დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 408 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 30/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.010.280 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.280
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №408
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან გადაადგილებაზე კონტროლი, ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან გადამისამართება. იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმობაში დაფიქსირებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს ნაცვლად საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება საბაჟო საზღვარს კვეთს სხვა საბაჟო ორგანოში ან სხვა საბაჟო ორგანოში ხორციელდება ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში საბაჟო დამუშავების ოპერაცია, მაშინ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადამისამართება ხორციელდება დაინტერესებული პირის მოტივირებული თხოვნით (სიტყვიერი, სატელეფონო, წერილობითი), შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.“;
ბ) მე-7 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) დასაშვებია მოწმობის ხელით შევსებაც. ინფორმაცია ხელით შევსებული მოწმობის ბლანკების სტამბური ნომრების, ასევე გახსნილი და დახურული TIR-კარნეტების შესახებ ეგზავნება შემოსავლების სამსახურს, ხოლო ხელით შევსებული ბლანკების და TIR-კარნეტების მონაცემები პირველივე შესაძლებლობისთანავე შეიტანება ერთიან სისტემაში ელექტრონული სახით, დადგენილი წესით;“;
გ) მე-7 მუხლის ,,ზ.ა“ და ,,ზ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ.ა) პირველი ფურცელი (ყვითელი) ეგზავნება შემოსავლების სამსახურს დადგენილი წესით;
ზ.ბ) მეორე ფურცელი (ცისფერი) თან მიყვება საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანომდე, რჩება საბაჟო ორგანოში და ეგზავნება შემოსავლების სამსახურს დადგენილი წესით;“;
დ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირველი ფურცელი (თეთრი) რჩება საბაჟო კონტროლზე აყვანისას და ეგზავნება შემოსავლების სამსახურს დადგენილი წესით;“;
ე) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მეოთხე ფურცელი (მწვანე) რჩება საბაჟო ორგანოს კონტროლიდან მოხსნისას და ეგზავნება შემოსავლების სამსახურს დადგენილი წესით;“;
ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის, მოწმობა №2-ის და TIR-ის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალური რეგისტრაციის ჟურნალში. შემოსვლაზე იწარმოება ცალკე ჟურნალი, ხოლო გასვლაზე ცალკე. ამ ინსტრუქციის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოწმობა, მოწმობა №2 და TIR წიგნაკის ფურცლები (ყვითელი და მწვანე), შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოს ეგზავნება საბაჟო გამშვები პუნქტების (საბაჟო საგუშაგოების) მიერ, საბაჟო დამუშავების ადგილების მიხედვით სისტემატიზირებული. კონტროლზე აყვანისას და კონტროლიდან მოხსნისას, არა უგვიანეს მეორე დღისა, მოწმობები ეგზავნება რეგიონალურ საბაჟოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოში გადაგზავნას. მოწმობაში და ინფორმაციის პროგრამა ,,ASYCUDA“-ს მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას დგება აქტი, რომელიც შესაბამის აღრიცხვის მოწმობასთან ერთად იგზავნება შესაბამის სამმართველოში.“;
ზ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმების გამოყენებისას, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მყოფი საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებითი დასაწყობების ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსის ჩამორთმევისას უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.
2. სხვა დანარჩენ შემთხვევაში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება 23-ე გრაფაში მითითებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს დამღით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გამოცხადების თარიღს და დროს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი, წარწერა, თარიღი და დრო.“;
თ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
მოწმობის 21-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების ადგილში ან მოწმობის 23-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟოში მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია, არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა (ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისი სვლით გადაადგილების ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში – არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“;
ი) დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №000000“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები