„საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციის თაობაზე

„საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 567
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.026118
567
27/11/2026
ვებგვერდი, 27/11/2026
040030000.10.003.026118
„საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №567

2026 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2014, 040030000.10.003.018317) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„40. საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურული ღონისძიებებისა და პროგრამების სააგენტო.“.

მუხლი 2
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო (შემდგომში − შემოქმედებითი საქართველო) და გარდაიქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − კულტურული ღონისძიებებისა და პროგრამების სააგენტოდ (შემდგომში − სააგენტო).

2. სააგენტო ჩაითვალოს შემოქმედებითი საქართველოს უფლებამონაცვლედ.

3. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.

4. სამინისტრომ განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

5. სააგენტოს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრები განესაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბიუჯეტო ასიგნებებიდან და კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან.

6. შემოქმედებითი საქართველოს ბალანსზე რიცხული ქონება, ფინანსური სახსრები (მათ შორის, კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლები), მიმდინარე აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს სააგენტოს ბალანსზე.

7. შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი 2027 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მოადგილეების თანამდებობებზე დასაქმებული პირები მათი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში 2027 წლის 1 იანვრიდან გადაინიშნონ სააგენტოში იმავე თანამდებობებზე. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული პირები არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას 2026 წლის 25 დეკემბრამდე, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის, შემოქმედებით საქართველოში დასაქმებული პირები (საშტატო და შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებული პირები) 2027 წლის 1 იანვრიდან გადაინიშნონ სააგენტოში იმავე თანამდებობებზე/პოზიციებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე/პოზიციებზე, ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ვადით. ამასთან, პირის წერილობითი თანხმობით, შესაძლებელია, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 2027 წლის 1 იანვრიდან გადაინიშნოს სააგენტოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

10. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, აგრეთვე გარიგებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამავე დადგენილებით განსაზღვრული უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე და/ან გარიგების დადებამდე. ამასთანავე, ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების, აგრეთვე გარიგების ცვლილების/შეწყვეტის უფლებამოსილება აქვს უფლებამონაცვლე უწყებას.

11. შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყოს ამ დადგენილების აღსრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

12. სამინისტროს დაევალოს ამ დადგენილების აღსრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის,                მე-2 მუხლის პირველი − მე-6 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი, მე-2 მუხლის პირველი − მე-6 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე