დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 343 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.018075 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 107-ე მუხლის მე-5 პუნქტის „მაგალითი 6“-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო წლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გაცემულია ლიცენზია-ბრძანება, მოსაკრებლის თანხა გამოიანგარიშება შემდეგი წესით: ა) იმ ლიცენზიასთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა განსაზღვრულია მოპოვების დღე-ღამური ლიმიტის საფუძველზე, მოსაკრებლის თანხა გამოიანგარიშება შესაბამისი ლიცენზიის მოქმედების დღეთა რაოდენობის პროპორციულად. მაგალითი 7: პირს 2009 წლიდან ჰქონდა სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი (ჩამოსასხმელი)) მოპოვების ლიცენზია 25 წლის მოქმედების ვადით, რომლის მიხედვით მინერალური წყლის (ჩამოსასხმელი) მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა განსაზღვრული იყო მოპოვების დღე-ღამური ლიმიტის საფუძველზე და შეადგენდა წელიწადში 365 000 მ3 -ს, ხოლო ნაკიან წელს – 366 000 მ3-ს. 2026 წლის 18 თებერვალს ლიცენზიაში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის საფუძველზე მოსაპოვებელი რესურსის დღე-ღამური მოცულობა გაიზარდა 250 მ3-ით და გაზრდილი მოცულობის (1 000მ3 + 250მ3) მიხედვით დამტკიცდა შესაბამისი ათვისების გეგმა. დამტკიცებული ათვისების გეგმის მიხედვით, 2026 წლის 18 თებერვლიდან წლის ბოლომდე (317 დღე) ასათვისებელი რესურსის ოდენობა განისაზღვრა 396 250 მ3-ით. მოცემულ შემთხვევაში: ვინაიდან ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის მოპოვება განსაზღვრულია მოპოვების დღე-ღამური ლიმიტის საფუძველზე და აღნიშნულ ლიცენზიაში განხორციელდა ცვლილება, პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2026 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 100 500 მ3 რესურსის მოცულობა. გამომდინარე იქიდან, რომ ლიცენზია, რომელშიც განხორციელდა ცვლილება, მოქმედებდა 48 დღის (48*1 000 მ3) განმავლობაში და ცვლილების შემდგომ გამოცემული ლიცენზია მოქმედებდა 42 დღის განმავლობაში (42*1 250 მ3); 2026 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 113 750 მ3 (91 * 1 250 მ3); 2026 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 115 000 მ3 (92 * 1 250 მ3); 2026 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 115 000 მ3 (92 * 1 250 მ3). ბ) იმ ლიცენზიასთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა განსაზღვრულია მოპოვების წლიური გეგმით და ლიცენზიაში ცვლილების განხორციელების შედეგად იცვლება ლიცენზიაზე დამტკიცებული ათვისების გეგმა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება შეცვლილი ათვისების გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად. მაგალითი 8: პირს 2022 წლიდან ჰქონდა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია 5 წლის მოქმედების ვადით, რომლის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა შეადგენდა 200 000 მ3-ს. ლიცენზიაზე დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა 2022 წლიდან ყოველწლიურად 40 000 მ3 -ს (200 000 მ3/5) შეადგენდა. 2026 წლის 18 აგვისტოს ლიცენზიაში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის საფუძველზე მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა შეიცვალა. ვარიანტი I: ლიცენზიის საფუძველზე მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა გაიზარდა 220 000 მ³-მდე, ხოლო შეცვლილი ათვისების გეგმის შესაბამისად, 2026 წლისათვის ასათვისებელი რესურსის მოცულობა განისაზღვრა 60 000 მ³-ით. ვარიანტი II: ლიცენზიის საფუძველზე მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა შემცირდა 180 000 მ³-მდე, ხოლო შეცვლილი ათვისების გეგმის შესაბამისად, 2026 წლისათვის ასათვისებელი რესურსის მოცულობა განისაზღვრა 20 000 მ³-ით. ორივე შემთხვევაში პირს ათვისების გეგმით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი რესურსი არ მოუპოვებია. მოცემულ შემთხვევაში: იმის გათვალისწინებით, რომ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა შეიცვალა 2026 წლის 18 აგვისტოს – I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის შემდეგ, 2026 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშება ექვემდებარება დაზუსტებას. შესაბამისად, 2026 წლის ორივე ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას დაექვემდებარება შეცვლილი ათვისების გეგმით 2026 წლისათვის განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის მოცულობის ნახევარი, კერძოდ: ვარიანტი I – 30 000 მ3 (60 000 მ3 * ½); ვარიანტი II – 10 000 მ3 (20 000 მ3 * ½).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები