სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1929/2-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.103287
1929/2-VIმს-XIმპ
25/11/2026
ვებგვერდი, 27/11/2026
240110000.05.001.103287
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ჰ42“−„ჰ44“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ42) სპირტიანი სასმელი − ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი, განსაზღვრული ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მქონე ალკოჰოლიანი სასმელი (გარდა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპირტიანი სასმლისა), რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 15%-ია;

ჰ43) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი − სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისგან მიღებული უფერო, გამჭვირვალე პროდუქტი (გარდა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპირტისა), რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 96%-ია;

ჰ44) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატი − სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნედლეულის სპირტული დუღილის/ფერმენტაციის პროდუქტის (პროდუქტების) შემდგომი დისტილაციით მიღებული ალკოჰოლიანი სითხე (გარდა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღვინის დისტილატისა), რომელსაც არ აქვს უშუალოდ ეთილის სპირტის ან სპირტიანი სასმლის (სასმელების) თვისებები, თუმცა შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო;“.

2. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 ნაწილები:

„3. სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოების, გადამუშავებისა და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსების ეტაპებზე სახელმწიფო კონტროლს (გარდა მათი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო ამ კოდექსისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტისა და დისტილატის წარმოების, გადამუშავებისა და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსების ეტაპებზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას უფლება აქვს, ამ კოდექსის 242 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაატაროს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები.“.

3. 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 241. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოების, გადამუშავებისა და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსების ეტაპებზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს შემდეგი ფორმებით:

ა) მონიტორინგი;

ბ) დოკუმენტური შემოწმება;

გ) ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარება.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია გასცეს:

ა) საქართველოში წარმოებული და ექსპორტისთვის განკუთვნილი სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შესაბამისობის სერტიფიკატი;

ბ) საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი სპირტიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატი;

გ) იმპორტისთვის განკუთვნილი სპირტიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატი (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნიდან იმპორტირებისთვის განკუთვნილი პროდუქტისა, რომელსაც თან ახლავს სათანადო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:

„მუხლი 242. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის უფლებამოსილებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია უფლებამოსილია ჩაატაროს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფარგლებში აღებული ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევა, აგრეთვე ბიზნესოპერატორის ან სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით წარდგენილი ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევა, კერძოდ:

ა) განახორციელოს ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის) ინფექციური, ინვაზიური და არაინფექციური დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში დაავადებების, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

ბ) ჩაატაროს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათისა და მისი ნედლეულის, ცხოველის საკვებისა და მისი ნედლეულის, აგრეთვე სასმელი წყლის გამოკვლევა;

გ) ჩაატაროს მცენარეული მასალისა და ნიადაგის ნიმუშების გამოკვლევა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების გამოსავლენად.

2. გადაუდებელი და სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევის არსებობისას, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისთვის, მცენარის სიჯანსაღისთვის ან გარემოსთვის სერიოზული ან ახალი რისკის წარმოშობასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია უზრუნველყოფს მუდმივ მზადყოფნას და უფლებამოსილია დაუყოვნებლივ ჩაატაროს გადაუდებელი ლაბორატორიული გამოკვლევები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის წესს, მათ შორის, ამ პროცესში მისი ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობის, აგრეთვე საჭირო მარაგის შექმნისა და განახლების პირობებს, ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

5. 75-ე მუხლის:

ა) 33 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) 2027 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ მომსახურების გაწევის საფასურები.“;

ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2027 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის წესი.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 241 მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 241 მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ნოემბერი 2026 წ.

N1929/2-VIმს-XIმპ