ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ზაკაიძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ზაკაიძე საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 42199/22
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 23/03/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2026
სარეგისტრაციო კოდი
42199/22
23/03/2026
ვებგვერდი, 12/11/2026
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ზაკაიძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 

მეოთხე სექციის

 

საქმეზე „ზაკაიძე საქართველოს წინააღმდეგ“

 

(საჩივარი №42199/22)

 

 

გადაწყვეტილება

 

მუხ. 3 (პროცედურული) • კერძო პირების მიერ მომჩივანზე

ფიზიკური თავდასხმის ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება

 

მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.

 

 

სტრასბურგი

2025 წლის 4 ნოემბერი

 

საბოლოო

 

23.03.2026

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში.

ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

 

საქმეზე „ზაკაიძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

ჯოლიენ შუკინგი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
ლორენ შემბრი ორლანდი
ანია ზაიბერტი-ფორი
ანა მარია გუერა მარტინსი,
ანე ლუიზ ბორმანი, მოსამართლეები,
და სიმეონ პეტროვსკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 42199/22) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ბესიკ ზაკაიძის (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ 2022 წლის 24 აგვისტოს;

გადაწყვეტილება ეცნობოს საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“);

მხარეთა მოსაზრებები;

2025 წლის 14 ოქტომბრის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. საჩივარი ეხება სამი კერძო პირის მიმართ, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მომჩივანს, სავარაუდოდ არაეფექტურ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-2, მე-6 და მე-8 მუხლების შესაბამისად.

ფაქტები

2. მომჩივანი დაიბადა 1973 წელს და ცხოვრობს სოფელ თვალივში (დუშეთის მუნიციპალიტეტი). მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი გ. ტაბატაძე, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში.

3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

I. თავდასხმა მომჩივანზე

4. 2021 წლის 9 თებერვალს მომჩივანსა და მის სამ მეზობელს შორის ჩხუბი მოხდა, რადგან მომჩივანმა ერთ-ერთ მათგანს სთხოვა გარკვეული თანხის დაბრუნება, რომელიც ამ უკანასკნელმა მისგან ისესხა. ჩხუბი დასრულდა იმით, რომ სამივე მეზობელმა მომჩივანს სცემა. მომჩივნისთვის გამოიძახეს სასწრაფო დახმარება; მომჩივანს, სასწრაფო დახმარების დასკვნის თანახმად, ქვედა ყბის ტკივილისა და დეფორმაციის გამო უჭირდა ლაპარაკი და ყლაპვა, ასევე ჰქონდა გულისრევა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქვედა ყბის მოტეხილობა, ცხვირზე ექსკორიაციები, ასევე ქალასშიდა ტრავმა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ყბის მოტეხილობის გამო ორი ოპერაციის შემდეგ, მომჩივანი საავადმყოფოდან 2021 წლის 16 თებერვალს სტაბილურ მდგომარეობაში გაწერეს.

II. წინასასამართლო გამოძიება

5. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად) შესაბამისად და მომჩივანი დაუყოვნებლივ დაკითხა საავადმყოფოში წამყვანმა გამომძიებელმა. მალევე დაიკითხა სამივე მეზობელი. სამივემ აღიარა ბრალი, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მომჩივანს. არცერთი მათგანისთვის არ შეუფარდებიათ წინასწარი პატიმრობა. შემდეგ ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ღონისძიება; კერძოდ, ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, გადაიღეს დანაშაულის ჩადენის ადგილი და დაიკითხა რამდენიმე დამატებითი მოწმე, მათ შორის, სასწრაფო დახმარების ექიმი.

6. 2021 წლის 9 მარტს მომჩივანმა მცხეთის რაიონულ პროკურატურას წერილობით მიმართა გამოძიების გაჭიანურების შესახებ. მან მოითხოვა საქმის ზედამხედველი პროკურორის სახელი და ინფორმაცია გამოძიების შესახებ, მათ შორის, თავდამსხმელების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2021 წლის 24 მარტს მომჩივანს პასუხად ეცნობა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ ბრალდების წაყენების გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნებოდა რამდენიმე საგამოძიებო ღონისძიების შედეგზე.

7. ამასობაში, 2021 წლის 10 მარტს საგამოძიებო ორგანოებმა მომჩივნის სამედიცინო ისტორიის სასამართლო ექსპერტიზა დანიშნეს და სამედიცინო ექსპერტებს სამი კითხვა დაუსვეს – რათა დაედგინათ, ჰქონდა თუ არა მომჩივანს მიღებული რაიმე ტრავმა, როდის და როგორ შეიძლებოდა მიყენებული ყოფილიყო აღნიშნული დაზიანებები და რამდენად სერიოზული იყო ეს დაზიანებები.

8. 2021 წლის 26 მარტს ფსიქიატრთან კონსულტაციის შემდეგ მომჩივანს მიეცა ფსიქოთერაპიის სესიების რეკომენდაცია.

9. 2021 წლის 19 აპრილს მომჩივანმა მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საჩივარი შეიტანა მის მიმართ ჩადენილი ქმედებების (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად) არასაკმარისი და ზედმეტად ლმობიერი სამართლებრივი კლასიფიკაციის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამი თავდამსხმელი ჯგუფურ თავდასხმას მანამ აგრძელებდა, სანამ მესამე მხარე მათ შესაჩერებლად არ ჩაერია, ხოლო მიღებული დაზიანებების შედეგად, მისი შრომისუნარიანობა შემცირდა. მნიშვნელოვანი სამედიცინო ხარჯების გარდა, მან ასევე განიცადა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და მორალური ზიანი, რაც კიდევ უფრო გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ თავდამსხმელები თავისუფლებაში დარჩნენ. მომჩივანმა მოითხოვა ბრალდებების გადაკვალიფიცირება და მისი დაზარალებულის სტატუსის აღიარება. მან ასევე მოითხოვა, რომ ეცნობებინათ გამომძიებლის მიერ განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ. ზემოხსენებული საჩივარი გადაეგზავნა შესაბამის რეგიონულ პროკურატურას შემდგომი განხილვისთვის, მაგრამ პასუხი არასოდეს მიუღიათ.

10. 2021 წლის 21 აპრილს მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. მეორე დღეს მას გადაეცა შესაბამისი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც მოიცავდა დოკუმენტს, რომელშიც ჩამოთვლილი იყო მისი როგორც დაზარალებულის საპროცესო უფლებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 24 ქვემოთ). სიის ბოლოს წინასწარ აკრეფილი ფრაზა იყო, რომელიც შემდეგნაირად იკითხებოდა:

„დაზარალებულმა ბესიკ ზაქაიძემ, აღნიშნა, რომ ის გაეცნო ოქმში მოცემულ დაზარალებულის უფლებებისა და ვალდებულებების ჩამონათვალს და, რომ მას არ სურდა საქმის მასალებში არსებული მასალების [გადახედვის] უფლების გამოყენება ან საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება.“

ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერა მომჩივანმა.

11. 2021 წლის 24 მაისს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა მცხეთის რაიონული პროკურორის სახელზე, რომელიც ზედამხედველობდა მისი საქმის გამოძიებას და განაცხადა, რომ გამომძიებელმა შეცდომაში შეიყვანა ის, რომ ხელი მოეწერა 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ჩამოთვლილი იყო მისი, როგორც დაზარალებულის უფლებები და რომლითაც, სავარაუდოდ, მან უარი თქვა საპროცესო უფლებებზე. მათ შორის, მან ასევე პრეტენზია განაცხადა, რომ გამომძიებელმა ზეწოლა განახორციელა მასზე, რათა ჩვენებაში წარმოედგინა ძალადობის ნაკლებად მძიმე ვერსია, რომელიც მან განიცადა მასზე თავდასხმისას და რომ, ზოგადად, გამომძიებელი არ რეაგირებდა მის პრეტენზიებზე. მომჩივანმა სთხოვა პროკურორს, გამომძიებლისთვის დაევალებინა, მიეცა მისთვის საქმის მასალებზე წვდომა და ინფორმირებული ჰყოლოდა საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ. მომჩივნის ზემოხსენებული საჩივარი უპასუხოდ დარჩა.

12. საქმის მასალების თანახმად, იმავე დღეს, წამყვანმა პროკურორმა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული განრიდების პროცედურა ორი თავდამსხმელის მიმართ, რომლებიც ინციდენტის დროს 19 და 20 წლის იყვნენ და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, გაეგრძელებინა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

13. 2021 წლის 1 ივლისს სამედიცინო ექსპერტმა შეადგინა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც, სასწრაფო დახმარების მიერ გაცემულ მომჩივნის სამედიცინო ცნობაზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ ინციდენტის შემდეგ მომჩივანს სახეზე აღენიშნებოდა ნაკაწრები და ქვედა ყბის მარჯვენა მხარეს დეფორმაცია და შეშუპება. მის შემდგომ სამედიცინო ცნობაზე მითითებით, მან აღნიშნა, რომ მისი დიაგნოზი იყო ცხვირზე გადატყავებული კანი, ქვედა მარჯვენა ყბის ფრაგმენტული მოტეხილობა, ქვედა მარცხენა ყბის ხაზოვანი მოტეხილობა და ტვინის შერყევა. დასკვნაში ასევე ნათქვამია:

„ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაცია არ იძლევა გადატყავებული კანისა და ნაკაწრების მორფოლოგიურ აღწერას, შეუძლებელია მათი წარმოშობის დროის დადგენა. შესაბამისად, ინდივიდუალურად განხილვისას, ისინი კლასიფიცირდება, როგორც სხეულის მცირე დაზიანებები, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიუყენებია.

გადატყავებული კანის სახით მიღებული დაზიანებები გამოწვეულია ბლაგვი საგნით, ხოლო ნაკაწრების სახით მიღებული დაზიანებები, სავარაუდოდ, გამოწვეულია ბასრი საგნის წვეტთან, ბასრ კიდესთან ან გამოკვეთილი კიდის მქონე ბლაგვ საგანთან შეხებით.

ფრაგმენტული მოტეხილობა მარჯვენა ქვედა ყბის გადაადგილებით, მარცხენა ქვედა ყბის ხაზოვანი მოტეხილობა და ტვინის შერყევა – გამოწვეული ბლაგვი საგნით – მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე სხეულის დაზიანებების [კატეგორიას], რომლებიც იწვევს ჯანმრთელობის ხანგრძლივ ზიანს და ემთხვევა გადაწყვეტილებაში მითითებულ დაზიანებების თარიღს – 2021 წლის 9 თებერვალს.“

14. 2021 წლის 8 ივლისს პროკურატურამ ბრალდებები გადააკვალიფიცირა ჯგუფის მიერ ჩადენილი ძალადობიდან (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ზიანებად (სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული), ორივე ციტირებულია ქვემოთ 22-ე პარაგრაფში. იმავე დღეს, მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი ახლად კლასიფიცირებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მან ხელი მოაწერა შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისი ნაწილი ასე იკითხებოდა:

„1. დაზარალებულს უნდა ეცნობოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;

2. [დაზარალებულს] გონივრულ ვადაში უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და ახსნა-განმარტება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების შესახებ.“

III. სისხლის სამართლის საქმის წარმოება

15. 2021 წლის 22 ივლისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ჩაატარა ზეპირი მოსმენა ონლაინ რეჟიმში პროკურორისა და სამი მოპასუხის მონაწილეობით, რომელთაგან თითოეულმა აღიარა დანაშაული. მომჩივნისთვის არ უცნობებიათ სხდომის თარიღის შესახებ და შესაბამისად, არ მიუღია მონაწილეობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 26 ქვემოთ) და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს არ გაუპროტესტებიათ არცერთი მტკიცებულება, პირველი ინსტანციის მოსამართლემ გააგრძელა გამარტივებული წარმოებით, მტკიცებულებების ზეპირი განხილვის გარეშე და სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მითითებით (იხ. პარაგრაფი 23 ქვემოთ) და იმის გათვალისწინებით, რომ მათ ხელი შეუწყვეს სამართალწარმოებას მტკიცებულებების გასაჩივრების არარსებობით და დანაშაულის აღიარებით, პირველი ინსტანციის მოსამართლემ სამივეს მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითი სასჯელი და დამატებით უბრძანა მათ, არ მიახლოებოდნენ ან სხვაგვარად არ დაკავშირებოდნენ მომჩივანს.

16. 2021 წლის 2 აგვისტოს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი პოზიცია სასამართლო პროცესზე არ იქნა მოსმენილი და თავდამსხმელების პირობითი სასჯელი, მისთვის მიყენებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის გათვალისწინებით, არ იყო პროპორციული ან ადეკვატური. მან განაცხადა, რომ მას თავს დაესხა სამკაციანი ჯგუფი, რომელმაც მიაყენა სერიოზული დაზიანებები, მათ შორის, ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა და ტვინის შერყევა, და რომ შედეგად მან განიცადა როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი. მან განსაკუთრებით გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ ის სასამართლო პროცესზე არ იქნა მოსმენილი და განაცხადა თავისი საპროცესო უფლებების დარღვევის შესახებ. მან სთხოვა პროკურორს, გაესაჩივრებინა გამამტყუნებელი განაჩენი და მოეთხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს გაეთვალისწინებინა მისი პოზიცია და ინტერესები. იმავე დღეს საქმის ზედამხედველი პროკურორისადმი გაგზავნილ ცალკე წერილში მან მოითხოვა საქმის მასალებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლზე წვდომა. პასუხის არარსებობის პირობებში მომჩივანმა იგივე მოთხოვნა წარუდგინა მცხეთის პირველი ინსტანციის სასამართლოს. 2021 წლის 6 აგვისტოს სასამართლომ უარყო მომჩივნის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მას საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნის უფლება წინასასამართლო განხილვის ეტაპზე უნდა მოეთხოვა.

17. უცნობ თარიღში პროკურატურამ გაასაჩივრა 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და მოითხოვა უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრება. 2021 წლის 6 სექტემბერს მომჩივანმა პირდაპირ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც ჩიოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი მის დაუსწრებლად ჩატარდა და, რომ არც მისთვის და არც მისი ადვოკატისთვის არასოდეს შეუტყობინებიათ 2021 წლის 22 ივლისს ჩანიშნული სხდომის შესახებ. მან გაიმეორა თავისი პრეტენზია, რომ დაკისრებული სასჯელები უკანონო იყო, რადგან ის – როგორც დაზარალებული – არ მოუსმენიათ და გაუთვალისწინებიათ და, რომ სასჯელები, მის მიერ განცდილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, არ იყო პროპორციული ან ადეკვატური. მათ შორის, მან სააპელაციო სასამართლოს სთხოვა ზეპირი მოსმენის გამართვა და მისი მტკიცებულებების მოსმენა.

18. 2021 წლის 3 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და სამი თავდამსხმელის პირობითი სასჯელი სამი წლიდან გაზარდა ოთხ წლამდე. გარდა ამისა, სამივე მათგანს 200 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ვადის პირობითი მსჯავრით ჩანაცვლების შესაძლებლობას, მათ შორის, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდებულებისთვის ოთხწლიანი პირობითი ვადის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

„[სამმა ბრალდებულმა] ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც მათ აღიარეს; მათ არ აქვთ ნასამართლობა და, შესაბამისად, პირობითი სასჯელის [დაკისრება] კანონიერია. რაც შეეხება სამართლიანობის კომპონენტს, უნდა აღინიშნოს, რომ პირობითი მსჯავრი, პრობაციის ვადის დაკისრებასთან ერთად, არ ისახავს მიზნად მსჯავრდებული პირის სისხლისსამართლებრივი შედეგებისგან გათავისუფლებას. პირობითი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა გაიმეოროს დანაშაული და უნდა დაიცვას მასზე დაკისრებული პირობები, რაც თავისთავად წარმოადგენს სანქციის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას. ის ფაქტი, რომ დაზარალებული ითხოვს მსჯავრდებული პირისთვის მკაცრ სასჯელს, უპირობოდ არ შეიძლება გახდეს [ასეთი] სანქციის დაკისრების საფუძველი. ამავდროულად, მხოლოდ აღიარებამ და ნასამართლობის არარსებობამ არ შეიძლება ავტომატურად გამოიწვიოს პირობითი სანქციის დაკისრება. ამ შემთხვევაში არსებობს სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც, [მსჯავრდებულთა] ფინანსურ და ოჯახურ გარემოებებთან ერთად, საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სანქციის მიზნები იქნება მიღწეული, თუ სასჯელები პირობითად იქნება დაკისრებული. ამ საქმეში გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

ა) [მსჯავრდებულებს] არ გაუპროტესტებიათ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას;

ბ) [მსჯავრდებულების] წინააღმდეგ ბრალდების წაყენებიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე პერიოდში არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ მათ ხელახლა ჩაიდინეს დანაშაული;

გ) სააპელაციო სასამართლომ თითოეულ მსჯავრდებულს ოთხწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და გადაწყვიტა, რომ მიზანშეწონილი იყო პირობით მსჯავრდება; შესაბამისად, მსჯავრდებულებმა იციან, რომ თუ ისინი ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულს და არ შეასრულებენ პირობითი მსჯავრის პერიოდში დაკისრებულ პირობებს, მათი ოთხწლიანი პირობითი მსჯავრი შეიძლება გაუქმდეს;

დ) [მსჯავრდებულებს] ეკრძალებათ დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია პირობითი მსჯავრის პერიოდში, რაც ასევე წარმოადგენს მათი რეაბილიტაციის დამატებით გარანტიას და დანაშაულის ხელახალი ჩადენის თავიდან აცილების საშუალებას.“

19. სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართა მხარეთა, მათ შორის, მომჩივნის თანდასწრებით. თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა შესწავლილი, რადგან ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, ამ სასამართლო საქმის წარმოების ფარგლები ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრით შემოიფარგლებოდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ წაიკითხა მომჩივნის წერილობითი არგუმენტები.

20. 2022 წლის 30 მაისს უზენაესმა სასამართლომ მიუღებლად ცნო ბრალდების მხარის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას დაკისრებული სანქციის გაზრდის შესახებ, უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, მათ შორის, რომ სამმა მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული; მათ არ გაუპროტესტებიათ მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს გამოძიებას; და არ ჩაუდენიათ დანაშაული ხელახლა. მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მათ არ აუნაზღაურეს მას მატერიალური ან მორალური ზიანი, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანს შეეძლო ცალკე სარჩელის შეტანა კომპენსაციის მოთხოვნით. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ასეთი ზიანისთვის კომპენსაცია არ გადაუხდიათ, გავლენას ვერ მოახდენდა დაკისრებულ სასჯელზე.

IV. საქმის წარმოება კომპენსაციის თაობაზე

21. 2024 წლის 20 სექტემბერს სასამართლოს ეცნობა, რომ 2023 წლის 21 თებერვალს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, სასამართლო ხარჯების გადაუხდელობის გამო, არ დააკმაყოფილა მომჩივნის სამოქალაქო სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც შეტანილი იყო სამი თავდამსხმელის წინააღმდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ შესაბამისი დებულება, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლებას სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურების პროცედურის ფარგლებში, არ ვრცელდება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 26 ივნისს.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

I. სისხლის სამართლის კოდექსი

22. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები (შესაბამის დროს მოქმედი რედაქციით), რომლებიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის დანაშაულების კატეგორიებსა და განმარტებებს, შემდეგნაირად იკითხებოდა:

მუხლი 12. დანაშაულის კატეგორიები

„1. ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;

ბ) მძიმე დანაშაული;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

2. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას“.

მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

„1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, ...“

მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება

„1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

...

3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ... დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.

მუხლი 126. ძალადობა

„1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. იგივე ქმედება, ჩადენილი:

...

ბ) ჯგუფურად;

...

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

...“

23. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც არეგულირებს სხვადასხვა სახის სანქციებთან და მათ დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შემდეგნაირად იკითხება:

მუხლი 39. სასჯელის მიზანი

„1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

„1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

...

3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

მუხლი 63. პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი

„...

3. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“.

მუხლი 64. გამოსაცდელი ვადა

„1. ამ კოდექსის ... 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა...“

II. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

24. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები, შესაბამის დროს მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა პირის შემდეგ საპროცესო უფლებებს, რომელსაც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი:

მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები

„დაზარალებულს უფლება აქვს:

ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;

ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ;

გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;

დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;

ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

...

თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;

...

კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს;

...

მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;

ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით“.

მუხლი 58. ინფორმაცია და განმარტება

„1. პროკურორმა დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს მას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:

ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;

ბ) წინასასამართლო სხდომა;

გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;

დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა;

ე) სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა;

ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

...

4. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება“.

25. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი (ზიანის ანაზღაურება) ითვალისწინებს, რომ „პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება“.

26. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლი (პრეიუდიცია) ადგენს, რომ „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის“.

III. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-30921 მუხლების თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თვლის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შედეგად მას მიადგა მატერიალური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს, შესაბამისი სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც ადგენს შესაბამისი დანაშაულის არსებობას, სარჩელი შეიტანოს დამნაშავის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

კანონმდებლობა

I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

28. მომჩივანი კონვენციის მე-2, მე-6 და მე-8 მუხლების საფუძველზე ჩიოდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა საფუძვლიანად და ადეკვატურად არ გამოიძიეს 2021 წლის 9 თებერვლის თავდასხმა და შედეგად, მის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია არასაკმარისი და ძალიან ლმობიერი იყო, რის გამოც დამნაშავეებს პირობითი მსჯავრი დაედოთ. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ მას როგორც დაზარალებულს ხელი შეეშალა შესაბამის სისხლის სამართლის საქმეში ეფექტურად მონაწილეობაში.

29. როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით საქმის ფაქტობრივი გარემოებების შემფასებელი (იხ. საქმე Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 და 22768/12, § 126, 2018 წლის 20 მარტი), სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის პრეტენზიები განხილული უნდა იქნეს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:

მუხლი 3

„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.

A. მისაღებობა

1. მხარეთა არგუმენტები

30. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს მისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები. კერძოდ, მას უნდა აღეძრა ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სარჩელი, რათა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოეთხოვა მორალური ზიანისთვის, რომელიც სავარაუდოდ არაეფექტური გამოძიების შედეგად იყო მიყენებული. გარდა ამისა, მომჩივანს უნდა შეეტანა სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თავდამსხმელების წინააღმდეგ. ალტერნატიულად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანმა არ დაიცვა ოთხთვიანი წესი, რადგან გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობა მისთვის უფრო ადრე უნდა გამხდარიყო აშკარა და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო.

31. მომჩივანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი საჩივრის ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც ეხებოდა მისი ფსიქიკური და ფიზიკური ხელშეუხებლობის სავარაუდო დარღვევას, სამართლებრივი დაცვის ერთადერთი ქმედითი საშუალება სისხლისსამართლებრივი დევნა იყო, რომელსაც მან სათანადოდ მიმართა. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე სარჩელი – სახელმწიფოს თუ თავდამსხმელების წინააღმდეგ – ვერ გადაჭრიდა მისი საჩივრის არსს, რომელიც ეხებოდა მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ეროვნული ორგანოების პროცედურული რეაგირების ხარვეზებს. მომჩივანმა ასევე უარყო მთავრობის არგუმენტი, რომ მან არ დაიცვა ოთხთვიანი წესი და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა და, რომ ის არ შეიძლებოდა დაედანაშაულებინათ იმაში, რომ სასამართლოში საჩივრის შეტანამდე მის შედეგს დაელოდა.

2. სასამართლოს შეფასება

32. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა თავდამსხმელების წინააღმდეგ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება გამოიყენა (იხ. პარაგრაფი 21 ზემოთ). შესაბამისად, მთავრობის არგუმენტის შესაბამისმა ნაწილმა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურაობასთან დაკავშირებით აქტუალობა დაკარგა. რაც შეეხება მთავრობის პრეტენზიის სხვა ასპექტს, სასამართლო იმეორებს, რომ ისეთი სერიოზული ქმედებების ეფექტური შეკავება, როგორიცაა პირის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის განზრახ ხელყოფა, როცა საქმე ეხება ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პირადი ცხოვრების არსებით ასპექტებს, მოითხოვს სისხლის სამართლის ეფექტურ მექანიზმებს (იხ. საქმე Pulfer v. Albania, no. 31959/13, § 71, 2018 წლის 20 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით; ასევე იხ. საქმე Krastanov v. Bulgaria, no. 50222/99, § 60, 2004 წლის 30 სექტემბერი, და საქმე Škorjanec v. Croatia, no. 25536/14, § 47, 2017 წლის 28 მარტი). მთავრობამ არ ახსნა, თუ რა გავლენა, ან თუ საერთოდ შეიძლებოდა გავლენა ჰქონოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ კომპენსაციის შესახებ ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეფექტურობაზე მისი მიმდინარეობისას. ანალოგიურად, მათ არ წარმოადგინეს რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ დაწყებული ასეთი სამართალწარმოება ეფექტური იქნებოდა მომჩივნის მიერ სასამართლოში წარდგენილი პრეტენზიების განხილვისთვის. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას ამოუწურაობის შესახებ.

33. სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, ის ასევე უარყოფს მთავრობის პრეტენზიას ოთხთვიანი ვადის გამოთვლასთან დაკავშირებით (იხ. საქმე Machalikashvili and Others v. Georgia, no. 32245/19, § 69, 2023 წლის 19 იანვარი, შემდგომი მითითებებით).

34. რაც შეეხება იმ მტკიცებას, რომ მომჩივნის საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი, ჩაატარეს თუ არა შესაბამისმა ორგანოებმა სათანადო გამოძიება მომჩივანზე თავდასხმის გარემოებებთან დაკავშირებით, განხილული უნდა იქნეს კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე მისი საჩივრის არსებით მხარესთან ერთად.

35. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელი სხვა რაიმე საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

B. არსებითი მხარე

1. მხარეთა არგუმენტები

36. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებები, რადგან აღნიშნული ინციდენტის გამოძიება არაეფექტური იყო, მომჩივნის მონაწილეობა სამართალწარმოებაში ზედმეტად შეზღუდული; ძალადობრივი ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია არაადეკვატური და ძალიან ლმობიერი იყო; ხოლო სამ თავდამსხმელზე საბოლოოდ დაკისრებული სასჯელი არ იყო დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მომჩივანმა განაცხადა, რომ პროკურატურამ არ ჩაატარა ყოვლისმომცველი და სწრაფი სამედიცინო შემოწმება და შესაბამისად, უგულებელყო ინციდენტის შედეგად მიღებული სერიოზული სამედიცინო გართულებები, მათ შორის, მძიმედ დაზიანებული კბილები, შინაგანი ორგანოების დაზიანებები და ფსიქოლოგიური ტრავმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მიეწოდა ინფორმაცია სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ, განმეორებით უარი ეთქვა საქმის მასალებზე წვდომაზე, არ ეცნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვის თარიღის შესახებ და, შედეგად, ვერ შეძლო სასამართლოსთვის წარედგინა თავდასხმის შესახებ საკუთარი ვერსია ან მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ მიღებული მატერიალური და მორალური ზიანის შესახებ. მისი ბრალდებების კონტექსტში, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით, მომჩივანმა ასევე, დეტალების წარმოდგენის გარეშე, განაცხადა, რომ მისთვის არ გადაუხდიათ არანაირი კომპენსაცია თავდასხმის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისთვის.

37. მთავრობამ განაცხადა, რომ წინამდებარე საქმეში ეროვნულმა ორგანოებმა ჩაატარეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება მომჩივნის მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მათ დაადგინეს თავმდასხმელები და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს მათ მიმართ. მათ აღნიშნეს, რომ მომჩივნის მიერ მიღებული დაზიანებები კლასიფიცირებული იყო, როგორც მსუბუქი დაზიანებები, რაც ხსნის მათ სამართლებრივ კლასიფიკაციას სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად. მათ ასევე განაცხადეს, რომ სამი ბრალდებული სათანადოდ დაისაჯა, განსაკუთრებით ორი მათგანის ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით (ისინი შესაბამის დროს 19 და 20 წლის იყვნენ), წინა ნასამართლობის არარსებობის და გამოძიებასთან თანამშრომლობის, მათ შორის, დანაშაულის აღიარების გათვალისწინებით. რაც შეეხება მომჩივნის ბრალდებებს სამართალწარმოებაში მისი არაეფექტური და შეზღუდული მონაწილეობის შესახებ, მთავრობამ განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც უარი თქვა დაზარალებულის უფლებებზე და, რომ შემდგომში, სამართალწარმოების განმავლობაში, მას არასდროს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ამ მხრივ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ შესაბამისი უარის ხელმოწერისას მომჩივანს დახმარებას უწევდა ადვოკატი ბ.ბ. მათი არგუმენტის დასასაბუთებლად მათ წარმოადგინეს ადვოკატის სახელით გაცემული უფლებამოსილების ფორმის ასლი, ასევე პროკურორსა და ბ.ბ.-ს შორის 2024 წლის 16 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ბ.ბ.-მა დაადასტურა, რომ დაუდგენელ თარიღში (რომელიც მას არ ახსოვდა), მომჩივანს მისი თანდასწრებით მიეცა საქმის მასალებზე წვდომის უფლება და, რომ მომჩივანი არ დაქვემდებარებია არასათანადო ზემოქმედებას, ზეწოლას, ძალადობას ან/და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მომჩივანი მოითხოვდა საქმის მასალებზე წვდომას ან/და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპროცესო უფლებების განხორციელებას, საგამოძიებო ორგანოები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდნენ მას. მცხეთის რაიონული პროკურატურიდან მიღებულ 2024 წლის 16 სექტემბრით დათარიღებულ წერილზე დაყრდნობით მთავრობა ამტკიცებდა, რომ 2021 წლის 24 მაისის შემდეგ მომჩივანს არასდროს მოუთხოვია თავისი საპროცესო უფლებებით სარგებლობა.

2. სასამართლოს შეფასება

(a) შესაბამისი ზოგადი პრინციპები

38. სასამართლო იმეორებს, რომ, მისი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ფიზიკური ძალადობა სიმძიმის მინიმალურ ზღვარს უნდა აღწევდეს, რათა მოექცეს მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში. ამ მინიმალური დონის შეფასება, თავისი ხასიათით, ფარდობითია; ის დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური შედეგები და, ზოგიერთ შემთხვევაში, დაზარალებულის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. საქმე Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 91, ECHR 2000‑XI; საქმე Bouyid v. Belgium [GC], no. 23380/09, § 86, ECHR 2015; საქმე Muršić v. Croatia [GC], no. 7334/13, § 97, 2016 წლის 20 ოქტომბერი; და საქმე Khlaifia and Others v. Italy [GC], no. 16483/12, § 159, 2016 წლის 15 დეკემბერი).

39. კონვენციის 1-ელი მუხლი, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებებს, უზრუნველყონ, რომ მათ იურისდიქციაში მყოფი პირები დაცულნი იყვნენ მე-3 მუხლით აკრძალული ყველა ფორმის ცუდი მოპყრობისგან, მათ შორის, როდესაც ასეთ მოპყრობას კერძო პირები ახორციელებენ (იხ. საქმე A. v. the United Kingdom, 1998 წლის 13 სექტემბერი, § 22, Reports of Judgments and Decisions 1998‑VI, და საქმე Opuz v. Turkey, no. 33401/02, § 159, ECHR 2009). ამასთანავე, მე-3 მუხლი ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოებს, სავარაუდო ცუდი მოპყრობის ფაქტი ეფექტურად გამოიძიონ, მაშინაც, თუკი ასეთი მოპყრობა კერძო პირებმა განახორციელეს (იხ., სხვა მრავალ წყაროს შორის, საქმე M.C. v. Bulgaria, no. 39272/98, § 151, ECHR 2003‑XII; საქმე Denis Vasilyev v. Russia, no. 32704/04, §§ 98-99, 2009 წლის 17 დეკემბერი; და საქმე Eremia v. the Republic of Moldova, no. 3564/11, § 51, 2013 წლის 28 მაისი).

40. სასამართლომ შეაჯამა თავისი პრეცედენტული სამართალი პროცედურული ვალდებულების შესახებ კონვენციის მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების თანმხლები პრინციპების შესაბამისად საქმეში S.M. v. Croatia ([GC], no. 60561/14, §§ 312-19, 2020 წლის 25 ივნისი). კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ზოგადი ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს იმ შემთხვევებში, როდესაც კონვენციის საწინააღმდეგო მოპყრობა განხორციელდა სახელმწიფო წარმომადგენლების მონაწილეობით და იმ შემთხვევებში, როდესაც ძალადობა განხორციელდა კერძო პირების მიერ, პროცედურული მოთხოვნები მსგავსი იყო: ისინი ძირითადად ეხებოდა ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, დაეწყოთ და ჩაეტარებინათ გამოძიება, რომელიც დაადგენდა ფაქტებს და მოახდენდა პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და – საჭიროების შემთხვევაში – დასჯას.

41. როდესაც ოფიციალური გამოძიება იწვევს ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების დაწყებას, სამართალწარმოება მთლიანობაში, მათ შორის, მისი სასამართლო ეტაპი, უნდა აკმაყოფილებდეს მე-3 მუხლის მოთხოვნებს (იხ. საქმე Sabalić v. Croatia, no. 50231/13, § 97, 2021 წლის 14 იანვარი; ასევე იხ. საქმე Myumyun v. Bulgaria, no. 67258/13, §§ 66-68, 2015 წლის 3 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით). მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყველა სისხლისსამართლებრივი დევნა დასრულდეს მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელით, ეროვნული სასამართლოები არანაირ გარემოებაში არ უნდა იყვნენ მზად, დაუშვან ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის მძიმე ხელყოფის დაუსჯელად დატოვება ან სერიოზული დანაშაულებისთვის ზედმეტად ლმობიერი სანქციებით დასჯა. ამრიგად, სასამართლოსთვის განსახილველი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებით განიხილეს ყველა შესაბამისი გარემოება (იხ. საქმე Vučković v. Croatia, no. 15798/20, § 52, 2023 წლის 12 დეკემბერი).

42. სასამართლომ სახელმწიფოების პროცედურული ვალდებულების დარღვევები დაადგინა არაერთ საქმეში, სადაც აშკარა დისპროპორცია იყო ქმედების სიმძიმესა და შიდა დონეზე მიღებულ შედეგებს შორის, რაც აძლიერებს იმ განცდას, რომ ცუდი მოპყრობის ქმედებები იგნორირებული იყო შესაბამისი ორგანოების მიერ და, რომ არ არსებობდა ცუდი მოპყრობის ქმედებებისგან ეფექტური დაცვა (იხ. საქმე Sabalić, ციტირებული ზემოთ, § 98 (iii), შემდგომი მითითებებით).

(b) ამოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

43. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა. როგორც სამედიცინო დასკვნებით დასტურდება, თავდასხმის შედეგად მას ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა, ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის სისხლჩაქცევები და ნაკაწრები განუვითარდა. სასამართლო ასევე იღებს მომჩივნის არგუმენტს, რომ მისი სამი თანასოფლელის მიერ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ დაუცველობის, ტანჯვისა და სტრესის განცდა გამოიწვია. ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ განცდილი მოპყრობა საკმარისად სერიოზული იყო იმისთვის, რომ მიეღწია კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში მოხვედრისთვის საჭირო სიმძიმის დონისთვის და წარმოადგენდა ცუდი მოპყრობის დასაბუთებულ პრეტენზიას, რაც აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების წარმოშობას იწვევდა.

44. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული მოთხოვნის დაცვა ფასდება რამდენიმე არსებითი პარამეტრის საფუძველზე: გამოძიების სისწრაფე, მისი ადეკვატურობა, დაზარალებულის ჩართულობა და მისი დამოუკიდებლობა. ეს ელემენტები ურთიერთდაკავშირებულია და არცერთი მათგანი, იზოლირებულად აღებული, არ წარმოადგენს თვითმიზანს; პირიქით, ისინი ერთობლივად უნდა შეფასდეს (იხ. ზემოთ მე-40პარაგრაფში ციტირებული ზოგადი პრინციპები; ასევე იხ. საქმე R.R. and R.D. v. Slovakia, no. 20649/18, § 178, 2020 წლის 1 სექტემბერი, და საქმე Machalikashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 84).

45. სასამართლო იწყებს იმით, რომ მომჩივანს არ წამოუყენებია რაიმე კონკრეტული პრეტენზია გამოძიების სისწრაფესთან დაკავშირებით და ამ მხრივ რაიმე კონკრეტულ ხარვეზს არ განსაზღვრავს. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება თავდასხმის ფაქტზე და ჩატარდა არაერთი შესაბამისი და დროული საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, აღებული იქნა ჩვენები, რამაც სამი თავდამსხმელის მსჯავრდება მოჰყვა. სამართალწარმოება, მთლიანობაში, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო ეტაპები, წელიწადნახევარზე ნაკლებ დროში დასრულდა. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ სამართალწარმოების ეს ასპექტი ავლენდა პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემის ხარვეზს. მომჩივანს სასამართლოს წინაშე არც გამოძიების ჩამტარებელი ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წამოუჭრია პრეტენზია.

46. რაც შეეხება გამოძიების ადეკვატურობას, მომჩივნის პრეტენზია ამ მხრივ არსებითად დაიყვანება საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი სხვადასხვა დაზიანებების სათანადო და ყოვლისმომცველი სამედიცინო შემოწმების სავარაუდო უგულებელყოფაზე, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია დანაშაულის არასაკმარისი კლასიფიკაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა სასწრაფო დახმარების სამსახურის და საავადმყოფოში მომჩივნის მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ორი სამედიცინო ცნობის საფუძველზე და მთლიანად ფოკუსირებული იყო მის ფიზიკურ დაზიანებებზე (იხ. პარაგრაფები 7და 13ზემოთ). მომჩივანს არ გაუსაჩივრებია სასამართლო ექსპერტიზის ფარგლები მისი დანიშვნისას და არც მოუთხოვია ექსპერტისთვის დამატებითი კითხვების დასმა ან რაიმე დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. გარდა ამისა, მას არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი სამედიცინო მტკიცებულება, მათ შორის, დასკვნები ან/და ცნობები, მათ შორის, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასეთ გარემოებებში, საგამოძიებო ორგანოებისგან გონივრულად არ შეიძლებოდა მოლოდინი ყოფილიყო, რომ საკუთარი ინიციატივით მოიპოვებდნენ დამატებით სამედიცინო მტკიცებულებებს. შესაბამისად, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში სასამართლო ექსპერტიზა იყო ისეთი არასრულყოფილი, რომ ძირს უთხრიდა გამოძიების შესაძლებლობას, დაედგინა თავდასხმის ყველა შესაბამისი გარემოება.

47. რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიას, რომ პროკურატურამ ის საკმარისად ვერ ჩართო სამართალწარმოებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს ორჯერ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და აცნობეს მისი საპროცესო უფლებების შესახებ (იხ. პარაგრაფები 10 და 14 ზემოთ). მას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოედგინა მოვლენების შესახებ საკუთარი ვერსია გამომძიებელთან პირველი დაკითხვის დროს და შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ წერილობით ჩვენებაში. წინასწარი გამოძიების ეტაპზე სისხლის სამართლის საქმის მასალებზე მისი წვდომის გარემოებები გაურკვეველი რჩება. მთავრობამ წარმოადგინა შენიშვნა მომჩივნის ადვოკატთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც განხორციელდა მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ და, რომლის თანახმადაც, მომჩივანს მიეცა საქმის მასალებზე წვდომის უფლება იმ დღეს, როდესაც მას პირველად მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). მომჩივანს კომენტარი არ გაუკეთებია ამ კონკრეტულ საკითხზე; თუმცა, როგორც ბრალდების მხარისთვის წარდგენილი შემდგომი საჩივრიდან ირკვევა, საქმის მასალებზე წვდომის შესახებ მის შემდგომ მოთხოვნას პასუხი არ მოჰყოლია (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს მთავრობის მტკიცებას, რომ მომჩივანმა უარი თქვა თავის საპროცესო უფლებებზე (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). მაშინაც კი, თუ ის მომჩივნის არგუმენტს მიიღებდა მისი როგორც დაზარალებულის უფლებებთან დაკავშირებით უარის თქმის ბათილობის შესახებ(იხ. პარაგრაფები 10 და 11 ზემოთ), წინასასამართლო წარმოების არცერთ ეტაპზე მას არ მოუთხოვია დამატებითი დაკითხვა ან რაიმე დამატებითი საგამოძიებო ზომების გატარება. გარდა ამისა, მან არ ახსნა, თუ როგორ იმოქმედა მისი უარის სავარაუდო ბათილობამ მის უფლებაზე, ეფექტურად მიეღო მონაწილეობა სამართალწარმოებაში 2021 წლის 21 აპრილიდან 8 ივლისამდე პერიოდში, როდესაც მისი დაზარალებულის სტატუსი მეორედ იქნა აღიარებული ყოველგვარი პირობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მისი როგორც დაზარალებულის სტატუსის შესახებ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ეხებოდა გადაკვალიფიცირებულ ბრალდებებს, რომლებზეც ჩატარდა შემდგომი სასამართლო წარმოება თავდამსხმელების წინააღმდეგ (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ).

48. რაც შეეხება სასამართლო განხილვის ეტაპს, ბრალდების მხარე და მოპასუხეები შეთანხმდნენ, რომ არ გააპროტესტებდნენ მტკიცებულებებს და ჩაატარებდნენ გამარტივებულ სამართალწარმოებას შესაბამისი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ). კანონი არ ითვალისწინებდა, რომ დაზარალებულს უნდა თანხმობა ეთქვა გამარტივებულ სამართალწარმოებაზე (იხ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლი, ციტირებული ზემოთ 26-ე პარაგრაფში). სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულს შემდგომში არ ეცნობა სასამართლო პროცესის დაწყების შესახებ, რის შედეგადაც პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი მის დაუსწრებლად ჩატარდა. სასამართლო ამ უმოქმედობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებს ან მათ უახლოეს ნათესავებს უნდა ეცნობოთ სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ (იხ. საქმე Ruslan Umarov v. Russia, no. 12712/02, § 107, 2008 წლის 3 ივლისი), თუმცა აღნიშნავს სამართალწარმოების სააპელაციო ეტაპზე შემდგომ ნაბიჯებს, რომლის დროსაც მომჩივანი დაბარებული იქნა სხდომაზე, რომელიც შემდეგ მისი თანდასწრებით გაიმართა და, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ წაიკითხა მისი წერილობითი ჩვენებები (იხ. პარაგრაფები 17 და 19 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უმოქმედობის შედეგად, რომელიც თუმცა სამწუხაროა, მომჩივანი სამართალწარმოებიდან იმდენად გარიყეს, რომ ეს დაარღვევდა მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტს.

49. რაც შეეხება თავდამსხმელებისთვის დაკისრებულ სანქციას, სასამართლო იმეორებს, რომ შესაბამისი სასჯელის დაკისრების საკითხები, პრინციპში, კონვენციის მოქმედების სფეროს სცილდება; სასამართლოს როლი არ არის, გადაწყვიტოს, მაგალითად, კონკრეტული დანაშაულისთვის გამოსაყენებელი პატიმრობის შესაბამისი ვადა (იხ. საქმე M.G. v. Lithuania, no. 6406/21, § 116, 2024 წლის 20 თებერვალი). ამ საკითხის მისი საზედამხედველო შემოწმება უნდა იყოს მიმართული იმის შეფასებისკენ, კონკრეტული საქმის გარემოებებში სათანადოდ არის თუ არა შესრულებული სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების უფლებები (იხ. საქმე Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 123, ECHR 2010).

50. წინამდებარე საქმეში, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ თავდამსხმელების პირობითი მსჯავრდების გადაწყვეტილების დეტალური დასაბუთება წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ სამივე მათგანი ახალგაზრდა იყო, არ იყვნენ მანამდე ნასამართლევი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ მსჯავრდებულნი და ყველამ აღიარა დანაშაული, რითაც ხელი შეუწყვეს გამოძიებას (იხ. პარაგრაფი 18 ზემოთ). სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილი და უზენაესი სასამართლოს მიერ დადასტურებული არცერთი საფუძველი არ იყო უადგილო ან უმნიშვნელო სასჯელის განსაზღვრისას (იხ. საქმე Irene Wilson v. the United Kingdom (dec.), no. 10601/09, § 50, 2012 წლის 23 ოქტომბერი). გარდა ამისა, პირობითი მსჯავრის დადებასთან ერთად, თავდამსხმელებს 200-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯათ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის კომპეტენციაში არ შედის იმის შემოწმება, სათანადოდ შეაფასეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების ურთიერთქმედება თავდამსხმელთა სასჯელის დადგენისას და ვერ ხედავს აშკარა დისპროპორციას ქმედების სიმძიმესა და შიდასახელმწიფოებრივ დონეზე მიღებულ შედეგებს შორის (იხ. პარაგრაფი 42 ზემოთ).

51. და ბოლოს, იმდენად, რამდენადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომჩივანი პრეტენზიას აცხადებს თავდამსხმელებისგან მატერიალური და მორალური ზიანისთვის კომპენსაციის მიღების შეუძლებლობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ცალსახად ითვალისწინებს, რომ პირს შეუძლია მოითხოვოს სისხლის სამართლის დანაშაულით გამოწვეული ზიანის კომპენსაცია სამოქალაქო სარჩელის შეტანით (იხ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-30921 მუხლები, რომლებიც ციტირებულია ზემოთ 25-ე და 27-ე პარაგრაფებში). თავდაპირველად, მომჩივანმა არ გამოიყენა სამართლებრივი დაცვის ზემოაღნიშნული საშუალება, როგორც ეს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ); თუმცა, მოგვიანებით მან ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფარგლებში კომპენსაციის მოთხოვნით (იხ. პარაგრაფი 21 ზემოთ). შესაბამისად, არ არსებობდა საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლიდა მას, მიეღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება თავდამსხმელების წინააღმდეგ, ცუდი მოპყრობის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (შეუპირისპირეთ, მაგ., საქმე Hasmik Khachatryan v. Armenia, no. 11829/16, §§ 205-23, 2024 წლის 12 დეკემბერი). ის ფაქტი, რომ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა ფორმალური საფუძვლებით, არსებითი განხილვის გარეშე, დასკვნა, რომელსაც სასამართლო, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის განმარტების მისი შეზღუდული როლის გათვალისწინებით, აშკარად დაუსაბუთებლად ან თვითნებურად არ მიიჩნევს, არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად.

52. ყველა ზემოაღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით და, კერძოდ, იმის აღნიშვნით, რომ სასამართლოს არ დაუდგენია მნიშვნელოვანი ხარვეზები ეროვნული ორგანოების პროცედურულ პასუხში მომჩივნის მიერ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილ სადავო მოთხოვნაზე, რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს გამოძიების შესაძლებლობას, დაადგინოს საქმის გარემოებები ან პასუხისმგებელი პირები (იხ. საქმე S.M. v. Croatia [GC], no. 60561/14, § 320, 2020 წლის 25 ივნისი, მასში შემდგომი მითითებებით), სასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად.

2. ადგენს, რომ ადგილი არ აქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ასპექტში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2025 წლის 4 ნოემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

                       

       სიმეონ პეტროვსკი                                                                       ჟოლიენ შუკინგი
განმწესრიგებლის მოადგილე                                                             თავმჯდომარე