აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.017740
1259
28/10/2026
ვებგვერდი, 29/10/2026
070030000.22.027.017740
აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1259

2026 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1428 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია



აღსრულების პოლიციელის შრომის  ანაზღაურების  წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის (შემდგომ – აღსრულების პოლიციელი) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. აღსრულების პოლიციელზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ იმავე კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.  

მუხლი 2. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება

1. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს (შემდგომ – წოდებრივი სარგო);

გ) წელთა ნამსახურობის დანამატს.

2. აღსრულების პოლიციელს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.

3. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი ან/და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის წახალისების ფორმით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

4. აღსრულების პოლიციელს წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს.

5. აღსრულების პოლიციელს არ მიეცემა საკლასო დანამატი.

მუხლი 3. თანამდებობრივი სარგო

1. აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხისა, აგრეთვე აისახება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის შესაბამის ბრძანებაში, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აგრეთვე განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. 

მუხლი 4. წოდებრივი სარგო

აღსრულების პოლიციელის წოდებრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

№

სახელმწიფო სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგო (ლარი)

1

იუსტიციის პოლკოვნიკი

70

2

იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

60

3

იუსტიციის მაიორი

50

4

იუსტიციის კაპიტანი

40

5

იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი

30

6

იუსტიციის ლეიტენანტი

25

7

იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი

20

8

იუსტიციის ზემდეგი

7

9

იუსტიციის უფროსი სერჟანტი

6

10

იუსტიციის სერჟანტი

5

11

იუსტიციის უმცროსი სერჟანტი

4

12

იუსტიციის რიგითი

3

 

მუხლი 5. წელთა ნამსახურობის დანამატი

1. აღსრულების პოლიციელის წელთა ნამსახურობის დანამატი განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების მიხედვით, თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამური თანხის შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%;

დ) 10 წლის ან მეტი ხნის ნამსახურობისთვის − 20%.

2. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში ნამსახურები პერიოდისა.

3. აღსრულების პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას (მასთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას) აღსრულების პოლიციელის მიერ წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენის ან/და ამ დოკუმენტის სხვა საჯარო დაწესებულებიდან გადაგზავნის შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს აღსრულების პოლიციელის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების გამოთვლას და შესაბამისი ინფორმაციის აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის მიწოდებას.  

4. აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატს გამოიანგარიშებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციაში მითითებული თარიღიდან.

5. აღსრულების პოლიციელის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა შეწყდება მისი დათხოვნის/გათავისუფლების შემდეგ, ნამუშევარი დღეების შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გაცემის შეწყვეტასთან ერთად.  

მუხლი 6. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების გაცემისა და დაანგარიშების წესი

1. აღსრულების პოლიციელს თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა ყოველთვიურად.

2. თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო წელთა ნამსახურობისა და შესაბამისი დანამატის დაანგარიშება – კალენდარული წლების, თვეებისა და დღეების მიხედვით.

3. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები.  

4. კადრების განკარგულებაში აყვანილ პირს თანამდებობრივი სარგო მიეცემა კადრების განკარგულებაში აყვანიდან 2 თვის განმავლობაში.

5. დისციპლინური წარმოებისას სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ სამუშაოზე აღსრულების პოლიციელის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის გამო სამსახურიდან ჩამოშორების შემთხვევაში ჩამოშორებულ პირს სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ეძლევა.

7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულების პოლიციელის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, აღსრულების პოლიციელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში აღსრულების პოლიციელისთვის თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის შენარჩუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. გამართლებულ აღსრულების პოლიციელს უნაზღაურდება განაცდური თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.   

8. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ ის მის თანამდებობრივ სარგოს აღემატება.

9. თუ სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

10. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

11. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს, უნარჩუნდება წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.

12. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

მუხლი 7. შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირება

აღსრულების პოლიციელთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ბიუჯეტი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება იყოს აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.