დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 19/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016049 |
|
„საპენსიო
შენატანის
განხორციელების
ვალდებულების
დარღვევის
და
საპენსიო
შენატანის
ზედმეტად
განხორციელების
ფაქტის
იდენტიფიცირების, ზედმეტად
განხორციელებული
საპენსიო
შენატანის
თანხის
დაბრუნების, ჯარიმის
და
მიუღებელი სარგებლის
დაკისრების,
აღსრულების
და
შესაბამისი
კომუნიკაციის
წესის“ დამტკიცების შესახებ
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 11 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 17 ნოემბრის №47 სხდომის ოქმის თანახმად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი ბრძანებაზე თანდართული ფორმით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ №3 ბრძანება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ჯარიმის, მიუღებელი სარგებლის დაკისრების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების და აღსრულების წესს და პროცედურებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ეს წესი ასევე ადგენს სამართალდარღვევის ოქმის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმებს, ასევე მათი და ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან სხვა დოკუმენტების შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, საჯარო გავრცელების, ელექტრონული კომუნიკაციის წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1 . ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“; ბ) ფონდი –საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი; გ) ინსტრუქცია – ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“; დ) მონიტორინგი – ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება, მათ შორის, შემოწმება, რომელიც იწყება და ხორციელდება მონიტორინგის ბრძანების საფუძველზე/შესაბამისად; ე) შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან ან/და საპენსიო ფონდის სხვა ინფორმაციასთან/მონაცემებთან შედარება, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, მიუღებელი სარგებლის დაკისრების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; ვ) მონიტორინგის ბრძანება – წლიური გეგმის ფარგლებში, გეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება; ზ) უფლებამოსილი თანამშრომელი – მონიტორინგის ბრძანებით განსაზღვრული ფონდის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის, შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; თ) სამართალდამრღვევი (ამ წესის მიზნებისთვის) – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით გენერირებული ელექტრონულ საჯარიმო ქვითრით/გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი; ი) ერთობლივი ნორმატიული აქტი – შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის კანონით გათვალისწინებული ერთობლივი ნორმატიული აქტი; კ) სახელმწიფო დამსაქმებელი – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამსაქმებელი. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ წარმოაჩენს ან გამორიცხავს, ნებისმიერი მითითება დამსაქმებელზე გულისხმობს ასევე სახელმწიფო დამსაქმებელს; ლ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით ინსტრუქციით დადგენილი წესით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ან/და მიუღებელი სარგებლის (ასეთის არსებობისას) გადახდის ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს; მ) შემოსავლების სამსახურის სისტემა – შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა და ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად შესაბამისი პირისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩაბარება; ნ) საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა; ო) საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ დაზუსტება, ცვლილების ან/და დამატების შეტანა; პ) ელექტრონული საჯარიმო ქვითარი – 2025 წლის 1 მაისის შემდგომი საანგარიშო პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ფონდის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელს ეკისრება კანონის 37 3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა; ჟ) სამართალდარღვევა – დამსაქმებლის მიერ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა (მათ შორის, ამ ვალდებულების კანონით და ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა); რ) საშეღავათო პერიოდი – კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღიანი პერიოდი. 2. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და ფონდის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. დამსაქმებლის მონიტორინგის დაგეგმვა 1. ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი. 2. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება გეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. 3. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. ასეთი ბრძანების გამოცემისა და არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან/და ნებისმიერი სხვა ფაქტი ან/და გარემოება, რომელიც მიზანშეწონილს ხდის არაგეგმური მონიტორინგის ჩატარებას. 4. გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი ტარდება შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რაც შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს მონიტორინგის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით. 5. მონიტორინგის ბრძანება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დასახელებას; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს, გამოცემის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს; დ) მითითებას იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც, მათ შორის, მოიცავს: ე.