგის ან/და შემოწმების შედეგად გამოვლინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი (პირები) ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
12. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების აქტის გარეშე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
13. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და საჩივრდება სასარჩელო წარმოების წესით.
14. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტიო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) კომისიის სრულ დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღს;
გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;
დ) წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ვინაობას;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას;
ვ) მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.
15. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე თანხმლები წერილით ეცნობება პირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.
16. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. დამრღვევის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
17. თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
18. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესების შესაბამისად.“.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
დოკუმენტის კომენტარები