„მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 517
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.026067
517
02/11/2026
ვებგვერდი, 04/11/2026
010240010.10.003.026067
„მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №517

2026 წლის 2 ნოემბერი 

   ქ. თბილისი

 

„მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“.

 

მუხლი 2
სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

 

მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

 

ა) პროგრამა  –  „მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“;

ბ) კორპორაცია  –  სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;

გ) დირექტორი  –  კორპორაციის დირექტორი;

დ) საბჭო  –  კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო;

ე) კომიტეტი  –  კოლეგიური ორგანო, რომელიც ამ პროგრამით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ და რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს, საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს დირექტორი;

ვ) ფინანსური ინსტრუმენტი − ამ პროგრამის შესაბამისად, მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტ(ებ)ი;

ზ) ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი ან/და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი;

თ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი;

ი) საინვესტიციო ფონდი – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ავტორიზებული, აღიარებული, რეგისტრირებული ან/და უცხოური საინვესტიციო ფონდი;

კ) ფინანსური ინსტიტუტი – ამ მუხლის „ზ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სუბიექტი;

ლ) მეწარმე სუბიექტი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი;

მ) საინვესტიციო პროექტი – მეწარმე სუბიექტის მიერ განსახორციელებელი ბიზნესპროექტი, რომლის მახასიათებლებს, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს დირექტორი.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

1. პროგრამის მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, კორპორაციის მიერ ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც პასუხობს კერძო სექტორში არსებულ გამოწვევებს და მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, კორპორაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს შემდეგი სახის ფინანსური ინსტრუმენტები:

ა) სინდიცირებული სესხი;

ბ) პირდაპირი ან/და ჰიბრიდული სესხი;

გ) პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა.

მუხლი 3. სინდიცირებული სესხი

1. ფინანსური ინსტრუმენტის ფარგლებში კორპორაცია ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად გასცემს სინდიცირებულ სესხს.

2. კორპორაციის თანამონაწილეობის ოდენობა სინდიცირებულ სესხში არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 45%-ს.

3. სინდიცირებული სესხის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობის თანხაზე დასარიცხი მინიმალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან უდიდესზე ნაკლები:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სახაზინო ვალდებულებების ნულოვანი განაკვეთის შემოსავლიანობის მრუდით განსაზღვრული, სინდიცირებული სესხის შესაბამისი ვადიანობის განაკვეთი;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი).

4. სინდიცირებული სესხის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობის თანხა გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში – ლარში.

5. სინდიცირებულ სესხში კორპორაციის თანამონაწილეობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება:

ა) კომიტეტის მიერ, თუ სინდიცირებული სესხის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობის თანხის ოდენობა არ აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს;

ბ) საბჭოს  მიერ, თუ სინდიცირებული სესხის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობის თანხის ოდენობა აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს − 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ჩათვლით;

გ) საქართველოს მთავრობის მიერ, თუ სინდიცირებული სესხის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობის თანხის ოდენობა აღემატება      20 000 000 (ოცი მილიონი) ლარს.

6. დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, ადგენს:

ა) სინდიცირებული სესხით სარგებლობის მსურველი მეწარმე სუბიექტის კრიტერიუმებსა და შეფასების წესს;

ბ) სინდიცირებული სესხის განხორციელების, ადმინისტრირებისა და მონიტორინგის წესებს;

გ) სინდიცირებულ სესხში კორპორაციის თანამონაწილეობის თანხაზე  საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის წესს, შესაბამისი საკომისიოს სახეებსა და საკომისიოს დარიცხვის წესს.

7. დირექტორი უფლებამოსილია, საბჭოსთან შეთანხმებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს ფინანსური ინსტრუმენტით სარგებლობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები.

მუხლი 4. პირდაპირი ან/და ჰიბრიდული სესხი

1. ფინანსური ინსტრუმენტის ფარგლებში, კორპორაციის მხრიდან, მეწარმე სუბიექტის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით,  გაიცემა:

ა) პირდაპირი სესხი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სესხს; ან/და

ბ) ჰიბრიდული სესხი, რომელიც აერთიანებს სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლებს, მათ შორის: სესხიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნის მეწარმე სუბიექტის წილში (აქციებში) კონვერტაციის შესაძლებლობას (convertible note) ან/და კორპორაციის უფლებას, სესხის სანაცვლოდ მისაღები ანაზღაურების სახით მიიღოს მსესხებელი მეწარმე სუბიექტის მოგების შეთანხმებული ნაწილი (income participation), ან/და სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლების მქონე სხვა მექანიზმებს.

2. პირდაპირი/ჰიბრიდული სესხის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის თანამონაწილეობა საინვესტიცო პროექტის დაფინანსებაში. თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს საინვესტიციო პროექტის კაპიტალური ხარჯების არანაკლებ 30%-ს. თანამონაწილეობა შესაძლებელია, განხორციელდეს მეწარმე სუბიექტის თავისუფალი და დაუტვირთავი ფულადი სახსრებით ან/და მეწარმე სუბიექტის პარტნიორის ან აქციონერის მიერ მეწარმე სუბიექტის კაპიტალში განხორციელებული ფულადი შენატანით.

3. პირდაპირი სესხის თანხაზე დასარიცხი მინიმალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან უდიდესზე ნაკლები:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სახაზინო ვალდებულებების ნულოვანი განაკვეთის შემოსავლიანობის მრუდით განსაზღვრული, პირდაპირი სესხის შესაბამისი ვადიანობის განაკვეთი;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი).

4. პირდაპირი/ჰიბრიდული სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში.

5. პირდაპირი/ჰიბრიდული სესხის დამტკიცების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება:

ა) კომიტეტის მიერ, თუ სესხის ოდენობა არ აღემატება 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს;

ბ) საბჭოს მიერ, თუ სესხის ოდენობა აღემატება 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს – 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ჩათვლით;

გ) საქართველოს მთავრობის მიერ, თუ სესხის ოდენობა აღემატება 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს.

6. დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, ადგენს:

ა) პირდაპირი/ჰიბრიდული სესხით სარგებლობის მსურველი მეწარმე სუბიექტის კრიტერიუმებსა და შეფასების წესს;

ბ) პირდაპირი/ჰიბრიდული სესხის განხორციელების, ადმინისტრირებისა და მონიტორინგის წესებს;

გ) პირდაპირ/ჰიბრიდულ სესხზე საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის წესს, შესაბამისი საკომისიოების სახეებსა და საკომისიოს დარიცხვის წესს;

დ) ჰიბრიდული სესხის ტიპებსა და პირობებს.

7. დირექტორი უფლებამოსილია, საბჭოსთან შეთანხმებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს ფინანსური ინსტრუმენტით სარგებლობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები.

მუხლი 5. პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა

1. ფინანსური ინსტრუმენტის ფარგლებში კორპორაცია ახორციელებს მეწარმე სუბიექტის კაპიტალში წილობრივ მონაწილეობას.

2. ფინანსური ინსტრუმენტის ფარგლებში კორპორაციის მიერ მეწარმე სუბიექტის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, ადგენს:

ა) პირდაპირი წილობრივი მონაწილეობით სარგებლობის მსურველი მეწარმე სუბიექტის კრიტერიუმებსა და შეფასების წესს;

ბ) პირდაპირი წილობრივი მონაწილეობის განხორციელების, ადმინისტრირებისა და მონიტორინგის წესებს;

გ) პირდაპირ წილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და პირობებს.

4. დირექტორი უფლებამოსილია, საბჭოსთან შეთანხმებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს ინსტრუმენტით სარგებლობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები.

მუხლი 6. ბიუჯეტი

1. პროგრამის  დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები ან/და „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში კორპორაციის მიერ აკუმულირებული ფულადი რესურსი (საერთო სახსრები, სახელმწიფო ბიუჯეტით სხვა სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების გარეშე) ან/და კორპორაციის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა სახსრები.

2. ფინანსური ინსტრუმენტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების სახსრებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ განხორციელდეს საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის საკუთარი შემოსავლების ანგარიშზე.

3. კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს  პროგრამის წლიურ ბიუჯეტს.

4. პროგრამის განხორციელება შესაძლებელია შეჩერდეს, თუ კორპორაციის მიერ ასაღები ვალდებულებების ჯამური მოცულობა გადააჭარბებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ბიუჯეტის მოცულობას.