ა) იმ დამსაქმებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც წარმოადგენს ფონდის მონიტორინგის სუბიექტს; ე.ბ) მონიტორინგის ფარგლებს და ჩატარების პერიოდს/ვადებს; ე.გ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით მონიტორინგის განხორციელებისას, გაფრთხილებას დამსაქმებლისთვის შემოწმებამდე განსაზღვრულ 20 (ოცი) კალენდარულ-დღიან ვადაზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული პირი უფლებამოსილია აღმოფხვრას ვალდებულების შეუსრულებლობის (საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის) ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე.დ) ინფორმაციას უფლებამოსილი თანამშრომლის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს შემოწმების/მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებებს. მონიტორინგის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ბრძანებით შესაძლოა განისაზღვროს რამდენიმე უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე განახორციელებენ მონიტორინგს; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესს; ზ) ინფორმაციას გასაჩივრების უფლების შესახებ; თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ადგილს, გამომცემი პირის თანამდებობას, ვინაობას და ხელმოწერას. 6. მონიტორინგის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვს) თვეს. თუ დაწყებული მონიტორინგის გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო (მათ შორის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების მიზეზით), საპენსიო ფონდი უფლებამოსილია შეაჩეროს მონიტორინგის პროცესი. მონიტორინგის პროცესი განახლდება ამ გარემოებების აღმოფხვრისთანავე. შეჩერების პერიოდი არ შედის მონიტორინგის საერთო ვადაში. 7. საპენსიო ფონდი მონიტორინგის დროს უფლებამოსილია არ გამოიყენოს სახდელი: ა) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობს; ბ) თუ მიღებული ამნისტიის (ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ) აქტი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას; გ) თუ გაუქმდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი; დ) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისთვის გასულია კანონით დადგენილი ვადები; ე) თუ არსებობს იმავე ფაქტზე დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ვ) თუ ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც დაწყებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გარდაიცვალა და კანონი არ ითვალისწინებს უფლებამონაცვლეობას. 8. პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო ფონდის მიერ შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა, აღნიშნულ პერიოდამდე წარმოშობილი ვალდებულების დარღვევისათვის. 9. სახელმწიფო დამსაქმებლების მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი გამოვლინდება მონიტორინგის საფუძველზე, მათ შორის, სახაზინო სამსახურის სისტემით მოწოდებული ინფორმაციის და საპენსიო ფონდის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით. მუხლი 4. თვითდასაქმებულის მონიტორინგი 1. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის კანონის შესაბამისად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ფონდი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად განახორციელოს თვითდასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი. 2. მონიტორინგის შედეგად თვითდასაქმებულის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის დარღვევით შესრულების გამოვლენა არ გამოიწვევს თვითდასაქმებულის პასუხისმგებლობას კანონის 373 და 374 მუხლების შესაბამისად. ვალდებულების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში ფონდი თვითდასაქმებულს წარუდგენს შეტყობინებას და მოუწოდებს აღმოფხვრას შეუსაბამობა. 3. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ფონდი იმოქმედებს ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად. მუხლი 5. 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ ვალდებულებაზე შესაძლო შეუსაბამობების აღმოფხვრა 1. 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების მონიტორინგის მიზნით, მონიტორინგის დაწყების თაობაზე ბრძანების დამსაქმებლისთვის გაცნობის თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია აღმოფხვრას საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ფონდს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას ან საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი (გარდა სახელმწიფო დამსაქმებლისა) არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების შესრულების მიზნით საჭიროა დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში. დამსაქმებლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საკითხი განისაზღვრება ინსტრუქციით დადგენილი წესით. მუხლი 6. მონიტორინგის პროცესი 1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს შემოწმებას და შეისწავლის/განიხილავს დამსაქმებლის მიერ მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელიც მოძიებულ/მიღებულ იქნა მონიტორინგის პროცესში. 2025 წლის 1 მაისის შემდგომ მონიტორინგის პროცესი დაიწყება შემოწმებით. 2. მონიტორინგის პროცესში უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია შესაბამის დამსაქმებელს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულების დაზუსტება ან/და წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადას. 3. თუ შემოწმების შედეგად 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებაზე ფიქსირდება როგორც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, ასევე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, დამსაქმებლის ვალდებულება კალენდარული წლის (სრული ან არასრული) ჭრილში განისაზღვრება ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად ნაკლებად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის შეჯერებით (გაქვითვით). თუ შესამოწმებელ 1-თვიან პერიოდში, ერთი მონაწილის მიმართ განხორციელებულ და კანონის შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანებს შორის სხვაობა 1 ლარს არ აღემატება, აღნიშნული სხვაობა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ მიიჩნევა. 4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მონიტორინგის ფარგლებში შემოწმების შედეგად: ა) ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარებით გამოვლინდება შეუსაბამობა, რომელიც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობაზე მიუთითებს და საქმეში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება ამ შეუსაბამობის არსებობას არ გამორიცხავს, უფლებამოსილი თანამშრომელი დამსაქმებლის მიმართ ადგენს სამართალდარღვევის ოქმს; ბ) გამოვლინდება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი და საქმეში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება ამ ფაქტის არსებობას არ გამორიცხავს, უფლებამოსილი თანამშრომელი მოქმედებს ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად; გ) არ გამოვლინდება შეუსაბამობა ან გამოვლინდება შეუსაბამობა, თუმცა მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაციით/დოკუმენტაციით/მტკიცებულებით დასტურდება, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს მონიტორინგის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მუხლი 7. პენსიის დანიშვნისას მონიტორინგის წესი 1. საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ საფუძველზე მონაწილის/მემკვიდრის მიერ ფონდისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე პენსიის მიმღებისათვის პროგრამული გატანის საფუძვლით პენსიის გადაანგარიშებისას, ფონდი უზრუნველყოფს შემოწმებას, რაც ამ მუხლის მიზნებისათვის გულისხმობს ელექტრონული სისტემის მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებთან შედარებას. შემოწმების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნული ხდება ამ წესის შესაბამისად არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის ან პენსიის გადაანგარიშების და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შემოწმების საფუძველზე არ დგინდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნისას/გაცემისას მონაწილეს/მემკვიდრეს/პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა. 3. ამ მუხლის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული საპენსიო აქტივებისა და, ასევე, იმ საპენსიო აქტივების, რომლებიც მონიტორინგის შედეგად არ იქნა მიჩნეული ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო აქტივად, მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციით“. მუხლი 8. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გამოიცემა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმის ფორმით და რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონულად, დანართი №1 ფორმით. 2. მონიტორინგის შედეგად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოვლენილად ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება კანონით და ამ წესის მე-16 მუხლით. 4. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. 5. სამართალდამრღვევისათვის სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან და ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 20 (ოცი) დღის ვადაში. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემების, სამართალდამრღვევის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულებ(ებ)ის/განმარტებ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე მონიტორინგის პროცესში მიღებული/განხილული ინფორმაციის/მონაცემ(ებ)ის გათვალისწინებით, ფონდის გენერალური დირექტორი შესაბამისი ბრძანებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სამართალდამრღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე; ბ) მიუღებელი სარგებლის დაკისრების თაობაზე, თუკი მონიტორინგის პროცესი მოიცავს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისთვის წარმოშობილ ვალდებულებებს; გ) ჯარიმის არდაკისრების და საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე; დ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე; ე) დარღვევის გამოსწორების – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე. 7. ფონდის გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება კანონით და ამ წესის მე-16 მუხლით. მუხლი 9. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი საანგარიშო პერიოდისთვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები 1. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, ინსტრუქციით და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შესაბამისი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის გამო, ამასთან, ინსტრუქციით დადგენილი წესით სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შესაბამის დამსაქმებელს დაეკისრება: ა) კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, ან/და ბ) მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა. 2. დამსაქმებელს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილ საპენსიო შენატანთან მიმართებით, თუ: ა) დამსაქმებელმა მოახდინა საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება და მისი გათვალისწინებით, ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დროულად და ჯეროვნად განახორციელა საპენსიო შენატანი (შენატანები); ბ) დამსაქმებლის მიერ, ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, 1 საანგარიშო თვეში განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობა 1 ლარს არ აღემატება, რაც გულისხმობს, დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე ინიცირებული 1 საპენსიო დეკლარაციით გათვალისწინებული ჯამური მოცულობის საპენსიო შენატანები 1 ლარს არ აღემატება, ხოლო შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არარსებობის გამო აღნიშნული საპენსიო დეკლარაციის დახურვა ვერ განხორციელდა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის/მიუღებელი სარგებლის გადახდასთან ერთად დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად შესრულება, საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე). 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონაწილის მიუღებელი სარგებლის დაკისრება არ ზღუდავს დამსაქმებელს, განახორციელოს საპენსიო შენატან(ებ)ი. განსახორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის დაფარვა ხორციელდება კალენდარული თვეების რიგითობით: უპირველესად ხორციელდება შესაბამისი საპენსიო შენატანი, ხოლო შემდგომ – მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის გადახდა. საპენსიო შენატანის არასრულად განხორციელების შემთხვევაში, მიუღებელი სარგებელი დაირიცხება დარჩენილი ვალდებულების პროპორციულად. დამსაქმებელი ვერ განახორციელებს მომდევნო საპენსიო შენატან(ებ)ს, თუ სრულად არ დაიფარება არსებული საპენსიო შენატან(ებ)ი და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებელი. 5. მიუღებელი სარგებლის დარიცხვა განხორციელდება წელიწადში 365 დღეზე დაანგარიშებით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო კალენდარული დღიდან და წყდება მხოლოდ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებით, საპენსიო შენატანის განხორციელების დღის ჩათვლით. 6. 2025 წლის 1 მაისის შემდეგ პერიოდისათვის წარმოშობილი ვალდებულებისათვის საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი გამოვლინდება ავტომატურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის ვადის მომდევნო კალენდარულ დღეს ან საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, აღნიშნული შესწორების მომდევნო კალენდარულ დღეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რის შედეგად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჯარიმისა ან/და მიუღებელი სარგებლის დაკისრება ხორციელდება ავტომატურად, თითოეული საშემოსავლო დეკლარაციასთან მიმართებით. 7. 2025 წლის 1 მაისის შემდეგი პერიოდისათვის წარმოშობილი ვალდებულებისათვის ერთობლივი ნორმატიული აქტით ან/და ინსტრუქციის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, არამედ ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ჯარიმის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმს. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დამსაქმებლის მიმართ გამოიცემა საპენსიო ფონდის ელექტრონული გადაწყვეტილება მიუღებელი სარგებლის დაკისრებისა და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არსებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე. 9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოვლენილად ითვლება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერის დღეს. 10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს/გადაწყვეტილებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. 11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიცემა არსებითად ამ წესის დანართ №2-ის ფორმით. 12. დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი წარდგენისას ან/და შესწორებისას ავტომატურად განხორციელდება შესაბამისი პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირება, რის შედეგადაც სათანადო გარემოებების გათვალისწინებით დადგება ამ მუხლით გათვალისწინებული შედეგები. 13. ამ მუხლით გათვალისწინებულის მიუხედავად, საპენსიო ფონდი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგის პროცესი ამ წესის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის/ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით. 14. დამსაქმებელს დაეკისრება მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატან(ებ)ის ინსტრუქციით/ერთობლივი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და წესით განუხორციელებლობის (ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) შემთხვევაში, საპენსიო შენატან(ებ)ის შესაბამისი მოცულობის თანხაზე. მუხლი 10. საპენსიო ფონდის უფლებამოსილება მონიტორინგის პროცესში 1. ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ პირს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო შესაბამისი პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის/პენსიის მიმღების/მემკვიდრის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია იმოქმედოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ნებისმიერი პირისაგან ნებისმიერი საშუალებით მიღებული ინფორმაცია/მონაცემები გაითვალისწინოს ამ წესით სამართალდარღვევის ოქმის ან/და კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ან/და მიუღებელი სარგებლის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ან/და შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი პირისათვის, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. მუხლი 11. საშეღავათო პერიოდი 1. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში სრულად უზრუნველყოფს ამ წესის მე-8 ან/და მე-9 მუხლის საფუძველზე იდენტიფიცირებული განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) გადახდას, მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება უქმდება. ამ ვადაში შესაბამისი საპენსიო შენატან(ებ)ის სრული მოცულობის განუხორციელებლობის და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, დამსაქმებელი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საშეღავათო პერიოდი აითვლება ჯარიმის დაკისრების შესახებ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის თარიღის მომდევნო დღიდან და სრულდება აღნიშნული თარიღიდან მე-10 სამუშაო დღის 24:00 საათზე. 3. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გრძელდება მიუღებელი სარგებლის დარიცხვა, დამსაქმებლის მიერ სათანადო საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე. 4. დამსაქმებელს განესაზღვრება საშეღავათო პერიოდი კანონისა და ამ წესის შესაბამისად დაკისრებულ თითოეულ ჯარიმასთან მიმართებით ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მათ შორის, საშემოსავლო დეკლარაციის თითოეული შესწორების შემთხვევაში, ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ყოველი შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენისას. 5. დამსაქმებლის მიერ საშეღავათო პერიოდში საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის სრულად გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულებების შესრულებიდან გონივრულ ვადაში საპენსიო ფონდი გამოსცემს გადაწყვეტილებას ჯარიმის გაუქმების შესახებ, მათ შორის, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად. მუხლი 12. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება 1. ამ წესით გათვალისწინებული ჯარიმის, მიუღებელი სარგებლის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს: ა) გადაწყვეტილების შესაბამისად, საპენსიო შენატანის ფონდის მიერ განსაზღვრული წესით განხორციელება; ბ) დაკისრებული მიუღებელი სარგებლის გადახდა (2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის წარმოშობილი ვალდებულების მიმართ); გ) დაკისრებული ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ჯარიმა გადახდილად აისახება ელექტრონულ სისტემაში, სამართალდამრღვევის მიერ საპენსიო ფონდის შესაბამის გადაწყვეტილებაში მითითებული რეკვიზიტების გათვალისწინებით/დაცვით, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში. 2. ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიუღებელი სარგებლის და განუხორციელებელი საპენსიო შენატანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა განხორციელდება ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე არსებული საბალანსო თანხიდან, პირველ რიგში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიფარება განსახორციელებელი საპენსიო შენატანი და შემდგომ მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებელი. თუ საბალანსო თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანისა ან/და მიუღებელი სარგებლის სრულად დასაფარად, დაფარვა განხორციელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით და შესაბამისი პროპორციით. 3. სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ, მონიტორინგის შედეგად მიუღებელი სარგებლის ან/და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელება ხდება სახაზინო სამსახურის სისტემის მეშვეობით. 4. მიუღებელი სარგებლის ან/და ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს განუხორციელებელი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისაგან. 5. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების და მიუღებელი სარგებლის გადახდის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა აისახება ფონდის შესაბამის გადაწყვეტილებაში მითითებულ დასაქმებულის/მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 13. გადაწყვეტილების აღსრულება 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება/საჯარიმო ქვითარი არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული და ამავდროულად არ იარსებებს მისი აღსრულების შეჩერების საფუძველი (სადავო აქტი გასაჩივრებულია კანონით დადგენილი წესით და ამის თაობაზე ფონდს ეცნობა უფლებამოსილი განმხილველი ორგანოს ან დამსაქმებლის მიერ (დამსაქმებლის მიერ ფონდში წარდგენილი ცნობა სასამართლოდან ან განჩინება დამოწმებული უნდა იყოს სასამართლოს ბეჭდით), მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ამ წესის №3 დანართით დადგენილი ფორმით. სააღსრულებო ფურცელი შესაძლებელია გაიცეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატური გენერირების გზით. 2. კანონის 37 9 მუხლით გათვალისწინებული განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელი არ გაიცემა შეთანხმების მოქმედების პერიოდში, გარდა შეთანხმების პირობების დარღვევისა. შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, კანონის 37 9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 3. სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებასთან ერთად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 4. სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისთვის – შეუსრულებელ ვალდებულებაზე მიუღებელ სარგებლის დაკისრების შემთხვევაში, ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული მიუღებელი სარგებელი ირიცხება ინსტრუქციით განსაზღვრულ ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი თანხის და მიუღებელი სარგებლის ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია(ები) და თანხა სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით ნაწილდება დასაქმებულ(ებ)ის/მონაწილე(ებ)ის/პენსიის მიმღებ(ებ)ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზემოთ მითითებულის შესაბამისად საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად შექმნის მიზნით, დამსაქმებლის პირველად რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს საპენსიო ფონდი. 5. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შემდგომ დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში: ა) თუ მცირდება ან უქმდება განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ან/და მიუღებელი სარგებლის მოცულობა, აღსასრულებელი საპენსიო შენატანის მოცულობა არ იცვლება; ბ) თუ იზრდება განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ან/და მიუღებელი სარგებლის მოცულობა, აღსასრულებელი საპენსიო შენატანის მოცულობა გაიზრდება. 6. თუ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებული თანხა აღემატება სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის ოდენობას, აღნიშნული სხვაობა დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის სახით აისახება. 7. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებული თანხა მიემართება იმ უპირველესი მოთხოვნის დასაფარად, რომლის იძულებით აღსასრულებლადაც გამოიცა სააღსრულებო ფურცელი. 8. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ან/და მიუღებელი სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფარვის მიზნით ამოღებული თანხით უპირველესად დაიფარება განუხორციელებელი საპენსიო შენატანი, შემდგომ მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებელი. არასაკმარისი თანხა პროპორციულად ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. 9. ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს მისი მიღებიდან 2 (ორი) წლის ვადაში. მუხლი 14. ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირების წესი 1. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, ინსტრუქციით განსაზღვრული წესით. 3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით, ფონდი შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავად განახორციელებს გამოვლენილი ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცვლილების ასახვის შემდეგ ფონდი ინსტრუქციით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნებას. 5. ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც აისახება პენსიის მიმღების/მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და ჯერ არ არის მისთვის გაცემული (მათ შორის, თუ პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა პროგრამული გატანით ან სხვა პერიოდული ფორმით და ანგარიშზე რჩება გასაცემი ნაშთი), გაიქვითება ამ ნაშთიდან ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. თუ პენსიის მიმღების/მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღარ არსებობს გასაცემი ნაშთი (მას პენსია/საპენსიო აქტივები სრულად აქვს მიღებული), ზედმეტად გადახდილი თანხის მოთხოვნა პენსიის მიმღებისგან/მემკვიდრისგან დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ფონდის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა (კანონის 34 2 მუხლის პირველი პუნქტი). დამსაქმებელს უფლება არ აქვს ფონდს მოსთხოვოს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის ან/და მასთან დაკავშირებული რაიმე თანხის გადახდა, რომელიც გაცემულია კანონის 32-ე–34 1 მუხლების საფუძველზე (კანონის 34 2 მუხლის მე-2 პუნქტი); 2024 წლის 30 სექტემბრამდე პენსიის/საპენსიო აქტივების სრულად მიღების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ მოითხოვება (კანონის 38-ე მუხლის მე-20 პუნქტი). 6. ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის ფონდისთვის დაბრუნება და ამ მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა კანონის 34 2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა მუხლი 15. აცილება/თვითაცილება 1. მონიტორინგის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს ფონდის თანამშრომელი ან ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებდეს პირი, რომელიც: ა) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი; ბ) საქმეში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია; გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს შემოწმების ობიექტს (არის დამსაქმებელი); დ) არსებობს სხვა გარემოება, მათ შორის, არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. თანამშრომელი ვალდებულია მონიტორინგის დაწყებისას დაადასტუროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა ან ფონდის გენერალურ დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება. 3. უფლებამოსილი თანამშრომლის აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს გენერალური დირექტორი. მუხლი 16. გაცნობის წესი 1. ამ წესის შესაბამისად გამოცემული გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან/და სხვა ინფორმაციის/დოკუმენტის დამსაქმებლისათვის გაგზავნა და ჩაბარება ხორციელდება კანონის 377 მუხლით დადგენილი წესით, ელექტრონული სისტემისა და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თუ ადრესატი ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურის სისტემაში განთავსებულ გადაწყვეტილებას/ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას/დოკუმენტს განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნო, ფონდი უზრუნველყოფს მის საჯაროდ გავრცელებას ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯაროდ განთავსებული გადაწყვეტილება/აქტი/ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს. 3. საპენსიო ფონდი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საჯარო გავრცელებას უზრუნველყოფს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე – pensions.ge. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს/დაფაროს გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ან/და ნებისმიერ სხვა ინფორმაციის/დოკუმენტის ის ნაწილ(ებ)ი, რომლებიც შეიცავს მონაწილის/პენსიის მიმღების/მემკვიდრის პერსონალურ მონაცემებს. 4. ელექტრონულ სისტემაში ან შემოსავლების სამსახურის სისტემაში დოკუმენტის გაცნობის (ნახვის) თარიღი და დრო სისტემის მიერ ავტომატურად ფიქსირდება და წარმოადგენს ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებას. 5. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებასთან ერთად დამატებით ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვაგვარი ელექტრონული შეტყობინების სახით, თუ ელექტრონულ სისტემაში ან/და შემოსავლების სამსახურის სისტემაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. თუ საპენსიო ფონდს არ აქვს დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, იგი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოპოვებას. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ასეთ შემთხვევაში ფონდი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნას ადრესატისათვის ფოსტის მეშვეობით. ფოსტით გაგზავნისას დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატისთვის მისი გადაცემის დღეს, ხოლო თუ ადრესატის მისამართზე ჩაბარება ორჯერ გაგზავნის მიუხედავად ვერ ხერხდება – ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 7. ელექტრონულ სისტემაში და შემოსავლების სამსახურის სისტემაში ფონდის მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპდასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს. 8. ფონდისთვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობაზე და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი. 9. ამ მუხლით განსაზღვრული წარდგენის/გაგზავნის და გაცნობის (ჩაბარების) წესი ვრცელდება ამ წესის ფარგლებში მომზადებულ ნებისმიერ დოკუმენტზე, ინფორმაციასა და შეტყობინებაზე. 10. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვალდებულია აქტის სასამართლოში გასაჩივრებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საპენსიო ფონდს წარუდგინოს სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული აქტი ან ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივრის განხილვა არ დასრულებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპენსიო ფონდი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიწყოს აღსრულების ღონისძიებები. მუხლი 17. ხელახალი მონიტორინგი 1. დამსაქმებლის შემოწმებული პერიოდის ხელახალი მონიტორინგი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ შემოწმებულ პერიოდზე გამოვლინდება ნებისმიერი ახალი ფაქტობრივი გარემოება. 2. ფონდი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების ან/და სხვა ნებისმიერი გარემოების/ფაქტის გათვალისწინებით განახორციელოს დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის განმეორებით მონიტორინგი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენის მიზნით, შესაბამისი საპენსიო შენატანების მოცულობისა ან/და მიუღებელი სარგებლის ოდენობის იდენტიფიცირების მიზნით. მუხლი 18. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. ფონდი უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშაოს მონაწილის, დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, მემკვიდრის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, მათი წარმომადგენლის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით. 2. ფონდის მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. წესის შესაბამისად, ფონდის მიერ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება მუდმივად. მუხლი 19. ადმინისტრაციული წარმოების ენა 1. ამ წესით გათვალისწინებული საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 2. თუ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე, მხარე ვალდებულია ფონდის მოთხოვნის შემთხვევაში და მის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას ამ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. მუხლი 20. გასაჩივრების წესი კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ან/და მიუღებელი სარგებლის დაკისრების თაობაზე საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურში კანონის VI 2 თავით დადგენილი წესით, ან პირდაპირ სასამართლოსთვის მიმართვის გზით. მუხლი 21. კომერციული საიდუმლოება 1. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენისას მოითხოვოს მის მიერ წარდგენილი ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ აჩერებს შემოწმების და მონიტორინგის პროცესს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ფონდის გენერალური დირექტორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები