დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ომაროვი საქართველოს წინააღმდეგ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25967/23 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 07/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
მეოთხე სექცია
საქმე „ომაროვი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი №25967/23)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი 07.04.2026 |
|
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ომაროვი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) კომიტეტის შემდეგი შემადგენლობით:
ანია ზაიბერტი-ფორი, თავმჯდომარე, გაითვალისწინა რა: საჩივარი (№25967/23) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2023 წლის 15 ივნისს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ ბ-ნმა ვუგარ ომაროვმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1985 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი ნ. ლეგაშვილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს რუსთავში; გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად; მხარეთა მოსაზრებები; 2026 წლის 17 მარტის დახურული თათბირის შემდეგ, გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული: საქმის არსი 1. საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, ეხება მომჩივნის მიერ ინიციირებული შრომითი დავის სავარაუდო გადაჭარბებულ გაჭიანურებას და ამ მხრივ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობას. 2. 2016 წლის 20 ივნისს მომჩივანმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანა კერძო სამშენებლო და სამრეწველო-საინვესტიციო კომპანიის წინააღმდეგ, რომლითაც გაასაჩივრა მისი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება და მოითხოვა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და დავალიანების გადახდა. 2018 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ორივე მხარემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც უარყო საჩივრები 2019 წლის 3 დეკემბერს. 3. 2020 წლის 16 აპრილს მომჩივანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც 2020 წლის 28 სექტემბერს მიღებული იქნა, რათა განეხილათ მისი მისაღებობა. 4. 2024 წლის 25 აპრილს მომჩივნის საკასაციო საჩივარი მისაღებად იქნა ცნობილი. 5. 2025 წლის 21 თებერვალს მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ 2024 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მომჩივნის სარჩელი, ბრძანა მისი წინა თანამდებობაზე აღდგენა და ხელფასის დავალიანების გადახდა, ხოლო ნებისმიერი შემდგომი დაგვიანებისთვის დააკისრა ყოველდღიური ჯარიმა. 6. მომჩივანი კონვენციის მე-6(1) მუხლისა და მე-13 მუხლის საფუძველზე ჩიოდა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ზედმეტად ხანგრძლივი იყო, და რომ მას ამ მხრივ დაცვის არანაირი შიდასამართლებრივი საშუალება არ გააჩნდა. სასამართლოს შეფასება კონვენციის მე-6(1) მუხლისა და მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა 7. მთავრობის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი, იმის გათვალისწინებით, რომ მისი სამოქალაქო სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, მომჩივნის მიერ მოპოვებული კომპენსაცია მიენიჭა რვა წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც მისმა დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა მისი ხელშეკრულება. ამდენად, არ შეიძლება ითქვას, რომ მომჩივანი არ ყოფილა მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის დაგვიანების გამო (იხ. საქმე I.B. v. Georgia [Committee], no. 4639/23, § 19, 2024 წლის 11 ივლისი). სასამართლო ასევე მიუთითებს მის თანმიმდევრულ პრეცედენტულ სამართალზე, რომელიც ეხება საქართველოს სამართლებრივ სისტემაში სამართალწარმოების დაჩქარების უნარის მქონე კონკრეტული პრევენციული საშუალებისა და საკომპენსაციო საშუალების არარსებობას (იხ. საქმე Schrade v. Georgia [Committee], no. 15016/07, §§ 41-42, 2021 წლის 11 მარტი, და საქმე I.B., ციტირებული ზემოთ, § 18). შესაბამისად, მომჩივანს არ მოეთხოვებოდა, გამოეყენებინა მთავრობის მიერ შემოთავაზებული საშუალება. 8. რაც შეეხება მთავრობის პრეტენზიას მომჩივნის სათანადო გულმოდგინებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის საჩივარი ეხებოდა განგრძობად სიტუაციას, და რომ საჩივარი შეტანილი იყო მაშინ, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, სასამართლო არ მიიჩნევს უმართებულოდ, რომ მომჩივანი დაელოდა სამართალწარმოების წინსვლას, სანამ სასამართლოში შეიტანდა საჩივარს (იხ. საქმე Zaalishvili v. Georgia [Committee], no. 45681/22, § 8, 2025 წლის 11 თებერვალი, და საქმე Tordia and Others v. Georgia [Committee], no. 24060/23, § 11, 2025 წლის 9 დეკემბერი). 9. რაც შეეხება პოტენციურ ბოროტად გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის საპირისპირო მტკიცების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, გადაწყვეტილების დასაბუთების მითითების გარეშე, მის ადვოკატს, რომელიც მას ეროვნულ დონეზე წარმოადგენდა, 2024 წლის 25 ნოემბერს გადაეცა. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის შესაბამისი სამოქალაქო სამართალწარმოება რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასეთ ვითარებაში, მოვლენების ქრონოლოგიის გათვალისწინებით და იმის აღნიშვნით, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოება 2024 წლის 24 ოქტომბერს დასრულდა, და რომ მთავრობამ სასამართლოს ამ მოვლენის შესახებ 2025 წლის თებერვალში აცნობა, არ არსებობს საფუძველი დასკვნისთვის, რომ მომჩივანს სასამართლოს შეცდომაში შეყვანა ჰქონდა განზრახული (იხ. საქმე Gross v. Switzerland [GC], no. 67810/10, § 28, ECHR 2014, შემდგომი მითითებებით). შესაბამისად, ის დაუსაბუთებლად მიიჩნევს საჩივრის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენების მტკიცებას მთავრობის მიერ (იხ. საქმე Tordia and Others, ციტირებული ზემოთ, § 10 in fine). ის ასევე მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია სხვა რაიმე საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა გამოცხადდეს მისაღებად. 10. საქმის წარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Pélissier and Sassi v. France ([GC], no. 25444/94, § 67, ECHR 1999-II) და საქმეში Frydlender v. France ([GC], no. 30979/96, § 43, ECHR 2000‑VII). ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ევალებათ თავიანთი სასამართლო სისტემების ისე ორგანიზება, რომ სასამართლოებს შეეძლოთ „გონივრული ვადის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება მე-6 მუხლის შესაბამისად (იხ. საქმე Lupeni Greek Catholic Parish and Others v. Romania [GC], no. 76943/11, § 142, 2016 წლის 29 ნოემბერი). სასამართლო ასევე იმეორებს, რომ სამსახურში აღდგენის პროცედურები „გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“ მოსარჩელეებისთვის და უნდა განიხილებოდეს „დაჩქარებულად“ (იხ. საქმე Novović v. Montenegro and Serbia, no. 13210/05, § 51, 2012 წლის 23 ოქტომბერი, შემდგომი მითითებებით). 11. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სამართალწარმოების საერთო ხანგრძლივობა არ იყო გამართლებული, კერძოდ, ხაზს უსვამდა უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების სტაგნაციას. მთავრობამ გააპროტესტა ეს პრეტენზია და განაცხადა, რომ სადავო სამოქალაქო საქმე იყო როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად რთული, ეხებოდა საზღვარგარეთ დაფუძნებულ მოპასუხე კომპანიას, და რომ COVID-19-ის პანდემიამაც შეუწყო ხელი სამართალწარმოების გაჭიანურებას. 12. წინამდებარე საქმეში სამოქალაქო სამართალწარმოება დაიწყო 2016 წლის 20 ივნისს და დასრულდა 2024 წლის 24 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, ის სამივე ინსტანციის სასამართლოში 8 წელი და 4 თვე მიმდინარეობდა. სასამართლო მზადაა მიიღოს მთავრობის არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა გაჭიანურდა საზღვარგარეთ მოპასუხე კომპანიასთან მიმოწერისას წარმოქმნილი პროცედურული სირთულეების გამო. COVID-19ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა COVID-19-ის საწინააღმდეგო სანიტარიულმა ზომებმაც შეუწყო ხელი გაჭიანურებას. თუმცა, უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოება მთლიანად წერილობით მიმდინარეობდა და მომჩივანს მთელი შესაბამისი პერიოდის განმავლობაში არ წარმოუდგენია რაიმე მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში, რასაც შეიძლება ხელი შეეწყო მის გაჭიანურებისთვის. საქმე არ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტობრივ ან იურიდიულ სირთულეს და, მიუხედავად ამისა, ოთხი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ის უზენაეს სასამართლოში განხილვის პროცესში იყო, სამი წელი სრული უმოქმედობის პერიოდი იყო (იხ. საქმე Tordia and Others, § 14, და საქმე I.B., § 24, ორივე ციტირებული ზემოთ). 13. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის წარმოების ხანგრძლივობა გადაჭარბებული იყო და არ შეესაბამებოდა „გონივრული ვადის“ მოთხოვნას. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას. 14. რაც შეეხება საკითხს, ჰქონდა თუ არა მომჩივანს კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება მის განკარგულებაში სამართალწარმოების ხანგრძლივობის შესახებ პრეტენზიასთან მიმართებით, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელსაც მთავრობა დაეყრდნო, არ იყო ქმედითი (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ; ასევე იხ. საქმე Schrade, §§ 41-42; საქმე Tordia and Others, §§ 11 და 16; და საქმე I.B., §§ 18 და 26, ყველა ციტირებული ზემოთ). სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, გადაუხვიოს თავის პრეცედენტულ სამართალს და, შესაბამისად, ასკვნის, რომ მომჩივანი ამ საჩივართან მიმათებით არ იყო უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებით, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად (იქვე). 15. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება 16. მომჩივანმა მოითხოვა 358 583.65 ევრო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით და ასევე 250 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მან ასევე მოითხოვა 1 472 ევრო ეროვნულ სასამართლოებში გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის და 3 677 ევრო სასამართლოში გაწეული ხარჯებისთვის. 17. მთავრობამ გააპროტესტა ეს მოთხოვნები. 18. სასამართლო ვერ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; აქედან გამომდინარე, ის უარყოფს ამ მოთხოვნას. თუმცა, ის აკუთვნებს მომჩივანს 1 100 (ათას ასი) ევროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით; აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს. 19. მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით (იხ. საქმე Editions Plon v. France, no. 58148/00, § 64, ECHR 2004-IV), სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, მიაკუთვნოს 1 200 ევრო შიდასახელმწიფოებრივ სამართალწარმოებაში გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის და 1 200 ევრო სასამართლოში სამართალწარმოებისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს. ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად 1. აცხადებს საჩივარს მისაღებად. 2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას. 3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას. 4. ადგენს:
(i) EUR 1 100 (ათას ასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს მორალურ ზიანთან დაკავშირებით; (ii) EUR 2 400 (ორი ათას ოთხასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;
5. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში. შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2026 წლის 7 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
სიმეონ პეტროვსკი ანია ზაიბერტი-ფორი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები