სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 06/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.010.715
  • Word
2-116
01/08/2007
სსმ, 111, 06/08/2007
340.170.000.22.032.010.715
სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.010.715

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-116

2007 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1).

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

დანართი №1

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი (შემდგომში – მკაცრი აღრიცხვის ფორმა) შემუშავებული და დამტკიცებულია ,,სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილების საფუძველზე.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური), საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.

    მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს სამსახური ამზადებს დამოუკიდებლად „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

    მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა და შენახვა

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა ხორციელდება ჰიგიენური სერტიფიკატების უწყებრივ რეესტრში.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან.

3. მკაცრი აღრიცხის ფორმები ინახება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სათავსო, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხის ფორმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

    მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის პროცედურები

მკაცრი აღრიცხვის ფორმებს მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს სამსახურის იმ თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმები და მათი მიღების ფაქტს ადასტურებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჰიგიენური სერტიფიკატების უწყებრივ რეესტრში ხელმოწერით.

    მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება და გაცემა

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს ავსებს სამსახურის უფლებამოსილი მოხელე.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება ორ ეგზემპლარად ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით ან კომპიუტერის საშუალებით. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შემვსები ადგენს აქტს მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაუქმების მიზეზის მითითებით.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა (დედანი) გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ასლი ინახება სამსახურში.

4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია მიმდინარეობს ჰიგიენური სერტიფიკატების უწყებრივ რეესტრში.

    მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაზიანების გამო;

გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია ჩამოწერის მიზეზის მითითებით შეიტანება ჰიგიენური სერტიფიკატების უწყებრივ რეესტრში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.

2. სამსახური ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.