დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 529 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.026079 |
|
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 240110000.10.003.018733) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) „ცხენის აფრიკულ ცხელებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“ (დანართი №16).“. 2. დანართ №15-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №16. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 აპრილიდან.
|
|
„დანართი №16
ცხენის აფრიკულ ცხელებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ცხენის აფრიკული ცხელება (African horse sickness – AHS) (შემდგომში – დაავადება) არის ცხენისებრთა ვირუსული, არაკონტაგიოზური, ვექტორებით გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს Sedoreoviridae-ს ოჯახის, Orbivirus-ის გვარის, რნმ-ის შემცველი ვირუსი (შემდგომ – AHS-ის ვირუსი). დაავადებისადმი ამთვისებელია ცხენისებრთა (Equidae) ოჯახის ყველა სახეობის ცხოველი, მათ შორის ცხენი, ვირი, ჯორი და ზებრა. 2. დაავადების გადაცემაში ძირითად როლს ასრულებს Culicoides-ის გვარის სისხლისმწოველი მწერი. დაავადება ცხენისებრთა შორის ჩვეულებრივი პირდაპირი კონტაქტით არ ვრცელდება, ამასთან ინფიცირებული სისხლით დაბინძურებულმა ნემსმა, ან სხვა ვეტერინარულმა მოწყობილობამ შეიძლება შექმნას დაავადების მექანიკური გადაცემის რისკი. 3. დაავადების კლინიკური ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: ცხელებას, სუნთქვის გაძნელებას, ქაფიან გამონადენს ცხვირიდან, თავისა და კისრის შეშუპებას, თვალბუდის ზემო ნაწილის შეშუპებას, ლორწოვანი გარსების ცვლილებებს, სისხლჩაქცევებსა და უეცარ სიკვდილს. კლინიკური მიმდინარეობა და სიკვდილიანობა დამოკიდებულია ცხენისებრთა ოჯახის სახეობაზე, მათ იმუნურ სტატუსზე და ვირუსის შტამზე (სეროტიპზე). 4. AHS-ის ვირუსის ცხრა ანტიგენურად განსხვავებული სეროტიპია ცნობილი. სეროტიპის დადგენა მნიშვნელოვანია ეპიზოოტოლოგიური მოკვლევისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ვაქცინის შერჩევისათვის. 5. დაავადების დიფერენციალური დიაგნოზისას, სულ მცირე, უნდა გამოირიცხოს ცხენის ენცეფალოზი, ცხენის ინფექციური ანემია, ცხენის ვირუსული არტერიტი, პიროპლაზმოზი, პურპურა ჰემორაგიკა, ჰენდრას ვირუსული ინფექცია და სხვა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით, შეშუპებით, სისხლჩაქცევებით ან სუნთქვის გაძნელებით. 6. დაავადების დიაგნოზი დგინდება კლინიკური ნიშნების, ეპიზოოტოლოგიური მონაცემების და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების ერთობლივი შეფასებით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული მეთოდებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals-ის განახლებული ვერსიის შესაბამისად). 7. დაავადებასთან დაკავშირებული ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევას ახორციელებს სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომ – სახელმწიფო ლაბორატორია). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაავადების ამთვისებელი ცხოველი − ცხენისებრთა (Equidae) ოჯახის ყველა სახეობის ცხოველი, მათ შორის ცხენი, ვირი, ჯორი და ზებრა; ბ) ეპიზოოტიური კერა – სადგომი ან სხვა ადგილი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც დადასტურებულია AHS-ის ვირუსით ინფექციის ერთი ან რამდენიმე შემთხვევა; გ) დამცავი ზონა – ეპიზოოტიური კერის გარშემო შექმნილი ზონა, რომლის რადიუსი შეადგენს არანაკლებ 100 კილომეტრს და სადაც ხორციელდება დაავადების გავრცელების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისათვის განსაზღვრული კონტროლის ღონისძიებები; დ) საზედამხედველო ზონა – ეპიზოოტიური კერის გარშემო შექმნილი ზონა, რომელიც მოიცავს დამცავ ზონას და რომლის საერთო რადიუსი შეადგენს არანაკლებ 150 კილომეტრს, სადაც ხორციელდება ზედამხედველობისა და გადაადგილების კონტროლის ღონისძიებები; ე) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ცხენისებრს ან პასუხისმგებელია მის მოვლა-შენახვაზე; ვ) სახელმწიფო ვეტერინარი – „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 იანვრის №24 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ მე-3 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ზ) ცხოველის სადგომი – სხვადასხვა ტიპის სათავსო, ნაგებობა, ღია ტიპის სადგომი, სადაც ხდება ცხოველის დგომა, შენახვა, მოვლა და რომელიც წარმოადგენს ცხოველის მუდმივ ან დროებით ფიზიკურ ადგილსამყოფელს და რომელიც რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; თ) დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც დაავადების ამთვისებელ ცხოველს აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან აქვს ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან და დაავადება ჯერ არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული; ი) დაავადების დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ლაბორატორიულად არის აღმოჩენილი AHS-ის დაავადების აღმძვრელი ან AHS-ის ვირუსის სტრუქტურული ან არასტრუქტურული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულები (რომელიც არ არის ვაქცინაციის შედეგად მიღებული) დაავადების ამთვისებელ იმ ცხოველში, რომელსაც აქვს დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ან შესაბამისი ეპიდემიოლოგიური კავშირი სხვა დადასტურებულ შემთხვევასთან; კ) კონტაქტური სადგომი – სადგომი, რომელსაც ცხოველის, ადამიანის, სატრანსპორტო საშუალების, აღჭურვილობის, სისხლის, ბიოლოგიური მასალის ან ვექტორის მეშვეობით ჰქონდა ეპიდემიოლოგიური კავშირი საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან; ლ) ვექტორი – Culicoides გვარის მწერი, რომელიც წარმოადგენს დაავადების ვირუსის (AHSV) ბიოლოგიურ გადამტანს; მ) ვექტორებისგან დაცული სადგომი – სადგომის ნაწილი ან მთლიანი საწარმო, რომელიც დაცულია Culicoides-ის თავდასხმებისგან შესაბამისი ფიზიკური და მართვის საშუალებებით, სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული ვექტორებისგან დაცული საწარმოს სტატუსით; ნ) ვაქცინაციის ზონა – ტერიტორია, სადაც სააგენტოს გადაწყვეტილებით ხორციელდება დაავადების საწინააღმდეგო გადაუდებელი ვაქცინაცია; ო) ინფექციური პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაში ინფიცირებული დაავადების ამთვისებელი ცხოველი შეიძლება იყოს ვირუსის წყარო ვექტორისათვის. ამ წესის მიზნებისათვის შინაური ცხენის ინფექციურ პერიოდად განისაზღვრება 40 დღე; პ) გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალა – ხელოვნური გამრავლებისთვის განკუთვნილი სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი. მუხლი 3. დაავადების შეტყობინების ვალდებულება 1. დაავადების საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს. 2. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება: ა) პასუხისმგებელ პირს; ბ) დაავადების ამთვისებელი ცხოველის ნებისმიერ თანმხლებ პირს, მისი ტრანსპორტირების ან გადარეკვისას; გ) კერძო ვეტერინარს, რომელიც ახორციელებს დაავადების ამთვისებელი ცხოველის მკურნალობას, დიაგნოსტიკას ან სხვა ვეტერინარულ მომსახურებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დ) სახელმწიფო ვეტერინარს; ე) საცხენოსნო კლუბის, იპოდრომის, ბაზრის, გამოფენის, შეჯიბრების, საკარანტინო ადგილის ან სხვა შეკრების ადგილის პასუხისმგებელ პირს; ვ) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც პროფესიული შეხება აქვს დაავადების ამთვისებელ ცხოველებთან. 3. შეტყობინება უნდა შეიცავდეს პასუხისმგებელი პირის მონაცემებს, სადგომის მდებარეობას, დაავადების ამთვისებელი ცხოველის შესახებ მონაცემებს, კლინიკურ ნიშნებს, დაავადების დაწყების სავარაუდო დროს, სიკვდილიანობის მონაცემებს, ბოლო 40 დღის განმავლობაში განხორციელებულ გადაადგილებებსა და სხვა დაავადების ამთვისებელ ცხოველთან კავშირის შესახებ ინფორმაციას. 4. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სახელმწიფო ლაბორატორიას. მუხლი 4. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) დაავადებაზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს; ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის დაშვება სადგომში; ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ვაქცინაციის, დეზინფექციის და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ვეტერინარს დაავადების ამთვისებელი ცხოველის კლინიკურ გამოკვლევაში, ნიმუშების აღებაში, იდენტიფიკაციაში, ვექტორების მონიტორინგსა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში; დ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად: დ.ა) დაუყოვნებლივ მოახდინოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება; დ.ბ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფების ცალ-ცალკე კვება და დაწყურება; დ.გ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე, არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო ცხოველების გადაადგილება, რეალიზაცია და მოკვლა; დ.დ) არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ლეშის გაკვეთა და გადაადგილება; დ.ე) არ გაიტანოს სადგომიდან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ლეში, სისხლი, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალა ნაკელი, ქვეშსაფენი, აღჭურვილობა ან სხვა მასალა, რომელმაც შეიძლება შექმნას დაავადების გავრცელების რისკი; დ.ვ) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადგომების მექანიკური დასუფთავება, ნაკელის გაუვნებლობა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სააგენტოს ხელშეწყობა; ე) შეინახოს საეჭვო შემთხვევიდან ბოლო 40 დღის განმავლობაში არსებული ყველა ჩანაწერი დაავადების ამთვისებელი ცხოველის, სატრანსპორტო საშუალების, ვიზიტორების და ჩატარებული ვეტერინარული პროცედურების შესახებ; ვ) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ახალი შემთხვევის, ცხოველის სიკვდილის ან სადგომში ეპიზოოტიური მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მუხლი 5. სააგენტოს ვალდებულებები 1. დაავადების საეჭვო შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე; ბ) უზრუნველყოს ყველა დაავადების ამთვისებელი ცხოველის აღწერა და იდენტიფიკაცია; გ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს: გ.ა) სადგომში ვირუსის შესაძლო არსებობის პერიოდს დაავადების შეტყობინებამდე; გ.ბ) ინფექციის სავარაუდო წყაროსა და შემდგომი გავრცელების მიმართულებებს; გ.გ) ბოლო 40 დღის განმავლობაში დაავადების ამთვისებელი ცხოველების, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის სისხლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და შესაძლო დაბინძურებული აღჭურვილობის გადაადგილებას; გ.დ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების შეკრებებსა და ღონისძიებებში მონაწილეობას; გ.ე) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც შეიძლება დაავადების ამთვისებელი ცხოველები დაინფიცირდეს ან მოხდეს კონტამინაცია; გ.ვ) ვეტერინარულ პროცედურებს, გამოყენებულ ნემსებსა და სისხლთან კონტაქტის მქონე მოწყობილობას; გ.ზ) Culicoides-ის შესაძლო სახეობებს, სიმრავლეს, გამრავლების ადგილებს, სეზონურობასა და ქარისა და ამინდის მონაცემებს; გ.თ) სხვა ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებულ სადგომებს; დ) განახორციელოს ცხოველების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების ცალ-ცალკე ჯგუფებად განცალკევებაზე და სადგომში არსებული ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების რაოდენობის დადგენასთან დაკავშირებით; ე) აიღოს მკვდარი ან/და დაავადებაზე საეჭვო ცხოველისაგან საკვლევი ნიმუში და ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით გადააგზავნოს სახელმწიფო ლაბორატორიაში; ვ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ან/და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის გადაადგილებისა და რეალიზაციის შეზღუდვაზე; ზ) გამოავლინოს და რისკის შესაბამისად შეზღუდოს კონტაქტური სადგომები; თ) შეაფასოს ვექტორის არსებობა, სეზონურობა, სადგომის დაცულობა, მეტეოროლოგიური პირობები და ვექტორული ხაფანგების განთავსების საჭიროება; ი) უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. 2. დაავადების დადასტურების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია: ა) განსაზღვროს ეპიზოოტიური კერის, დამცავი, საზედამხედველო და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი შეზღუდული ან ვაქცინაციის ზონების საზღვრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვოს ვეტერინარული კარანტინის დაწესება; გ) მიიღოს გადაწყვეტილება დაინფიცირებული, საეჭვო და კონტაქტში მყოფი დაავადების ამთვისებელი ცხოველების მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; დ) მიიღოს გადაწყვეტილება გადაუდებელი ვაქცინაციის საჭიროების შესახებ; ე) უზრუნველყოს მოკვლის, ლეშის განკარგვის, დასუფთავების, დეზინფექციისა და დეზინსექციის ზედამხედველობა; ვ) უზრუნველყოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH) შეტყობინების გაგზავნა; ზ) აწარმოოს ყველა გადაწყვეტილების, კვლევის, გადაადგილების, ვაქცინაციისა და კონტროლის ღონისძიების შესაბამისი ჩანაწერი. მუხლი 6. დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები 1. დაავადების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიზნით სააგენტო უზრუნველყოფს: ა) დაავადების ამთვისებელი ცხოველების იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, მათი სადგომების რეგისტრაციას, აგრეთვე დაავადების ამთვისებელი ცხოველების მიკვლევადობას; ბ) მაღალი რისკის ტერიტორიების, მათ შორის, საზღვრისპირა რეგიონების, აეროპორტების, პორტების, დაავადების ამთვისებელი ცხოველების მაღალი სიმჭიდროვის ადგილებისა და ვექტორისათვის ხელსაყრელი გარემოს განსაზღვრას; გ) ვექტორების გავრცელების, სახეობის დადგენის და სეზონურ ზედამხედველობას; დ) დაავადების შესახებ კერძო ვეტერინარების, ცხენის მფლობელების, გადამზიდველებისა და ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმირებასა და სწავლებას; ე) ნიმუშის აღების კომპლექტების, პირადი დაცვის საშუალებების, ვექტორული ხაფანგების და სხვა საჭირო რესურსების მზადყოფნას; ვ) სახელმწიფო ლაბორატორიასთან თანამშრომლობას; ზ) საჭიროების შემთხვევაში, გამოსაყენებელი ვაქცინის შესაძლო მომწოდებლების, სეროტიპული შემადგენლობის, შესყიდვისა და ცივი ჯაჭვის დაცვის პრინციპის წინასწარ შეფასებას; თ) პერიოდული სიმულაციური სწავლებების ჩატარებას. 2. მაღალი რისკის ქვეყნიდან ან ზონიდან დაავადების ამთვისებელი ცხოველების იმპორტისას და ტრანზიტისას დაცული უნდა იქნეს საქართველოში დადგენილი წინასაიმპორტო მოთხოვნები, მათ შორის, ლაბორატორიული ტესტირებისა და ვექტორებისგან დაცული ტრანსპორტირების შესახებ. 3. დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია აკრძალულია, გარდა სააგენტოს მიერ დამტკიცებული გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამისა. 4. დაავადების რისკის მქონე მოსაზღვრე ქვეყანასთან ან ზონასთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სააგენტო უზრუნველყოფს რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობას. 5. სააგენტო უზრუნველყოფს დაავადების ამთვისებელი ცხოველებისა და მათი პროდუქტების გადაადგილების, იმპორტის, ტრანზიტის, დროებითი შემოყვანისა და რეექსპორტის შესაბამისი ინფორმაციის წარმოებას. 6. სააგენტო უზრუნველყოფს ვეტერინარი სპეციალისტების, ცხენის მფლობელების, მცირე მეურნეობების, გადამზიდველების, ბაზრებისა და ღონისძიების ორგანიზატორების მონაწილეობას დაავადების პრევენციისა და ადრეული შეტყობინების ღონისძიებებში. 7. ქვეყნის გარეთ AHS-ის კერის, ვექტორული რისკის არსებითი ზრდის ან სხვა ეპიზოოტოლოგიურად მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღებისას სააგენტო უფლებამოსილია გამოაცხადოს გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმი. 8. მაღალი რისკის ქვეყნიდან ან ზონიდან შემოყვანილი დაავადების ამთვისებელი ცხოველებისთვის სააგენტო რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს იმპორტის შემდგომი იზოლაციის, ვექტორებისგან დაცვის, კლინიკური შემოწმებისა და ლაბორატორიული ტესტირების პროგრამას. მუხლი 7. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან 1. დაავადების დადასტურებისას სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, დაავადების გამომწვევის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას. 2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 8. გამოსაკვლევი მასალის აღება 1. ცოცხალი დაავადების ამთვისებელი ცხოველებიდან აღებული უნდა იქნეს: ა) სისხლი EDTA-ის შემცველ სინჯარაში AHS-ის ვირუსის რნმ-ის გამოვლენისა და საჭიროების შემთხვევაში ვირუსის იზოლაციისათვის; ბ) სისხლი შრატის გამომყოფი სინჯარით, ანტისხეულების გამოვლენისა და სეროკონვერსიის შეფასებისათვის. 2. დაავადების ამთვისებელი მკვდარი ცხოველებიდან აღებული უნდა იქნეს ელენთის, ფილტვისა და ლიმფური კვანძის ფრაგმენტები. 3. ნიმუში აღებული უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით, ინდივიდუალურად იდენტიფიცირდეს, მოთავსდეს გაჟონვისგან დაცულ სამმაგ შეფუთვაში და ტრანსპორტირდეს ცივი ჯაჭვის დაცვით, სახელმწიფო ლაბორატორიასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. 4. პირველადი დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ჯგუფ-სპეციფიკური რეალურ დროში უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (real-time RT-PCR). პირველად გამოვლენილ ან პირველად დადასტურებულ შემთხვევაში შესაძლებლობის ფარგლებში ტარდება დამატებითი დადასტურება, მათ შორის, ვირუსის იზოლაცია ან სეროტიპირება. სეროლოგიური კვლევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ვაქცინაციის ისტორია და, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს წყვილი ნიმუში. 5. პირველი დადებითი ან საეჭვო შედეგი მოწმდება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ალგორითმის შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუში იგზავნება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეფერენს-ლაბორატორიაში. 6. ოფიციალური გამოკვლევისას კლინიკური დათვალიერებისა და ლაბორატორიული ნიმუშისათვის უპირატესად შეირჩევა კლინიკური ნიშნების მქონე, საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული ან წინა კვლევით დადებითი/გაურკვეველი შედეგის მქონე დაავადების ამთვისებელი ცხოველები. 7. AHS-ის დიაგნოსტიკის მეთოდები, დიაგნოზის ვალიდაცია და ინტერპრეტაცია უნდა შეესაბამებოდეს: ა) ევროკავშირის საცნობარო ლაბორატორიების (EURL) და კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის დეტალებსა და ინსტრუქციებს; ან ბ) ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთის ცხოველების დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოს („ხმელეთის სახელმძღვანელო“ ბოლო შესწორებებით) ნიმუშების აღების, დიაგნოსტიკური მეთოდების, მათი ვალიდაციისა და ინტერპრეტაციის ნაწილში; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 იანვრის №24 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მეთოდებს. მუხლი 9. დაავადებასთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები 1. დაავადების საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევისას სააგენტო დაუყოვნებლივ აწვდის შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულს. 2. დადასტურებული შემთხვევის დროს, ეპიზოოტიურ კერაში ცხადდება კარანტინი. სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტი და სხვა შესაბამისი ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობენ საკარანტინო და სხვა შეზღუდვების აღსრულებას, გადაადგილების კონტროლს, საინფორმაციო ღონისძიებებს, ლეშისა და ნარჩენების უსაფრთხო განკარგვას, საჭირო რესურსების მობილიზაციასა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას. 3. კარანტინის მოქმედების პერიოდში ეპიზოოტიურ კერაში იკრძალება: ა) დაავადების ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, გაყვანა და გადაჯგუფება სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე; ბ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების ბაზრობის, გამოფენის, შეჯიბრების, აუქციონის ან სხვა თავშეყრის ღონისძიების ჩატარება; გ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის, სისხლისა და სისხლის პროდუქტების გატანა; დ) ლეშის, ნაკელის, ქვეშსაფენის, საკვების, ინვენტარისა და სხვა მასალის შეტანა/გატანა, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ისინი ქმნის დაავადების გავრცელების რისკს; ე) დაავადების ამთვისებელი ცხოველების დაკვლა ან გაკვეთა სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე; ვ) სადგომში უცხო პირის შესვლა; ზ) საჭიროების გარეშე სატრანსპორტო საშუალების შესვლა. 4. ეპიზოოტიურ კერაში ხორციელდება: ა) ყველა დაავადების ამთვისებელი ცხოველის აღწერა, იდენტიფიკაცია და რეგულარული კლინიკური გამოკვლევა; ბ) დაავადებული და დაავადების ამთვისებელი ცხოველების განცალკევება და შესაძლებლობის შემთხვევაში,ვექტორებისგან დაცულ სადგომში მოთავსება; გ) ვექტორების საწინააღმდეგო დამუშავება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ინსექტიციდით, მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად; დ) ვექტორული ხაფანგების განთავსება; ე) ეპიზოოტოლოგიური მოკვლევა და კონტაქტური სადგომების გამოვლენა; ვ) კლინიკური, ვირუსოლოგიური და სეროლოგიური ზედამხედველობა; ზ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, ინფიცირებულ სადგომში მყოფი დაავადების ამთვისებელი ცხოველების მიმართ სააგენტოს მიერ განსაზღვრული ევთანაზიის განხორციელება, ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნების დაცვით; თ) ლეშისა და სხვა ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის უსაფრთხო განკარგვა; ი) სადგომის, აღჭურვილობისა და ტრანსპორტის დასუფთავება, დეზინფექცია და დეზინსექცია; კ) საინფორმაციო კამპანიის წარმოება. 5. დაავადების ამთვისებელი ცხოველების მოკვლის გამონაკლისი შეიძლება დაიშვას სააგენტოს წერილობითი, ინდივიდუალური რისკის შეფასების საფუძველზე, თუ: ა) დადასტურებულად ინფიცირებული დაავადების ამთვისებელი ცხოველები მოთავსებულია სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ვექტორებისგან დაცულ სადგომში და იქ ყოფნის პერიოდში სრულად არის უზრუნველყოფილი ვექტორული კონტროლი; ბ) ეპიზოოტიურ კერაში მყოფი, დაავადების ამთვისებელი ცხოველები მოთავსებულია ვექტორებისგან დაცულ სადგომში და კლინიკური, ეპიზოოტოლოგიური და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული ზედამხედველობა ადასტურებს, რომ იგი არ ქმნის ვირუსის გავრცელების რისკს; გ) დაცულია ცხოველთა კეთილდღეობა, ყოველდღიური დაკვირვება, ვექტორული კონტროლი და სააგენტოს მიერ განსაზღვრული ნიმუშების აღების გრაფიკი. 6. ღონისძიების შეუსრულებლობის, ახალი შემთხვევის გამოვლენის ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სააგენტო დაუყოვნებლივ გადახედავს მიღებულ გადაწყვეტილებას. 7. ეპიზოოტიური კერიდან ან კერაში ნებისმიერი გადაადგილება ხორციელდება სააგენტოს წერილობითი ავტორიზაციით, წინასწარგანსაზღვრული მარშრუტით, დასუფთავებული და ინსექტიციდით დამუშავებული სატრანსპორტო საშუალებით და ცხოველის ვექტორების თავდასხმისგან დაცული პირობებით. 8. ეპიზოოტიური კერის გარშემო იქმნება არანაკლებ 100 კილომეტრის რადიუსით დამცავი ზონა, სადაც ხორციელდება დაავადების გავრცელების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისათვის განსაზღვრული კონტროლის ღონისძიებები და საზედამხედველო ზონა, რომელიც მოიცავს დამცავ ზონას და რომლის საერთო რადიუსი შეადგენს არანაკლებ 150 კილომეტრს, სადაც ხორციელდება ზედამხედველობისა და გადაადგილების კონტროლის ღონისძიებები. 9. დამცავი და საზედამხედველო ზონების საზღვრები შეიძლება გაფართოვდეს ან, ეპიდემიოლოგიურად დასაბუთებულ შემთხვევაში, ადაპტირდეს ვექტორის სახეობის, სიმრავლისა და სეზონურობის, ქარის, კლიმატის, დაავადების ამთვისებელი ცხოველების სიმჭიდროვის, გადაადგილების მარშრუტების, ბუნებრივი ბარიერებისა და ადმინისტრაციული კონტროლის შესაძლებლობების გათვალისწინებით. მუხლი 10. ზომები დამცავ ზონაში 1. დამცავ ზონაში სააგენტო უზრუნველყოფს: ა) დაავადების ამთვისებელი ცხოველების ყველა სადგომის აღწერას, გეოლოკაციასა და მონაცემების რეგულარულ განახლებას; ბ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების კლინიკურ გამოკვლევას და რისკის შესაბამისად ნიმუშების აღებას; გ) დაავადებაზე საეჭვო ყოველი შემთხვევის დაუყოვნებლივ ლაბორატორიულ გამოკვლევას. დაავადების შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, დროებითი შემზღუდავი და ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების ჩატარებას; დ) ვექტორების ზედამხედველობას ინფიცირებულ სადგომებთან, დაავადების ამთვისებელი ცხოველების მაღალი სიმჭიდროვის ადგილებში და ზონის საზღვართან; ე) ვექტორების საწინააღმდეგოდ რეგისტრირებული ინსექტიციდების გამოყენებას; ვ) გადაადგილების ავტორიზაციისა და დარღვევების ერთიანი რეესტრის წარმოებას; ზ) საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელებას; თ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების დაავადებისა და სიკვდილის შემთხვევების, გადაადგილების, ვიზიტორებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების წარმოებას. 2. დამცავ ზონაში იკრძალება: ა) დაავადების ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გაყვანა ან სადგომში შეყვანა სააგენტოს წერილობითი ავტორიზაციის გარეშე; ბ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების ბაზრობის, გამოფენის, შეჯიბრებისა და სხვა თავშეყრის ღონისძიების ჩატარება; გ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის ზონიდან გატანა სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე; დ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირებისას ვექტორების მაღალი აქტივობის პერიოდში, ვექტორებისგან ტრანსპორტის დაუცველი გაჩერება; ე) საეჭვო ან კონტაქტური სადგომიდან დაავადების გავრცელების რისკის მქონე მასალის გატანა. 3. სააგენტოს შეუძლია დაუშვას დაავადების ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ: ა) წარმოშობის სადგომში არ არსებობს დაავადებაზე ეჭვი; ბ) გადასაადგილებელი ყველა დაავადების ამთვისებელი ცხოველი იდენტიფიცირებული და კლინიკურად გამოკვლეულია; გ) ჩატარებულია ლაბორატორიული კვლევები; დ) სატრანსპორტო საშუალება დასუფთავებული, დეზინფიცირებული და დამუშავებულია რეგისტრირებული ინსექტიციდით; ე) დაავადების ამთვისებელი ცხოველები დაცულია ვექტორების თავდასხმისგან ჩატვირთვის, ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის დროს; ვ) გადაადგილება ხორციელდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით და დანიშნულების ადგილზე უზრუნველყოფილია იზოლაცია და ზედამხედველობა; ზ) დანიშნულების ადგილის უფლებამოსილი ორგანო წინასწარ არის ინფორმირებული. 4. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო დამცავ ზონაში ქმნის გადაუდებელი ვაქცინაციის ზონას და ადგენს ვაქცინირებული დაავადების ამთვისებელი ცხოველების გადაადგილებისა და ზედამხედველობის დამატებით პირობებს. მუხლი 11. ზომები საზედამხედველო ზონაში 1. საზედამხედველო ზონაში სააგენტო უზრუნველყოფს: ა) დაავადების ამთვისებელი ცხოველების სადგომების აღწერასა და რისკის მიხედვით მონაცემების განახლებას; ბ) კლინიკურ ზედამხედველობასა და ნიმუშების აღებას; გ) ვექტორულ ზედამხედველობას, განსაკუთრებით დამცავი ზონის საზღვართან, სატრანსპორტო დერეფნებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების მაღალი სიმჭიდროვის ადგილებში; დ) დაავადებაზე საეჭვო ყოველი შემთხვევის დაუყოვნებლივ ლაბორატორიულ გამოკვლევას. დაავადების შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, დროებითი შემზღუდავი და ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების ჩატარებას; ე) გადაადგილების ავტორიზაციის, ვაქცინაციისა და ზედამხედველობის მონაცემების აღრიცხვას; ვ) საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელებას. 2. საზედამხედველო ზონაში იკრძალება: ა) დაავადების ამთვისებელი ცხოველების ზონიდან გაყვანა ან ზონაში შეყვანა სააგენტოს წერილობითი ავტორიზაციის გარეშე; ბ) დაავადების ამთვისებელი ცხოველების ბაზრობის, გამოფენის, შეჯიბრებისა და სხვა მასობრივი თავშეყრის ღონისძიების ჩატარება სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე; გ) საეჭვო ან კონტაქტური სადგომიდან დაავადების ამთვისებელი ცხოველების, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის ან დაავადების გავრცელების რისკის მქონე მასალის გადაადგილება; დ) სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სათანადო დასუფთავების, დეზინფექციისა და დეზინსექციის გარეშე. 3. სააგენტოს მიერ ნებადართული გადაადგილება ხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობებით ან სააგენტოს მიერ დადგენილი ეკვივალენტური რისკის შემცირების პირობებით. 4. ყოველი გამონაკლისის ავტორიზაციისას ინდივიდუალურად უნდა იქნეს მითითებული წარმოშობისა და დანიშნულების სადგომი, დაავადების ამთვისებელი ცხოველის იდენტიფიკაცია, გადაადგილების მიზანი, ავტორიზაციის მოქმედების ვადა, მარშრუტი, კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების შედეგები, ვექტორებისგან დაცვის რეჟიმი, სატრანსპორტო საშუალების დასუფთავების, დეზინფექციისა და დეზინსექციის მოთხოვნები, დანიშნულების ადგილზე იზოლაციის პირობები და დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები. 5. თუ დამცავ ან საზედამხედველო ზონაში დაწესებული ღონისძიება ეპიდემიოლოგიური ვითარებისათვის არასაკმარისი ან არაპროპორციულია, სააგენტო უფლებამოსილია, რისკის შეფასების საფუძველზე, გამოიყენოს ეკვივალენტური ან უფრო მკაცრი დროებითი ღონისძიება და წერილობით დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. 6. დამცავ და საზედამხედველო ზონებში ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების მოქმედების მინიმალური ვადა შეადგენს 12 თვეს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 12-თვიანი ვადის ათვლა იწყება ბოლო დადასტურებული შემთხვევის ლიკვიდაციის, შესაბამისი ლეშისა და სხვა რისკის შემცველი მასალის უსაფრთხო განკარგვის, საბოლოო დასუფთავების, დეზინფექციისა და დეზინსექციის და სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა აუცილებელი ღონისძიებების დასრულების თარიღიდან, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ან შემდგომ გამოვლენილი შემთხვევა არ მოითხოვს ვადის თავიდან ათვლას. 8. 12-თვიანი ვადის გასვლა თავისთავად არ იწვევს დამცავ ან საზედამხედველო ზონაში დაწესებული ღონისძიებების ავტომატურ გაუქმებას. ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს ან შემსუბუქდეს სააგენტოს მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური, ლაბორატორიული, ეპიზოოტოლოგიური და ვექტორული ზედამხედველობის შედეგები ადასტურებს, რომ AHS-ის ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკი კონტროლირებადია. 9. თუ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში გამოვლინდა ახალი დადასტურებული შემთხვევა, შესაბამისი ზონის ღონისძიებების მოქმედების ვადა გადაიხედება და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი შემთხვევის გათვალისწინებით ხელახლა განისაზღვრება. 10. ადგილობრივი ზონის რეჟიმის გაუქმება არ ნიშნავს AHS-ისგან თავისუფალი საერთაშორისო სტატუსის ავტომატურ აღდგენას. საერთაშორისო სტატუსის აღდგენა ხორციელდება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 12. სადგომის დასუფთავება, დეზინფექცია და დეზინსექცია 1. სადგომის, აღჭურვილობის, სატრანსპორტო საშუალების, ლეშის დროებითი შენახვის ადგილისა და სხვა დაკავშირებული ობიექტების დასუფთავება, დეზინფექცია და დეზინსექცია ხორციელდება სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით. 2. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) დეზინფექციის ჩატარებამდე უზრუნველყოს ორგანული მასალის მოცილება იმგვარად, რომ არ მოხდეს მისი გადატანა ან გავრცელება სუფთა ტერიტორიაზე; ბ) უზრუნველყოს სადეზინფექციო საშუალების გამოყენება მწარმოებლის ინსტრუქციით განსაზღვრული კონცენტრაციის, ტემპერატურისა და საჭირო საკონტაქტო დროის დაცვით; გ) უზრუნველყოს კარ-ფანჯრების, ღიობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინვენტარისა და სისხლთან კონტაქტში მყოფი მოწყობილობების სათანადო დასუფთავება/დეზინფექცია; დ) შეამციროს ვექტორების გამრავლების ადგილები, მათ შორის, ტენიანი ორგანული მასალა, სველი ქვეშსაფენი და არასათანადოდ მართული ნაკელი; ე) უზრუნველყოს ნაკელის, ქვეშსაფენისა და სხვა ორგანული მასალის შენახვა, დამუშავება ან განკარგვა სააგენტოს მითითებების შესაბამისად; ვ) აწარმოოს ჩანაწერები გამოყენებული პრეპარატის დასახელების, სერიის/პარტიის ნომრის, გამოყენებული კონცენტრაციის, გამოყენების თარიღისა და დროის, დამუშავების ადგილისა და სამუშაოს შემსრულებელი პირის შესახებ. 3. ინფიცირებულ დაავადების ამთვისებელ ცხოველთან კონტაქტში მყოფი სატრანსპორტო საშუალება არ ტოვებს განსაზღვრულ ადგილს დასუფთავების, დეზინფექციისა და დეზინსექციის დასრულებამდე, გარდა სააგენტოს მიერ განსაზღვრული კონტროლირებადი გადაადგილებისა. 4. ვექტორებისგან დაცული სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ დამტკიცებულ მინიმალურ ტექნიკურ და საოპერაციო მოთხოვნებს, მათ შორის, კონტროლირებად შესასვლელ-გამოსასვლელს, შესაბამის ბადეებს, ვექტორულ ზედამხედველობასა და კონტროლს. 5. ლეში გადაადგილებამდე დამუშავებული უნდა იქნეს სადეზინფექციო საშუალებით და გადაიტანება დახურული, გაჟონვისგან დაცული ტრანსპორტით, დაღვრილი სისხლი და ქსოვილი გროვდება და უსაფრთხოდ ნადგურდება. მუხლი 13. კარანტინის მოხსნა 1. დაავადებაზე დაწესებული კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ შესრულებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა: ა) ყველა დადასტურებული შემთხვევისა და მაღალი რისკის დაავადების ამთვისებელი ცხოველების მიმართ დასრულებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებები; ბ) დასრულებულია ლეშის, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტებისა და სხვა რისკის შემცველი მასალების განკარგვა; გ) ჩატარებულია სადგომების, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება, დეზინფექცია და დეზინსექცია; დ) დასრულებულია ეპიზოოტოლოგიური მოკვლევა და მაღალი რისკის მქონე კონტაქტური სადგომების გამოკვლევა; ე) სააგენტოს მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა დაავადების ახალი საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევა; ვ) კლინიკური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური და ვექტორული ზედამხედველობის შედეგები არ მიუთითებს AHS-ის ვირუსის შემდგომ გავრცელებაზე ან გადაცემაზე; ზ) ვაქცინაციის განხორციელების შემთხვევაში შესრულებულია ვაქცინირებული დაავადების ამთვისებელი ცხოველების ზედამხედველობისა და გადაადგილებისათვის დადგენილი პირობები. 2. სადგომში დაავადების ამთვისებელი ცხოველების ხელახალი შეყვანა დასაშვებია სააგენტოს ავტორიზაციის საფუძველზე, დასუფთავებისა და დეზინფექციის ეფექტიანობის შეფასების, ვექტორული რისკის შეფასების ან სხვა შესაბამისი ზედამხედველობის გეგმის საფუძველზე. 3. სადგომში დაავადების ამთვისებელი ცხოველების ხელახალი შეყვანის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს: ა) დასუფთავებისა და დეზინფექციის საბოლოო შემოწმებას; ბ) ვექტორის აქტივობის შეფასებას; გ) შესაყვანი დაავადების ამთვისებელი ცხოველების წარმომავლობისა და ჯანმრთელობის სტატუსის დადგენას; დ) ხელახალი შეყვანის წინ კლინიკურ და შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევას; ე) დაავადების ამთვისებელი ცხოველების ეტაპობრივ ხელახალ შეყვანას; ვ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრულ სენტინელურ ან მის ეკვივალენტურ ზედამხედველობას; ზ) ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის გრაფიკს; თ) დადებითი ან გაურკვეველი შედეგის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ განსახორციელებელ ღონისძიებებს. მუხლი 14. საგანგებო გეგმა 1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა; ბ) რეგიონებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები; გ) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის პერსონალის შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს წვდომა შენობა-ნაგებობების, მოწყობილობებისა და ყველა სხვა მასალისადმი; დ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა; ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა; ვ) საჭიროების შემთხვევაში ვაქცინაციის, მათ შორის, გადაუდებელი ვაქცინაციის, დეტალური გეგმების (გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა, სახეობა და სხვ.) წარმოდგენა. 2. პერსონალმა რეგულარულად უნდა გაიაროს სწავლებები ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემიოლოგიურ) გამოკითხვასთან, კლინიკურ ნიშნებსა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით. 3. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. 4. საგანგებო გეგმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის მიერ. მუხლი 15. კომპენსაცია 1. დაავადების ამთვისებელი ცხოველის დაავადებით სიკვდილის ან სააგენტოს გადაწყვეტილებით ცხოველის ევთანაზიის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობისა და გადახდის საკითხს ადგენს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ცხოველის მფლობელზე კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) ადგილი აქვს ამ წესის შესაბამისად დაავადების დადასტურებულ შემთხვევას; ბ) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების შესაბამისად: ბ.ა) სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში; ბ.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს; ბ.გ) ცხოველი იდენტიფიცირებულია დაბადებიდან არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში ან ვიდრე იგი დატოვებს დაბადების ადგილს. მუხლი 16. AHS-ზე თავისუფალი ქვეყანა ან ზონა 1. ქვეყანას ან ზონას სააგენტოს მიერ შეიძლება მიენიჭოს AHS-ზე თავისუფალი სტატუსი, როდესაც AHSV-ით დაინფიცირება მთელ ქვეყანაში ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას, გეგმური ვაქცინაცია არ ხორციელდება, ხოლო ცხენებისა და ცხენისებრთა, ასევე მათი გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ისტორიულად AHS-ზე თავისუფალია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და დადასტურებულია, რომ ქვეყანაში ან ზონაში AHSV-ის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს; ან ბ) ქვეყანას ან ზონას სულ მცირე ორი წლის განმავლობაში არ ჰქონია AHS-ის არცერთი შემთხვევა და იგი არ ესაზღვრება დაინფიცირებულ ქვეყანას ან ზონას; ან გ) ზედამხედველობის პროგრამამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ან ზონაში არანაკლებ ორი წლის განმავლობაში AHSV-ის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს; ან დ) ქვეყანას ან ზონას სულ მცირე 40 დღის განმავლობაში არ ჰქონია AHS-ის არცერთი შემთხვევა, ხოლო ზედამხედველობის პროგრამამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ან ზონაში არანაკლებ ორი წლის განმავლობაში Culicoides-ის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. 2. AHS-ზე თავისუფალმა ქვეყანამ ან ზონამ, რომელიც ესაზღვრება დაინფიცირებულ ქვეყანას ან ზონას, უნდა მოიცვას ზონა, სადაც ხორციელდება კლინიკური, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური, ვექტორისა და სენტინელ/საკონტროლო ცხოველებზე ზედამხედველობა. 3. AHS-ზე თავისუფალი ქვეყანა ან ზონა არ დაკარგავს თავისუფალ სტატუსს დაინფიცირებული ქვეყნებიდან ან ზონებიდან სეროპოზიტიური ან ვაქცინირებული ცხენებისა და ცხენისებრთა, აგრეთვე მათი გასამრავლებელი (გენეტიკური) იმპორტის გამო, იმ პირობით, რომ ეს იმპორტი განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. ქვეყანა ან ზონა შეიძლება ჩაითვალოს დაავადებისგან თავისუფლად პათოგენისთვის სპეციფიკური ზედამხედველობის პროგრამის ოფიციალურად განხორციელების გარეშე, როდესაც: ა) სულ მცირე, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაავადების წინააღმდეგ ვაქცინაცია არ ჩატარებულა; ბ) სულ მცირე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პათოგენს შეუძლია ამთვისებელ ცხოველებში გამოიწვიოს ამოსაცნობი კლინიკური ან პათოლოგიური ნიშნები; გ) სულ მცირე, ბოლო 25 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ამ პათოგენით გამოწვეული ინფექციის ან ინვაზიის/დასნებოვნების არცერთი შემთხვევა. 5. AHS-ზე თავისუფალი ქვეყნის ან ზონების სიაში შესატანად: ა) ქვეყანაში უნდა არსებობდეს ცხოველთა დაავადებების შესახებ რეგულარული და დროული შეტყობინების ისტორია; ბ) სააგენტომ უნდა წარუდგინოს დეკლარაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH), რომელშიც მითითებული იქნება: ბ.ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი რომელი საფუძვლის მიხედვით ხდება განაცხადის წარდგენა; ბ.ბ) რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ან ზონაში AHS-ის წინააღმდეგ გეგმური ვაქცინაცია არ ჩატარებულა; ბ.გ) რომ ცხენებისა და ცხენისებრთა იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) სააგენტომ წარადგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება, რომ: გ.ა) ხორციელდება ზედამხედველობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქვეყანა ისტორიულად თავისუფალია დაავადებაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; გ.ბ) განხორციელებულია AHSV ინფექციის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლის მარეგულირებელი ღონისძიებები. 6. ქვეყანა სიაში შეიტანება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WOAH) მიიღებს და დააკმაყოფილებს წარდგენილ მტკიცებულებებს. 7. სიაში სტატუსის შესანარჩუნებლად საჭიროა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის ყოველწლიურად ხელახლა წარდგენა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის (WOAH) შეტყობინება, კერძოდ, ოფიციალურად უნდა დადასტურდეს, რომ: ა) ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ან ზონაში AHS-ის არცერთი აფეთქება არ დაფიქსირებულა; ბ) ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ან ზონაში AHSV-ით დაინფიცირების არანაირი მტკიცებულება არ გამოვლენილა.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები