დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-458 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340010000.22.023.017025 |
|
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესი და ფორმა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან. |
|
ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესი და ფორმა
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი 1. „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესი და ფორმა“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების პირობებსა და პროცედურას, ნიშნის ფორმასა და სავალდებულო ელემენტებს, ნიშნის მოთხოვნის, გაცემის, მიღების, შენახვის, დატანის, აქტივაციის, დეაქტივაციის, დაბრუნების, აგრეთვე ნიშანდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და კონტროლის პირობებს. 2. წესის მიზანია სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიკაციის, მიკვლევადობისა და მომხმარებლისთვის ალკოჰოლიანი სასმლისა და მისი სერტიფიცირების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 3. ეს წესი ვრცელდება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, სერტიფიცირებულ ალკოჰოლიან სასმელზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნიშანი – სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაცემული მატერიალური ფორმის დაცული ნიშანი, რომელზეც განთავსებულია QR კოდი და უნიკალური იდენტიფიკატორი (UID) და რომელიც ელექტრონულ სისტემასთან კავშირის გზით უზრუნველყოფს ალკოჰოლიანი სასმლისა და მისი სერტიფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღებას; ბ) უნიკალური იდენტიფიკატორი (UID) – თითოეული ნიშნისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც წარმოდგენილია ადამიანისთვის წაკითხვადი ალფანუმერული და მანქანურად წაკითხვადი ფორმით და უზრუნველყოფს ნიშნის ინდივიდუალურ იდენტიფიკაციასა და მიკვლევადობას; გ) ელექტრონული სისტემა – ნიშნის მოთხოვნის, დადასტურების, გაცემის, აქტივაციის, სტატუსის ცვლილების, შემოწმებისა და ანგარიშგების ერთიანი საინფორმაციო სისტემა; დ) ნიშნის აქტივაცია – ელექტრონულ სისტემაში ნიშნის უნიკალური იდენტიფიკატორის დაკავშირება კონკრეტული სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ერთგვაროვან პარტიასთან. ე) ნიშნის დეაქტივაცია – ელექტრონულ სისტემაში ნიშნის მოქმედი სტატუსის გაუქმება მისი გამოყენების შეუძლებლობის, დაბრუნების, დაკარგვის, დაზიანების, განადგურების ან სხვა შესაბამისი საფუძვლის გამო; ვ) ნიშნის აქტივაციის შეჩერება – ნიშნის გამოყენების დროებითი შეზღუდვა სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი სტატუსის აღდგენის ან დეაქტივაციის საკითხის გადაწყვეტამდე. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. ნიშანდების ძირითადი პირობები 1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება ხორციელდება პროდუქტის სარეალიზაციოდ განთავსებამდე. 2. ალკოჰოლიანი სასმლის თითოეულ სამომხმარებლო ტარაზე დაიტანება ერთი ნიშანი, ხოლო ჩამოსასხმელი ღვინის შემთხვევაში – სარეალიზაციო სტაციონარულ ჭურჭელზე ან/და ცისტერნაზე. 3. ნიშნის განმეორებით გამოყენება, სხვა პროდუქტზე გადატანა, გასხვისება ან მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია. 4. ნიშნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. 