გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის „საზღვაო სამართლის შესახებ“ კონვენციის XI ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებული შეთანხმება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის „საზღვაო სამართლის შესახებ“ კონვენციის XI ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებული შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 1836 UNTS 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2026
ძალაში შესვლის თარიღი 21/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016882
1836 UNTS 3
28/07/1994
ვებგვერდი, 11/11/2026
480610000.03.030.016882
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის „საზღვაო სამართლის შესახებ“ კონვენციის XI ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებული შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის „საზღვაო სამართლის შესახებ“ კონვენციის XI ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებული შეთანხმება

წინამდებარე შეთანხმების მხარე სახელმწიფოები,

აღიარებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის „საზღვაო სამართლის შესახებ“ კონვენციის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კონვენცია“) მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის მშვიდობის, სამართლიანობისა და პროგრესის შენარჩუნებაში,

კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ზღვისა და ოკეანის ფსკერი და მათი წიაღისეული, რომლებიც ეროვნული იურისდიქციის საზღვრებს მიღმაა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „რაიონი“), ასევე, რაიონის რესურსები, წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას,

ითვალისწინებენ რა კონვენციის მნიშვნელობას ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნებისთვის და მზარდ შეშფოთებას გლობალური გარემოსთვის,

განიხილეს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანგარიში 1990 წლიდან 1994 წლამდე სახელმწიფოებს შორის გამართული არაფორმალური კონსულტაციების შედეგების შესახებ, რომლებიც ეხებოდა კონვენციის XI ნაწილის და მასთან დაკავშირებული დებულებების ირგვლივ არსებულ გადაუჭრელ საკითხებს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „XI ნაწილი“),

აღნიშნავენ რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს, მათ შორის, ბაზარზე ორიენტირებულ მიდგომებს, რომლებიც გავლენას ახდენს XI ნაწილის განხორციელებაზე,

სურთ რა კონვენციაში უნივერსალური მონაწილეობის ხელშეწყობა,

ითვალისწინებენ რა, რომ XI ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებული შეთანხმება საუკეთესოდ შეასრულებდა ამ მიზანს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1. XI ნაწილის განხორციელება

1. წინამდებარე შეთანხმების მხარე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, XI ნაწილი განახორციელონ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

2. დანართი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 2. ურთიერთობა წინამდებარე შეთანხმებასა და XI ნაწილს შორის

1. წინამდებარე შეთანხმებისა და XI ნაწილის დებულებები განიმარტება და გამოიყენება ერთად, როგორც ერთიანი დოკუმენტი. წინამდებარე შეთანხმებასა და XI ნაწილს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

2. კონვენციის 309-ე – 319-ე მუხლები წინამდებარე შეთანხმების მიმართ გამოიყენება ისევე, როგორც ისინი გამოიყენება კონვენციის მიმართ.

მუხლი 3. ხელმოწერა

წინამდებარე შეთანხმება, მისი მიღების დღიდან 12 თვის განმავლობაში, ღია რჩება ხელმოწერისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში კონვენციის 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (a), (c), (d), (e) და (f) ქვეპუნქტებში მითითებული სახელმწიფოებისა და სუბიექტებისთვის.

მუხლი 4. თანხმობა სავალდებულოდ აღიარებაზე

1. წინამდებარე შეთანხმების მიღების შემდეგ, კონვენციის სარატიფიკაციო ან ფორმალური დადასტურების ან მასთან შეერთების ნებისმიერი სიგელი ასევე წარმოადგენს თანხმობას წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოდ აღიარებაზე.

2. არცერთ სახელმწიფოს ან სუბიექტს არ შეუძლია დაადასტუროს თავისი თანხმობა წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოდ აღიარებაზე, თუ მანამდე არ დაადასტურა ან იმავდროულად არ დაადასტურებს თავის თანხმობას კონვენციის სავალდებულოდ აღიარებაზე.

3. მე-3 მუხლში მითითებულ სახელმწიფოს ან სუბიექტს წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვა შეუძლია:

(a) ხელმოწერით, რომელიც არ ექვემდებარება რატიფიცირებას, ფორმალურ დადასტურებას ან მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურას;

(b) ხელმოწერით, რომელიც ექვემდებარება რატიფიცირებას ან ფორმალურ დადასტურებას, რასაც მოჰყვება რატიფიცირება ან ფორმალური დადასტურება;

(c) ხელმოწერით, მე-5 მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად; ან

(d) შეერთებით.

4. კონვენციის 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (f) ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ ოფიციალური დადასტურება უნდა განხორციელდეს კონვენციის IX დანართის შესაბამისად.

5. სარატიფიკაციო, ფორმალური დადასტურების ან შეერთების სიგელები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

მუხლი 5. გამარტივებული პროცედურა

1. სახელმწიფო ან სუბიექტი, რომელმაც წინამდებარე შეთანხმების მიღების თარიღამდე წარადგინა კონვენციის სარატიფიკაციო ან ფორმალური დადასტურების ან მასთან შეერთების სიგელი და რომელმაც ხელი მოაწერა წინამდებარე შეთანხმებას მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაითვლება, რომ გამოხატა თანხმობა წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოდ აღიარებაზე მისი მიღებიდან 12 თვის შემდეგ, თუ ეს სახელმწიფო ან სუბიექტი ამ თარიღამდე წერილობით არ აცნობებს დეპოზიტარს, რომ ის არ სარგებლობს წინამდებარე მუხლში მითითებული გამარტივებული პროცედურით.

2. ასეთი შეტყობინების შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა უნდა გამოიხატოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 6. ძალაში შესვლა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა 30 დღის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც 40 სახელმწიფო გამოხატავს თანხმობას სავალდებულოდ აღიარებაზე მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ასეთ სახელმწიფოებს შორის იქნება საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამე კონფერენციის II რეზოლუციის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „II რეზოლუცია“) პირველის პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული სულ მცირე შვიდი სახელმწიფო და რომ ამ სახელმწიფოებიდან სულ მცირე ხუთი იქნება განვითარებული სახელმწიფო. თუ ძალაში შესვლის ეს პირობები შესრულდება 1994 წლის 16 ნოემბრამდე, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა 1994 წლის 16 ნოემბერს.

2. თითოეული სახელმწიფოსთვის ან სუბიექტისთვის, რომელიც წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავს პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მისი თანხმობის დადასტურების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.

მუხლი 7. დროებითი გამოყენება

1. თუ 1994 წლის 16 ნოემბრისთვის წინამდებარე შეთანხმება არ შევიდა ძალაში, ძალაში შესვლამდე იგი დროებით გამოიყენება:

(a) იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებმაც გამოხატეს თანხმობა მის სავალდებულოდ აღიარებაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, იმ სახელმწიფოს გარდა, რომელიც 1994 წლის 16 ნოემბრამდე წერილობით აცნობებს დეპოზიტარს, რომ ის ამგვარად არ გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმებას, ან რომ ის თანხმობას გამოხატავს ასეთ გამოყენებაზე მხოლოდ შემდგომი ხელმოწერის დროს ან წერილობითი შეტყობინებისას;

(b) იმ სახელმწიფოების და სუბიექტების მიერ, რომლებიც ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას, იმ სახელმწიფოს და სუბიექტის გარდა, რომელიც ხელმოწერის დროს წერილობით აცნობებს დეპოზიტარს, რომ ის ამგვარად არ გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმებას;

(c) იმ სახელმწიფოებისა და სუბიექტების მიერ, რომლებიც მის დროებით გამოყენებაზე თანხმობას გამოხატავენ დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გზით;

(d) იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც უერთდებიან წინამდებარე შეთანხმებას.

2. ყველა ასეთმა სახელმწიფომ და სუბიექტმა წინამდებარე შეთანხმება დროებით უნდა გამოიყენოს თავისი ეროვნული ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად, 1994 წლის 16 ნოემბრიდან ან ხელმოწერის, თანხმობის შესახებ შეტყობინების ან შეერთების თარიღიდან, თუ ეს უფრო გვიან მოხდება.

3. დროებითი გამოყენება წყდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, დროებითი გამოყენება წყდება 1998 წლის 16 ნოემბერს, თუ ამ თარიღისთვის არ შესრულდება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც შეეხება II რეზოლუციის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული სულ მცირე შვიდი სახელმწიფოს (რომელთაგან სულ მცირე ხუთი უნდა იყოს განვითარებული სახელმწიფო) მიერ თანხმობის გამოხატვას წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოდ აღიარებაზე.

მუხლი 8. მხარე სახელმწიფოები

1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, „მხარე სახელმწიფოები“ ნიშნავს სახელმწიფოებს, რომლებმაც გამოხატეს თანხმობა წინამდებარე შეთანხმების სავალდებულო აღიარებაზე და რომლებისთვისაც წინამდებარე შეთანხმება ძალაშია.

2. წინამდებარე შეთანხმება mutatis mutandis ვრცელდება კონვენციის 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (c), (d), (e) და (f) ქვეპუნქტებში მითითებულ სუბიექტებზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მხარეები ხდებიან თითოეული მათგანისთვის შესაბამისი პირობების შესაბამისად და იმ ფარგლებში, რამდენადაც „მხარე სახელმწიფოები“ გულისხმობს ამ სუბიექტებს.

მუხლი 9. დეპოზიტარი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი არის წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარი.

მუხლი 10. ავთენტური ტექსტები

ამ შეთანხმების ორიგინალი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

აღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წლის 28 ივლისს.

 

დანართი

განყოფილება 1. მხარე სახელმწიფოების ხარჯები და ინსტიტუციური ღონისძიებები

1. ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანო (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ორგანო“) არის ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც კონვენციის მხარე სახელმწიფოები, XI ნაწილით და წინამდებარე შეთანხმებით რაიონისთვის დადგენილი რეჟიმის შესაბამისად, ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ საქმიანობას რაიონში, განსაკუთრებით რაიონის რესურსების ადმინისტრირების მიზნით. ორგანოს აქვს ის უფლებამოსილებები და ფუნქციები, რაც მას პირდაპირ აქვს მინიჭებული კონვენციით. ორგანოს აქვს ისეთი ინციდენტური უფლებამოსილებები, რომლებიც შეესაბამება კონვენციას და რომლებიც ნაგულისხმევია და აუცილებელია ამ უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებისთვის რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით.

2. მხარე სახელმწიფოებისთვის ხარჯების მინიმიზაციის მიზნით, კონვენციისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანო და დამხმარე ორგანო უნდა იყოს ეკონომიური. ეს პრინციპი ასევე ვრცელდება შეხვედრების სიხშირეზე, ხანგრძლივობასა და გრაფიკზე.

3. ორგანოს ორგანოებისა და დამხმარე ორგანოების შექმნა და ფუნქციონირება უნდა ეფუძნებოდეს ევოლუციურ მიდგომას, შესაბამისი ორგანოებისა და დამხმარე ორგანოების ფუნქციური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა მათ შეძლონ თავიანთი შესაბამისი მოვალეობების ეფექტურად შესრულება რაიონში საქმიანობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

4. კონვენციის ძალაში შესვლისთანავე ორგანოს ადრეული ფუნქციები უნდა შეასრულონ ასამბლეამ, საბჭომ, სამდივნომ, იურიდიულმა და ტექნიკურმა კომისიამ და საფინანსო კომიტეტმა. ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის ფუნქციები უნდა შეასრულოს იურიდიულმა და ტექნიკურმა კომისიამ მანამ, სანამ საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს ან ექსპლუატაციის პირველი სამუშაო გეგმის დამტკიცებამდე.

5. კონვენციის ძალაში შესვლასა და ექსპლუატაციის პირველი სამუშაო გეგმის დამტკიცებას შორის პერიოდში ორგანომ ყურადღება უნდა გაამახვილოს:

(a) საძიებო სამუშაოების გეგმების დამტკიცების შესახებ განაცხადების დამუშავებაზე XI ნაწილისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად;

(b) ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოსა და საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მოსამზადებელი კომისიის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსამზადებელი კომისია“) გადაწყვეტილებების განხორციელებაზე, რომლებიც ეხება რეგისტრირებულ პიონერ ინვესტორებსა და მათი სერტიფიცირების განმახორციელებელ სახელმწიფოებს, მათ შორის, მათ უფლებებსა და ვალდებულებებს, კონვენციის 308-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და II რეზოლუციის მე-13 პუნქტის შესაბამისად;

(c) კონტრაქტების ფორმით დამტკიცებული საძიებო სამუშაოების გეგმების შესრულების ზედამხედველობაზე;

(d) ღრმა ზღვის ფსკერის სამთო-მოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და მოვლენების ზედამხედველობაზე და მიმოხილვაზე, მათ შორის, მსოფლიო ლითონის ბაზრის მდგომარეობისა და ლითონის ფასების, ტენდენციებისა და პერსპექტივების რეგულარულ ანალიზზე;

(e) რაიონიდან მინერალების წარმოების პოტენციური ზემოქმედების შესწავლაზე იმ მინერალების ხმელეთზე დაფუძნებული განვითარებადი მწარმოებლების ეკონომიკაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე სერიოზულად დაზარალდებიან, მათი სირთულეების მინიმიზაციისა და ეკონომიკური ადაპტირების ხელშეწყობის მიზნით, მოსამზადებელი კომისიის მიერ ამ მხრივ განხორციელებული სამუშაოს გათვალისწინებით;

(f) რაიონში საქმიანობის მიმდინარეობისას მისი წარმართვისთვის აუცილებელი ნორმების, წესებისა და პროცედურების მიღებაზე. კონვენციის III დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის (b) და (c) დებულებების მიუხედავად, ასეთმა ნორმებმა, წესებმა და პროცედურებმა უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე შეთანხმების პირობები, ღრმა ზღვის ფსკერის კომერციული სამთო-მოპოვებითი სამუშაოების გახანგრძლივებული შეფერხება და რაიონში საქმიანობის სავარაუდო ტემპი;

(g) ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების შესაბამისი სტანდარტების შემცველი ნორმების, წესების და და პროცედურების მიღებაზე;

(h) რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარების ხელშეწყობასა და წახალისებაზე და ასეთი კვლევისა და ანალიზის შედეგების შეგროვებასა და გავრცელებაზე, როდესაც ეს შესაძლებელია, რაიონში საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების კვლევაზე განსაკუთრებული აქცენტით;

(i) მეცნიერული ცოდნის შეძენაზე და რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული საზღვაო ტექნოლოგიების, განსაკუთრებით, ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარების ზედამხედველობაზე;

(j) საძიებო სამუშაოებთან და დაზვერვასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომი მონაცემების შეფასებაზე;

(k) ექსპლუატაციის ნორმების, წესების და პროცედურების, მათ შორის, ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული ნორმებისა და წესებისა დროულ შემუშავებაზე.

6. (a) დაზვერვის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადი საბჭომ უნდა განიხილოს მას შემდეგ, რაც იურიდიული და ტექნიკური კომისიისგან მიიღებს რეკომენდაციას აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებით. დაზვერვის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადის განხილვა უნდა განხორციელდეს კონვენციის, მათ შორის, მისი III დანართის და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

(i) დაზვერვის სამუშაო გეგმა, რომელიც წარდგენილია სახელმწიფოს ან ისეთი სუბიექტის ან ამ სუბიექტის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილის სახელით, რომელიც მოხსენიებულია II რეზოლუციის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის (ii) ან (iii) ქვეპუნქტში, გარდა რეგისტრირებული პიონერი ინვესტორისა, რომელსაც კონვენციის ძალაში შესვლამდე უკვე განხორციელებული ჰქონდა არსებითი საქმიანობა რაიონში, ან – მისი უფლებამონაცვლის მიერ, ჩაითვლება, რომ აკმაყოფილებს სამუშაო გეგმის დამტკიცებისთვის აუცილებელი ფინანსური და ტექნიკური კვალიფიკაციის მოთხოვნებს, თუ დამფინანსებელი სახელმწიფო ან სახელმწიფოები დაადასტურებენ, რომ განმცხადებელმა კვლევით და დაზვერვით საქმიანობაზე დახარჯა თანხა, რომელიც ეკვივალენტურია არანაკლებ 30 მილიონი აშშ დოლარისა, და ამ თანხის არანაკლებ 10 პროცენტი დახარჯა სამუშაო გეგმაში მითითებული არეალის ადგილმდებარეობის დადგენაზე, შესწავლასა და შეფასებაზე. თუ სამუშაო გეგმა სხვა მხრივ აკმაყოფილებს კონვენციისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმების, წესებისა და პროცედურების მოთხოვნებს, იგი საბჭოს მიერ უნდა დამტკიცდეს კონტრაქტის სახით. წინამდებარე დანართის მე-3 განყოფილების მე-11 პუნქტის დებულებები უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნეს შესაბამისად;

(ii) მიუხედავად II რეზოლუციის მე-8 პუნქტის (a) ქვეპუნქტის დებულებებისა, რეგისტრირებულ პიონერ ინვესტორს შეუძლია მოითხოვოს დაზვერვის სამუშაო გეგმის დამტკიცება კონვენციის ძალაში შესვლიდან 36 თვის განმავლობაში. დაზვერვის სამუშაოების გეგმა უნდა მოიცავდეს დოკუმენტებს, ანგარიშებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც წარედგინა მოსამზადებელ კომისიას როგორც რეგისტრაციამდე, ისე რეგისტრაციის შემდეგ, და თან უნდა ერთოდეს შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ ანგარიშს პიონერი ინვესტორის რეჟიმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის შესახებ, რომელიც გაცემულია მოსამზადებელი კომისიის მიერ II რეზოლუციის მე-11 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად. ასეთი სამუშაო გეგმა ჩაითვლება დამტკიცებულად. დამტკიცებული სამუშაო გეგმა უნდა გაფორმდეს ორგანოსა და რეგისტრირებულ პიონერ ინვესტორს შორის დადებული კონტრაქტის სახით, XI ნაწილისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. II რეზოლუციის მე-7 პუნქტის (a) ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი 250 000 აშშ დოლარის რაოდენობის საფასური ჩაითვლება საფასურად, რომელიც უკავშირდება დაზვერვის ეტაპს წინამდებარე დანართის მე-8 განყოფილების მე-3 პუნქტის თანახმად. წინამდებარე დანართის მე-3 განყოფილების მე-11 პუნქტი უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნეს შესაბამისად;

(iii) დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის შესაბამისად, კონტრაქტი (a) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოსთან, სუბიექტთან ან ასეთი სუბიექტის ნებისმიერ შემადგენელ ნაწილთან უნდა მოიცავდეს ისეთ პირობებს, რომლებიც ანალოგიური და არანაკლებ ხელსაყრელი იქნება, ვიდრე (a) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტში მითითებულ რეგისტრირებულ პიონერ ინვესტორთან შეთანხმებული პირობები. იმ შემთხვევაში, თუ (a) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში მითითებულ რომელიმე სახელმწიფოს, სუბიექტს ან ასეთი სუბიექტის შემადგენელ ნაწილს მიენიჭება უფრო ხელსაყრელი პირობები, საბჭომ უნდა დაადგინოს ანალოგიური და არანაკლებ ხელსაყრელი პირობები (a) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტში მითითებული რეგისტრირებული პიონერ ინვესტორების მიერ ნაკისრ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ აღნიშნული პირობები არ შელახავს და არ დააზიანებს ორგანოს ინტერესებს;

(iv) სახელმწიფო, რომელიც უჭერს მხარს სამუშაო გეგმის შესახებ განაცხადს (a) ქვეპუნქტის (i) ან (ii) ქვეპუნქტების დებულებების შესაბამისად, შეიძლება იყოს მხარე სახელმწიფო ან სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე შეთანხმებას დროებით იყენებს მე-7 მუხლის შესაბამისად, ან სახელმწიფო, რომელიც ორგანოს დროებითი წევრია მე-12 პუნქტის შესაბამისად;

(v) II რეზოლუციის მე-8 პუნქტის (c) ქვეპუნქტი უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნეს (a) ქვეპუნქტის (iv) ქვეპუნქტის შესაბამისად.

7. სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადს უნდა დაერთოს შემოთავაზებული საქმიანობის შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების შეფასება და ოკეანოგრაფიული და გარემოს მდგომარეობის საბაზისო კვლევების პროგრამის აღწერა, ორგანოს მიერ მიღებული ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

8. დაზვერვის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადი, მე-6 პუნქტის (a) ქვეპუნქტის (i) ან (ii) ქვეპუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, განხილული უნდა იქნეს წინამდებარე დანართის მე-3 განყოფილების მე-11 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

9. დაზვერვის სამუშაო გეგმა მტკიცდება 15-წლიანი ვადით. დაზვერვის სამუშაო გეგმის ვადის გასვლისას კონტრაქტორმა უნდა წარადგინოს განაცხადი ექსპლუატაციის სამუშაო გეგმის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ეს უკვე გააკეთა ან გაუგრძელდა დაზვერვის სამუშაო გეგმის ვადა. კონტრაქტორებს შეუძლიათ მოითხოვონ აღნიშნული ვადის გაგრძელება არაუმეტეს ხუთწლიანი პერიოდებით თითოეულ შემთხვევაში. ვადის გაგრძელება დამტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორმა კეთილსინდისიერად განახორციელა ძალისხმევა სამუშაო გეგმის მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ დაასრულა ექსპლუატაციის ეტაპზე გადასასვლელად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, ან თუ არსებული ეკონომიკური პირობები არ ამართლებს ექსპლუატაციის ეტაპზე გადასვლას.

10. კონვენციის III დანართის მე-8 მუხლის შესაბამისად, ორგანოსთვის გამოყოფილი არეალი უნდა განისაზღვროს დაზვერვის სამუშაო გეგმის ან დაზვერვისა და ექსპლუატაციის სამუშაო გეგმის თაობაზე განაცხადის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

11. მე-9 პუნქტის დებულებების მიუხედავად, დამტკიცებული დაზვერვის სამუშაო გეგმა, რომელსაც აფინანსებს სულ მცირე ერთი სახელმწიფო, რომელიც დროებით იყენებს წინამდებარე შეთანხმებას, კარგავს ძალას, თუ აღნიშნული სახელმწიფო შეწყვეტს წინამდებარე შეთანხმების დროებით გამოყენებას და არ გახდება დროებითი წევრი მე-12 პუნქტის შესაბამისად, ან არ გახდება მხარე სახელმწიფო.

12. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, იმ სახელმწიფოებსა და სუბიექტებს, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას დროებით იყენებდნენ მე-7 მუხლის შესაბამისად, და რომლებისთვისაც იგი ჯერ არ არის ძალაში შესული, შეუძლიათ, გააგრძელონ ორგანოს წევრობა დროებით საფუძველზე, ვიდრე შეთანხმება მათთვის ძალაში არ შევა – ქვემოთ მოცემული ქვეპუნქტების შესაბამისად:

(a) თუ წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა 1996 წლის 16 ნოემბრამდე, აღნიშნულ სახელმწიფოებსა და სუბიექტებს უფლება ექნებათ, ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობა განაგრძონ წევრის სტატუსით, დროებით საფუძველზე, მას შემდეგ, რაც ასეთი სახელმწიფო ან სუბიექტი შეთანხმების დეპოზიტარს შეატყობინებს თავისი განზრახვის შესახებ – მონაწილეობა მიიღოს დროებით საფუძველზე. ასეთი წევრობა შეწყდება ან 1996 წლის 16 ნოემბერს, ან იმ მომენტში, როდესაც აღნიშნული წევრისთვის ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმება და კონვენცია, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღი დადგება უფრო ადრე. საბჭოს შეუძლია, დაინტერესებული სახელმწიფოს ან სუბიექტის თხოვნით, გაახანგრძლივოს აღნიშნული წევრობა 1996 წლის 16 ნოემბრის შემდგომი პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს, იმ პირობით, თუ საბჭო დარწმუნდება, რომ დაინტერესებული სახელმწიფო ან სუბიექტი კეთილსინდისიერად ცდილობდა შეთანხმების და კონვენციის მხარედ გახდომას;

(b) თუ წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა 1996 წლის 15 ნოემბრის შემდეგ, აღნიშნულ სახელმწიფოებს და სუბიექტებს შეუძლიათ თხოვნით მიმართონ საბჭოს, მიენიჭოთ ორგანოში განგრძობადი წევრობის უფლება დროებით საფუძველზე, ისეთი პერიოდით ან პერიოდებით, რომლებიც არ გასცდება 1998 წლის 16 ნოემბერს. საბჭომ ასეთი წევრობის მინიჭების თხოვნა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან, თუ დარწმუნდება, რომ სახელმწიფო ან სუბიექტი კეთილსინდისიერად ცდილობდა შეთანხმების და კონვენციის მხარედ გახდომას;

(c) სახელმწიფოები და სუბიექტები, რომლებიც ორგანოს წევრები არიან დროებით საფუძველზე (a) ან (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გამოიყენონ XI ნაწილისა და წინამდებარე შეთანხმების დებულებები საკუთარი ეროვნული ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, წესებისა და წლიური საბიუჯეტო ასიგნებების შესაბამისად და აქვთ სხვა წევრების ანალოგიური უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის:

(i) ვალდებულება, განახორციელონ შენატანები ორგანოს ადმინისტრაციულ ბიუჯეტში, დადგენილი შენატანების შკალის შესაბამისად;

(ii) უფლება, მხარი დაუჭირონ განაცხადს დაზვერვის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე. იმ სუბიექტების შემთხვევაში, რომელთა შემადგენლობაში შედიან ერთზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირები, დაზვერვის სამუშაო გეგმა არ დამტკიცდება, თუ ყველა ის სახელმწიფო, რომელთა ფიზიკური ან იურიდიული პირებიც ქმნიან აღნიშნულ სუბიექტებს, არ არის მხარე სახელმწიფო ან წევრი დროებით საფუძველზე;

(d) მე-9 პუნქტის დებულებების მიუხედავად, დაზვერვის კონტრაქტის სახით დამტკიცებული სამუშაო გეგმა, რომელიც (c) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი იყო სახელმწიფოს მიერ, რომელიც წევრი იყო დროებით საფუძველზე, კარგავს ძალას, თუ აღნიშნული წევრობა წყდება და სახელმწიფო ან სუბიექტი არ გამხდარა წევრი სახელმწიფო;

(e) თუ ასეთმა წევრმა არ განახორციელა დადგენილი შენატანები ან სხვაგვარად არ შეასრულა წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, მისი დროებით საფუძველზე წევრობა შეწყდება.

13. კონვენციის III დანართის მე-10 მუხლში არადამაკმაყოფილებელი შესრულების შესახებ მითითება უნდა განიმარტოს ისე, რომ კონტრაქტორმა ვერ შეასრულა დამტკიცებული სამუშაო გეგმის მოთხოვნები, მიუხედავად ორგანოს მიერ კონტრაქტორისადმი წერილობითი გაფრთხილებისა ან გაფრთხილებებისა, რომ შეესრულებინა ისინი.

14. ორგანოს აქვს საკუთარი ბიუჯეტი. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო წლის ბოლომდე, ორგანოს ადმინისტრაციული ხარჯები დაიფარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიუჯეტის მეშვეობით. ამის შემდეგ, ორგანოს ადმინისტრაციული ხარჯები უნდა დაიფაროს მისი წევრების, მათ შორის, დროებით საფუძველზე მოქმედი წევრების, დადგენილი შენატანებით, კონვენციის 171-ე მუხლის (a) ქვეპუნქტისა და 173-ე მუხლის და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მანამ, სანამ ორგანოს სხვა წყაროებიდან არ ექნება საკმარისი სახსრები ამ ხარჯების დასაფარად. ორგანომ არ უნდა განახორცილოს კონვენციის 174-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებამოსილება – ისესხოს თანხები თავისი ადმინისტრაციული ბიუჯეტის დასაფინანსებლად.

15. ორგანომ, კონვენციის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (o) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა შეიმუშაოს და მიიღოს ნორმები, წესები და პროცედურები, რომლებიც დაფუძნებულია წინამდებარე დანართის მე-2, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 განყოფილებებში მოცემულ პრინციპებზე, ასევე – ნებისმიერი დამატებითი ნორმა, წესი და პროცედურა, რომელიც აუცილებელია დაზვერვის ან ექსპლუატაციის სამუშაო გეგმების დამტკიცების ხელშესაწყობად, შემდეგი ქვეპუნქტების შესაბამისად:

(a) საბჭოს ასეთი შემუშავების დაწყება შეუძლია ნებისმიერ დროს, როდესაც ჩათვლის, რომ ყველა ან რომელიმე ასეთი ნორმა, წესი ან პროცედურა აუცილებელია რაიონში საქმიანობის წარმართვისთვის, ან როდესაც დაადგენს, რომ კომერციული ექსპლუატაცია გარდაუვალია, ან იმ სახელმწიფოს მოთხოვნით, რომლის მოქალაქეც აპირებს ექსპლუატაციის სამუშაო გეგმის დამტკიცების მოთხოვნას;

(b) თუ მოთხოვნას წარადგენს (a) ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო, საბჭომ, კონვენციის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (o) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაასრულოს ასეთი ნორმების, წესებისა და პროცედურების მიღება მოთხოვნიდან ორი წლის განმავლობაში;

(c) თუ საბჭომ დადგენილ ვადაში არ დაასრულა ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ნორმების, წესების და პროცედურების შემუშავება და მიმდინარეობს ექსპლუატაციის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადის განხილვა, მან, მიუხედავად ამისა, უნდა განიხილოს და დროებით დაამტკიცოს ასეთი სამუშაო გეგმა კონვენციის დებულებებისა და ნებისმიერი ნორმის, წესის და პროცედურის საფუძველზე, რომელიც შეიძლება საბჭოს დროებით ჰქონდეს მიღებული, ან კონვენციაში მოცემული ნორმებისა და წინამდებარე დანართში მოცემული პირობებისა და პრინციპების, ასევე, კონტრაქტორებს შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის საფუძველზე.

16. მოსამზადებელი კომისიის ანგარიშებსა და რეკომენდაციებში მოცემული ნორმების, წესებისა და პროცედურების პროექტები და XI ნაწილის დებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი რეკომენდაცია ორგანომ უნდა გაითვალისწინოს XI ნაწილისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ნორმების, წესებისა და პროცედურების მიღებისას.

17. კონვენციის XI ნაწილის მე-4 განყოფილების შესაბამისი დებულებები უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნეს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

განყოფილება 2. საწარმო

1. ორგანოს სამდივნომ უნდა შეასრულოს საწარმოს ფუნქციები მანამ, სანამ ის არ დაიწყებს სამდივნოსგან დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. ორგანოს გენერალურმა მდივანმა ორგანოს თანამშრომლებიდან უნდა დანიშნოს დროებითი გენერალური დირექტორი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სამდივნოს მიერ ამ ფუნქციების შესრულებას.

ეს ფუნქციებია:

(a) ღრმა ზღვის ფსკერის სამთო-მოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და განვითარების ზედამხედველობა და მიმოხილვა, მათ შორის, მსოფლიო ლითონების ბაზრის პირობებისა და ლითონების ფასების, ტენდენციებისა და პერსპექტივების რეგულარული ანალიზი;

(b) რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით საზღვაო სამეცნიერო კვლევის შედეგების შეფასება, რაიონში საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების კვლევაზე განსაკუთრებული აქცენტით;

(c) საძიებო სამუშაოებთან და კვლევასთან დაკავშირებული არსებული მონაცემების, მათ შორის, ასეთი საქმიანობის კრიტერიუმების შეფასება;

(d) რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური განვითარების, განსაკუთრებით, ზღვის გარემოს დაცვასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შეფასება;

(e) ორგანოსთვის გამოყოფილი არეალების შესახებ ინფორმაციისა და მონაცემების შეფასება;

(f) ერთობლივი საწარმოს ოპერაციების მიმართ მიდგომების შეფასება;

(g) გადამზადებული კადრების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

(h) საწარმოს ადმინისტრირების მმართველობითი პოლიტიკის ვარიანტების შესწავლა მისი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე.

2. საწარმომ ღრმა ზღვის ფსკერის სამთო-მოპოვებითი სამუშაოების საწყისი ოპერაციები უნდა განახორციელოს ერთობლივი საწარმოების მეშვეობით. საწარმოსგან განსხვავებული სუბიექტისთვის ექსპლუატაციის სამუშაო გეგმის დამტკიცების ან საბჭოს მიერ საწარმოს მონაწილეობით ერთობლივი საწარმოს ოპერაციის შესახებ განაცხადის მიღების შემდეგ, საბჭომ უნდა განიხილოს ორგანოს სამდივნოსგან დამოუკიდებლად საწარმოს ფუნქციონირების საკითხი. თუ საწარმოს მონაწილეობით ერთობლივი საწარმოს ოპერაციები შეესაბამება გონივრულ კომერციულ პრინციპებს, საბჭომ უნდა გამოსცეს დირექტივა კონვენციის 170-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ასეთ დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

3. მხარე სახელმწიფოებისთვის კონვენციის IV დანართის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, დააფინანსონ საწარმოს ერთი სამთო-მოპოვებითი ობიექტი, არ ამოქმედდება და მხარე სახელმწიფოები არ იქნებიან ვალდებულნი, დააფინანსონ მისი რაიმე ოპერაცია საწარმოს რომელიმე სამთო-მოპოვებით ობიექტზე ან რაიმე ოპერაცია მისი ერთობლივი საწარმოს ღონისძიებების ფარგლებში.

4. კონტრაქტორებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება საწარმოზე. კონვენციის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და III დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებების მიუხედავად, საწარმოს სამუშაო გეგმა დამტკიცების შემდეგ უნდა გაფორმდეს ორგანოსა და საწარმოს შორის დადებული კონტრაქტის სახით.

5. კონტრაქტორს, რომელმაც კონკრეტული არეალი ორგანოს გადასცა გამოყოფილი არეალის სახით, აქვს უპირატესი უფლება – საწარმოსთან დადოს ერთობლივი საწარმოს გარიგება ამ არეალის დაზვერვისა და ექსპლუატაციის მიზნით. თუ საწარმო არ წარადგენს განაცხადს ასეთ გამოყოფილ არეალთან დაკავშირებული საქმიანობის სამუშაო გეგმის შესახებ სამდივნოსგან დამოუკიდებლად ორგანოს მიერ თავისი ფუნქციების დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ან იმ თარიღიდან 15 წლის განმავლობაში, როდესაც ეს არეალი ორგანისთვის გამოიყო, რომელიც უფრო გვიან დადგება, კონტრაქტორს, რომელმაც ეს არეალი გამოყო, უფლება აქვს, შეიტანოს განაცხადი ამ არეალის სამუშაო გეგმის შესახებ, იმ პირობით, რომ იგი კეთილსინდისიერად შესთავაზებს საწარმოს ერთობლივ საწარმოში პარტნიორად მონაწილეობას.

6. კონვენციის 170-ე მუხლის მე-4 პუნქტი, IV დანართისა და საწარმოსთან დაკავშირებული კონვენციის სხვა დებულებები უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნეს წინამდებარე განყოფილების შესაბამისად.

განყოფილება 3. გადაწყვეტილების მიღება

1. ორგანოს ზოგადი პოლიტიკა უნდა დაადგინოს ასამბლეამ საბჭოსთან თანამშრომლობით.

2. როგორც ზოგადი წესი, ორგანოს ორგანოებში გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კონსენსუსით.

3. თუ კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების ყველა მცდელობა ამოწურულია, ასამბლეაში პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები კენჭისყრით მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების უმრავლესობით, ხოლო არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის 159-ე მუხლის მე-8 პუნქტით.

4. ასამბლეის გადაწყვეტილებები ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც საბჭოს ასევე აქვს კომპეტენცია, ან ნებისმიერ ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო ან ფინანსურ საკითხზე, უნდა ეფუძნებოდეს საბჭოს რეკომენდაციებს. თუ ასამბლეა არ მიიღებს საბჭოს რეკომენდაციას რომელიმე საკითხზე, მან საკითხი უნდა დაუბრუნოს საბჭოს შემდგომი განხილვისთვის. საბჭომ ხელახლა უნდა განიხილოს საკითხი ასამბლეის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით.

5. თუ კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების ყველა მცდელობა ამოწურულია, საბჭოში პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები კენჭისყრით მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების უმრავლესობით, ხოლო არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენცია ითვალისწინებს საბჭოში გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღებას, მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს არ ეწინააღმდეგება მე-9 პუნქტში მითითებული რომელიმე პალატის უმრავლესობა. გადაწყვეტილებების მიღებისას, საბჭომ უნდა ეცადოს, რომ იმოქმედოს ორგანოს ყველა წევრის ინტერესებიდან გამომდინარე.

6. საბჭოს შეუძლია გადადოს გადაწყვეტილების მიღება შემდგომი მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით, როდესაც ჩანს, რომ საკითხზე კონსენსუსის მიღწევის ყველა მცდელობა არ არის ამოწურული.

7. ასამბლეის ან საბჭოს მიერ ფინანსური ან საბიუჯეტო შედეგების მქონე გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს საფინანსო კომიტეტის რეკომენდაციებს.

8. კონვენციის 161-ე მუხლის მე-8 პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტების დებულებები არ გამოიყენება.

9. (a) სახელმწიფოთა თითოეული ჯგუფი, რომლებიც არჩეულია მე-15 პუნქტის (a) და (c) ქვეპუნქტების შესაბამისად, საბჭოში კენჭისყრის მიზნებისთვის, განიხილება, როგორც პალატა. მე-15 პუნქტის (e) და (d) ქვეპუნქტების შესაბამისად არჩეული განვითარებადი სახელმწიფოები, საბჭოში კენჭისყრის მიზნებისთვის, ჩაითვლებიან ერთ პალატად.

(b) საბჭოს წევრების არჩევამდე ასამბლეამ უნდა დაადგინოს იმ ქვეყნების სიები, რომლებიც აკმაყოფილებენ სახელმწიფოთა ჯგუფებში წევრობის მე-15 პუნქტის (a) – (d) ქვეპუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს. თუ სახელმწიფო აკმაყოფილებს ერთზე მეტ ჯგუფში წევრობის კრიტერიუმებს, ის საბჭოში არჩევნებისთვის შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ერთმა ჯგუფმა და საბჭოში კენჭისყრისას უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ ამ ჯგუფს.

10. მე-15 პუნქტის (a) – (d) ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფოთა თითოეული ჯგუფი საბჭოში წარმოდგენილი იქნება ამ ჯგუფის მიერ ნომინირებული წევრების მიერ. თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს მხოლოდ იმდენი კანდიდატი, რამდენიც საჭიროა ამ ჯგუფის მიერ ადგილების შესავსებად. როდესაც მე-15 პუნქტის (a) – (e) ქვეპუნქტებში მითითებულ თითოეულ ჯგუფში პოტენციური კანდიდატების რაოდენობა აღემატება თითოეულ შესაბამის ჯგუფში არსებული ადგილების რაოდენობას, როგორც ზოგადი წესი, გამოიყენება როტაციის პრინციპი. თითოეული ამ ჯგუფის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ეს პრინციპი ამ ჯგუფებში.

11. (a) საბჭომ უნდა დაამტკიცოს იურიდიული და ტექნიკური კომისიის რეკომენდაცია სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ, თუ დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით, მათ შორის, საბჭოს თითოეულ პალატაში დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით, საბჭო არ გადაწყვეტს, რომ უარი თქვას სამუშაო გეგმის დამტკიცებაზე. თუ დადგენილ ვადაში საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას სამუშაო გეგმის დამტკიცების რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ამ პერიოდის დასრულების შემდეგ რეკომენდაცია ჩაითვლება საბჭოს მიერ დამტკიცებულად. დადგენილი ვადა, როგორც წესი, არის 60 დღე, თუ საბჭო არ გადაწყვეტს უფრო ხანგრძლივი პერიოდის დაწესებას. თუ კომისია იძლევა რეკომენდაციას სამუშაო გეგმის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ ან არ იძლევა რეკომენდაციას, საბჭოს მაინც შეუძლია დაამტკიცოს სამუშაო გეგმა არსებით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების საკუთარი პროცედურული წესების შესაბამისად.

(b) კონვენციის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (j) ქვეპუნქტის დებულებები არ გამოიყენება.

12. სამუშაო გეგმის დამტკიცებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში ასეთი დავა უნდა გადაეცეს დავის მოგვარების კონვენციით დადგენილ პროცედურებს.

13. იურიდიულ და ტექნიკურ კომისიაში გადაწყვეტილებები კენჭისყრით მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების უმრავლესობით.

14. კონვენციის XI ნაწილის მე-4 განყოფილების B და C ქვეგანყოფილებები უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნეს წინამდებარე განყოფილების შესაბამისად.

15. საბჭო შედგება ორგანოს 36 წევრისგან, რომლებსაც ასამბლეა ირჩევს შემდეგი თანმიმდევრობით:

(a) ოთხ წევრს იმ მხარე სახელმწიფოებიდან, რომლებმაც ბოლო იმ ხუთი წლის განმავლობაში, რომელთა შესახებაც სტატისტიკა არსებობს, ან მოიხმარეს მსოფლიო მოხმარების მთლიანი ღირებულების 2%-ზე მეტი, ან განახორციელეს რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიებიდან წარმოებული საქონლის მსოფლიო იმპორტის მთლიანი ღირებულების 2%-ზე მეტი წმინდა იმპორტი, იმ პირობით, რომ ამ ოთხ წევრს შორის უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთი სახელმწიფო, რომელსაც ამ რეგიონში მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით აქვს უდიდესი ეკონომიკა და სახელმწიფო, რომელსაც კონვენციის ძალაში შესვლის თარიღში აქვს უდიდესი ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, თუ ასეთ სახელმწიფოებს ექნებათ სურვილი, წარმოდგენილნი იყვნენ ამ ჯგუფში;

(b) ოთხ წევრს იმ რვა მხარე სახელმწიფოდან, რომლებმაც რაიონში საქმიანობის მომზადებასა და წარმართვაში განახორციელეს ყველაზე დიდი ინვესტიციები ან პირდაპირ, ან თავიანთი მოქალაქეების მეშვეობით;

(c) ოთხ წევრს იმ მხარე სახელმწიფოებიდან, რომლებიც, თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფ არეალებში წარმოების საფუძველზე, არიან რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიების ძირითადი წმინდა ექსპორტიორები, მათ შორის, სულ მცირე, ორი განვითარებადი სახელმწიფო, რომელთა მიერ ასეთი მინერალების ექსპორტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მათ ეკონომიკაზე;

(d) ექვს წევრს იმ განვითარებადი მხარე სახელმწიფოებიდან, რომლებიც წარმოადგენენ განსაკუთრებულ ინტერესებს. წარმოსადგენი განსაკუთრებული ინტერესები მოიცავს დიდი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებს, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ან გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებს, კუნძულოვან სახელმწიფოებს, რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიების ძირითად იმპორტიორ სახელმწიფოებს, ასეთი მინერალების პოტენციურ მწარმოებელ სახელმწიფოებს და ყველაზე ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებს;

(e) თვრამეტ წევრს, რომლებიც არჩეულნი არიან საბჭოში ადგილების სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების უზრუნველყოფის პრინციპის შესაბამისად, იმ პირობით, რომ თითოეულ გეოგრაფიულ რეგიონს ეყოლება წინამდებარე ქვეპუნქტის შესაბამისად არჩეული სულ მცირე ერთი წევრი. ამ მიზნით, გეოგრაფიული რეგიონებია: აფრიკა, აზია, აღმოსავლეთ ევროპა, ლათინური ამერიკა და კარიბები და დასავლეთ ევროპა და სხვა.

16. კონვენციის 161-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება.

განყოფილება 4. მიმოხილვის კონფერენცია

კონვენციის 155-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში მიმოხილვის კონფერენციასთან დაკავშირებული დებულებები არ გამოიყენება. კონვენციის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, ასამბლეას, საბჭოს რეკომენდაციით, შეუძლია ნებისმიერ დროს მიმოიხილოს კონვენციის 155-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები. წინამდებარე შეთანხმებასთან და XI ნაწილთან დაკავშირებული ცვლილებები ექვემდებარება კონვენციის 314-ე, 315-ე და 316-ე მუხლებში მოცემულ პროცედურებს, იმ პირობით, რომ შენარჩუნდება კონვენციის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პრინციპები, რეჟიმი და სხვა ტერმინები და გავლენას არ მოახდენს ხსენებული მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ უფლებებზე.

განყოფილება 5. ტექნოლოგიების გადაცემა

1. კონვენციის 144-ე მუხლის დებულებებზე დამატებით XI ნაწილის მიზნებისთვის ტექნოლოგიების გადაცემა უნდა მოწესრიგდეს შემდეგი პრინციპებით:

(a) საწარმომ და განვითარებადმა სახელმწიფოებმა, რომელთაც სურთ ღრმა ზღვის ფსკერის სამთო-მოპოვებითი ტექნოლოგიის მიღება, უნდა ეცადონ ასეთი ტექნოლოგიის მიღებას სამართლიანი და გონივრული კომერციული პირობებით ღია ბაზარზე ან ერთობლივი საწარმოების მეშვეობით;

(b) თუ საწარმოს ან განვითარებად სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ღრმა ზღვის ფსკერის სამთო-მოპოვებითი ტექნოლოგიის მიღება, ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს ყველა ან რომელიმე კონტრაქტორს და მათ შესაბამის დამფინანსებელ სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს, რომ ითანამშრომლონ მათთან საწარმოს ან მისი ერთობლივი საწარმოს მიერ ღრმა ზღვის ფსკერის სამთო-მოპოვებითი ტექნოლოგიის შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ან განვითარებად სახელმწიფოს ან იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც ცდილობენ ასეთი ტექნოლოგიების შეძენას სამართლიანი და ეფექტური წესითა და პირობებით, რომლებიც შეესაბამება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტურ დაცვას. მხარე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ ამ მიზნით სრულად და ეფექტურად ითანამშრომლონ ორგანოსთან და უზრუნველყონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული კონტრაქტორები ასევე სრულად ითანამშრომლებენ ორგანოსთან;

(c) როგორც ზოგადი წესი, მხარე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ საერთაშორისო ტექნიკურ და სამეცნიერო თანამშრომლობას რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით ან დაინტერესებულ მხარეებს შორის, ან სასწავლო, ტექნიკური დახმარებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამების შემუშავებით საზღვაო მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში და ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში.

2. კონვენციის III დანართის მე-5 მუხლის დებულებები არ გამოიყენება.

განყოფილება 6. წარმოების პოლიტიკა

1. ორგანოს წარმოების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

(a) რაიონის რესურსების განვითარება უნდა მოხდეს გონივრული კომერციული პრინციპების შესაბამისად;

(b) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების“ დებულებები, მისი შესაბამისი კოდექსები და მომდევნო ან შემცვლელი შეთანხმებები გამოიყენება რაიონში საქმიანობის მიმართ;

(c) განსაკუთრებით, არ უნდა მოხდეს რაიონში საქმიანობის სუბსიდირება, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც დაშვებულია (b) ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმებებით. ამ პრინციპების მიზნებისათვის სუბსიდირება უნდა განისაზღვროს (b) ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმებების მიხედვით;

(d) დაუშვებელია დისკრიმინაცია რაიონიდან და სხვა წყაროებიდან მიღებულ მინერალებს შორის. დაუშვებელია ბაზრებზე შეღავათიანი წვდომა ასეთი მინერალებისთვის ან ასეთი მინერალებისგან წარმოებული საქონლის იმპორტისთვის, განსაკუთრებით:

(i) სატარიფო ან არასატარიფო ბარიერების გამოყენებით; და

(ii) მხარე სახელმწიფოების მიერ ისეთი მინერალებისთვის ან საქონლისთვის მინიჭებული შეღავათით, რომლებიც წარმოებულია მათი სახელმწიფო საწარმოების ან ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ, რომლებიც ფლობენ მათ მოქალაქეობას ან კონტროლდებიან მათ ან მათი მოქალაქეების მიერ;

(e) ორგანოს მიერ დამტკიცებული ექსპლუატაციის სამუშაო გეგმა თითოეული სამთო-მოპოვებითი ობიექტის მიმართ უნდა მიუთითებდეს წარმოების მოსალოდნელ განრიგს, რომელიც უნდა მოიცავდეს მინერალების სავარაუდო მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც, სამუშაო გეგმის მიხედვით, წარმოებული იქნება თითოეულ წელს;

(f) (b) ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმებების დებულებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მიმართ გამოიყენება შემდეგი დებულებები:

(i) როდესაც დაინტერესებული მხარე სახელმწიფოები არიან ამ შეთანხმებების მხარეები, მათ უნდა გამოიყენონ დავების მოგვარების პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებებით;

(ii) თუ ერთი ან მეტი მხარე სახელმწიფო არ არის ამ შეთანხმებების მხარე, მან უნდა გამოიყენოს დავების მოგვარების პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციით.

(g) იმ შემთხვევებში, როდესაც (b) ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმებების საფუძველზე დადგინდა, რომ მხარე სახელმწიფო ჩაერთო სუბსიდირებაში, რომელიც აკრძალულია ან რომელმაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა მხარე სახელმწიფოს ინტერესებზე და სათანადო ნაბიჯები არ იქნა გადადგმული შესაბამისი მხარე სახელმწიფოს ან მხარე სახელმწიფოების მიერ, მხარე სახელმწიფოს შეუძლია საბჭოს მოსთხოვოს სათანადო ზომების მიღება.

2. პირველ პუნქტში მოცემული პრინციპები გავლენას არ მოახდენს პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმებების ნებისმიერი დებულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, აგრეთვე, თავისუფალი ვაჭრობისა და საბაჟო კავშირის შესაბამის შეთანხმებებზე, იმ მხარე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, რომლებიც არიან ასეთი შეთანხმებების მხარეები.

3. კონტრაქტორის მიერ სუბსიდიების მიღება, გარდა იმ სუბსიდიებისა, რომლებიც შეიძლება დაშვებული იყოს პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმებებით, წარმოადგენს იმ კონტრაქტის ფუნდამენტური პირობების დარღვევას, რომელიც ქმნის რაიონში საქმიანობის განხორციელების სამუშაო გეგმას.

4. ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, რომელსაც აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დაირღვა პირველი პუნქტის (b) – (d) ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის მოთხოვნები, შეუძლია დაიწყოს დავის მოგვარების პროცედურები პირველი პუნქტის (f) ან (g) ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. მხარე სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს, საბჭოს ყურადღება მიაპყროს საქმიანობას, რომელიც, მისი აზრით, არ შეესაბამება პირველი პუნქტის (b)–(d) ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

6. ორგანომ უნდა შეიმუშავოს ნორმები, წესები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს წინამდებარე განყოფილების დებულებების, მათ შორის, სამუშაო გეგმების დამტკიცების მომწესრიგებელი ნორმების, წესებისა და პროცედურების განხორციელებას.

7. კონვენციის 151-ე მუხლის პირველი – მე-7 და მე-9 პუნქტების, 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (q) ქვეპუნქტის, 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის (n) ქვეპუნქტისა და III დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-7 მუხლის დებულებები არ გამოიყენება.

განყოფილება 7. ეკონომიკური დახმარება

1. ორგანოს პოლიტიკა იმ განვითარებადი ქვეყნების დახმარების შესახებ, რომლებიც თავიანთ საექსპორტო შემოსავლებსა თუ ეკონომიკაზე განიცდიან სერიოზულ უარყოფით ზემოქმედებას, რომელიც გამოწვეულია შესაბამისი მინერალის ფასის ან ამ მინერალის ექსპორტის მოცულობის შემცირების გამო, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული შემცირება გამოწვეულია რაიონში განხორციელებული საქმიანობით, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:

(a) ორგანომ უნდა შექმნას ეკონომიკური დახმარების ფონდი ორგანოს იმ ფინანსური სახსრების ნაწილისგან, რომელიც აღემატება ორგანოს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად საჭირო თანხებს. ამ მიზნით გამოყოფილი თანხის რაოდენობა პერიოდულად უნდა განსაზღვროს საბჭომ, საფინანსო კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე. ეკონომიკური დახმარების ფონდის შესაქმნელად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კონტრაქტორებისგან, მათ შორის, საწარმოსგან, მიღებული გადახდები და ნებაყოფლობითი შენატანები;

(b) ხმელეთზე დაფუძნებულ მწარმოებელ განვითარებად სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკაზეც, როგორც დადგინდა, სერიოზული გავლენა იქონია ღრმა ზღვის ფსკერიდან მინერალების წარმოებამ, დახმარება უნდა გაეწიოთ ორგანოს ეკონომიკური დახმარების ფონდიდან;

(c) ორგანომ ფონდიდან დახმარება უნდა გაუწიოს დაზარალებულ, ხმელეთზე დაფუძნებულ მწარმოებელ განვითარებად სახელმწიფოებს, საჭიროების შემთხვევაში, განვითარების არსებულ გლობალურ ან რეგიონულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რომლებსაც გააჩნიათ ასეთი დახმარების პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და კომპეტენცია;

(d) ასეთი დახმარების ფარგლები და ვადა უნდა განისაზღვროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ პრობლემების ხასიათი და მასშტაბი, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ დაზარალებული ხმელეთზე მომპოვებელი განვითარებადი სახელმწიფოები.

2. კონვენციის 151-ე მუხლის მე-10 პუნქტი უნდა განხორციელდეს პირველ პუნქტში მითითებული ეკონომიკური დახმარების ზომების მეშვეობით. კონვენციის 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (l) ქვეპუნქტი, 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (n) ქვეპუნქტი, 164-ე მუხლის მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტი, 171-ე მუხლის (f) ქვეპუნქტი და 173-ე მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი უნდა განიმარტოს შესაბამისად.

განყოფილება 8. კონტრაქტის ფინანსური პირობები

1. კონტრაქტების ფინანსურ პირობებთან დაკავშირებული ნორმების, წესებისა და პროცედურების დადგენის საფუძველია შემდეგი პრინციპები:

(a) ორგანოსთვის გადახდების სისტემა უნდა იყოს სამართლიანი როგორც კონტრაქტორის, ისე – ორგანოს მიმართ და უნდა უზრუნველყოფდეს ადეკვატურ საშუალებებს კონტრაქტორის მიერ აღნიშნულ სისტემასთან შესაბამისობის დასადგენად;

(b) სისტემის ფარგლებში დადგენილი გადახდების განაკვეთები უნდა შეესაბამებოდეს იმ განაკვეთებს, რომლებიც მოქმედებს ხმელეთზე იმავე ან მსგავსი მინერალების მოპოვებისას, რათა ღრმა ზღვის ფსკერის სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განმახორციელებლების მიმართ თავიდან იქნეს აცილებული ხელოვნური კონკურენტული უპირატესობის მინიჭება ან მათთვის კონკურენტულად გაუარესებული მდგომარეობის შექმნა;

(c) სისტემა არ უნდა იყოს რთული და არ უნდა იწვევდეს მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ხარჯებს ორგანოსთვის ან კონტრაქტორისთვის. განხილული უნდა იქნეს ჰონორარის სისტემის ან ჰონორარისა და მოგების განაწილების სისტემის კომბინაციის გამოყენების შესაძლებლობა. ალტერნატიული სისტემების არჩევის შემთხვევაში, კონტრაქტორს უფლება აქვს, აირჩიოს თავისი კონტრაქტის მიმართ გამოსაყენებელი სისტემა. თუმცა, ალტერნატიულ სისტემებს შორის არჩევანის ნებისმიერი შემდგომი ცვლილება უნდა განხორციელდეს ორგანოსა და კონტრაქტორს შორის შეთანხმების საფუძველზე;

(d) ყოველწლიური ფიქსირებული მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს კომერციული წარმოების დაწყების თარიღიდან. აღნიშნული მოსაკრებელი შეიძლება ჩაითვალოს (c) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული სისტემით გათვალისწინებულ სხვა გადახდებში. მოსაკრებლის რაოდენობა უნდა დაადგინოს საბჭომ;

(e) გადახდების სისტემა შეიძლება პერიოდულად გადაიხედოს ცვალებადი გარემოებების გათვალისწინებით. ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს არადისკრიმინაციული ფორმით. ასეთი ცვლილებები არსებულ კონტრაქტებზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ კონტრაქტორის სურვილით. ალტერნატიულ სისტემებს შორის არჩევანის ნებისმიერი შემდგომი ცვლილება უნდა განხორციელდეს ორგანოსა და კონტრაქტორს შორის შეთანხმების საფუძველზე;

(f) ამ პრინციპებზე დაფუძნებული ნორმებისა და წესების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები ექვემდებარება დავების მოგვარების კონვენციით გათვალისწინებულ პროცედურებს.

2. კონვენციის III დანართის მე-13 მუხლის მე-3 – მე-10 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება.

3. კონვენციის III დანართის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი ფაზით (ან ძიების, ან ექსპლუატაციის) შემოფარგლული სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადების განხილვის საფასური შეადგენს 250 000 აშშ დოლარს.

განყოფილება 9. საფინანსო კომიტეტი

1. იქმნება საფინანსო კომიტეტი. კომიტეტი შედგება 15 წევრისგან, რომლებსაც აქვთ ფინანსური საკითხების შესაბამისი კვალიფიკაცია. მხარე სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ კანდიდატები, რომლებსაც აქვთ კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტები.

2. საფინანსო კომიტეტის წევრებს შორის არ უნდა იყოს ერთი და იმავე მხარე სახელმწიფოს მოქალაქე ორი წევრი.

3. საფინანსო კომიტეტის წევრებს ირჩევს ასამბლეა და სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სამართლიანი გეოგრაფიული განაწილებისა და განსაკუთრებული ინტერესების წარმომადგენლობის აუცილებლობა. მე-3 განყოფილების მე-15 პუნქტის (a), (b), (c) და (d) ქვეპუნქტებში მითითებული სახელმწიფოების თითოეული ჯგუფი კომიტეტში წარმოდგენილი იქნება სულ მცირე ერთი წევრით. სანამ ორგანოს არ ექნება ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად დადგენილი შენატანებისგან განსხვავებული საკმარისი ფინანსური სახსრები, კომიტეტის შემადგენლობაში უნდა იყვნენ ორგანოს ადმინისტრაციულ ბიუჯეტში ხუთი უდიდესი გადამხდელის წარმომადგენლები. ამის შემდეგ, თითოეული ჯგუფიდან ერთი წევრი აირჩევა შესაბამისი ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე თითოეული ჯგუფიდან დამატებითი წევრების არჩევის შესაძლებლობის შეუზღუდავად.

4. საფინანსო კომიტეტის წევრები თანამდებობას იკავებენ ხუთი წლის ვადით. შესაძლებელია მათი ხელახლა არჩევა კიდევ ერთი ვადით.

5. თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლამდე საფინანსო კომიტეტის წევრის გარდაცვალების, შრომისუუნარობის ან თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში ასამბლეამ თანამდებობაზე ყოფნის ვადის დარჩენილი ვადით უნდა აირჩიოს წევრი იმავე გეოგრაფიული რეგიონიდან ან სახელმწიფოთა ჯგუფიდან.

6. საფინანსო კომიტეტის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, რომლებზეც კომიტეტს აკისრია რეკომენდაციების გაცემის პასუხისმგებლობა. მათ არ უნდა გაამჟღავნონ, თავიანთი ფუნქციების შეწყვეტის შემდეგაც კი, ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ორგანოში მათი მოვალეობების შესრულების გამო.

7. ასამბლეისა და საბჭოს გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს საფინანსო კომიტეტის რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებზე:

(a) ორგანოს ორგანოების ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების პროექტები და ორგანოს ფინანსური მართვა და შიდა ფინანსური ადმინისტრირება;

(b) კონვენციის 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის შესაბამისად ორგანოს ადმინისტრაციულ ბიუჯეტში წევრების შენატანების დადგენა;

(c) ყველა შესაბამისი ფინანსური საკითხი, მათ შორის, კონვენციის 172-ე მუხლის შესაბამისად ორგანოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული წლიური ბიუჯეტის პროექტი და სამდივნოს სამუშაო პროგრამების განხორციელების ფინანსური ასპექტები;

(d) ადმინისტრაციული ბიუჯეტი;

(e) მხარე სახელმწიფოების ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმებისა და XI ნაწილის განხორციელებიდან, ასევე, ორგანოს ფინანსური სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული წინადადებებისა და რეკომენდაციების ადმინისტრაციული და საბიუჯეტო შედეგები;

(f) ნორმები, წესები და პროცედურები რაიონში საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და სხვა ეკონომიკური სარგებლის სამართლიანი განაწილების შესახებ და მათთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილებები.

8. საფინანსო კომიტეტში პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების უმრავლესობით. არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით.

9. კონვენციის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (y) ქვეპუნქტის მოთხოვნა ფინანსური საკითხების განსახილველად დამხმარე ორგანოს შექმნის შესახებ, შესრულებულად ჩაითვლება წინამდებარე განყოფილების შესაბამისად საფინანსო კომიტეტის შექმნით.