დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 01/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.010.22.027.010.693 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2007 - 21/02/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.693
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №246
2007 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის დებულება თანდართული სახით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
დანართი
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული.
2. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ჯგუფის ამოცანებს, დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების წესს.
3. ჯგუფი წარმოადგენს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე, დადგენილი წესით სერტიფიცირებულ პირთა ჯგუფს.
4. ჯგუფის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
5. ჯგუფი აღჭურვილია სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.
მუხლი 2. ჯგუფის ამოცანები და ფუნქციები
1. ჯგუფის ამოცანებია:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი (გარდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებისა) მსჯავრდებულთა და პატიმართა (შემდგომში – პატიმართა) მკურნალობა;
ბ) დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებზე სამედიცინო ზედამხედველობის განხორციელება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება და შესაბამისი სამედიცინო ხასიათის ღონისძიებათა დაგეგმვა;
გ) პატიმართა კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა;
დ) პატიმართა სამედიცინო რეაბილიტაცია;
ე) პატიმართა სამედიცინო-ამბულატორიული მომსახურება.
2. ჯგუფის ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა ავადმყოფი პატიმრებისათვის;
ბ) იმ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესების, ჯგუფის მუშაობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა პროფილაქტიკური კომისიური შემოწმება;
დ) პატიმარ ავადმყოფთა კონსულტაციური და სადიაგნოსტიკო მომსახურების ტიპის შერჩევა;
ე) საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ჩვენების მიხედვით ავადმყოფებისათვის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მისი განხორციელება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის ქმედითი დახმარების გაწევა.
მუხლი 3. ჯგუფის სტრუქტურა და მართვა
1. ჯგუფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. ჯგუფის უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის და პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.
3. ჯგუფის შემადგენლობა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
4. ჯგუფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ჯგუფის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს ჯგუფის მუშაობას და აწესრიგებს მისი საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) უშუალოდ მონაწილეობს ჯგუფის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებაში;
გ) კოორდინაციას უწევს ჯგუფის ურთიერთობას დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და დაწესებულებებთან;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) აკონტროლებს ჯგუფზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
ვ) მონაწილეობს ჯგუფის მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევაში;
ზ) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს ჯგუფის მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე;
თ) შუამდგომლობს ჯგუფის საქმიანობისათვის საჭირო სახსრების და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;
ი) შეიმუშავებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ჯგუფის სამუშაო გეგმას;
კ) ანაწილებს ფუნქციებს ჯგუფის მოსამსახურეებს შორის.
5. ჯგუფის მოსამსახურეები:
ა) დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან ჯგუფის უფროსის წინაშე;
ბ) ჯგუფის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 4. ჯგუფის უფლებამოსილებანი
1. ჯგუფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვას, ატარებს ავადმყოფთა კონსულტაციებს ადგილზე და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს მათი გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცესის განსაზღვრაში.
2. ჯგუფის გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სავალდებულოა დაავადების შესაბამისი პროფილის ექიმის მონაწილეობა.
3. ჯგუფის მიერ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალების საფუძველზე, მოწმდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის მიერ ავადმყოფთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, ჯგუფი ახდენს აგრავაციის და კლინიკური შეცდომების დაფიქსირებას. შედეგები მოხსენდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირებისათვის.
4. კოორდინირებას უწევს ტუბ.დაავადებების და აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას.
5. ახორციელებს კონტროლს დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
6. ჯგუფი უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. ჯგუფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები