დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4100/24 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 03/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეოთხე სექციის
გადაწყვეტილება საქმეზე
„რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N 4100/24)
სტრასბურგი
03.02.2026
მუხ. 8 • პირადი ცხოვრება • წარუმატებელი სამოქალაქო სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ცნობილი სასულიერო პირის მიერ პირდაპირ ეთერში გასული ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ის საჯაროდ ცნობილ ადვოკატს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებში ინფორმატორობასა და პროვოკატორობაში ადანაშაულებდა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს ინფორმაციას აწვდიდა • სადავო განცხადებები, რომლებსაც შეუძლია მომჩივნის პროფესიული რეპუტაციის შელახვა და მის მიმართ უსაფუძვლო ანტიპათიის გაღვივება, როგორც პროფესიულ, ასევე სოციალურ გარემოში • მუხ. 8 გამოყენებადი • ეროვნული სასამართლოების მიერ ბრალდებების ფაქტობრივი საფუძვლის დადგენის წარუმატებლობა • მომჩივანზე დაკისრებული განუხორციელებელი მტკიცების ტვირთი ბრალდებების უარსაყოფად • კონკურენტულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დამყარების შეუძლებლობა
მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
ჯოლიენ შუკინგი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
ლორენ შემბრი ორლანდი
ანია ზაიბერტი-ფორი
ანა მარია გუერა მარტინსი,
ანე ლუიზ ბორმანი,
სებასტიან რადულეტუ, მოსამართლეები,
და სიმეონ პეტროვსკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N 4100/24) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი მიხეილ რამიშვილის (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ 2024 წლის 7 თებერვალს;
გადაწყვეტილება ეცნობოს საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“);
მხარეთა მოსაზრებები;
2026 წლის 13 იანვრის დახურული თათბირის შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
1. საქმე ეხება ცილისწამების სამოქალაქო სამართალწარმოებას, რომელიც აღძრა მომჩივანმა, საჯაროდ ცნობილმა ადვოკატმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გამოჩენილი სასულიერო პირის, მამა ი.-ის მიერ ტელევიზიით ინტერვიუს დროს გაკეთებული რამდენიმე განცხადების გამო. მომჩივანი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე ჩიოდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაიცვეს მისი რეპუტაციის უფლება.
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1971 წელს და ცხოვრობს თბილისში. თავდაპირველად მას წარმოადგენდა ქ-ნი მ. რატიანი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში, ხოლო შემდგომში თავად წარმოადგენდა საკუთარ თავს.
3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი სახით:
- ზოგადი ინფორმაცია
5. მომჩივანი არის საჯაროდ ცნობილი ადვოკატი, რომელიც წარმოადგენდა დაზარალებული მხარის ინტერესებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ ფართოდ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში (შემდგომში „გასვიანის საქმე“; იხ. საქმე Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, 2011 წლის 26 აპრილი). შესაბამის დროს მომჩივანი ასევე წარმოადგენდა ბრალდებულის ინტერესებს კიდევ ერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელმაც მედიის მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო და ეხებოდა პატრიარქის პირადი მდივნის მკვლელობის მცდელობას (შემდგომში „მამალაძის საქმე“ – შიდასახემწიფოებრივ სამართალწარმოებაში ასევე ცნობილი როგორც „ციანიდის საქმე“; იხ. საქმე Mamaladze v. Georgia, no. 9487/19, 2022 წლის 3 ნოემბერი, და საქმე Mamaladze v. Georgia (dec.), no. 5855/23, 2025 წლის 17 ივნისი). მამა ი., საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობილი სასულიერო პირი, მამალაძის საქმეში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე იყო.
- მომჩივანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები
6. 2017 წლის 21 სექტემბერს,18:00 საათზე, მომჩივანი მიიწვიეს კერძო ტელეარხ „იბერიის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „ახალი ამბები“. გადაცემის მსვლელობისას წამყვანმა დაურეკა მამა ი.-ს, რომელმაც პირდაპირ ეთერში სატელეფონო საუბრისას მომჩივანი „ინფორმატორად“ და „პროვოკატორად“ მოიხსენია, როდესაც განიხილავდა მის როლს, როგორც ადვოკატისა, პატრიარქის პირადი მდივნის მკვლელობის მცდელობის საქმეში. მან ასევე განაცხადა, რომ მომჩივანმა ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, როდესაც ის გირგვლიანის საქმეში დაზარალებულის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენდა. ინტერვიუს შესაბამისი ნაწილის ტრანსკრიპტი შემდეგნაირად იკითხება:
„რატომ იცავენ ამ მკვლელებს, რატომ იცავენ მამალაძეს... ადამიანს, რომელიც მამა პეტრეს მაბეზღარაა, რა ჰქვია მას... მიშიკო რამიშვილი, არ ახსოვს, რომ გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი იყო, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ახალაიას [კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი]?“
- მომჩივნის მიერ აღძრული ცილისწამების სამოქალაქო სამართალწარმოება
7. 2017 წლის 20 ოქტომბერს მომჩივანმა სასულიერო პირის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ცილისწამების გამო, ამტკიცებდა რა, რომ ამ უკანასკნელის განცხადებები ცილისმწამებლური იყო, რადგან ისინი შეიცავდა არსებითად ცრუ ინფორმაციას, რამაც ზიანი მიაყენა მის პატივსა და პროფესიულ რეპუტაციას. მან მოითხოვა 2000 ლარი (დაახლოებით 650 ევრო) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და მოითხოვა ცილისმწამებლური განცხადებების უკან წაღება იმავე საშუალებებით, რომლითაც ისინი გავრცელდა. 2017 წლის 26 ნოემბერს მამა ი.-მა შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მის მიერ ტელეარხ „იბერიაში“ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდა მის პირად აზრსა და შეფასებას და, რომ ფაქტობრივი სიზუსტის მიუხედავად, ისინი ხვდებოდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით (კანონი „სიტყვის თავისუფლების შესახებ“; იხ. პარაგრაფი 17ქვემოთ) დაცული სიტყვის ფარგლებში.
8. 2018 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და მამა ი.-ს დააკისრა, საჯაროდ უკან წაეღო თავისი განცხადება და მომჩივნისთვის გადაეხადა სიმბოლური თანხა – 1 ლარი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები შეიცავდა კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლებოდა დადასტურებადი ან უარყოფადი ყოფილიყო. მან ასევე აღნიშნა, რომ:
„ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადებები ისეთი იყო, რომ მსმენელს უტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს ეს დადასტურებული ფაქტები იყო. არ ყოფილა არანაირი განხილვა ან მითითება იმისა, რომ [ეს] შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო როგორც აზრი. [ამ განცხადებებს] აშკარად შეეძლო მსმენელისთვის შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ და საჯაროდ დელიკატურ საქმეში [მომჩივანი] სპეციალური სამსახურების მიერ იყო ჩანერგილი და მათ ინფორმაციას აწვდიდა.“
9. პირველი ინსტანციის მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ მამა ი.-მა ვერ ახსნა, თუ რამ აიძულა ის, გაეკეთებინა ეს ფაქტობრივი განცხადებები და რა საფუძველზე გაავრცელა მან ასეთი ინფორმაცია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ განცხადებები შეფასებით მსჯელობად უნდა ჩაითვალოს, მათ მაინც არ გააჩნია არანაირი საფუძველი, რადგან მამა ი.-მა ვერ დააკონკრეტა, მომჩივნის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია წაიკითხა, მოისმინა თუ სხვაგვარად მიიღო სხვა პირისგან, ფორმალურად თუ არაფორმალურად. მოსამართლემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მამა ი.-ს წარმომადგენელმა ცალსახად მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა რაიმე ინფორმაცია, რომელიც შეიძლებოდა ასეთი განცხადებების საფუძველი გამხდარიყო.
10. 2022 წლის 16 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ სადავო განცხადებები შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდა და მომჩივნისგან როგორც საჯარო პირისაგან მოსალოდნელი იყო მათი მოთმენა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი, რაც მას უნდა დაედგინა, იყო ის, წარმოადგენდა თუ არა სადავო განცხადებები „აზრს ან/და შეხედულებას“ თუ „არსებითად ცრუ ფაქტს“. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ განასხვავა ფაქტები, რომლებიც დამტკიცებადი იყო, და შეფასებითი მსჯელობა, რომელთა ნამდვილობა და სიმართლე დამტკიცებადი არ იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა შემდეგი:
„20. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხებოდა [მომჩივნის] [საადვოკატო] საქმიანობას, ვის მიმართაც, მისი საქმეების რეზონანსული ხასიათის გამო, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამავდროულად, როდესაც სადავო განცხადებები გავრცელდა, საზოგადოება აქტიურად განიხილავდა [ე.წ.] „ციანიდის საქმის“ გარემოებებს, რომლის დროსაც მხარეები, გარკვეულწილად, იცავდნენ სხვადასხვა პოზიციას. კერძოდ, [მომჩივანი] იყო ბრალდებულის ადვოკატი, ხოლო მოპასუხე მხარე წარმოადგენდა საპატრიარქოს ინტერესებს. ...
21. ... წინამდებარე შემთხვევაში უდავოა, რომ როგორც მომჩივანი, ასევე მოპასუხე სადავო განცხადებების კონტექსტში მიჩნეული იყვნენ საჯარო პირებად ... შესაბამისი სპეციალური კანონით [კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“] დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ჰქონდა მომეტებული ვალდებულება, მოეთმინათ ... ერთმანეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები.“
11. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო სატელევიზიო პროგრამის ვიდეოჩანაწერის შესაბამისი ამონარიდიდან ბოლომდე ნათელი არ იყო, სათანადოდ იყო თუ არა მამა ი. ინფორმირებული, რომ მისი სატელეფონო ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სასამართლომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად მიიჩნია, რადგან მამა ი. თვლიდა, რომ მას ჟურნალისტთან პირადი საუბარი ჰქონდა და მისი განცხადებები საჯაროდ არ გამოქვეყნდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა შემდეგი:
„27. ... შესაბამისად, სპეციალური კანონი [კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“] კერძო და საჯარო პირების [სავარაუდო] ცილისწამების მტკიცების ტვირთს (ორივე შემთხვევაში) ისე ანაწილებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და, რომ სადავო ინფორმაციამ ზიანი მიაყენა მას. საჯარო პირის შემთხვევაში, [მისი] საჯარო-სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, აღნიშნული კანონი დამატებით მოითხოვს, რომ [მან] დაამტკიცოს, რომ [მის] წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია ბოროტი განზრახვით იყო გავრცელებული, ანუ მოსარჩელემ დამატებით უნდა დაამტკიცოს, რომ [პირმა], რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბი იყო. ...
30. მტკიცებულებების კუმულაციური შეფასებისა და მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის გათვალისწინებით, პალატას არ შეუძლია მიიღოს მოსარჩელის არგუმენტი და... ვერ შეზღუდავს [მამა ი.-ის] უფლებას, გამოხატოს მკაცრი, კრიტიკული და უსიამოვნო პოზიცია ან განცხადება, ან შეფასება საჯარო პირთან დაკავშირებით იმ საკითხის კონტექსტში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებაში შესაბამის დროს. პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ [მამა ი.-ის] განცხადება ფაქტის ფარგლებში ხვდებოდა და, შესაბამისად, თუ დაუმტკიცებელია, [უნდა მოხვდეს] ცილისწამების კატეგორიაში, რადგან როდესაც განცხადებები კუმულაციურია, აშკარაა, რომ [მამა ი.-მა] გამოხატა თავისი პირადი, სუბიექტური დამოკიდებულება საჯარო პირის მიმართ ამ უკანასკნელის საჯარო საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით... ეს, პალატის აზრით, არ შეიძლება დახასიათდეს როგორც ფაქტის კონსტატაცია, რადგან სპეციალური კანონის [კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“] მე-7(5) მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომელიც არ შეიძლება ცალსახად დახასიათდეს, როგორც მოსაზრება ან ფაქტი, ჩაითვლება მოსაზრებად, რათა თავიდან იქნეს აცილებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისეთი ფუნდამენტური ღირებულების შეზღუდვა, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება.“
12. 2022 წლის 15 დეკემბერს მომჩივანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი. მან გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მამა ი. ჟურნალისტმა სათანადოდ არ გააფრთხილა ინტერვიუს პირდაპირ ეთერში გაშვების შესახებ. მან აღნიშნა, რომ მამა ი.-ის პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზანი იყო მომჩივნის დისკრედიტაცია და მისი პროფესიული რეპუტაციის შელახვა ფართო საზოგადოების თვალში. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ისეთი განცხადებები, როგორიცაა „გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი“, „იყო აგენტ-პროვოკატორი“ და „მოქმედებდა როგორც ინფორმატორი“, იყო ფაქტის კონსტატაცია და არა მოსაზრება, რადგან ისინი დადასტურებულად იძლეოდა ინფორმაციას ფაქტის შესახებ და არ გამოხატავდა მამა ი.-ის სუბიექტურ დამოკიდებულებას მომჩივნის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრების, ასევე მათი სხვა ადვოკატის სასამართლოში მიცემული ჩვენებები ადასტურებდა, რომ მან პროფესიონალურად იმოქმედა შესაბამის სისხლის სამართლის საქმეში და არ დაურღვევია იურიდიული ეთიკის არცერთი წესი. ეს გულისხმობდა, რომ ის აკმაყოფილებდა „სიტყვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით მოთხოვნილი მტკიცების ტვირთის სტანდარტს და, რომ ეს იყო მამა ი.-ის ვალდებულება, რომ დაემტკიცებინა, რომ მის ბრალდებებს გარკვეული ფაქტობრივი საფუძველი ჰქონდა, რაც მან ვერ შეძლო.
13. 2023 წლის 23 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დაადასტურა, რომ ორივე მხარე საჯარო პირები იყვნენ და რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ (მომჩივანი როგორც ბრალდებულის ადვოკატი და მამა ი. როგორც ბრალდების მოწმე), მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს იპყრობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო განცხადებები გაკეთდა მამა ი.-ის ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვის კონტექსტში იმ ფაქტის მიმართ, რომ მომჩივანი წარმოადგენდა ბრალდებულის ინტერესებს ე.წ. „ციანიდის საქმეში“ და, კერძოდ, მიუთითა მის კიდევ ერთ განცხადებაზე – „რატომ იცავენ ამ მკვლელებს, რატომ უნდა დაიცვა მამალაძე?“. შემდეგ სასამართლომ ცალკე განიხილა განცხადებები და აღნიშნა, რომ ტერმინი „მაბეზღარა“ შეფასებითი ხასიათისა იყო, ზედსართავი სახელი და გულისხმობდა პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას სხვა პირის მიმართ. შესაბამისი განცხადება აბსტრაქტული იყო და არ გააჩნდა ფაქტობრივი კონკრეტიკა; შესაბამისად, ის უნდა კლასიფიცირებულიყო როგორც აზრი, რომელიც ექვემდებარება აბსოლუტურ დაცვას „სიტყვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლით. რაც შეეხება განცხადებას, რომ მომჩივანი ჩანერგილი იყო მამალაძის საქმეში მსგავსი როლით, რომელსაც მან გირგვლიანის საქმეში პროვოკატორი უწოდა და ახალაიასთვის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„14.17 ... სადავო განცხადებების ის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელე მოხსენიებულია, როგორც ჩანერგილი აგენტი და პროვოკატორი (მამალაძის საქმეში), ისევე როგორც გირგვლიანის საქმეში, პალატის აზრით, არ შეიძლება განხილული იქნეს ფრაზის პირველი ნაწილისგან („რატომ იცავენ ამ მკვლელებს, რატომ უნდა დაიცვა მამალაძე?“) განცალკევებით. ... გამოთქმის საერთო კონტექსტი გარე ობიექტურ დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ ზემოთ ციტირებულ ფრაზაში სიტყვების ურთიერთქმედება არ იყო ფაქტის კონსტატაციის დადასტურების მცდელობა, არამედ [წარმოადგენდა მამა ი.-ის] სუბიექტურ შეფასებას – დისკუსიის, დაკვირვებისა და ანალიზის შედეგს; შესაბამისად, მოსაზრება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შემაშფოთებელი და მიუღებელია, აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს.“
14. მეორე განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მომჩივნის როლს გირგვლიანის საქმეში, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„14.18. მოსარჩელის, გირგვლიანის საქმეში მონაწილე ადვოკატის, შეფასება, როგორც ჩანერგილი [აგენტი] და პროვოკატორი, რომელიც ახალაიას აწვდიდა ინფორმაციას, გარკვეულ დონეზე შეიცავს დადასტურებას და უფრო ახლოსაა ფაქტის [კონსტატაციასთან], ვიდრე მამალაძის საქმესთან დაკავშირებული განცხადება; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ჩანერგილი აგენტი“ ან „პროვოკატორი“, სადავო განცხადებებში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, არ გულისხმობს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული კანონმდებლობით დასჯად ქმედებებს; შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება, რომ ამ სადავო განცხადებებით მას დანაშაულის ჩადენაში დასდეს ბრალი, უსაფუძვლოა.“
15. შემდეგ უზენაესმა სასამართლომ განიხილა მომჩივნის მიერ გირგვლიანის საქმეში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულის ოჯახის განცხადება, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა მის მუშაობასთან დაკავშირებით, და მეორე ადვოკატის განცხადება, რომელმაც ანალოგიურად შეაფასა მისი მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეში, როგორც წმინდა პროფესიული. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები ვერ გააქარწყლებდა „სადავო განცხადებებში წაყენებულ ბრალდებებს“. მან დაადგინა, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ასახავდა მომჩივნის გირგვლიანის საქმეზე მუშაობის შესახებ მათ სუბიექტურ აღქმას და შეფასებას და, რომ ისინი არ იყვნენ იმ პოზიციაში, რომ მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ბრალდებებთან, რომ მომჩივანი მოქმედებდა როგორც ჩანერგილი აგენტი და პროვოკატორი. უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა შემდეგი:
„14.21. ამავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეც და მოპასუხეც საჯარო პირები არიან და იმისათვის, რომ [საჯარო პირის მიმართ გაკეთებული განცხადება] კლასიფიცირდეს, როგორც ცილისმწამებლური [კერძო პირის მიმართ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით], საკმარისი არ არის იმის დამტკიცება, რომ განცხადება იყო მცდარი, არამედ ასევე აუცილებელია [ჩვენება იმისა], (1) რომ მოპასუხემ წინასწარ იცოდა, რომ განცხადება მცდარი იყო ან (2) რომ მოპასუხე მოქმედებდა აშკარა და უხეში გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია არსებითად ცრუ ბრალდების შემცველი განცხადების გავრცელება. შესაბამისად, საჯარო პირის მიმართ ცილისწამებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეფუძნება ბრალეულობის პრინციპს და მტკიცების ტვირთი, კანონის თანახმად, ეკისრება მოსარჩელეს (სპეციალური კანონის [კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“] მე-14 მუხლი). პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დააკმაყოფილა ბრალეულობის ელემენტი, როგორც ეს მოთხოვნილია მტკიცების მოქმედი სტანდარტით, რაც ... წარმოადგენს მისი სარჩელის უარყოფის საფუძველს.“
16. და ბოლოს, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერის ამონარიდი, რომელიც მომჩივანმა წარადგინა თავისი სამოქალაქო სარჩელის დასასაბუთებლად, არ შეიცავდა მამა ი.-ის გაფრთხილებას, რომ მისი ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ასეთ ვითარებაში სასამართლომ მიიღო მოპასუხის არგუმენტი, რომ ის მოქმედებდა იმ რწმენით, რომ ჟურნალისტთან დიალოგი კონფიდენციალური იყო და, რომ მისი განზრახვა არ იყო ამ განცხადებების საჯაროდ გაკეთება.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
17. 2004 წლის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის შესაბამისი დებულებები ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
...
ბ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;
...
ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
...
ი) საჯარო პირი – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება;
მუხლი 4. აზრისა და მოწოდების თავისუფლება
„1. აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ...“
მუხლი 7. მტკიცებულების სტანდარტი და ტვირთი
„1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.
2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
...
5. აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
6. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.“
მუხლი 14. საჯარო პირის ცილისწამება
„პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.“
18. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, როგორც ის ჩამოყალიბებული იყო შესაბამის დროს და რამდენადაც შესაბამისია, ითვალისწინებდა შემდეგს:
„...
2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით...
...
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც...“
კანონმდებლობა
- კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
19. მომჩივანმა პრეტენზია განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოების უარი, დაეცვათ მისი პროფესიული რეპუტაცია ცნობილი სასულიერო პირის მიერ საჯაროდ გაჟღერებული, დაუდასტურებელი ბრალდებისგან, რომ ის იყო ინფორმატორი და აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა უსაფრთხოების სამსახურებს, წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების დარღვევას. აღნიშნულ დებულებაში ვკითხულობთ:
„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
-
მისაღებობა
- მხარეთა არგუმენტები
20. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი მიუღებელი იყო სამი განსხვავებული საფუძვლით: (1) ეს ratione materiae შეუთავსებელი იყო კონვენციის დებულებებთან, რადგან ჩარევა, თუ საერთოდ მოხდა, მომჩივნის რეპუტაციის უფლებაში არ იყო საკმარისად სერიოზული, რომ შელახულიყო მისი მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებები; (2) საჩივარი მეოთხე ინსტანციის ხასიათის იყო და, შესაბამისად, აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა საფუძვლიანად შეისწავლეს მისი ცილისწამების სარჩელი და გონივრულად უარყვეს ის; და (3) მომჩივანს არ განუცდია რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი.
21. მომჩივანმა გააპროტესტა მთავრობის პრეტენზიები. ის ამტკიცებდა, რომ მამა ი.-ის ცილისმწამებლურმა კომენტარებმა მისი რეპუტაცია სერიოზულად შელახა და, რომ ეროვნული სასამართლოების არაადეკვატურმა პროცედურულმა რეაგირებამ მისი საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში მოაქცია.
- სასამართლოს შეფასება
22. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რეპუტაციის დაცვის უფლება არის უფლება, რომელიც დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით, როგორც პირადი ცხოვრების დაცვის უფლების ნაწილი (იხ. საქმე Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina [GC], no. 17224/11, § 76, 2017 წლის 27 ივნისი). იმისათვის, რომ ეს დებულება ამოქმედდეს, პირის რეპუტაციაზე თავდასხმამ უნდა მიაღწიოს გარკვეულ სერიოზულობის დონეს და იყოს ისეთი ფორმით, რომ ზიანი მიაყენოს პირადი ცხოვრების დაცვის უფლებით სარგებლობას (იხ. საქმე Bédat v. Switzerland [GC], no. 56925/08, § 72, 2016 წლის 29 მარტი, და საქმე Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 83, 2012 წლის 7 თებერვალი). ეს მოთხოვნა მოიცავს როგორც სოციალურ რეპუტაციას ზოგადად, აგრეთვე, კონკრეტულად, პროფესიულ რეპუტაციას (იხ. საქმე Denisov v. Ukraine [GC], no. 76639/11, § 112, 2018 წლის 25 სექტემბერი).
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, რომლებიც ვალდებულნი არიან, გამოიყენონ კონვენციის სტანდარტები, მიიჩნიეს, რომ მომჩივანს ჰქონდა საპროცესო ქმედუნარიანობა, აღეძრა ცილისწამების სამართალწარმოება მამა ი.-ის წინააღმდეგ და განიხილეს მისი სარჩელი არსებითად. შესაბამისად, მათ დაუშვეს, რომ მომჩივნის საქმეში ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის დაცვის უფლების შესაბამის პრინციპებს. სასამართლო ვერ ხედავს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. მისი პრეცედენტული სამართლისა და წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ის მიიჩნევს, რომ სადავო განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა კერძო სატელევიზიო არხზე სატელევიზიო ინტერვიუს დროს (იხ. პარაგრაფი 6ზემოთ), შეეძლო გავლენა მოეხდინა მომჩივნის ღირსებასა და პროფესიულ რეპუტაციაზე, როგორც ადვოკატისა, იმდენად, რომ მოხვედრილიყო კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში. მათ განაცხადეს, რომ მომჩივანი მოქმედებდა იურიდიული პროფესიის ფუნდამენტური ეთიკური ნორმების დარღვევით. ამ მხრივ, სასამართლო არარელევანტურად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს დასკვნას, რომ ეს ბრალდებები არ წარმოადგენდა მამა ი.-ის მიერ იმის მტკიცებას, რომ მომჩივანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ). მიუხედავად იმისა, უნდა გაგებულიყო ეს განცხადებები სიტყვასიტყვით, როგორც ფაქტების კონსტატაცია თუ უფრო ფართო კონტექსტში, როგორც შეფასებითი მსჯელობა – რაც ქვემოთ განსახილველი საკითხია (იხ. პარაგრაფები 35-37ქვემოთ) – სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ შეეძლო მომჩივნის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება და ასევე მის მიმართ უსაფუძვლო ანტიპათიის გაღვივება როგორც პროფესიულ, ისე სოციალურ გარემოში (იხ. საქმე Kajganić v. Serbia, no. 27958/16, §§ 61-62, 2024 წლის 8 ოქტომბერი; ასევე იხ. საქმე Dorota Kania v. Poland (no. 2), no. 44436/13, § 73, 2016 წლის 4 ოქტომბერი; საქმე Matalas v. Greece, no. 1864/18, § 45, 2021 წლის 25 მარტი, და საქმე Mesić v. Croatia, no. 19362/18, § 84, 2022 წლის 5 მაისი). ამგვარად, წინამდებარე საქმეში გამოიყენება მე-8 მუხლი. შესაბამისად, მთავრობის პრეტენზიები ratione materiae მიუღებლობისა და მნიშვნელოვანი ზიანის არარსებობის შესახებ (იხ. პარაგრაფი 20ზემოთ), რომლებიც ეხება ბრალდებების სერიოზულობას და მათ გავლენას მომჩივანზე, უნდა იქნეს უარყოფილი.
24. გარდა ამისა, სასამართლო უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს მთავრობის დანარჩენი არგუმენტების განხილვას იმ წესთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილეს ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებით არსებითად განხილვის ეტაპზე (იხ. პარაგრაფები 32-39 ქვემოთ).
25. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
-
არსებითი მხარე
- მხარეთა არგუმენტები
26. მომჩივანმა განაცხადა, რომ მამა ი.-ის განცხადებებს, მისი პროფესიული საქმიანობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ნეგატიური კონოტაცია ჰქონდა, რადგან გულისხმობდა, რომ მან დაარღვია სამართლებრივი ეთიკის წესები. ბრალდებამ, რომ მან ითანამშრომლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან, ზოგადად, და, კერძოდ, გირგვლიანის გახმაურებული საქმის კონტექსტში, მნიშვნელოვნად შელახა მისი პროფესიული რეპუტაცია. რაიმე მტკიცებულების ან წყაროს არარსებობის გამო, ეს განცხადებები აშკარად ცილისმწამებლური იყო და სცილდებოდა სიტყვის ფარგლებს, რომელიც დაცული იყო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ ვერ შეძლეს კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით დაცული ორი კონკურენტი უფლების სათანადოდ დაბალანსება. მის უფლებებში ჩარევას არ ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა გადაჭარბებული ყურადღება მიანიჭეს მამა ი.-ის გამოხატვის თავისუფლების დაცვას მისი რეპუტაციის ხარჯზე.
27. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მის მტკიცებას, რომ სადავო განცხადებებმა გავლენა მოახდინა მის პირად ცხოვრებაზე. ობიექტური მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მათი აზრით, რეპუტაციის შესაძლო ზიანის სუბიექტური აღქმა მხოლოდ სპეკულაციური იყო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თუ სასამართლო კონვენციის მე-8 მუხლს წინამდებარე საქმეში გამოყენებადად მიიჩნევდა, ისინი არ უარყოფდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას მომჩივნის პირად ცხოვრებაში. თუმცა, აღნიშნული ჩარევა კანონის ფარგლებში იყო, მას ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ყურადღებით ჩაატარეს კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით დაცული კონკურენტული ინტერესების შედარებითი ანალიზი და, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სათანადოდ გათვალისწინებით, მიიღეს კარგად დასაბუთებული და გააზრებული გადაწყვეტილებები. მათ წინამდებარე საქმე განასხვავეს საქმისგან Jishkariani v. Georgia (no. 18925/09, 2018 წლის 20 სექტემბერი) და აღნიშნეს, რომ წინამდებარე საქმის არსი ორ კერძო პირს შორის დავა იყო (ჯიშკარიანის საქმისგან განსხვავებით, სადაც სადავო ცილისმწამებლური განცხადებების ავტორი მინისტრი იყო) და, შესაბამისად, სადავო განცხადებებს ნაკლები წონა ჰქონდა. მთავრობამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სუბსიდიარობის პრინციპისა და წევრი სახელმწიფოებისთვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლოს როლი წინამდებარე საქმეში მხოლოდ ზედამხედველობითი იყო. შესაბამისად, სასამართლოს ამოცანა არ იყო ეროვნული სასამართლოების მიერ მოცემული ფაქტების შეფასების ჩანაცვლება საკუთარი შეფასებით.
28. რაც შეეხება სადავო განცხადებების ხასიათს, მათ განაცხადეს, რომ მამა ი.-ის განცხადებები გაკეთდა ე.წ. „ციანიდის საქმის“ ირგვლივ არსებული საჯარო დებატების კონტექსტში და მომჩივანმა მონაწილეობა მიიღო მასში მამა ი.-ის ბრალდებებზე საჯაროდ პასუხის გაცემით. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეროვნული სასამართლოების დასკვნები იმის შესახებ, რომ მომჩივანი, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, საჯარო პირად უნდა ჩაითვალოს და, შესაბამისად, მისგან კრიტიკის მიმართ უფრო მეტი მოთმენის მოლოდინი უნდა იყოს.
-
სასამართლოს შეფასება
- ზოგადი პრინციპები
29. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულ იქნა საქმეში Jishkariani v. Georgia (ციტირებული ზემოთ, §§ 41-46; ასევე იხ. საქმე Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France [GC], no. 40454/07, §§ 82-91, ECHR 2015 (ამონარიდები)).
30. სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთ საქმეებში, როგორიც წინამდებარე საქმეა, საკითხს წარმოადგენს არა სახელმწიფოს ქმედება, არამედ მომჩივნის პირადი ცხოვრების ეროვნული სასამართლოების მიერ დაცვის სავარაუდოდ არასაკმარისი დონე. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება შეიძლება ავალდებულებდეს სახელმწიფოს, მიიღოს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფას, თუნდაც ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობების სფეროში. მიუხედავად ამისა, გამოყენებული პრინციპები მსგავსია და გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის კონკურენტ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფის აუცილებლობა (იხ. საქმე Von Hannover v. Germany (no. 2) [GC], nos. 40660/08 და 60641/08, §§ 98-99, ECHR 2012, შემდგომი მითითებებით), კერძოდ, ერთი მხრივ, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას შორის (იხ. საქმე Couderc and Hachette Filipacchi Associés, ციტირებული ზემოთ, §§ 90-93; იხ. ზოგადი პრინციპები კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლის შეფასებითი ანალიზის შესახებ, რომელბიც შეჯამებულია საქმეში Perinçek v. Switzerland [GC], no. 27510/08, § 198, ECHR 2015 (ამონარიდები)).
31. სადავო განცხადების დასაბუთების შესაფასებლად, ფაქტების კონსტატაცია და შეფასებითი მსჯელობა უნდა განვასხვავოთ იმით, რომ ფაქტების არსებობის დამტკიცება შესაძლებელია, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუძლებელია და არღვევს თავად აზრის თავისუფლებას, რაც მე-10 მუხლით დაცული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს. განცხადების ფაქტად ან შეფასებით მსჯელობად კლასიფიკაცია არის საკითხი, რომელიც, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლების ორგანოების, კერძოდ, ეროვნული სასამართლოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ხვდება. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც განცხადება შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს, ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა სადავო განცხადების საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“: თუ არ არსებობს, ეს შეფასებითი მსჯელობა შეიძლება გადაჭარბებული აღმოჩნდეს. ფაქტობრივ ბრალდებასა და შეფასებით მსჯელობას შორის განსხვავების დასადგენად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და შენიშვნების ზოგადი ტონის გათვალისწინება; თან უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებული განცხადებები, ამ საფუძველზე, შეიძლება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტების კონსტატაციას (იხ. საქმე Morice v. France [GC], no. 29369/10, § 126, ECHR 2015).
- ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
32. წინამდებარე საქმე ეხება კონფლიქტს კონკურენტ უფლებებს შორის, კერძოდ, ერთი მხრივ, მომჩივნის ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის უფლებასა და, მეორე მხრივ, მამა ი.-ის გამოხატვის თავისუფლებას შორის, რაც მოითხოვს შეფასებას სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად (შეჯამებულია პარაგრაფებში 29-31 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ამ პერსპექტივიდან განიხილავს შიდასახელმწიფოებრივ სამართალწარმოებას.
- სადავო განცხადებების საგანი და მათი წვლილი ზოგადი ინტერესის დებატებში
33. რაც შეეხება სადავო განცხადებების საგანს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი გაკეთდა ე.წ. „ციანიდის საქმის“ გარშემო არსებული საჯარო დებატების კონტექსტში, რომელმაც იმ დროს მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო მედიის მხრიდან და მომჩივნის როგორც აღნიშნული საქმის ადვოკატის როლის გათვალისწინებით. მომჩივანს ბრალი ედებოდა „მკვლელ(ებ)ის“ ინტერესების დაცვაში და „ციანიდის საქმეში“ პროვოკატორად ჩანერგვაში, როლი, რომელიც სავარაუდოდ შეასრულა მან გირგვლიანის საქმეში, სადაც, როგორც ამბობენ, მან ინფორმაცია მიაწოდა უსაფრთხოების სამსახურებს. სასამართლო ეთანხმება ეროვნული სასამართლოების დასკვნას, რომ შესაბამის დროს მიმდინარეობდა დებატები ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს იპყრობდა (ამ მიმართებით, იხ. საქმე Mamaladze v. Georgia, no. 9487/19, §§ 16-32, და 33, 2022 წლის 3 ნოემბერი). მან აღიარა ასეთი ინტერესის არსებობა, მაგალითად, როდესაც შესაბამისი პუბლიკაცია ეხებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ ინფორმაციას ზოგადად (იხ. საქმე Dupuis and Others v. France, no. 1914/02, § 42, 2007 წლის 7 ივნისი, და საქმე July and SARL Libération v. France, no. 20893/03, § 66, ECHR 2008 (ამონარიდები)) ან ინფორმაციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით (იხ. საქმე White v. Sweden, no. 42435/02, § 29, 2006 წლის 19 სექტემბერი, და საქმე Egeland and Hanseid v. Norway, no. 34438/04, § 58, 2009 წლის 16 აპრილი). ე.წ. „ციანიდის საქმემ“ ფართო საჯარო განხილვა გამოიწვია, ზოგადად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და, კერძოდ, საპატრიარქოში არსებულ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. სადავო განცხადებები აშკარად ეხებოდა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს და ფართო გაშუქება მოიპოვა მედიაში (იხ. პარაგრაფი 5ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, მამა ი.-ის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატების კონტექსტში მოექცა.
- რამდენად ცნობილი იყო მომჩივანი
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი, საჯაროდ ცნობილი ადვოკატი, ეროვნული სასამართლოების მიერ საჯარო ფიგურად და არა კერძო პირად მიიჩნეოდა, „სიტყვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიზნებისთვის. გარდა ამისა, დებატები და სადავო განცხადებები არ ეხებოდა მომჩივნის პირად ცხოვრებას, არამედ ეხებოდა მის საჯარო საქმიანობას ზემოაღნიშნულ სფეროში. მომჩივნის პოზიციისა და სხვადასხვა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, გადაუხვიოს ეროვნული სასამართლოების დასკვნას მომჩივნის როგორც საჯარო პირის სტატუსის შესახებ (ამ მიმართებით, იხ. საქმე Kajganić, ციტირებული ზემოთ, §§ 66-67). ამგვარად, ის ნებაყოფლობით აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგან ის ფართოდ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებში ადვოკატის როლს ასრულებდა და, შესაბამისად, მოეთხოვებოდა უფრო მეტი მოთმინების გამოვლენა, ვიდრე ეს არასაჯარო პირისგან იქნებოდა მოსალოდნელი (იხ. საქმე Jishkariani, ციტირებული ზემოთ, § 51).
- განცხადებების შინაარსი, ფორმა და შედეგები
35. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მამა ი.-ის ბრალდებები სერიოზული იყო, მათ შორის, მომჩივნის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სერიოზული ბრალდებები, და მიანიშნებდა, რომ მომჩივანი, სულ მცირე, სამართლებრივი ეთიკური ნორმების დარღვევით მოქმედებდა (იხ. პარაგრაფი 23 ზემოთ). მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენდა მამა ი.-ის პირად მოსაზრებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საჯარო დისკუსიაში წვლილის შეტანას და მომჩივნისთვის ასატანი უნდა ყოფილიყო მისი როგორც საჯარო პირის სტატუსის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 10-11 ზემოთ). მან დაადგინა, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას, რომელიც იმსახურებდა აბსოლუტურ დაცვას (იქვე). უზენაესმა სასამართლომ სადავო განცხადებების უფრო ნიუანსირებული შესწავლა დაიწყო, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე განცხადების ბოლო ნაწილი, რომ მომჩივანი გირგვლიანის საქმეში პროვოკატორად იყო მიჩნეული და ინფორმაციას აწვდიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, უფრო ფაქტის კონსტატაციას წარმოადგენდა (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ).
36. წინამდებარე საქმის გარემოებებში, რამდენადაც პირველი სადავო განცხადება ეხებოდა მამალაძის საქმეში მომჩივნის როლს, მაშინაც კი, თუ სასამართლო მიიღებს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდა, ის აღნიშნავს თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს დასკვნებს იმის შესახებ, რომ ნებისმიერი შეფასებითი მსჯელობა აბსოლუტური დაცვით სარგებლობდა „სიტყვის თავისუფლების შესახებ“ კანონით (იხ. პარაგრაფი 13ზემოთ). ამრიგად, მათ არ შეისწავლეს, არსებობდა თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი მომჩივნის ჩანერგილ პროვოკატორად მოსახსენიებლად მამალაძის საქმეში. სასამართლოსთვის რთულია ეროვნული სასამართლოების ზემოაღნიშნული მიდგომის შეთავსება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთალთან, რომელიც ადგენს, რომ მაშინაც კი, როდესაც განცხადება შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი მის გასამყარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გადაჭარბებული იქნება (იხ. საქმე Pedersen and Baadsgaard v. Denmark [GC], no. 49017/99, § 76, ECHR 2004-XI; ასევე იხ. საქმე Jishkariani, cited above, § 53, შემდგომი მითითებებით).
37. რაც შეეხება ბრალდების მეორე ნაწილს, რომელიც ეხება მომჩივნის როლს გირგვლიანის საქმეში, რომელიც თავად უზენაესმა სასამართლომ უფრო ფაქტების კონსტატაციად შეაფასა, ვიდრე შეფასებით მსჯელობად (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ თავის სააპელაციო საჩივარში მომჩივანმა განაცხადა, რომ სასამართლოში მოსმენილი მტკიცებულებები აჩვენებდა, რომ მან პროფესიონალურად იმოქმედა შესაბამის სამართალწარმოებაში და არ დაურღვევია იურიდიული ეთიკის წესები (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ მოცემული პუნქტი); მამა ი.-მა, თავის მხრივ, საერთოდ არ დაადასტურა მისი ბრალდება. მისმა წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის მოსამართლის წინაშე ცალსახად მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც შეიძლებოდა ასეთი განცხადებების საფუძველი გამხდარიყო (იხ. პარაგრაფი 9ზემოთ). ასეთ ვითარებაში და თავისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, რომ რაც უფრო სერიოზულია ბრალდება, მით უფრო მყარი უნდა იყოს მისი ფაქტობრივი საფუძველი (იხ. საქმე Barata Monteiro da Costa Nogueira and Patrício Pereira v. Portugal, no. 4035/08, § 38, 2011 წლის 11 იანვარი; ასევე იხ. საქმე Ziembiński v. Poland, no. 46712/06, § 51, 2012 წლის 24 ივლისი), სასამართლო შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაადგინეს, არსებობდა თუ არა ასეთი ფაქტობრივი საფუძველი წინამდებარე საქმეში.
38. გარდა ამისა, მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების, ბრალდებების სერიოზულობისა და რაიმე დადგენილი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ მომჩივანს დააკისრა მტკიცების ტვირთი მათი უარყოფისთვის (იხ. პარაგრაფი 15ზემოთ) და დაადგინა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი მამა ი.-ის ბრალდებების უარსაყოფად (იქვე). სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებებში ამან მომჩივანს დააკისრა მიუწვდომელი მტკიცების სტანდარტი.
39. რაც შეეხება განცხადებების კომუნიკაციის წესს და იმ დონეს, რომლითაც მათ შეეძლო მომჩივანზე გავლენის მოხდენა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმის თაობაზე, იყო თუ არა მამა ი. სათანადოდ ინფორმირებული, რომ მისი სატელეფონო ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მამა ი.-მა თავისი ბრალდებები მედიის წარმომადგენელს გაუმხილა, რითაც აიღო მათი ფართო საზოგადოებაში გავრცელების რისკი. გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ მამა ი.-ის სავარაუდო არცოდნის მიუხედავად, მისი ჩარევა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და, შესაბამისად, მისი ბრალდებების პოტენციური უარყოფითი გავლენა მომჩივნის რეპუტაციაზე მნიშვნელოვანი იყო (შეუპირისპირეთ საქმე Matalas, ციტირებული ზემოთ, § 58).
40. და ბოლოს, სადავო განცხადებების შედეგებთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ სადავო ბრალდებებმა შესაძლოა შელახოს მომჩივნის პროფესიული და სოციალური რეპუტაცია (იხ. პარაგრაფი 23ზემოთ). ამ მხრივ, სასამართლო იხსენებს, რომ ადვოკატების რეპუტაციისა და სანდოობის შელახვას შეიძლება სერიოზული გავლენა მოჰყვეს ბრალდებულის უფლებებსა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე, რაც კონვენციის მე-6(1) მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების აუცილებელი კომპონენტებია (იხ. საქმე Mesić, ციტირებული ზემოთ, § 109).
- დასკვნა
41. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს კონვენციით გათვალისწინებულ კონკურენტ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დამყარება.
42. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
- კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
43. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
- ზიანი
44. მომჩივანმა მოითხოვა 450,000 ევრო შემოსავლის სავარაუდო დანაკარგთან დაკავშირებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 50,000 ევრო მორალური ზიანისთვის.
45. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ დაამტკიცა რაიმე მიზეზობრივი კავშირი კონვენციის სავარაუდო დარღვევასა და მოთხოვნილ მატერიალურ ზიანს შორის. გარდა ამისა, მომჩივანმა ვერ დაასაბუთა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის მოთხოვნილი თანხა, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, გადაჭარბებული იყო. მაშინაც კი, თუ დარღვევა დადგინდებოდა, მათ განაცხადეს, რომ დარღვევის დადგენა საკმარისი იყო სამართლიანი დაკმაყოფილების მიზნებისთვის.
46. სასამართლო უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, როგორც დაუსაბუთებელს. თუმცა, ის აკუთვნებს მომჩივანს 4 500 (სამი ათას რვაას) ევროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
- ხარჯები და დანახარჯები
47. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 73 259 ევრო ეროვნულ სასამართლოებში წარმომადგენლობითი სამართლებრივი ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, სადაც ის თავად წარმოადგენდა საკუთარ თავს, და 45 424 ევრო სასამართლოში გაწეული ხარჯებისთვის. ამ უკანასკნელი მოთხოვნის დასასაბუთებლად მან წარმოადგინა თავის წარმომადგენელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომლის თანახმადაც, მოთხოვნილი თანხა უნდა გადახდილიყო სამართალწარმოების დასრულების შემდეგ.
48. მთავრობამ გააპროტესტა აღნიშნული მოთხოვნები. რაც შეეხება ეროვნულ სასამართლოებში გაწეულ სასამართლო ხარჯებს, მთავრობამ აღნიშნა, რომ თავად მომჩივნის მიერ შესრულებული სამუშაოს საათები და რაოდენობა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს რეალურად გაწეულ ხარჯებად. ნებისმიერ შემთხვევაში, მოთხოვნა არ იყო დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებებით და ოდენობა არ იყო დასაბუთებული. მათ ასევე განაცხადეს, რომ მის სასამართლოში წარმომადგენლთან გაფორმებული იურიდიული ხელშეკრულების ასლი არასრული იყო, რადგან მასში არ იყო მითითებული საათების რაოდენობა ან იურიდიული მომსახურების საათობრივი საფასური.
49. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიიღოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ისინი რეალურად და აუცილებლობით იყო გაწეული და გონივრულია მათი ოდენობის თვალსაზრისით (იხ. საქმე Merabishvili v. Georgia [GC], no. 72508/13, § 370, 2017 წლის 28 ნოემბერი). წინამდებარე საქმეში, მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო უარყოფს მოთხოვნას შიდასახელმწიფოებრივ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით (იხ. საქმე Steel and Morris v. the United Kingdom, no. 68416/01, § 112, ECHR 2005-II) და გონივრულად მიიჩნევს, სასამართლოში სამართალწარმოებისას იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯების ასანაზღაურებლად 5 000 ევროს დაკისრებას, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
- აცხადებს საჩივარს მისაღებად;
- ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
-
ადგენს,
- რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი თანხები, რომლებიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული კურსით:
(i) 4 500 ევრო (ოთხი ათას ხუთასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
(ii) 5 000 ევრო (ხუთი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;
- რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
4.უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2026 წლის 3 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
სიმეონ პეტროვსკი ჟოლიენ შუკინგი
განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები