დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „იელენა ვიაჩესლავის ასული გალიცკაია საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31741/18 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 09/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეორე სექციის გადაწყვეტილება |
საქმეზე „იელენა ვიაჩესლავის ასული გალიცკაია საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“
საჩივარი N 31741/18 |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ 2026 წლის 9 აპრილის სხდომაზე შემდეგი შემადგენლობით:
სტეფანი პიზანი, თავმჯდომარე, და ვიქტორია მარადუდინა, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, გაითვალისწინა რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2018 წლის 20 ივნისს საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი ზემოაღნიშნული საჩივარი, განხილვის შედეგად გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება: ფაქტები და პროცედურა მომჩივანი, ქ-ნი იელენა ვიაჩესლავის ასული გალიცკაია, დაიბადა 1963 წელს. მას წარმოადგენდა ბ-ნი ა. გალიცკი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს დონის როსტოვში. მომჩივნის პრეტენზიები კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე, რომლებიც ეხებოდა საკუთრებით სარგებლობის უფლებას, და კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლებიც ეხებოდა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას დე ფაქტო აფხაზეთის სასამართლოებში წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს ეცნობა 2025 წლის 19 მაისს. საქართველოს მთავრობამ მისაღებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით მოსაზრებები წარადგინა 2025 წლის 15 სექტემბერს. რუსეთის მთავრობას არ წარმოუდგენია მოსაზრებები. 2025 წლის აგვისტოში მომჩივანმა უფლებამოსილება მიანიჭა ადვოკატს, ბ-ნ ა. გალიცკის, რათა წარმოედგინა ის სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოებაში. საქართველოს მთავრობის მოსაზრებები მომჩივნის წარმომადგენელს გაეგზავნა სასამართლოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების (eComms) მეშვეობით 2025 წლის 17 სექტემბერს და მას შესთავაზეს მომჩივნის სახელით საპასუხო მოსაზრებები წარედგინა 2025 წლის 29 ოქტომბრამდე. მომჩივნის წარმომადგენელმა შესაბამისი დოკუმენტები 2025 წლის 18 სექტემბერს ჩამოტვირთა. თუმცა, პასუხი არ გაუცია. 2025 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული წერილით, რომელიც eComms-ის მეშვეობით გაიგზავნა, მომჩივანს ეცნობა, რომ მისი მოსაზრებების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა 2025 წლის 29 ოქტომბერს ამოიწურა და, რომ ვადის გაგრძელება არ იყო მოთხოვნილი. მომჩივნის ყურადღება მიექცა კონვენციის 37-ე მუხლის 1(a)-ელ პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სასამართლოს შეუძლია საჩივარი ამორიცხოს საქმეების სიიდან იმ შემთხვევაში, თუ გარემოებათა ძალით ის დაასკვნის, რომ მომჩივანს არ აქვს განზრახული ბოლომდე მისდიოს თავის საჩივარს. მომჩივნის წარმომადგენელმა წერილი 2025 წლის 11 ნოემბერს ჩამოტვირთა, თუმცა სასამართლოს არანაირი პასუხი არ მიუღია. კანონმდებლობა მომჩივნის მიერ საქართველოს მთავრობის მოსაზრებებსა და სასამართლოს შემდგომ წერილებზე პასუხის გაცემისგან თავის არიდების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომჩივანს აღარ სურს საჩივრის განხილვის გაგრძელება (კონვენციის 37-ე მუხლის (1)(a)-ელი პუნქტი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და კონვენციითა და მისი ოქმებით გარანტირებული უფლებების დაცვასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული გარემოების არარსებობის გამო, სასამართლო, კონვენციის 37-ე მუხლის 1(a)-ელი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ აღარ არის გამართლებული საჩივრის განხილვის გაგრძელება. შესაბამისად, საქმე უნდა ამოირიცხოს სიიდან. ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებას, საჩივარი ამორიცხოს საქმეების სიიდან. შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 13 მაისს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები