დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დავით ჭალიძე საქართველოს წინააღმდეგ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57816/21 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 17/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეოთხე სექციის
გადაწყვეტილება
საქმეზე „დავით ჭალიძე საქართველოს წინააღმდეგ“
საჩივარი №57816/21
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), 2026 წლის 17 მარტს, კომიტეტის შემდეგი შემადგენლობით:
ანია ზაიბერტი – ფორი, თავმჯდომარე,
ანა მარია გუერა მარტინს,
ანდრას იაკაბი, მოსამართლეები,
და გიორგი ბადაშვილი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (№ 57816/21) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2021 წლის 19 ნოემბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ ბ-ნმა დავით ჭალიძემ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული გორში, რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი ა. მერებაშვილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში.
გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად.
მხარეთა მოსაზრებები;
განხილვის შედეგად, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საქმის არსი
1. საჩივარი, კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების შესაბამისად, ეხება ფიზიკურ ჩხუბს მომჩივანსა, რომელიც იმ დროს პოლიციელი იყო, და რამდენიმე მის თანამშრომელ პოლიციელს შორის და შემდგომი გამოძიების არაეფექტურობას.
2. მომჩივანმა, რომელიც გორის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი იყო, განაცხადა, რომ 2011 წლის 31 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში კოლეგასთან სიტყვიერი შელაპარაკებით დაწყებული ჩხუბი გადაიზარდა მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში რამდენიმე თანამშრომელი პოლიციელის მხრიდან. მოვლენების ოფიციალური ვერსიით, მომჩივანს, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და აგრესიულად იქცეოდა, იარაღის ჩაბარება უბრძანეს, მაგრამ არ დაემორჩილა და, შედეგად, მისი წინააღმდეგობის დასაძლევად ფიზიკური ძალის გამოყენება გახდა საჭირო.
3. მომჩივანი გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მას გარეგანი დათვალიერება ჩაუტარდა, რომელმაც ზედა ქუთუთოებსა და ცხვირზე სისხლჩაქცევები, ორივე მაჯაზე სიწითლე და მარჯვენა ხელზე ნაკაწრები აჩვენა. გარეგანი დათვალიერების ოქმში აღნიშნული იყო, რომ მომჩივანი, რომელსაც ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, აცხადებდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებმა ჯ.კ.-მა, რ.მ.-მა და მ.ტ.-მა. იმავე დღეს მორიგე ოფიცერმა მოამზადა ოქმი, რომელშიც აღწერილი იყო მომჩივნის დაზიანებები და დასახელებული იყვნენ ის პოლიციელები, რომლებსაც ის ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებდა. ოქმში, რომელიც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს გადაეგზავნა, ასევე აღნიშნული იყო, რომ რაიონული პროკურატურის პროკურორს ეცნობა მომჩივნის ბრალდებების შესახებ.
4. 2011 წლის 1 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის წვრილმან დარღვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და სამოცი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის მოსამართლემ დაასკვნა, რომ მომჩივანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ და წინააღმდეგობის დასაძლევად ხელბორკილების დადება დასჭირდათ. დაკითხვისას, მომჩივნის მიერ დადანაშაულებულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, მ.ტ.-მა, სასამართლოში განაცხადა, რომ მომჩივანმა თავი კედელს მიარტყა და თვითდაზიანება მიიყენა. მომჩივნის მსჯავრდება უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 3 აგვისტოს.
5. 2017 წლის 12 და 30 დეკემბერს და 2019 წლის 10 ოქტომბერს მომჩივანმა ფარულად ჩაიწერა სამ პოლიციელთან, მ.ტ.-სთან, ზ.ტ.-სთან და გ.ბ.-სთან საუბრები, რომლებშიც ისინი სავარაუდოდ ადასტურებდნენ, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტის დროს ის აგრესიულად არ იქცეოდა.
6. 2020 წლის 19 აგვისტოს მომჩივანმა სახალხო დამცველს წერილით მიმართა, სადაც დეტალურად აღწერდა სავარაუდო ცუდი მოპყრობის გარემოებებს, და წარუდგინა მის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები. 2020 წლის 9 სექტემბერს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას წერილობით მიმართა, სადაც იკითხა სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
7. 2020 წლის 15 სექტემბერს ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). 2021 წლის განმავლობაში პროკურატურამ დაახლოებით ოთხმოცი პირი გამოკითხა, მომჩივნის სამედიცინო ისტორიის სასამართლო ექსპერტიზა ჩაატარა და სამ პოლიციელთან მისი საუბრების საიდუმლო ჩანაწერები შეისწავლა (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ). გამოკითხულთა შორის იყო ათი პოლიციელი, რომლებიც სავარაუდო ინციდენტის თვითმხილველები ან მონაწილეები იყვნენ. ყველა მათგანმა უარყო მომჩივნის ბრალდებები და განაცხადა, რომ გამოყენებული ძალა აბსოლუტურად აუცილებელი იყო მომჩივნის აგრესიული ქცევის გათვალისწინებით. ორმა პოლიციელმა დამატებით განაცხადა, რომ მომჩივანმა თვითდაზიანება სცადა იატაკზე თავის დარტყმით.
8. 2020 წლის 30 ნოემბერს მომჩივანმა პროკურატურას წერილობით მიმართა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. 2020 წლის 2 დეკემბერს მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა; ასევე უარყოფილ იქნა მისი 2021 წლის 16 და 28 აპრილის, 28 ივნისის, 11 და 18 აგვისტოს და 9 ნოემბრის მოთხოვნები. მორიგი უარის შემდეგ, მომჩივანმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა. 2022 წლის 28 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველს.
9. 2022 წლის 31 ოქტომბერს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს შეერწყა სხვა გამოძიება, რომელიც ეხებოდა მომჩივნის მიმართ 2011 წლის მარტში მომხდარი ცალკე ინციდენტის დროს სავარაუდო ცუდ მოპყრობას.
10. საქმის მასალების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოება კვლავ მიმდინარეობს. მომჩივანს საქმის მასალებზე წვდომის უფლება ორჯერ მიეცა, 2022 წლის 8 თებერვალსა და 2024 წლის 31 ივლისს.
სასამართლოს შეფასება
11. მთავრობამ, სხვა არგუმენტებთან ერთად, განაცხადა, რომ საჩივარი სასამართლოში არ იყო შეტანილი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული სათანადო სისწრაფით, რადგან მომჩივანმა დროულად ვერ წარადგინა თავისი პრეტენზიები შესაბამის ეროვნულ ორგანოებში. მომჩივანმა უპასუხა, რომ მას სიკვდილით დაემუქრნენ ჩართული პოლიციელები და ამიტომ ეშინოდა მათ წინააღმდეგ საჩივრის შეტანა. მან ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ ცუდი მოპყრობიდან თოთხმეტ წელზე მეტი გავიდა და არავინ დასჯილა.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობა 2011 წლის 31 ივლისს განხორციელდა, ხოლო მან საჩივარი ოფიციალურად შეიტანა, სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით, ცხრა წლის შემდეგ, 2020 წლის 9 სექტემბერს.
- პერიოდი 2020 წლის 9 სექტემბრამდე
13. რაც შეეხება მომჩივნის მტკიცებას, რომ მას ეშინოდა თავისი პრეტენზიების გაჟღერება, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე განსხვავდება იმ საქმეებისგან, რომლებშიც მომჩივნები იმყოფებოდნენ პოლიციელების ან/და ციხის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ, რომლებიც, სავარაუდოდ, ცუდად მოეპყრნენ მათ. კონკრეტული მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მომჩივნის მდგომარეობა არ შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებით მოწყვლადად ჩართული პოლიციელების პირისპირ (შეუპირისპირეთ საქმე Gablishvili and Others v. Georgia, no. 7088/11, § 44, 2019 წლის 21 თებერვალი, და საქმე Ochigava v. Georgia, no. 14142/15, § 51, 2023 წლის 16 თებერვალი). სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა სცოდნოდა, რომ სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, იმის გათვალისწინებით, რომ ის ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ დაუკითხავს ხელისუფლების ორგანოებს სავარაუდო დაზარალებულის რანგში. ხელისუფლების ორგანოების ქმედებების მიუხედავად, მომჩივანი ვერ გათავისუფლდებოდა საკუთარი ვალდებულებისგან, გადაედგა, სულ მცირე, ძირითადი ნაბიჯები, რათა მიეღო ინფორმაცია პროკურატურის ორგანოებისგან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამგვარად, საქმის წარმოების ცხრაწლიანი დაგვიანება აშკარად მიუთითებს მომჩივნის მხრიდან გამოძიებისადმი გულმოდგინების ნაკლებობაზე (იხ. საქმე Akhvlediani and Others v. Georgia (dec.), no. 22026/10, § 26, 2013 წლის 9 აპრილი, საქმე Manukyan v. Georgia (dec.), no. 53073/07, §§ 30-33, 2012 წლის 9 ოქტომბერი; და საქმე Raush v. Russia (dec.), no. 17767/06, §§ 54‑62, 2016 წლის 22 მარტი).
- პერიოდი 2020 წლის 9 სექტემბრის შემდეგ
14. რაც შეეხება მომჩივნის ბრალდებებთან დაკავშირებით 2020 წლის 9 სექტემბერს გამოძიების დაწყებას, სასამართლო იმეორებს, რომ პრინციპულად, როდესაც ადგილი აქვს ახალ მოვლენებს, მაგალითად, იკვეთება ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები, შეიძლება აღდგეს გამოძიების ვალდებულება (იხ. საქმე Egmez v. Cyprus (dec.), no. 12214/07, § 63, 2012 წლის 18 სექტემბერი). პროცედურული ვალდებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემდგომი გამოძიების ხასიათი და მასშტაბი აუცილებლად დამოკიდებული იქნება თითოეული კონკრეტული საქმის გარემოებებზე და შეიძლება განსხვავდებოდეს იმ გამოძიებისგან, რომელიც მოსალოდნელია შესაბამისი მოვლენების მოხდენისთანავე. გამოძიების ახალი ვალდებულების ფარგლები განსხვავდება სავარაუდო ახალი მტკიცებულებების ან ინფორმაციის ხასიათის მიხედვით. ის შეიძლება შემოიფარგლოს ახალი მტკიცებულებების სანდოობის გადამოწმებით. დროის გასვლის გამო, შესაძლოა შემცირებული იყოს გადაუდებლობის დონე; ინციდენტის შემდგომ საჭირო საგამოძიებო ნაბიჯების დაუყოვნებლობა, სავარაუდოდ, არ იქნება უზრუნველყოფილი. ოპერატიულობის სტანდარტი ასეთ ისტორიულ საქმეებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ბოლოდროინდელ ინციდენტებში გამოყენებული სტანდარტისგან, სადაც დრო ხშირად გადამწყვეტია მოვლენების განვითარების ადგილზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესანახად და მოწმეების გამოსაკითხად, როდესაც მათი მახსოვრობა ახალი და დეტალურია (იხ. საქმე Jeronovičs v. Latvia [GC], no. 44898/10, § 107, 2016 წლის 5 ივლისი, და, მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებების კონტექსტში, საქმე Treskavica v. Croatia, no. 32036/13, § 62, 2016 წლის 12 იანვარი).
15. პირველ რიგში, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ გამოძიების ფორმალური დაწყება 2020 წელს, თავისთავად, მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულების „აღდგენას“ წარმოადგენდა, რადგან, პრინციპში, სავარაუდო დაზარალებულის მიერ წარდგენილი ყველა ახალი მტკიცება ან ბრალდება ავტომატურად არ წარმოშობს ახალ საგამოძიებო ვალდებულებას კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში (შეადარეთ საქმე Egmez, ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილება, §§ 63-66; საქმე Israilov and Bakayeva [Committee], no. 20436/11, §§ 56-60, 2018 წლის 30 იანვარი; საქმე Dmitriyev v. Russia [Committee], no. 65263/09, 2018 წლის 30 იანვარი; და საქმე Afonichev v. Russia (dec.) [Committee], no. 26344/06, § 55, 2015 წლის 2 ივნისი). სასამართლო ასევე მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს 2017 წლის დეკემბრიდანვე ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევდა განახლებულ საგამოძიებო ვალდებულებას, მან ეს ინფორმაცია ხელისუფლებას მხოლოდ დაახლოებით 2,5 წლის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში მიაწოდა (იხ. პარაგრაფები 5და 6ზემოთ). ასეთი დაგვიანება კვლავ მიუთითებს მომჩივნის მხრიდან გულმოდგინების ნაკლებობაზე, მათ შორის, მის შემდგომ მცდელობებში, აღედგინა საგამოძიებო ვალდებულება (შეადარეთ საქმე Chong and Others v. the United Kingdom (dec.), no. 29753/16, § 93, 2018 წლის 11 სექტემბერი, და საქმე Downes v. the United Kingdom (dec.) [Committee], no. 41630/22, 2023 წლის 11 აპრილი).
16. მაშინაც კი, თუ დავეთანხმებით, arguendo, რომ ხელისუფლების პროცედურული ვალდებულებები „აღდგა“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლო დააკვირდებოდა შემდეგს: მომჩივნის მტკიცებას აკლია დასაბუთება, რომ გამოძიება ჩატარდა მიკერძოებულად და სუბიექტურად, იმის გათვალისწინებით, რომ პირველივე დღიდან სამართალწარმოება დაევალა პროკურატურას, პოლიციისგან დამოუკიდებელ ორგანოს. რაც შეეხება სათანადო სამედიცინო შემოწმების ჩატარების დაგვიანებას, ეს იყო გამოძიების დაწყების დაგვიანების გარდაუვალი შედეგი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეს, სულ მცირე, ნაწილობრივ მომჩივნის დამსახურებაც იყო, რადგან მან არ მოითხოვა სამედიცინო შემოწმება ინციდენტისთანავე.
17. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს უარი ეთქვა სამართალწარმოებაში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მას სრულად შეეშალა ხელი მასში ეფექტურად მონაწილეობის მიღებაში, რადგან მას, სულ მცირე, ორჯერ მიეცა საქმის მასალებზე წვდომის უფლება. სასამართლო იმეორებს, რომ ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას არ სჭირდება პოლიციის ფაილებზე ან მიმდინარე გამოძიების ყველა დოკუმენტის ასლზე მომჩივნის შეუზღუდავი წვდომა, ან მასთან კონსულტაცია ან ყოველი ნაბიჯის შესახებ ინფორმირების უზრუნველყოფა (იხ. საქმე Emin and Others v. Cyprus (dec.), no. 59623/08 et el., § 35, 2012 წლის 3 აპრილი, შემდგომი მითითებებით).
18. რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიას გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის 5 წელი და 6 თვე გაგრძელდა, 2022 წელს ის სხვა სისხლის სამართლის საქმეს შეერწყა, რამაც გარდაუვლად შეუწყო ხელი სამართალწარმოების გაჭიანურებას (იხ. პარაგრაფი 9ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო შედარებით ხანგრძლივი უმოქმედობის პერიოდი იყო და გამოძიება 2023 წელს კვლავ სტაგნაციაში შევიდა, სასამართლო იმეორებს, რომ დროის გასვლასთან ერთად წინამდებარე საქმეში გადაუდებლობის დონე აუცილებლად შემცირდა (იხ. ზოგადი პრინციპები ციტირებული პარაგრაფში 14 ზემოთ). გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს საჭირო საგამოძიებო ზომები (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ) და, რომ მოწმის მნიშვნელოვანი ჩვენებები წინააღმდეგობრივია ან აკლია დეტალები, სავარაუდო ინციდენტიდან მნიშვნელოვანი დროის გასვლის გამო. ასეთ გარემოებებში, მომჩივნის მიერ სათანადო გულმოდგინების ნაკლებობის კუმულაციური ეფექტის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 13 და 15 ზემოთ), რამაც შექმნა ობიექტური შეზღუდვები გამოძიების ეფექტურობისთვის, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობა, თავისთავად, საკმარისია გამოძიების ეფექტურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად.
- დასკვნა
19. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით და მიუღებლობის ზემოაღნიშნული სხვადასხვა საფუძვლის კუმულაციური ეფექტის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 9 აპრილს.
გიორგი ბადაშვილი ანია ზაიბერტი-ფორი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები