ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი არეშიძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი არეშიძე საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 34585/23
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 24/03/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2026
სარეგისტრაციო კოდი
34585/23
24/03/2026
ვებგვერდი, 16/11/2026
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი არეშიძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციის  გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი არეშიძე საქართველოს წინააღმდეგ“

საჩივარი №34585/23
 

 

 

 


 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) 2026 წლის 24 მარტს კომიტეტის შემდეგი შემადგენლობით:

          ლორენ შემბრი ორლანდი, თავმჯდომარე,
          ანია ზაიბერტი-ფორი,
          ანდრას იაკაბი, მოსამართლეები,
და სიმეონ პეტროვსკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 34585/23) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2023 წლის 8 სექტემბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ ბატონმა ირაკლი არეშიძემ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1985 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. ავალიანი და თ. ზარქუა, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში;

გადაწყვეტილება, ეცნობოს საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბატონი ბ. ძამაშვილი;

მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და მომჩივნის საპასუხო მოსაზრებები;

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC), ილგა-ევროპისა (ILGA-Europe) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კომენტარები, რომლებსაც ჩარევის ნებართვა მისცა სექციის თავმჯდომარემ;

განხილვის შედეგად  მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

საქმის არსი

1 . საქმე ეხება მომჩივნის ბრალდებებს პოლიციელის მიერ სიძულვილით მოტივირებული ცუდი მოპყრობის შესახებ და შემდგომში საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ ამ ბრალდებების გამოძიების უუნარობას. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-3, მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად.

A.   მომჩივნის დაკავებისა და მის მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობის გარემოებები

2 . ოფიციალური ვერსიის თანახმად, 2022 წლის 7 ნოემბრის გამთენიისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მომჩივანმა შეურაცხყოფა მიაყენა თბილისში მდებარე კაფეს თანამშრომელს, რის შედეგადაც გამოიძახეს დაცვის პოლიცია. შემთხვევის ადგილზე დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა, მომჩივანი კაფედან გამიყვანა, ხელბორკილები დაადო და მანქანაში ჩასვა. დაცვის პოლიციის თანამშრომლების სხეულზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მომჩივანი შეურაცხყოფს მათ. მოვლენების განვითარების ადგილზე ორი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მისვლის შემდეგ მომჩივანი დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 და 173-ე მუხლები) და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადმინისტრაციული დაკავების შესაბამის ოქმში აღნიშნულია, რომ მომჩივანს გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდა. იმავე დღეს, დაცვის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეადგინა ინციდენტის აღწერის ჩანაწერი, რომელშიც მან განაცხადა, რომ მომჩივანმა შეურაცხყოფა მიაყენა მას, მის კოლეგას და კაფეს პერსონალს.

3 . პოლიციის განყოფილებაში მომჩივანს ალკოტესტი ჩაუტარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაახლოებით 09:30 საათზე ის ტუალეტში წაიყვანეს, შემდეგ კი 11:00 საათზე ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციული მოსმენის მოლოდინში წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს. ხ.ჩ.-მა, ერთ-ერთმა საპატრულო პოლიციის იმ ორი თანამშრომლიდან, რომლებმაც მომჩივანი ჯერ დააკავეს და შემდეგ სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს, ის ცალკე საკანში მოათავსა იმ მოტივით, რომ სხვა დაკავებულებმა უარი თქვეს „საყურიან კაცთან“ ერთად განთავსებაზე. მომჩივანმა მოსმენის დაწყებამდე დაახლოებით ოთხ-ნახევარი საათი გაატარა აღნიშნულ საკანში. ამ დროის განმავლობაში ის ერთხელ გაიყვანა ბადრაგმა ტუალეტში.

4 . თავის მხრივ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ კაფეს პერსონალთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოვლენების განვითარების ადგილზე მისულმა დაცვის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რამაც მისი შემდგომი აგრესიული ქცევა გამოიწვია. მან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთმა დამკავებელმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, ხ.ჩ.-მა, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ცალკე საკანში მოათავსა მისი სექსუალური ორიენტაციის გამო და რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცა ტუალეტითა და სასმელი წყლით სარგებლობის უფლება. მომჩივნის მიერ ტუალეტის გამოყენების განმეორებითი თხოვნით გაღიზიანების შემდეგ, ხ.ჩ. საკანში შევარდა, ძალადობრივად დააწვინა მიწაზე, მუხლი ზურგზე დაადო, მტკივნეულად მოხარა და ხელებზე ზურგს უკან ხელბორკილები დაადო.

5 . 2023 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მომჩივნის წინააღმდეგ შეტანილი ადმინისტრაციული საქმის განხილვის შემდეგ, ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა. მან შეწყვიტა სამართალწარმოება საზოგადოებრივი წესრიგის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.

B.   შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევა

6 . 2022 წლის 15 ნოემბერს მომჩივანმა გენერალურ ინსპექციაში საჩივარი შეიტანა კაფეში ინციდენტის დროს მყოფი დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გაკეთებულ სავარაუდო ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით. 2022 წლის 6 დეკემბერს გენერალურმა ინსპექციამ გამოჰკითხა დაცვის პოლიციის ორივე თანამშრომელი, რომლებმაც მომჩივნის სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ბრალდებები უარყვეს, როგორც ცრუ. მეორე დღეს ასევე გამოიკითხა ორი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომლებმაც დააკავეს მომჩივანი; მათ ანალოგიურად განაცხადეს, რომ არ უნახავთ, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. 2022 წლის დეკემბერში, დაუზუსტებელ თარიღში, გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დახურა და დაასკვნა, რომ დისციპლინურ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

C.   სისხლის სამართლის გამოძიება

7 . 2022 წლის 8 ნოემბერს მომჩივანი დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს (დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იმ დროს პასუხისმგებელი იყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების გამოძიებაზე) და განაცხადა, რომ კაფეში დაცვის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას ჰომოფობიური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სასამართლოს შენობაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, ხ.ჩ.-მა, მასზე ფიზიკურად იძალადა. 2022 წლის 10 ნოემბერს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთან გამოკითხვისას მომჩივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოვლენების საკუთარი ვერსია. მან განაცხადა, რომ ხ.ჩ.-მა ის სასამართლოს წინასწარი დაკავების ცალკე საკანში მოათავსა და რამდენიმე საათის განმავლობაში ტუალეტსა და სასმელ წყალზე წვდომა არ მისცა. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ხ.ჩ. გაღიზიანებული იყო მისი მუდმივი პროტესტით და, შედეგად, ძალადობრივად დააწვინა ძირს, მუხლი ზურგზე დაადო და ხელბორკილები დაადო, რამაც ძლიერი ტკივილი გამოიწვია. კონკრეტულ კითხვაზე პასუხად მომჩივანმა აღნიშნა, რომ ხ.ჩ.-ის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის სხვა შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

8 . 2022 წლის 11 ნოემბერს სპეციალურმა საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) შესაბამისად. 2022 წლის 8 ნოემბრის სამედიცინო შემოწმების შედეგების საფუძველზე ჩატარებულმა მომჩივნის სამედიცინო-კრიმინალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა ზურგზე, მხრებზე, მუცელზე, გულმკერდზე, თეძოებსა და წელზე მრავალი მცირე სილურჯე და ნაკაწრი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზიანებები მსუბუქი იყო, არ გამოუწვევია მომჩივნის ჯანმრთელობის დაზიანება და შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო 2022 წლის 7 ნოემბერს.

9 . 2023 წლის 17 იანვარს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოჰკითხა დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებიც კაფეში იმყოფებოდნენ ინციდენტის დროს. ორივემ განაცხადა, რომ მომჩივანს ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაუწევია მათთვის, თუმცა აგრესიულად იქცეოდა. მათ განაცხადეს, რომ მათ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და არც ძალა გამოუყენებიათ მის წინააღმდეგ.

10 . 2023 წლის 18 იანვარს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გამოჰკითხეს საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც უარყვეს მომჩივნისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ხ.ჩ.-მა დაადასტურა, რომ მომჩივანს წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებისას და, რომ კაფეში გარეგანი დათვალიერების დროს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანისას მომჩივანი პოლიციის მანქანაში აგრესიულად იქცეოდა, შეურაცხყოფდა მის გვერდით მჯდომ პოლიციელებს და ფეხებს ურტყამდა ფანჯრებს. შესაბამისად, მის გვერდით მჯდომი ორი თანამშრომელი იძულებული გახდა, მომჩივანი ხელებით გაეკავებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ მისი ან სხვების რაიმე სახის დაზიანება. რაც შეეხება სასამართლოს შენობაში მომჩივნის წინასწარი დაკავების ცალკე საკანში მოთავსებას, ხ.ჩ.-მა განაცხადა, რომ სხვა დაკავებულებს არ სურდათ „საყურიან მამაკაცთან“ ერთად განთავსება. მან ასევე განაცხადა, რომ როგორც კი მომჩივანმა ტუალეტში გაყვანა მოითხოვა, ის მაშინვე შევიდა საკანში, დაადო ხელბორკილები (ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე) და გაიყვანა. საპატრულო პოლიციის მეორე თანამშრომელმა იდენტური ჩვენება მისცა, სადაც აღნიშნა, რომ სასამართლოს წინასწარი დაკავების საკანში მომჩივნის მიმართ ფიზიკური ძალა არ ყოფილა გამოყენებული და, რომ მისთვის ჰომოფობიური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

11 . 2023 წლის 17 თებერვალს მომჩივანმა მოითხოვა მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. თავის მოთხოვნაში მან გაიმეორა თავისი ბრალდებები დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ჩიოდა რა სასამართლოს წინასწარი დაკავების საკანში ფიზიკური ძალადობის შესახებ, მომჩივანმა ასევე პირველად განაცხადა, რომ ხ.ჩ.-ის დამოკიდებულება და მოტივაცია ჰომოფობიური იყო. აღნიშნული მოთხოვნა, ისევე როგორც მომჩივნის მიერ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების რამდენიმე შემდგომი იდენტური მოთხოვნა, უარყოფილი იქნა; ზემდგომი პროკურორის მიერ გაცემული უკანასკნელი უარი უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 30 მაისს.

12 . 2023 წლის 20 იანვარს, 12 აპრილსა და 24 ივლისს მომჩივანს მიეცა წვდომა გამოძიების საქმის მასალებზე.

13 . 2023 წლის 26 დეკემბერს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გამოჰკითხა პირი, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვა წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ არ ახსოვს, იმყოფებოდა თუ არა იქ იმ კონკრეტულ დღეს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არ ახსენდება, რომ აღნიშნულ საკანში ყოფნის დროს დაკავებულების მიმართ რაიმე ძალადობის მოწმე ყოფილიყო. 2024 წლის 10 იანვარს სამმა პოლიციელმა, რომლებიც სავარაუდოდ ასევე იმყოფებოდნენ სასამართლოს შენობაში 2022 წლის 7 ნოემბერს, იდენტური ინტერვიუები მისცეს. 2024 წლის იანვარსა და თებერვალში გამოიკითხა კიდევ ორი პოლიციელი, რომლებმაც მომჩივანი პოლიციის მანქანით პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობამდე მიიყვანა. ორივე პოლიციელმა განაცხადა, რომ მომჩივანი აგრესიულად იქცეოდა და, რომ მათ ძალის გამოყენებით მოუწიათ მისი შეკავება. კონკრეტულ კითხვაზე პასუხად მათ მიუთითეს, რომ არ გამორიცხავდნენ, რომ მან გარკვეული დაზიანებები მიიღო მანქანაში შეკავებისას.

14 . საქმის მასალების თანახმად, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მომჩივანს დღემდე არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

15 . მომჩივანი კონვენციის მე-3, მე-13 და მე-14 მუხლების საფუძველზე ჩიოდა, რომ სასამართლოს წინასწარი დაკავების საკანში პოლიციელმა ის დაუქვემდებარეს სიძულვილით მოტივირებულ ცუდ მოპყრობას, ხოლო შესაბამისმა ორგანოებმა ვერ ჩაატარეს მისი ბრალდებების ეფექტური გამოძიება.

სასამართლოს შეფასება

16 . მთავრობამ რამდენიმე პრეტენზია წარადგინა საჩივრის მისაღებობასთან დაკავშირებით. მომჩივანმა უპასუხა, რომ გამოძიება არაეფექტური იყო. სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, განიხილოს მთავრობის მიერ წამოყენებული ყველა პრეტენზია, რადგან წინამდებარე საქმე ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია შემდეგი მიზეზების გამო.

17 . უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის პრეტენზიები კონვენციის მე-3, მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად, როგორც ეს საჩივრის ფორმაშია მითითებული, შემოიფარგლებოდა მისი ბრალდებებით პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სიძულვილით მოტივირებული ძალადობის შესახებ სასამართლოს წინასწარი დაკავების საკანში. შესაბამისად, ბრალდებები კაფეში დაცვის პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ჰომოფობიური განცხადებების შესახებ სცილდება წინამდებარე საქმის ფარგლებს.

18. საქმის მასალები მოიცავს სამედიცინო მტკიცებულებებს – რომლებიც მთავრობას არ უარუყვია – რომლებიც მიუთითებს, რომ მომჩივანმა დაზიანებები მიიღო დაკავების შემდეგ და პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნისას. შესაბამისად, მთავრობას ევალებოდა აღნიშნული დაზიანებების დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარმოდგენა (იხ. საქმე Ribitsch v. Austria, 1995 წლის 4 დეკემბერი, § 34, Series A no. 336, და საქმე Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 87, ECHR 1999‑V). სასამართლო აღნიშნავს, რომ მათი მტკიცება, რომ მომჩივანი იმ დღეს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აგრესიულად იქცეოდა, დასტურდება საქმის მასალებში არსებული ვიდეომტკიცებულებებით, რომელთა ავთენტურობასაც მომჩივანი არ ედავება. ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ეცემა მომჩივანი ძირს და ერთ-ერთ პოლიციელს მისკენ ექაჩება – ეპიზოდი, რომლის დროსაც, მთავრობის თანახმად, შესაძლოა მომჩივანს მიეღო დაზიანებების ნაწილი მაინც. ასევე არ არის გამორიცხული, რომ, როგორც მთავრობა ამტკიცებს და რაც მომჩივანს არ უარუყვია, ის აგრესიულად იქცეოდა პოლიციის მანქანაში და შესაძლოა დაზიანებების ნაწილი მაინც მიეღო პოლიციის თანამშრომლების მიერ შეკავების დროს. ასეთ ვითარებაში, მომჩივნის დაზიანებების ხასიათისა და მათი წარმოშობის შესახებ მთავრობის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, რაც დამაჯერებლად გამოიყურება, და მომჩივნის ჩვენების გამამყარებელი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, საფუძვლიან ეჭვს მიღმა, რომ მომჩივანი სასამართლოს წინასწარი დაკავების საკანში ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა (შეუპირისპირეთ საქმე M.F. v. Hungary, no. 45855/12, § 49, 2017 წლის 31 ოქტომბერი, და საქმე Gogaladze v. Georgia, no. 8971/10, § 58, 2019 წლის 18 ივლისი).

19. რაც შეეხება ბრალდებას, რომ შესაბამისი პოლიციელის ქცევას ჰომოფობიური ელფერი დაჰკრავდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ამ მხრივ თანმიმდევრული არ იყო. სასამართლოს წინასწარი დაკავების საკანში მოპყრობასთან დაკავშირებით თავის თავდაპირველ პრეტენზიებში მან მხოლოდ ფიზიკური ძალადობა განაცხადა (იხ. პარაგრაფი 4 ზემოთ). მხოლოდ შემდგომში ჩამოაყალიბა მომჩივანმა ჰომოფობიური მოპყრობის შესახებ ბრალდებები ზოგადად, შესაბამისი პოლიციელის მიერ სავარაუდოდ გაკეთებული რაიმე კონკრეტული, დამამცირებელი შენიშვნის მითითების გარეშე (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ). რაც შეეხება შესაბამისი პოლიციელის განცხადებას, რომ მან მომჩივანი სასამართლოს წინასწარი დაკავების ცალკე საკანში მოათავსა, რადგან სხვა დაკავებულებს არ სურდათ „საყურიან კაცთან“ ერთად განთავსება, სასამართლო აღნიშნავს მთავრობის განმარტებას, რომ აღნიშნული ზომა მომჩივნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენიშვნა შეიძლება გავიგოთ, როგორც უარყოფითი კონოტაციის მატარებელი, სხვა მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში და მთავრობის განმარტების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ მიიჩნევს საკმარისად იმის დასადგენად, რომ პოლიციელი ჰომოფობიური მოტივით მოქმედებდა (იხ. საქმე M.F. v. Hungary, ციტირებული ზემოთ, § 68; ასევე იხ. საქმე Dzerkorashvili and Others v. Georgia, no. 70572/16, §§ 68-73, 2023 წლის 2 მარტი).

20 . რაც შეეხება პრეტენზიას გამოძიების არაადეკვატურობის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარი პოლიციის ძალადობის შესახებ ისეთი იყო, რომ მოითხოვდა ეფექტურ ოფიციალურ გამოძიებას (იხ. პარაგრაფი 18 ზემოთ). ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიება დროულად დაიწყო და ჩატარდა მრავალი შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიება. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი, მას, სულ მცირე, სამჯერ მიეცა უფლება, გაცნობოდა საქმის მასალებს. არ ჩანს, რომ მას ხელი შეეშალა სამართალწარმოებაში მონაწილეობაში, მაგალითად, გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ მოთხოვნებზე უარის თქმით. მომჩივანს არ დაუსახელებია რაიმე კონკრეტული ხარვეზი შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებაში. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ხანგრძლივობა შეშფოთებას იწვევს, სასამართლო, თავისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, არ მიიჩნევს, რომ 3,5 წლის დაგვიანება თავისთავად საკმარისია იმის დასადგენად, რომ გამოძიება არაადეკვატური იყო (იხ. საქმე Dzerkorashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 72).

21 . ამრიგად, მომჩივნის პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

აცხადებს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 30 აპრილს.

                       

სიმეონ პეტროვსკი   

სექციის განმწესრიგებლის მოადგილე   

   ლორენ შემბრი ორლანდი
               თავმჯდომარე