დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვეკუა საქართველოს წინააღმდეგ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43537/22 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 11/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციის გადაწყვეტილება
საქმეზე
„ვეკუა საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N№43537/22)
მუხ.6 §2 •უდანაშაულობის პრეზუმფცია •ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული აქტის ანულირება, რადგანაც ეფუძნებოდა მომჩივნის მიერ თაღლითურად მოპოვებულ დოკუმენტს და რომელიც მიუთითებდა მის წინააღმდეგ ადრე თაღლითობისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოების მტკიცებულებებსა და დასკვნებზე, შეწყვეტილია როგორც ხანდაზმული •ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ გამოყენებული ფორმულირება არ შეიძლება გონივრულად იქნეს აღქმული, როგორც დადასტურება, რომელიც მომჩივანს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს, ადმინისტრაციული წარმოების ხასიათისა და კონტექსტის, ასევე გამოყენებული კონკრეტული სამართლებრივი ენის გათვალისწინებით
მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.
სტრასბურგი
16.12.2025
საბოლოო
11.05.2026
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში.
ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ვეკუა საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
ჯოლიენ შუკინგი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
ლორენ შემბრი ორლანდი
ანა მარია გუერა მარტინსი,
ანე ლუიზ ბორმანი,
სებასტიან რადულეტუ, მოსამართლეები,
და სიმეონ პეტროვსკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (№43537/22) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ქ-ნ ნანა ვეკუას (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ 2022 წლის 2 სექტემბერს;
გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების და 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე შეტანილი საჩივრების შესახებ;
მხარეთა მოსაზრებები;
2025 წლის 25 ნოემბრის დახურული თათბირის შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
1. საქმე ძირითადად ეხება მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების სავარაუდო დარღვევას და ადმინისტრაციული წარმოების საერთო სამართლიანობას, რომელიც დაიწყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. მან პრეტენზია წარადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებისა და 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე.
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1957 წელს და ცხოვრობს ფოთში. მას წარმოადგენდა ქ-ნი ნ. ბუკია, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში.
3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი სახით:
- ზოგადი ინფორმაცია
5. 1991 წლის 13 დეკემბერს ფოთის მუნიციპალიტეტმა გამოსცა გადაწყვეტილება №1/322, რომლითაც ფოთში ორი შენობა მფლობელობაში გადაეცა მომჩივნის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შპს „ინტერტერმინალი-ფოთი“ (შემდგომში „1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება“). 3,516 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობები იყო განთავსებული, შემდგომში 1993 წლის 17 მარტს ზემოხსენებული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა. 1998 წლის 31 დეკემბერს მომჩივნის მოთხოვნით და, სხვა დოკუმენტებთან ერთად, 1991 წლის 13 დეკემბრის და 1993 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა აღნიშნული ნაკვეთის ქონებრივი უფლება კომპანიის სახელზე დაარეგისტრირა.
6. 2009 წლის 21 აგვისტოს მომჩივანმა ზემოხსენებული ნაკვეთის ნახევარი, 1,750 კვ.მ ფართობი, კომპანიის მაშინდელი დირექტორისგან შეიძინა (შემდგომში „2009 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება“). საქმის მასალების თანახმად, მომჩივანმა აღნიშნულ კომპანიაში თავისი წილები გაყიდა 2010 წელს.
- სისხლის სამართლის საქმის წარმოება
7. 2012 წლის 18 ივნისს დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მომჩივანმა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ქონებრივი უფლება თაღლითური გზით დაარეგისტრირა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მომჩივანმა, რომელიც 1991 წლის 10 ივლისიდან ფოთის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური საკითხების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, მოიპოვა გაყალბებული დოკუმენტი – კერძოდ, 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც თითქოს ფოთის მუნიციპალიტეტმა მიიღო და, რომლითაც ორი შენობა მფლობელობაში გადაეცა მის მიერ დაარსებულ კომპანიას – შპს „ინტერტერმინალი-ფოთი“. 1998 წლის 31 დეკემბერს საჯარო რეესტრმა, მომჩივნის მოთხოვნით და, სხვა დოკუმენტებთან ერთად, აღნიშნული გაყალბებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაარეგისტრირა ქონებრივი უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოიცავდა ორ შენობას და აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. 2009 წლის 21 აგვისტოს მომჩივანმა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნახევარი შეიძინა საკუთარი კომპანიისგან. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა მომჩივნის ქონებრივი უფლება დაარეგისტრირა შესაბამისი ნაკვეთის ნახევარზე. ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ შესაბამისი შენობები, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკუთრება იყო, შესაბამის დროს გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში „ქონების სააგენტო“) ზემოაღნიშნული გამოძიების შედეგად მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
8. 2017 წლის 17 მაისს გამოძიება შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. პროკურორის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ მომჩივანმა ჩაიდინა თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაარეგისტრირა რა ქონებრივი უფლება ყალბი დოკუმენტის გამოყენებით 3,516 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე მისი კომპანიის სახელზე. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
9. 2017 წლის 25 მაისს მომჩივანმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს მთავარ პროკურორთან. მან გაასაჩივრა გამოძიების შედეგები, იცავდა რა თავის უდანაშაულობას და ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება ზიანს აყენებდა მის რეპუტაციასა და პატივს. მისი სააპელაციო საჩივარი ფოთის რაიონული პროკურორის მიერ უარყოფილი იქნა 2017 წლის 13 ივნისს გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებით.
- ადმინისტრაციული წარმოება
10. 2017 წლის 28 ივნისს, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტიდან ერთი თვის შემდეგ, ქონების სააგენტომ დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება საჯარო რეესტრის, მომჩივნისა და კომპანიის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ. სააგენტომ, მათ შორის, მოითხოვა: 1998 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც სადავო ნაკვეთზე ქონებრივი უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მომჩივნის კომპანიის სახელზე; 2009 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულების გაუქმება, რომლის თანახმადაც მომჩივანმა საკუთარი კომპანიისგან შეიძინა მიწის ნაკვეთის ნახევარი, რომელზეც ორი შენობა იყო განთავსებული; და ზიანის ანაზღაურება (იხ. პარაგრაფები 5და 6ზემოთ). 2017 წლის 30 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქონების სააგენტოს შუამდგომლობა მომჩივნის ქონების დროებითი დაყადაღების ბრძანების შესახებ.
11. 2019 წლის 6 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალწარმოება ორ ცალკეულ საპროცესო ეტაპად გაყო. ადმინისტრაციულ სასამართლოებში განსახილველი პირველი საპროცესო ეტაპი ეხებოდა 1998 წლის 31 დეკემბრის ადმინისტრაციული აქტის გაუქმების საკითხს; ხოლო საქმის წარმოების მეორე ეტაპი, რომელიც სამოქალაქო სასამართლოებში უნდა განხილულიყო, ეხებოდა ქონების სააგენტოს დანარჩენ პრეტენზიებს, მათ შორის, მომჩივნის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიებს, მისი ქონებრივი უფლების გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საქმის წარმოების პირველ ეტაპში მოპასუხე იყო საჯარო რეესტრი, ხოლო მომჩივანი ჩაება როგორც მესამე პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად. მომჩივნის მოთხოვნით, სამოქალაქო საქმის განხილვა შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის შედეგების მოლოდინში.
12. 2020 წლის 28 იანვარს ფოთის საქალაქო სასამართლომ გააუქმა შპს „ინტერტერმინალი-ფოთის“ ქონებრივი უფლების რეგისტრაცია 3,516 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და მასში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეების მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და დაასკვნა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება გაყალბებული იყო. გარდა ამისა, მან დაასკვნა, რომ კომპანიის ქონებრივი უფლების რეგისტრაცია 1998 წლის 31 დეკემბერს ეფუძნებოდა აღნიშნულ გაყალბებულ დოკუმენტს და რომ მის გარეშე, მოთხოვნა მომჩივნის კომპანიის სახელზე სადავო ნაკვეთზე ქონებრივი უფლების რეგისტრაციის შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა. გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხებოდა:
„10.5 ფოთის რაიონული პროკურორის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, რომლითაც შეწყდა სისხლის სამართლის საქმე [რომელიც წინამდებარე საქმის ნაწილს წარმოადგენს], დადგინდა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ... შენობები თითქოს გადაეცა შპს „ინტერტერმინალი-ფოთს“, გაყალბებული იყო. იმავე გადაწყვეტილებით [სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ] დადგინდა, რომ [მომჩივანმა] იცოდა, რომ [ფოთის მუნიციპალიტეტის] გადაწყვეტილება გაყალბებული იყო, რადგან [აღნიშნული გადაწყვეტილების] არსი მისთვის ხელსაყრელი იყო, ვინაიდან ის ქონებრივ უფლებას ანიჭებდა მის მიერ დაარსებულ კომპანიას ...“
13. შემდეგ ფოთის საქალაქო სასამართლომ დეტალურად წარმოადგინა მტკიცებულებები და დასკვნები, როგორც ეს მითითებულია პროკურორის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში, მათ შორის, შემდეგი დასკვნა:
„...ობიექტური პირისთვის ცალსახა და უცილობელია, რომ [მომჩივნის] მიერ 1991 წლის 13 დეკემბრის ყალბი გადაწყვეტილების №1/322 მომზადება და შემდგომი გამოყენება ... სხვის (სახელმწიფოს) უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვების და მისგან მატერიალური სარგებლის მიღების საშუალება იყო, რაც მან საბოლოოდ მიიღო.“
14. შემდეგ სასამართლომ განიხილა ფოთის რაიონული პროკურორის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა გამოძიების შედეგები და უარყო მომჩივნის სააპელაციო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის წინააღმდეგ და აღნიშნა შემდეგი:
„10.6. სასამართლო სრულად ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებას და დასკვნას, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ფოთის მუნიციპალიტეტის 1991 წლის 13 დეკემბრის გაყალბებულ გადაწყვეტილებასთან №1/322 დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვა მექანიზმს.
შესაბამისად, სასამართლო იღებს პროკურორის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს, რომ დოკუმენტი – ფოთის მუნიციპალიტეტის 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/322 – გაყალბებული იყო.“
15. დაბოლოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის კონტექსტში, რომელიც არეგულირებს ადმინისტრაციული აქტების სასამართლოში გასაჩივრების პროცედურას (იხ. პარაგრაფი 23 ქვემოთ), ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების სააგენტომ განაცხადი დროულად შეიტანა, ანუ ერთი თვის ვადაში, მას შემდეგ, რაც შეიტყო პროკურატურის გადაწყვეტილება 1991 წლის 31 დეკემბრის სადავო გადაწყვეტილების თაღლითურ ხასიათთან დაკავშირებით.
16. 2020 წლის 9 მარტს მომჩივანმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებდა მისი ქონებრივი უფლების დარღვევას. ის ამტკიცებდა, რომ 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება არ იყო გაყალბებული და, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში ასეთი დასკვნის საფუძველი არ არსებობდა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ, მტკიცებულებების შესწავლის გარეშე, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა პროკურორის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაში მოცემულ ფაქტებს, რაც არსებითად res judicata მიიჩნია. ის ასევე ჩიოდა, რომ ამასთან დაკავშირებით დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება.
17. 2021 წლის 20 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. რამდენადაც ეს შესაბამისია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგნაირად იკითხებოდა:
„ფოთის რაიონული პროკურორის 2017 წლის 17 მაისის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად [რომელიც წინამდებარე საქმის ნაწილია], გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/322 ... გაყალბებული იყო.
2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „[მომჩივანმა] იცოდა, რომ სადავო გადაწყვეტილება გაყალბებული იყო, რადგან [აღნიშნული გადაწყვეტილების] შინაარსი [მისთვის] ხელსაყრელი იყო, ვინაიდან ის ქონებრივ უფლებას ანიჭებდა მის მიერ დაარსებულ კომპანიას ...“ ზემოთ მოცემულ დასკვნამდე პროკურორი მივიდა გამოძიებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ...
18. სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული მტკიცებულებების დეტალური მიმოხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ ასევე განიხილა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსა და ქონების სააგენტოს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია სადავო ქონების ხასიათთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შემდეგ დაასკვნა:
„შესაბამისად, საქმის მასალები ცალსახად ადასტურებს, ერთი მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების №1/322 ფალსიფიკაციას და, მეორე მხრივ, 1998 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების №472 უკანონობას, რამდენადაც [ეს უკანასკნელი] ეფუძნება ყალბ დოკუმენტს...“
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს მომჩივნის არგუმენტი, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ პროკურორის გადაწყვეტილება მოიხსენია, როგორც მისი ქმედების თაღლითური ხასიათის დადგენის საფუძველი და, რომ, შესაბამისად, დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება.
20. 2022 წლის 16 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუღებლად ცნო მომჩივნის საკასაციო საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი შესაბამისი ქონების მომჩივნის კომპანიის სახელზე რეგისტრაციისთვის. მან ასევე შეაჯამა მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, აგრეთვე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
„ზემოაღნიშნული [მოსაზრებების] გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ [ქონებრივი უფლების] რეგისტრაცია არ შეესაბამებოდა რეგისტრაციასთან დაკავშირებით იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას, რადგან [მომჩივნის კომპანიას] არ გააჩნდა მიწის ფლობის უფლების მინიჭების დოკუმენტი...“
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
21. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლი ითვალისწინებს, რომ „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი“.
22. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ითვალისწინებს: „სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად“. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ „მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი“. ასეთი მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.
23. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ადმინისტრაციული აქტის (მისი ნაწილის ან დებულების) ნამდვილობა, თუ აღნიშნული სამართლებრივი აქტი პირდაპირ ზიანს აყენებს მის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს. ასეთი სასამართლო სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადაა ერთი თვე და აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ პირველად შეიტყო შესაბამისი აქტის არსებობის შესახებ.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების სავარაუდო დარღვევა
24. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებზე დაყრდნობით, მომჩივანი ჩიოდა, რომ მესამე პირის სახით მისი მონაწილეობით ჩატარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსამართლო იყო და, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაარღვიეს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება. სასამართლო, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით საქმის ფაქტობრივი გარემოებების შემფასებელი (იხ. საქმე Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 და 22768/12, §§ 114 და 126, 2018 წლის 20 მარტი), განიხილავს ზემოაღნიშნულ საჩივარს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თვალსაზრისით, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
„2. ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.“
-
მისაღებობა
- მხარეთა არგუმენტები
25. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს არ გააჩნდა დაზარალებულის სტატუსი, რადგან შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება ეხებოდა მხოლოდ იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო ქონების ქონებრივი უფლების აღიარებას კომპანიის სახელზე და არა მის სახელზე. მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი 2010 წელს აღარ იყო კომპანიის მესაკუთრე, მან წინამდებარე საჩივარი სასამართლოში საკუთარი სახელით შეიტანა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მომჩივნის ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც მისივე მოთხოვნით შეჩერდა, კვლავ მიმდინარეობდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ წინამდებარე საჩივარში მოცემული ადმინისტრაციული წარმოება არ ეხებოდა მის არცერთ უფლებას, როგორც ასეთს. ალტერნატიულად, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივარი მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიუღებელი იყო ratione materiae, რადგან შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება ეხებოდა არა მომჩივნის წინააღმდეგ რომელიმე სისხლის სამართლის გამოძიებას ან ბრალდებას, არამედ ეხებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას. ამასთან დაკავშირებით, მათ ასევე წამოაყენეს პირველადი პრეტენზია სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობის შესახებ, რადგან მომჩივანს არ შეუტანია სარჩელი ეროვნულ სასამართლოებში მისი რეპუტაციის სავარაუდო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
26. მომჩივანმა უბრალოდ განაცხადა, რომ მან გაასაჩივრა პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ამტკიცებდა, რომ მისი ფორმულირება არღვევდა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებას და, რომ მან ეს საკითხი შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დროს წამოჭრა.
- სასამართლოს შეფასება
27. სასამართლო თანმიმდევრულად განიხილავს მთავრობის პრეტენზიებს მიუღებლობის შესახებ.
(a) მომჩივნის დაზარალებულის სტატუსი
28. სასამართლო იმეორებს, რომ ტერმინი „დაზარალებული“, კონვენციის 34-ე მუხლის კონტექსტში, აღნიშნავს პირს ან პირებს, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად შეეხო ქმედება ან უმოქმედობა. პირს არ შეუძლია გაასაჩივროს მისი უფლებების დარღვევა სამართალწარმოებაში, რომელშიც ის მხარე არ იყო (იხ. საქმე Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy [GC], no. 38433/09, § 92, ECHR 2012).
29. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში, მას შემდეგ, რაც თავდაპირველი სამართალწარმოება ორ ცალკეულ – ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებად – დაიყო, ფოთის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი ადმინისტრაციულ წარმოებაში მესამე პირის სახით ჩართო და მისი უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებული არგუმენტები განიხილა. მომჩივანს შეეძლო სააპელაციო საჩივრის შეტანა (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ) და შემდეგ საკასაციო საჩივრის შეტანა (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ). შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალწარმოებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მესამე პირის უფლებებსა და ვალდებულებებზე, მოსარჩელის ან მოპასუხის პირისპირ, აღნიშნულ მხარეს შეიძლება მიენიჭოს სამართალწარმოებაში მესამე პირის სტატუსი (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ). მომჩივნის ადმინისტრაციულ წარმოებაში მესამე პირის სახით ჩაბმით, ეროვნულმა სასამართლოებმა იგულისხმეს, რომ მის უფლებებზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა წარმოების შედეგებს. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სამართალწარმოებისას განხილული იქნა მომჩივნის უფლებები და ვალდებულებები (იხ. საქმე Ezgeta v. Croatia, no. 40562/12, §§ 32-33, 2017 წლის 7 სექტემბერი; შეადარეთ საქმე Khural and Zeynalov v. Azerbaijan (no. 2), no. 383/12, §§ 30‑32, 2023 წლის 19 იანვარი, და საქმე Margulev v. Russia, no. 15449/09, § 36, 2019 წლის 8 ოქტომბერი). ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას და ადგენს, რომ მომჩივანს შეუძლია მოითხოვოს, რომ ის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის სავარაუდო დარღვევის დაზარალებულია.
(b) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებადობა
30. სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულების შემდგომ სამართალწარმოებაში კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებადობის ზოგადი პრინციპები უკანასკნელად შეჯამებული იქნა საქმეში Nealon and Hallam v. the United Kingdom ([GC], nos. 32483/19 და 35049/19, §§ 120-25, 2024 წლის 11 ივნისი).
31. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მომჩივნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტიდან ერთი თვის შემდეგ. მომჩივანი იყო ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის გამოძიებაში და, შესაბამისად, მას „ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში“ კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის, სანამ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ შეწყდა (იხ. საქმე Stirmanov v. Russia, no. 31816/08, § 39, 2019 წლის 29 იანვარი, და საქმე Agapov v. Russia, no. 52464/15, § 32, 2020 წლის 6 ოქტომბერი). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე ასპექტი მოქმედებს, რომლის როლიც უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევის თავიდან აცილებაა მას შემდეგ, რაც შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოება დასრულდება გამამტყუნებელი განაჩენის გარდა სხვა შედეგით (როგორიცაა გამამართლებელი განაჩენი, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის გამო, ბრალდებულის გარდაცვალება და ა.შ.) (იხ. საქმე Allen v. the United Kingdom [GC], no. 25424/09, § 94, ECHR 2013).
32. დადგენისას, გამოყენებადია თუ არა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი შემდგომი სამართალწარმოების მიმართ, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როდესაც ამ კონტექსტში მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენების საკითხი წამოიჭრება, მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს კავშირის არსებობა დასრულებულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და შემდგომ სამართალწარმოებას შორის. ასეთი კავშირი, სავარაუდოდ, არსებობს, მაგალითად, როდესაც შემდგომი სამართალწარმოება მოითხოვს წინა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგების შესწავლას და, კერძოდ, როდესაც სასამართლოს ევალება, გააანალიზოს სისხლის სამართლის გადაწყვეტილება, ჩაერთოს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვაში ან შეფასებაში, შეაფასოს მომჩივნის მონაწილეობა სისხლის სამართლის ბრალდებამდე მიმყვან ზოგიერთ ან ყველა მოვლენაში, ან გააკეთოს კომენტარი მომჩივნის შესაძლო ბრალეულობის შესახებ არსებულ მინიშნებებზე (იხ. იქვე, §104, და საქმე Nealon and Hallam, ციტირებული ზემოთ, §122).
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში განსახილველი ადმინისტრაციული წარმოება არ ეხებოდა მომჩივნის ქონებრივ უფლებებს stricto sensu. თუმცა, ეს წარმოება უნდა განვიხილოთ, როგორც უფრო ფართო სიტუაციის საწყისი ფაზა, რომლის შესახებაც ქონების სააგენტომ პრეტენზია განაცხადა, კერძოდ, რომ მომჩივანი სავარაუდოდ უკანონოდ იქნა აღიარებული მიწის ნაკვეთის ნაწილის მფლობელად, რაც ექვემდებარება 1998 წლის 31 დეკემბრის სადავო გადაწყვეტილებას. ეს დასტურდება დაკავშირებული პრეტენზიების ხასიათით, რომლებიც ქონების სააგენტომ ერთდროულად წარადგინა რამდენიმე მოპასუხის, მათ შორის, მომჩივნის წინააღმდეგ, და იმ ფაქტით, რომ სამოქალაქო სასამართლოებმა შეაჩერეს სამოქალაქო საქმის განხილვა მომჩივნის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე (იხ. პარაგრაფები 10 და 11 ზემოთ). გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის სავარაუდო უკანონო ხასიათის საკითხის განსახილველად ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის წარმოების მტკიცებულებები და დასკვნები. მათ შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და შეაფასეს მომჩივნის მონაწილეობა იმ მოვლენებში, რომლებმაც გამოიწვია სისხლის სამართლის ბრალდება (იხ. პარაგრაფები 12-14, 17-18 და 20 ზემოთ). ამან შექმნა საკმარისი კავშირი შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმესა და შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას შორის, რაც ჩანს სავარაუდო გაყალბებული დოკუმენტის შესახებ მომჩივნის ცოდნის შეფასებაში ეროვნული სასამართლოების მიერ (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Ravier v. France, no. 32324/22, § 30, 2025 წლის 19 ივნისი).
34. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ შეიძლება უარყოფილი იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის შესაბამისად, როგორც კონვენციის დებულებებთან შეუთავსებელი ratione materiae.
(с) დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა
35. სასამართლომ მანამდე დაადასტურა, რომ სამოქალაქო სამართლის ფარგლებში სამართლებრივი დაცვის საშუალება, პრინციპში, შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურად უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით (იხ. საქმე Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16 და 71667/16, §§ 113-15, 2023 წლის 7 სექტემბერი, და საქმე Mamaladze v. Georgia, no. 9487/19, § 63, 2022 წლის 3 ნოემბერი). თუმცა, ის აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, მომჩივანმა თავისი საჩივარი ამ პუნქტის ქვეშ ჩამოაყალიბა, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დროს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების სავარაუდო დარღვევასთან მჭიდროდ დაკავშირებული. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგების გათვალისწინებით და მტკიცებულებების საკუთარი შეფასების გარეშე, ის თაღლითობაში დამნაშავედ მიიჩნიეს. წინამდებარე საქმეში მომჩივნის პრეტენზიის პროცედურული ხასიათის გათვალისწინებით და იმის აღნიშვნით, რომ მთავრობამ არ ახსნა, თუ როგორ შეიძლებოდა წმინდად საკომპენსაციო საშუალების გამოყენებით გამოსწორებულიყო უდანაშაულობის პრეზუმფციის სავარაუდო დარღვევა პროცედურული თვალსაზრისით ადმინისტრაციული წარმოების კონტექსტში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის გონივრული იყო საქმის ადმინისტრაციული წარმოების ნაწილად გაგრძელება, დაცვის სამოქალაქო საშუალების გამოყენების გარეშე (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Mamaladze, ციტირებული ზემოთ, §§ 66-67; ასევე იხ. საქმე Machalický v the Czech Republic, no. 42760/16, § 38, 2024 წლის 10 ოქტომბერი). შესაბამისად, ამ მიმართებით მთავრობის მიერ წამოყენებული პრეტენზია მიუღებლობის შესახებ ასევე უნდა იქნეს უარყოფილი.
(d) მიუღებლობის სხვა საფუძვლები
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
-
არსებითი მხარე
- მხარეთა არგუმენტები
37. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება. ის ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არსებით საფუძვლად გამოიყენეს პროკურორის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, რათა დაედგინათ, რომ მან ჩაიდინა შესაბამისი დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო და ადმინისტრაციული წარმოებისას ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა მოსმენილი.
38. მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საფუძვლიანად და ყოვლისმომცველად შეისწავლეს მხარეთა მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და შედეგად მიიღეს გონივრული და კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება. მთავრობამ განაცხადა, რომ პროკურორის გადაწყვეტილება სასამართლოების მიერ განხილული მრავალი მტკიცებულებიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. ამასთან დაკავშირებით, მათ აღნიშნეს, რომ ქონების სააგენტომ თავისი პრეტენზიის დასადასტურებლად წარადგინა 20-ზე მეტი მტკიცებულება, ჯამში 377 გვერდი.
- სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
39. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციით გათვალისწინებული დაცვის მეორე ასპექტი მაშინ მოქმედებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება მთავრდება გამამტყუნებელი განაჩენის გარდა სხვა შედეგით. მისი მიზანია დაიცვას ის პირები, რომლებიც გამართლდნენ სისხლის სამართლის ბრალდებაში ან რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, სახელმწიფო თანამდებობის პირთა და ხელისუფლების მხრიდან ისე მოპყრობისგან, თითქოს ისინი რეალურად იყვნენ დამნაშავეები დანაშაულის ჩადენაში, რაშიც მათ ბრალი წაუყენეს. ამიტომაც, აღნიშნული პირები კანონის წინაშე უდანაშაულონი არიან და მათ უნდა მოეპყრონ აღნიშნული უდანაშაულობის შესაბამისად. ამგვარად, ამ ზომით, უდანაშაულობის პრეზუმფცია ძალაში დარჩება სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულების შემდეგაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ნებისმიერი ბრალდების მიმართ, რომელიც არ არის დამტკიცებული, შესაბამისი პირის უდანაშაულობა დაცული იყოს (იხ. საქმე Nealon and Hallam, ციტირებული ზემოთ, § 108).
40. გარდა ამისა, შემდგომი დაკავშირებული სამართალწარმოების ხასიათის მიუხედავად და იმის მიუხედავად, დასრულდა თუ არა სისხლის სამართლის საქმის წარმოება გამამართლებელი განაჩენით თუ შეწყვეტით, ეროვნული სასამართლოების ან სხვა ორგანოების გადაწყვეტილებები და დასაბუთებები აღნიშნულ შემდგომ დაკავშირებულ სამართალწარმოებებში, როგორც მთლიანის განხილვისას და იმ განხორციელების კონტექსტში, რომლის განხორციელებაც მათ ეროვნული კანონმდებლობით მოეთხოვებათ, დაარღვევს კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე ასპექტს, თუ ისინი მომჩივნისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას წარმოადგენს. პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ნიშნავს იმ მოსაზრების ასახვას, რომ ის დამნაშავეა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის სისხლის სამართლის სტანდარტით, რითაც მიანიშნებს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სხვაგვარად უნდა განისაზღვროს (იქვე, § 168).
41. ეს მიდგომა ასახავს იმ ფაქტს, რომ ეროვნულ დონეზე მოსამართლეები შეიძლება ვალდებულნი იყვნენ, სისხლის სამართლის ბრალდების კონტექსტს მიღმა, განიხილონ საქმეები, რომლებიც წარმოიშობა იმავე ფაქტებიდან, როგორც წინა სისხლის სამართლის ბრალდება, რომელიც არ დასრულებულა გამამტყუნებელი განაჩენით. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მეორე ასპექტი არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ ეროვნულ სასამართლოებს ხელი შეუშალოს შემდგომ სამართალწარმოებაში – სადაც ისინი ასრულებენ სისხლის სამართლის მოსამართლისგან განსხვავებულ ფუნქციას, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების შესაბამისად – განიხილონ იგივე ფაქტები, რომლებიც გადაწყდა წინა სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, იმ პირობით, რომ ამით ისინი არ აკისრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შესაბამის პირს. პირი, რომელიც გამართლდა ან რომლის მიმართაც შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, კვლავ ექვემდებარება შიდასახელმწიფოებრივი წესების ჩვეულებრივ გამოყენებას მტკიცებულებებთან და მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სასამართლო პროცესებს მიღმა (იქვე, § 169).
42. დაბოლოს, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება ასახავდეს მოსაზრებას, რომ მომჩივანი დამნაშავეა, მაშინაც კი, თუ არ არსებობს რაიმე სახის მსჯელობა, რომელიც მიუთითებს, რომ სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ მიიჩნევს (იხ. საქმე Böhmer v. Germany, no. 37568/97, § 54, 2002 წლის 3 ოქტომბერი; საქმე Baars v. the Netherlands, no. 44320/98, § 26, 2003 წლის 28 ოქტომბერი; და საქმე Cleve v. Germany, no. 48144/09, § 53, 2015 წლის 15 იანვარი).
(b) ზოგადი პრინციპების გამოყენება საქმის ფაქტების მიმართ
43. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო. შესაბამისად, ზემოხსენებული ტესტის მითითებით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ ეროვნული სასამართლოები, შემდგომი ადმინისტრაციული წარმოების კონტექსტში, მომჩივანს დამნაშავედ მიიჩნევენ მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით. აღნიშნული გადაწყვეტილებებისა და მათი დასაბუთების კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან თავსებადობის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასამართლოების მიერ გამოყენებულ ფორმულირებაზე, რაც ამ მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია (იხ. საქმე Fleischner v. Germany, no. 61985/12, § 64, 2019 წლის 3 ოქტომბერი, და საქმე Pasquini v. San Marino (no. 2), no. 23349/17, § 53, 2020 წლის 20 ოქტომბერი). ასევე, სასამართლო განიხილავს სამართალწარმოების კონტექსტს მთლიანობაში და მის ნებისმიერ განსაკუთრებულ მახასიათებელს, რათა დაადგინოს, დაარღვიეს თუ არა ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა აღნიშნული დებულება (იხ. საქმე Agapov, ციტირებული ზემოთ, § 40).
44. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში ადმინისტრაციულ სასამართლოებს დაევალათ, დაედგინათ, უნდა გაუქმებულიყო თუ არა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც აღიარებდა მომჩივნის კომპანიის ქონებრივ უფლებას სადავო ქონებაზე – საჯარო რეესტრის 1998 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება – იმ საფუძვლით, რომ ის დაფუძნებული იყო მომჩივნის მიერ მოპოვებულ ყალბ დოკუმენტზე. ფოთის რაიონულმა სასამართლომ, სისხლის სამართლის საქმის მასალებსა და მხარეთა მიერ წარდგენილ სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელსაც ეყრდნობოდა 1998 წლის სადავო გადაწყვეტილება, გაყალბებული იყო და, რომ მომჩივანმა გამოიყენა ის, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ ის გაყალბებული იყო (იხ. პარაგრაფები 12-14 ზემოთ).
45. ფოთის რაიონული სასამართლოს დასკვნები დაადასტურა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ, რომლებმაც განსხვავებული, უფრო ნეიტრალური ტერმინოლოგიით დაასკვნეს, რომ 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება გაყალბებული იყო (იხ. პარაგრაფები 17-18 და 20 ზემოთ). ზემოაღნიშნული სასამართლოებიდან არცერთს არ განუხილავს მომჩივნის ქმედებები იმის დასადგენად, წარმოადგენდა თუ არა ისინი თაღლითობის დანაშაულს.
46. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ სამოქალაქო გადაწყვეტილებაში დასაბუთების ჩამოყალიბებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო (იხ. საქმე Fleischner, ციტირებული ზემოთ, §§64 და 69). პირველი ინსტანციის სასამართლომ განაცხადა, რომ სრულად ეთანხმება პროკურორის გადაწყვეტილებაში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებას და შემდგომ დასკვნას (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ფორმულირება ღიაა სხვადასხვა ინტერპრეტაციისთვის და შეიძლება გაგებული იყოს ისე, რომ მიანიშნებდეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, პროკურორის მსგავსად, მომჩივანი მიიჩნია სადავო დანაშაულის ჩამდენად. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების არჩევანი სამწუხარო იყო, ეს ფორმულირება თავისთავად არ შეიძლება ჩაითვალოს ცალსახა დადასტურებად, რომელიც მომჩივანს თაღლითობის სისხლის სამართლის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს. მთლიანობაში მიღებული ეროვნული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იურისდიქციის სამივე დონის სასამართლო ფოკუსირებული იყო, დაედგინა, რომ გარკვეული საჯარო დოკუმენტი გაყალბებული იყო და, რომ მომჩივანმა შეგნებულად გამოიყენა ის საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ. მათ არ განიხილეს, წარმოადგენდა თუ არა ეს მომჩივნის მიერ თაღლითობის ჩადენას, როგორც ასეთს (შეუპირისპირეთ საქმე Lagardère v. France, no. 18851/07, §§ 84-87, 2012 წლის 12 აპრილი). ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ გამოყენებული ფორმულირება ასახავდა მათ პოზიციას, რომ მომჩივანმა ისარგებლა გაყალბებული დოკუმენტით, მაგრამ არა იმას, რომ მომჩივანი დამნაშავე იყო ამ ქმედებაში (შეუპირისპირეთ საქმე Pasquini, ციტირებული ზემოთ, §§ 62 და 64, და საქმე Agapov, ციტირებული ზემოთ, § 41; ასევე, იხ. საქმე Ilias Papageorgiou v. Greece, no. 44101/13, § 54, 2020 წლის 10 დეკემბერი). გარდა ამისა, აუცილებელია განვიხილოთ სამართალწარმოების კონტექსტი როგორც მთლიანი და მისი განსაკუთრებული მახასიათებლები (იხ. საქმე Fleischner, , ციტირებული ზემოთ, §65, შემდგომი მითითებებით). განსახილველი სამართალწარმოების ხასიათი და კონტექსტი ძალიან სპეციფიკური იყო – ადმინისტრაციული წარმოება მიზნად ისახავდა იმის დადგენას, იყო თუ არა გარკვეული ადმინისტრაციული აქტი უკანონო. როგორც სასამართლოები, რომლებიც მოქმედებდნენ სამოქალაქო სამართალწარმოების მარეგულირებელი წესების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 21 ზემოთ), ეროვნულმა სასამართლოებმა შეისწავლეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამოიყენეს სამოქალაქო მტკიცების ტვირთი. სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებს თან ერთოდა სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა სასამართლოებმა შეისწავლეს და ხელახლა შეაფასეს შეჯიბრებითობის პირობებში და სწორედ ამ მტკიცებულებების ერთობლიობაზე დაყრდნობით მიიღეს სასამართლოებმა გადაწყვეტილებები.
47. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეში ადმინისტრაციული სამართალწარმოების ხასიათისა და კონტექსტის, ასევე ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენებული კონკრეტული სამართლებრივი ენის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი უკანონოდ იქნა გამოცემული, რადგან ის დაფუძნებული იყო ყალბ დოკუმენტზე, არ ეწინააღმდეგება მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ეროვნული სასამართლოების მიერ ამ მხრივ გამოყენებული ფორმულირება გონივრულად არ შეიძლებოდა გაგებულიყო, როგორც დადასტურება, რომელიც მომჩივანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებდა. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.
- 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის სავარაუდო დარღვევა
48. მომჩივანი ჩიოდა, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგების გამო მისი ქონებრივი უფლებები დაირღვა. ის დაეყრდნო კონვენციის 1-ელი ოქმის 1-ელ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონისა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ან/და ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“.
- მხარეთა არგუმენტები
49. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივარი 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე ან ნაადრევი იყო, რადგან სამართალწარმოების მეორე ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ეროვნულ დონეზე, ან მიუღებელი იყო ratione materiae იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც საფუძვლად უდევს წინამდებარე საჩივარს, ეხებოდა არა მისი, არამედ მისი ყოფილი კომპანიის 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული უფლებების განსაზღვრას.
50. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის 1991 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაყალბებულად მიჩნევით და, შესაბამისად, შემდგომი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მისი კომპანიისთვის (შესაბამის დროს) სადავო ქონებაზე ქონებრივი უფლების მინიჭებით იყო უკანონო, ეროვნული სასამართლოები უკანონოდ ჩაერივნენ საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში.
- სასამართლოს შეფასება
51. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მეორე ეტაპი, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც ქონების სააგენტოს მიერ გასაჩივრებული უფრო ფართო სიტუაციის ნაწილი (იხ. პარაგრაფი 33ზემოთ) და, რომელიც კონკრეტულად მომჩივნის ქონებრივ უფლებებს ეხება, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ). ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარი 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე მიუღებელია, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
1. აცხადებს კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეტანილ საჩივარს მისაღებად, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს – მიუღებლად;
2. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2025 წლის 16 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
სიმეონ პეტროვსკი ჟოლიენ შუკინგი
განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები