ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 54352/20
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 03/03/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2026
სარეგისტრაციო კოდი
54352/20
03/03/2026
ვებგვერდი, 11/11/2026
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 

მეოთხე სექციის

გადაწყვეტილება

საჩივარი №54352/20
თ.ხ.
საქართველოს წინააღმდეგ

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) 2026 წლის 3 მარტს კომიტეტის შემდეგი შემადგენლობით:

ფარის ვეჰაბოვიჩი, თავმჯდომარე,
ლორენ შემბრი ორლანდი,
სებასტიან რადულეტუ, მოსამართლეები,
და გიორგი ბადაშვილი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 54352/20) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2020 წლის 9 დეკემბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ თ.ხ.-მ, დაბადებული 1970 წელს, რომელსაც წარმოადგენდა ადვოკატი ბ-ნი ი.ლ. ბოიჩენკო, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სტრასბურგში;

გადაწყვეტილება ეცნობოს საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბატონი ბ. ძამაშვილი;

გადაწყვეტილება მომჩივნის სახელის არგამჟღავნების შესახებ;

მხარეთა მოსაზრებები;

განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

საქმის არსი

1. წინამდებარე საჩივარი ეხება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებს კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, კერძო პირის მიერ სოციალურ მედიაში მომჩივნის პირადი ან/და ოჯახური ცხოვრების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. მომჩივანი ასევე ეყრდნობოდა კონვენციის მე-13 მუხლს.

2. საქმის მასალების თანახმად, დაახლოებით 2012 წლიდან მომჩივანმა, როგორც სუროგაციის კლინიკის დირექტორმა და არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა, რომელიც ეწეოდა სავარაუდოდ უკანონო სუროგაციის პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაიწყო მ.კ.-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კერძო სუროგაციის სააგენტოს საქმიანობის დაგმობა, როგორც სხვადასხვა უკანონო პრაქტიკის განმახორციელებლისა. მომჩივანმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას და სხვა ორგანოებს, რათა გამოეძიებინათ საკითხი. ამ მოვლენებმა საბოლოოდ გამოიწვია პირადი მტრობა ორ პირს შორის, რამაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო. როგორც ჩანს, მომჩივანმა გამოაქვეყნა მ.კ.-ის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, რასაც ხშირად შედეგად მოჰყვებოდა მათ შორის კამათი ფეისბუკზე. 2019 წელს მ.კ.-მა დაიწყო სასამართლო პროცესი მომჩივნის წინააღმდეგ (რომელიც საქმის მასალების თანახმად, როგორც ჩანს, მიმდინარეობს) და, მათ შორის, მოითხოვა, რომ მომჩივანს აჰკრძალოდა სოციალურ ქსელში მის შესახებ პოსტების გამოქვეყნება.

3. 2016 წლის 14 ივნისს მ.კ.-მა საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე მომჩივნის შესახებ შემდეგი კომენტარი დაწერა: „[მომჩივანმა] 2011 წელს თავის ქმარსაც უჩივლა გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით“.

4. 2016 წლის 19 ივნისს მ.კ.-მა გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი თავის ფეისბუკ-გვერდზე, რომელმაც 66 „მოწონება“ მიიღო:

„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემი ჩამოსვლა თბილისში და [მომჩივნის] პოლიციაში წასვლა ერთი იყო. ახლა საჩივრის საგანი არის, რომ კომენტარების განყოფილებაში სადღაც ვახსენე ის ფაქტი, რომ მან თავის ქმარს უჩივლა 2011 წელს. ...“

5. მომჩივანმა თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის ფეისბუკ-პროფილის გამოყენებით, რომელსაც დაახლოებით 9000 გამომწერი ჰყავს, დაგმო მ.კ.-ის მიერ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაზიარება (მ.კ.-ის თავდაპირველი პოსტის გადაზიარების გარეშე). კერძოდ, 2016 წლის 19 ივნისს მომჩივანმა გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც მ.კ.-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევაში ადანაშაულებდა. პოსტმა დაახლოებით 300 კომენტარი და 1000 მოწონება მიიღო და 400-ჯერ იქნა გაზიარებული. 2016 წლის 23 ივნისს მომჩივანმა იგივე ინფორმაცია გააზიარა და დაახლოებით 200 მოწონება, 40 გაზიარება და 25 კომენტარი დააგროვა. როგორც ჩანს, იმ დროს მ.კ.-ის თავდაპირველი პოსტი (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ) კვლავ ხელმისაწვდომი იყო მის გვერდზე. 2020 წლის 15 თებერვალს მომჩივანმა კვლავ გამოაქვეყნა პოსტი მ.კ.-ის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოების სავარაუდო დარღვევის შესახებ. პოსტმა 1600-ზე მეტი მოწონება, 200 გაზიარება და მრავალი კომენტარი მიიღო.

6. 2016 წლის 20 ივნისს პროკურატურამ, მომჩივნის მიერ 2016 წლის 18 ივნისს შეტანილი საჩივრის საფუძველზე, აღძრა სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის სავარაუდო გამჟღავნებასთან დაკავშირებით (შემდგომში „სისხლის სამართლის საქმე“). ხელისუფლების ორგანოებმა გამოჰკითხეს მომჩივანი, მ.კ. და მ.კ.-ის დედა. მ.კ.-მა განაცხადა, რომ მომჩივანი მის შესახებ მუდმივად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. რაც შეეხება მომჩივნის შესახებ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (იხ. პარაგრაფები 3 და 4 ზემოთ), მას არ ახსოვდა ზუსტი წყარო, საიდანაც შეიტყო მომჩივნის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სავარაუდო ფაქტების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა. საგამოძიებო ორგანოებმა ასევე შეისწავლეს შესაბამისი სოციალური მედიის პროფილები და სადავო პოსტები.

7. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია მომჩივნის მიერ 2012 წელს შეტანილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საჩივრის შესახებ, რომელიც ეხებოდა მ.კ.-ის პოსტში მოხსენიებული ოჯახური დავის მედიაში გავრცელებას. კერძოდ, 2012 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომჩივნის მეუღლის წინააღმდეგ გაიცა შემაკავებელი ორდერი. მაშინ მომჩივანმა ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ გადაცემაში გამჟღავნდა პერსონალური ინფორმაცია მისი მეუღლისა და მისი ვინაობის მითითებით, მათი სახელები ხილული იყო მედიაში გავრცელებულ სასამართლო ორდერზე. 2012 წლის 6 თებერვალს ხელისუფლების ორგანოებმა შეწყვიტეს გამოძიება და აცნობეს მომჩივანს, რომ მის საჩივარში არ იყო გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტები და ურჩიეს, რომ საკითხი სამოქალაქო სასამართლოების კომპეტენციაში შედიოდა.

8. მომჩივანმა ხუთჯერ მიმართა დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში (იხ. პარაგრაფი 6 ზემოთ). პროკურატურამ თავდაპირველად აცნობა მას, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება მოგვიანებით ეტაპზე იქნებოდა მიღებული, თუ სისხლის სამართლის დანაშაულის საკმარისი პირველადი მტკიცებულებები გამოვლინდებოდა. მისი ბოლო საჩივარი, რომელიც 2021 წლის 22 ივნისით თარიღდება, პროკურორმა უარყო იმ მოტივით, რომ ასეთი პირველადი მტკიცებულებები არ იყო დადგენილი. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ზემდგომ პროკურორთან და შემდგომში სასამართლოში; თუმცა მომჩივანმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.

9. საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე (იხ. პარაგრაფი 6 ზემოთ) კვლავ მიმდინარეობს.

სასამართლოს შეფასება

10. კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით მომჩივანი ჩიოდა, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა მისი პირადი ან/და ოჯახური ცხოვრება მ.კ.-ის მხრიდან ჩარევისგან.

11. მთავრობამ, მათ შორის, განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა კერძო მხარეებს შორის უმნიშვნელო დავას, რომლის მიმართაც, კონვენციის თანახმად, მე-8 მუხლი ratione materiae არ გამოიყენებოდა; რომ მომჩივანს არ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, იმის გათვალისწინებით, რომ მ.კ.-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკვე საჯარო იყო; რომ მომჩივანს არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები შესაბამისი პირის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართლის საქმის აღძვრით; ან რომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო მ.კ.-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებაში მომჩივნის საკუთარი როლის გამო, და რომ კონვენცია არ ითვალისწინებდა „პირადი შურისძიების“ უფლებას.

12. მომჩივანმა, მათ შორის, უპასუხა, რომ სამართლებრივი დაცვის სამოქალაქო საშუალება მის შემთხვევაში ქმედითი არ იქნებოდა, რადგან მ.კ.-ის მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია არ შეიცავდა ცრუ ფაქტებს და ნებისმიერ შემთხვევაში მისი საქმის არსს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ როგორ მოიპოვა მ.კ.-მა ინფორმაცია და მისი „სამართალდამცავი ორგანოების წინაშე წარდგენა“ მომჩივნის შესახებ პირადი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.

13. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლოს არ სჭირდება მთავრობის მიერ წამოყენებული ყველა პრეტენზიის განხილვა, რადგან საჩივარი ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია შემდეგი საფუძვლებით.

14. კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენებადობის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე არ მოიცავს კერძო მხარეების მიერ ჩადენილ სერიოზულ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევდა ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, სათანადოდ გამოეყენებინათ ეფექტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმები (იხ. საქმე B.V. and Others v. Croatia (dec.), no. 38435/13, §§ 151-54, 2015 წლის 15 დეკემბერი, შემდგომი მითითებებით). პირიქით, საქმე ეხება კერძო მხარეებს შორის ხანგრძლივ დავას და სოციალური მედიის გამოყენებას მომჩივნის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, რომელიც, სულ მცირე, არსებითად, რამდენიმე წლის განმავლობაში საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი (იხ. პარაგრაფები 2-5ზემოთ).

15. ამრიგად, წინამდებარე საქმე მოიცავს ნაკლებად სერიოზულ ქმედებებს ფიზიკურ პირებს შორის, რომლებიც შეიძლება არღვევდეს ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას, რომლის მიმართაც სახელმწიფოს ვალდებულება კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადეკვატური სამართლებრივი ჩარჩოს შენარჩუნებისა და პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ყოველთვის არ მოითხოვს კონკრეტული ქმედებისთვის ეფექტური სისხლისსამართლებრივი დებულების არსებობას. სამართლებრივი ჩარჩო ასევე შეიძლება შედგებოდეს სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებებისგან, რომლებსაც შეუძლია საკმარისი დაცვის უზრუნველყოფა (იხ. საქმე Söderman v. Sweden [GC], no. 5786/08, § 85, ECHR 2013, და საქმე B.V. and Others, ციტირებული ზემოთ, § 154 in fine).

16. სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის დაჟინებულ მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, თუ როგორ მოიპოვა შესაბამისმა ფიზიკურმა პირმა ინფორმაცია მისი პირადი ცხოვრების შესახებ, თუმცა სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ მომჩივნის ოჯახურ დავასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობასთან ერთად (იხ. პარაგრაფები 6-7 ზემოთ), მომჩივანს ჯერ კიდევ 2012 წელს შესაბამისი ორგანოებისგან მიეცა მითითება, რომ მსგავსი საკითხების განხილვა სამოქალაქო სასამართლოების კომპეტენციაში შედიოდა (იხ. საქმე Noveski and Others v. the former Yugoslav Republic of Macedonia (dec.), nos. 25163/08 და 2 სხვა, §§ 61 და 68, 2016 წლის 13 სექტემბერი). მიუხედავად ამისა, მან წინამდებარე საქმეში აღნიშნული დაცვის საშუალება არ გამოიყენა, რადგან მიაჩნდა, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება ყველაზე შესაფერისი იყო მ.კ.-ის „სასამართლო პასუხისგებაში“ მისაცემად. თუმცა, სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონვენცია არ აძლევს მომჩივანს მესამე მხარის სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების ან „პირადი შურისძიების“ უფლებას (იხ. საქმე Öneryıldız v. Turkey [GC], no. 48939/99, § 147, ECHR 2004-XII).

17. ამ მიმართებით, მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება იყო გამოეყენებინათ სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებები, აგრეთვე, მისი საქმის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაში თავად მომჩივნის შესაძლო როლის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 5ზემოთ), ასევე სადავო ინფორმაციის რამდენიმე წლის განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 6-7 ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურატურამ სხვადასხვა საგამოძიებო ზომა დაუყოვნებლივ და აშკარა ხარვეზების გარეშე განახორციელა (იხ. პარაგრაფები 6-8 ზემოთ). შესაბამისად, საქმის მასალებში არაფერია ისეთი, რაც ავლენს ეროვნული ორგანოების რაიმე ხარვეზს საქმის წარმოებაში.

18. შესაბამისად, მომჩივნის ჩარევის მოთხოვნებზე ხელისუფლების ორგანოების მიერ გაცემული პასუხის, უკვე მიღებული ზომებისა და სამოქალაქო საკომპენსაციო სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ადგენს რაიმე ხარვეზს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი ჩარჩოს გამოყენებაში წინამდებარე საქმის გარემოებებში (შეადარეთ საქმე B.V. and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 148-64, და საქმე Noveski and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 62‑მუხლი70).

19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად აცხადებს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 26 მარტს.

                       

გიორგი ბადაშვილი                                                      ფარის ვეჰაბოვიჩი
სექციის განმწესრიგებლის
მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი                  თავმჯდომარე