5. ნიშნის ფლობა არ ადასტურებს პროდუქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ნიშანდების მოთხოვნა შესრულებულია, თუ ნიშანი დატანილია ამ წესის შესაბამისად, აქტიურია და დაკავშირებულია შესაბამისი პროდუქციის სერტიფიკატთან. 6. ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდება ფერით. მათი ფორმა, ზომა და სავალდებულო ელემენტების განლაგების პრინციპი ერთნაირია. 7. ნიშნის ფორმა, ზომა და სავალდებულო ელემენტები განისაზღვრება „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშნის ფორმა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 4. ნიშნის ფორმა და სავალდებულო ელემენტები 1. ნიშანი მზადდება მატერიალური ფორმით და უნდა იყოს გამოყენებადი მინაზე, მუყაოზე, მეტალზე და ალკოჰოლიანი სასმლის სამომხმარებლო ტარისთვის ან შეფუთვისთვის გამოყენებულ სხვა შესაბამის მასალაზე. 2. ნიშანი უნდა შეიცავდეს: ა) სააგენტოს მიერ შერჩეულ სიმბოლოს; ბ) QR კოდს; გ) უნიკალურ იდენტიფიკატორს (UID) დ) სულ მცირე ერთ ხილულ, ერთ ფარულ და ერთ სასამართლო-საექსპერტიზო ავთენტიფიკაციის ელემენტს; ე) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა ტექნიკურ აღმნიშვნელს, რომელიც აუცილებელია ნიშნის ავთენტიფიკაციისა და მიკვლევადობისთვის. 3. ნიშანი დაცული უნდა იყოს კოპირებისგან, დუბლირებისგან და არასანქცირებული გამოყენებისგან და მისი მოცილების ან გადატანის მცდელობამ უნდა გამოიწვიოს ნიშნის ან მისი დამცავი ელემენტის შეუქცევადი დაზიანება. მუხლი 5. QR კოდის სკანირებით ხელმისაწვდომი ინფორმაცია QR კოდის სკანირებით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) პროდუქტის დასახელება და კატეგორია; ბ) მწარმოებლის დასახელება; გ) შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი და სტატუსი; დ) ლოტის ნომერი; ე) ნიშნის სტატუსი. მუხლი 6. ღვინის კომპანიის მიერ ნიშნის მოთხოვნა 1. ღვინის კომპანია ნიშნის მისაღებად განაცხადს წარადგენს სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტორიზებული მომხმარებლის ანგარიშიდან. 2. განაცხადში მიეთითება: ა) ღვინის კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) პროდუქციის კატეგორია; გ) პროდუქციის შესაბამისი ნიშნების რაოდენობა; დ) ნიშნების მიღებაზე უფლებამოსილი მიმღები პირის მონაცემები; 3. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სააგენტო განმცხადებელს ელექტრონულად აცნობებს ხარვეზის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო არ გასცემს ნიშანს. მუხლი 7. განაცხადის განხილვა და ნიშნის გაცემა 1. სააგენტო ამოწმებს განაცხადის მონაცემებს, მოთხოვნილი ნიშნის რაოდენობის შესაბამისობას. 2. სააგენტო განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში და ელექტრონულად აცნობებს განმცხადებელს. უარის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. 3. განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ ღვინის კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ნიშანდების საფასური, რის შემდეგაც ნიშანი/ნიშნები გაიცემა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 4. ნიშნის გადაცემა და მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. აქტში აისახება ნიშნების სრული ჩამონათვალი ან უნიკალური იდენტიფიკატორების დიაპაზონი. 5. სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ნიშნის გაცემაზე, თუ: ა) პროდუქტი არ ექვემდებარება ნიშანდებას; ბ) მოთხოვნილი რაოდენობა დაუსაბუთებელია; გ) ნიშანდების საფასური არ არის გადახდილი; დ) განმცხადებელმა არ შეასწორა სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზი; ე) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძველი. მუხლი 8. ნიშნის მიღება, ტრანსპორტირება და შენახვა 1. ღვინის კომპანიის უფლებამოსილი მიმღები ნიშნების მიღებისას ამოწმებს შეფუთვის მთლიანობას, რაოდენობასა და უნიკალურ იდენტიფიკატორებს. 2. ღვინის კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ნიშნების უსაფრთხო ტრანსპორტირება და დაცულ, შეზღუდული წვდომის მქონე სივრცეში შენახვა, მათი დაკარგვის, დაზიანების, მოპარვის ან არასანქცირებული გამოყენების თავიდან ასაცილებლად. 3. ნიშნები ინახება მწარმოებლის ტექნიკური პირობების შესაბამისად, შესაბამის შეფუთვაში, სხვა მარაგისგან განცალკევებით. ღვინის კომპანია განსაზღვრავს ნიშნების მიღებასა და შენახვაზე პასუხისმგებელ პირს და უზრუნველყოფს მიღებული, გამოყენებული და დარჩენილი ნიშნების რაოდენობის აღრიცხვას. მუხლი 9. ნიშნის დატანის წესი 1. ნიშანი დაიტანება პროდუქტის ეტიკეტზე, სამომხმარებლო ტარაზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე თვალსაჩინო, ადვილად ხილვად ადგილზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს QR კოდისა და ხილული უნიკალური იდენტიფიკატორის წაკითხვა. 2. ნიშნის დატანა არ უნდა ფარავდეს კანონმდებლობით სავალდებულო ეტიკეტირების ინფორმაციას, აქციზურ მარკას ან სხვა სავალდებულო აღმნიშვნელს და არ უნდა უშლიდეს ხელს მათ წაკითხვას. 3. ნიშანი დატანილ უნდა იქნეს მყარად, გადაკეცვის, გადაფარვის ან სხვა ისეთი დაზიანების გარეშე, რომელიც აფერხებს მის იდენტიფიკაციას. 4. ნიშანი შეიძლება დატანილ იქნეს ხელით ან ტექნიკური საშუალებით, მათ შორის ავტომატური აპლიკატორით, ამ წესისა და ნიშნის ტექნიკური პირობების დაცვით. მუხლი 10. ნიშნის აქტივაცია და პროდუქტის ბაზარზე განთავსება 1. ღვინის კომპანია დატანილ ნიშანს ააქტიურებს ელექტრონულ სისტემაში, ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით, კონკრეტულ სერტიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირების გზით. სააგენტო უზრუნველყოფს ამ პროცესის ადმინისტრირებას, დადასტურებას და კონტროლს. 2. აქტივაციისას სისტემაში აისახება პროდუქციისა და სერტიფიკატის მონაცემები, ნიშნის დატანის თარიღი, ნიშნის უნიკალური იდენტიფიკატორი და სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა მონაცემი. 3. აქტივაცია ხორციელდება პროდუქციის სარეალიზაციოდ განთავსებამდე. არააქტიური, სხვა პროდუქტზე რეგისტრირებული ან დეაქტივირებული ნიშნით პროდუქტის რეალიზაცია დაუშვებელია. 4. აქტივაციისას სერტიფიკატი უნდა იყოს მოქმედი და პროდუქტის რაოდენობა შეესაბამებოდეს სერტიფიცირებულ რაოდენობას. მონაცემის შესწორება დასაშვებია სააგენტოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ცვლილების ისტორიის შენარჩუნებით. 5. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლა თავისთავად არ იწვევს მისი მოქმედების პერიოდში სათანადოდ გააქტიურებული ნიშნების დეაქტივაციას. ვადაგასული სერტიფიკატის საფუძველზე ახალი ნიშნების გაცემა და აქტივაცია დაუშვებელია. მუხლი 11. გამოუყენებელი, დაზიანებული და დაკარგული ნიშნები 1. გამოუყენებელი ნიშნები, რომელთა გამოყენების საფუძველი აღარ არსებობს, ექვემდებარება სააგენტოსთვის დაბრუნებას. 2. დაზიანებული ნიშანი პროდუქტზე არ დაიტანება. უკვე დატანილი დაზიანებული ნიშანი იცვლება ახალი ნიშნით მხოლოდ მისი უნიკალური იდენტიფიკატორის დეაქტივაციისა და ჩანაცვლების სისტემაში აღრიცხვის შემდეგ. ახალი ნიშნების მისაღებად ღვინის კომპანია წარადგენს ჩანაცვლების განაცხადს, თავდაპირველი განაცხადის, სერტიფიკატის, დაზიანებული ნიშნების რაოდენობისა და მათი იდენტიფიკატორების მითითებით. 3. ნიშნის დაკარგვის, მოპარვის, დაზიანების ან უნებართვო გამოყენების გამოვლენისას ღვინის კომპანია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ელექტრონულად აცნობებს სააგენტოს შემთხვევის გარემოებებს, ნიშნების რაოდენობასა და ცნობილ იდენტიფიკატორებს. იდენტიფიკატორის დაუდგენლობისას მიეთითება შესაბამისი შეფუთვა, დიაპაზონი ან სხვა მონაცემი, რომელიც შესაძლებელს ხდის ნიშნების იდენტიფიკაციას. დაზიანებული ნიშნები ინახება დაბრუნებამდე ან განადგურებამდე. 4. სააგენტო შეტყობინების მიღებისთანავე ბლოკავს შესაბამისი ნიშნების გამოყენებას და ამოწმებს მონაცემებს. დაკარგული, მოპარული, დაზიანებული ან უნებართვოდ გამოყენებული ნიშნების დადგენისას ხორციელდება მათი დეაქტივაცია. 5. ჩანაცვლების განაცხადს სააგენტო განიხილავს ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით. დაზიანებული ნიშნების ნაცვლად გაცემული ნიშნები არ ზრდის დასაშვებ რაოდენობას, ხოლო საწარმოო შემთხვევაში ნიშნის ხარჯს ღვინის კომპანია არ ანაზღაურებს. მუხლი 12. ნიშნების დაბრუნება, ჩამოწერა და განადგურება 1. ღვინის კომპანია სააგენტოს წარუდგენს ნიშნების დაბრუნების ან განადგურების მოთხოვნას, რაოდენობის, კატეგორიის, უნიკალური იდენტიფიკატორებისა და მიზეზის მითითებით. 2. დაბრუნება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით. აქტში მიეთითება მხარეები, თარიღი, რაოდენობა, იდენტიფიკატორები, მდგომარეობა და დაბრუნების საფუძველი. 3. დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათი მიღებისთანავე სისტემაში აღირიცხება დაბრუნება და დეაქტივაცია. 4. ნიშნების განადგურება ხორციელდება სააგენტოს მიერ, განადგურება უნდა გამორიცხავდეს ნიშნების ხელახლა გამოყენებას. დგება განადგურების აქტი, რომელშიც აისახება თარიღი, ადგილი, მონაწილეები, რაოდენობა, იდენტიფიკატორები, საფუძველი და განადგურების მეთოდი. 5. ჩამოწერა ხორციელდება დეაქტივაციის განხორციელებისა და შესაბამისი აქტის საფუძველზე. დაკარგული ან მოპარული ნიშნების ჩამოწერა არ ნიშნავს მათ ფიზიკურ დაბრუნებას ან განადგურებას. მუხლი 13. აღრიცხვა და ანგარიშგება 1. ელექტრონულ სისტემაში აღირიცხება ნიშნების მოთხოვნა, დადასტურება, გაცემა, მიღება, აქტივაცია, შემოწმება, შეჩერება, დაბრუნება, დაკარგვა, დაზიანება, დეაქტივაცია, ჩამოწერა და განადგურება. თითოეულ ცვლილებას ახლავს თარიღი, შემსრულებლის იდენტიფიკაცია და საფუძველი; ცვლილებამდე არსებული მონაცემი ინარჩუნებს მიკვლევადობას. 2. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მონაცემების საფუძველზე შექმნას ანგარიშები პროდუქტის, კომპანიის, სერტიფიკატის, ლოტის ნომრის, დროის პერიოდისა და ნიშნის სტატუსის მიხედვით. 3. ნიშნების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები ინახება ნიშნის ბოლო სტატუსის ცვლილებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. მუხლი 14. ნიშნის შემოწმება 1. ნიშნის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს: ა) მომხმარებლის მიერ – QR კოდის სკანირებით; ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ – QR კოდის, უნიკალური იდენტიფიკატორის, ფარული ელემენტის შემოწმებით; გ) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური საშუალებით. 2. სააგენტოს უფლებამოსილი პირისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნიშნის სრულყოფილი ისტორია, მათ შორის, შემოწმების შედეგის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შესაძლებლობა. 3. ნიშნის იდენტიფიკაციის ან მონაცემთა შესაბამისობის შემოწმებისას სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით აიღოს ნიმუში საექსპერტო კვლევისთვის. მხოლოდ QR კოდის სკანირებით სისტემაში ჩანაწერის არსებობა არ ადასტურებს ფიზიკური ნიშნის იდენტიფიკაციას. მუხლი 15. ნიშნის სტატუსის შეჩერება და დეაქტივაცია 1. ნიშნის ავთენტიკურობის, გამოყენების ან პროდუქტთან დაკავშირებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას სააგენტო იღებს შესაბამისი ნიშნების სტატუსის შეჩერების შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება უნდა განსაზღვრავდეს ნიშნებს, საფუძველს, შემოწმების ღონისძიებებსა და ვადას. 2. შეუსაბამობის დაუდასტურებლობის ან მისი აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო აღადგენს ნიშნის სტატუსს. გაყალბების, განმეორებითი გამოყენების, სხვა პროდუქტზე გადატანის ან არასწორ პროდუქტთან დაკავშირების დადასტურებისას შესაბამისი ნიშანი დეაქტივირდება. 3. შესაბამისობის სერტიფიკატის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში სააგენტო ახორციელებს მასთან დაკავშირებული ნიშნების დეაქტივაციას, შესაბამისი გადაწყვეტილების ფარგლების გათვალისწინებით და აცნობებს ღვინის კომპანიას. მუხლი 16. ღვინის კომპანიის ვალდებულებები ღვინის კომპანია ვალდებულია: ა) გამოიყენოს ნიშანი მხოლოდ იმ პროდუქტისა და რაოდენობისთვის, რომლისთვისაც იგი გაიცა; ბ) უზრუნველყოს ნიშნის დაცული შენახვა, სწორად დატანა და დროული აქტივაცია; გ) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა და სააგენტოს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია; დ) სააგენტოს ამ წესით განსაზღვრულ ვადაში აცნობოს ნიშნის დაკარგვის, მოპარვის, დაზიანების, უნებართვო გამოყენების ან მონაცემთა შეუსაბამობის შესახებ; ე) სააგენტოს უფლებამოსილ პირს მისცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შესაძლებლობა; ვ) უზრუნველყოს ნიშნებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება მხოლოდ უფლებამოსილი მომხმარებლების მიერ და სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისობა ფაქტობრივ მარაგთან; ზ) უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის შენახვა და სააგენტოსთვის ხელმისაწვდომობა.
დანართი ალკოჰოლიანი სასმლის ნიშნის ფორმა
1. ნიშანი არის მართკუთხა ფორმის: სიგრძით 50 მმ და სიგანით 20 მმ. 2. ნიშანზე განთავსდება სააგენტოს მიერ შერჩეული სიმბოლო, უნიკალური იდენტიფიკატორი და QR კოდი. ხილული დაცვის ელემენტი განთავსდება ისე, რომ არ შეაფერხოს წარწერებისა და კოდის წაკითხვა. 3. ღვინისათვის განკუთვნილი ნიშნის ძირითადი ფერია წითელი, ბუნებრივი ღვინის – ქარვისფერი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის - ბორდოსფერი, სპირტიანი სასმლის – იასამნისფერი, ღვინისეული სასმლის – ხაკისფერი. ნიშანზე მისათითებელი ტექსტი და QR კოდი უნდა იყოს ფონთან კონტრასტული და მკაფიოდ წაკითხვადი. 4. ნიშნის გრაფიკული შესრულებისას ფონური ორნამენტი განისაზღვრება დაცვის ტექნოლოგიის მიხედვით, სავალდებულო ელემენტების განლაგებისა და წაკითხვადობის შენარჩუნებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები