ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016792
53
30/10/2026
ვებგვერდი, 03/11/2026
010250020.35.132.016792
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

                                                           

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2026 წლის 30 ოქტომბერი 

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

 


 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი, დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 თებერვლის №14 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 02/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016753).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე მაისურაძე



დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
 

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომში – ქალაქი ბათუმი) შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების სამართლებრივ საფუძვლებსა და განხორციელების წესს. წესი, აგრეთვე, განსაზღვრავს შინაური ბინადარი ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

 

2. ამ წესის მიზანს წარმოადგენს შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, აგრეთვე დაკავშირებული რისკების განსაზღვრა-მართვა.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომ – ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით;

ბ) ცხოველის მეპატრონე (შემდგომ – მეპატრონე) – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კას­ტრაციას, მოვლა-პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე;

დ) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ე) მიკედლებული ცხოველი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;

ვ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომ – მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება-დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით;

თ) ცხოველის კეთილდღეობა – ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომლებიც მოიცავს ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან;

ი) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო გარემოს შექმნა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, მისი კვება-დარწყულება, რეგულარული გასეირნება, სოციალიზაცია, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ცოფისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა პირობების უზრუნველყოფა;

კ) კინოლოგიური დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულ­ტაციო/სა­გან­მანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (ძაღლების) მართვის სფეროში;

ლ) ფელინოლოგიური დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონ­სულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, კატის მოშენების, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (კატების) მართვის სფეროში;

მ) ვეტერინარული დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას;

ნ) ცხოველის ევთანაზია – მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით;

ო) ცხოველის იდენტიფიკაცია – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცხოველის ნიშანდება მიკროჩიპით/ტრანსპონდერით, საყურე ნიშნით (საჭდით), ხოლო კატის შემთხვევაში – აგრეთვე ვეტერინარული წესებით დასაშვები სხვა მეთოდით;

პ) ცხოველის რეგისტრაცია – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა;

ჟ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ (ს/№445573488);

რ) მარეგისტრირებელი ორგანო – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ (ს/№445573488), ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველების თავშესაფარი და ცხოველების საშენი;

ს) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო;

ტ) საბელი – საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილების კონტროლს;

უ) ალიკაპი – მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ფ) ცხოველის გადამეტებული აგრესია – ცხოველის ისეთი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის ამ ცხოველის შემდგომ სოციალიზაციას;

ქ) ცხოველის გასეირნება – ცხოველის გადაადგილება ღია სივრცეში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი მეთვალყურეობით;

ღ) ცხოველების მოშენება – ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება;

ყ) ცხოველის პოპულაციის მართვა – ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით;

შ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომ – თავშესაფარი) – მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი;

ჩ) დეჰელმინთიზაცია – ცხოველის ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნა;

ც) ვაქცინაცია – ცხოველის ორგანიზმში დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის (ანტიგენების) შეყვანა დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) ჩამოსაყალიბებლად;

ძ) კასტრაცია – ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

წ) სტერილიზაცია – ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

ჭ) ცხოველების ორთაბრძოლა – ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან შეჯიბრების ან სხვა მიზნით;

ხ) ვეტერინარული მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სხვა მომსახურება;

ჯ) მიკროჩიპი/ტრანსპონდერი – წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკა-ციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული იქნება ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია;

ჰ) ვეტერინარული პასპორტი – ცხოველის საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა შეიძლება შეიტანოს ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების (მათ შორის, ალერგიული რეაქციის, ჯანმრთელობის კონდიციის, წონის) და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე, მეპატრონის თაობაზე ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია);

ჰ1) საყურე ნიშანი (საჭდე) – იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა;

ჰ2) ცხოველების საშენი (შემდგომ – საშენი) – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას;

ჰ3) სანაშენე ცხოველი – ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის;

ჰ4) კინოლოგი – ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები და ცოდნა ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით;

ჰ5) ფელინოლოგი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას კატის მოვლა-პატრონობის, მოშენების, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით;

ჰ6) ცხოველთა კლასიფიკაცია – ამ წესით დადგენილი ცხოველთა ჯგუფების სისტემა, მათი სტატუსის განსაზღვრის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელების მიზნებისთვის;

ჰ7) ასისტენტი ძაღლი – ძაღლი, რომლის მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

ჰ8) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი – ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლიდან გამომდინარე (მათ შორის, ზომა, წონა) ან/და არასათანადო წვრთნისა და ქცევის საფუძველზე მომეტებული საფრთხე შეიძლება შეუქმნას სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.


მუხლი 3. ცხოველთა კლასიფიკაცია
 

1. ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) პატრონიანი;

ბ) მიკედლებული;

გ) უმეთვალყურეო;

დ) უპატრონო.

2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.

3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.

4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი და რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ჰყავს ან არ უდგინდება მეპატრონე ან მიმკედლებელი.

6. უმეთვალყურეო ცხოველის იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას, მისთვის ახალი მეპატრონის მოძიება ან ამ წესით გათვალისწინებული სხვა ქმედითი ღონისძიებების გატარება განხორციელდება თავშესაფარში გადაყვანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 4. ცხოველის მეპატრონე და მისი ვალდებულები
 

1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს, აიყვანოს (თავშესაფრიდან ან ქუჩიდან), იჩუქოს ან მიიღოს მემკვიდრეობით ცხოველი, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის მეპატრონის საკუთრებას.

3. ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს.

4. ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს: 

ა) ცხოველის სათანადო კვება, დარწყულება, საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა, სათანადო ფიზიკური აქტივობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და  საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

დ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;

ე) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ზ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა, უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

თ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

ი) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება;

კ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს/სააგენტოს დაუყოვნებლივი ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

ლ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

მ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

ნ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, პარკებსა და სკვერებში ძაღლის გასეირნება დასაშვებია მოკლე საბლით ან ალიკაპით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლებისათვის სავალდებულოა როგორც საბლის, ისე ალიკაპის გამოყენება.

6. ცხოველის მეპატრონე შეიძლება გახდეს პირი, რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს და რომელსაც არ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობა.

7. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონე შეიძლება გახდეს 16 წლის ასაკის პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და, გარდა ამისა, იგი ვალდებულია წარადგინოს ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ  ცნობა.

8. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

9. თუ ცხოველის ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, ხოლო აღნიშნული პროცედურის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

10. მეპატრონის ან საშენის მიერ დასაშვებია სანაშენე ცხოველის მოშენება არაკომერციული მიზნით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

11. მეპატრონე ვალდებულია აცნობოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელ დაწესებულებას:

ა) საკუთარი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ინფორმაციის ან რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ;

ბ) მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შესახებ, ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად ნაყარის დაბადებისა და მისი გასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა ან სხვა ფორმით გადაცემა) თითოეული ფაქტის შესახებ, სარეგისტრაციო მონაცემების განახლებისა და ამ წესით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველსაყოფად.

12. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია, ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

13. აკრძალულია:

ა) ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა;

ბ) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა;

გ) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება, ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება, იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან;

დ) ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა) და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა;

ე) ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბელის და ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − ხელში აყვანის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე;

ვ) ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში,  ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი;

ზ) ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით;

თ) ცხოველის მიტოვება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონესა და ცხოველს შორის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები; აღნიშნულ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია    უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება და მისი რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობისას – გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში კანონმდებლობით  გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად;

ი) ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა;

14. მეპატრონე ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას უზრუნველყოს „შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის № 104 დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების დაცვა.


მუხლი 5. ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება
 

1. მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველთა რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ცხოველთა მარეგისტრირებელი ორგანოებია:

ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო;

ბ) ვეტერინარული დაწესებულება;

გ) ცხოველების თავშესაფარი;

დ) ცხოველების საშენი.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

4. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

5. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/ მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში, 30 კალედარული დღის განმავლობაში.


მუხლი 6. ცხოველის მიკედლება და მიმკედლებლის ვალდებულებები
 

1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. მიმკედებლის ვალდებულებები იწყება მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლის რეგისტრაციიდან და მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

 6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

გ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

დ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა.

7. ცხოველის მიკედლების შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.


მუხლი 7. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა, ცხოველთა თავშესაფარში მოთავსება.
 

1. პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული:

ა) ძაღლის ჰუმანური მეთოდით დაჭერა და იზოლაცია;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმება;

გ) ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ვეტერინარული მომსახურება) და ქცევითი თავისებურებების დადგენა;

დ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

ე) ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა;

ვ) ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;

ზ) ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია;

თ) ცხოველის დეჰელმინთიზაცია ან/და კომპლექსური ვაქცინაცია საჭიროების შემთხვევაში.

2. მეძუძური ძაღლის დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეძუძურ ძაღლს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება.

3. უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ამ მუხლის შესაბამისად დაჭერის შემდეგ, საჭიროებისას, დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს ვეტერინარული მომსახურება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარული მომსახურების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.

5. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მეპატრონის/მიმკედლებლის მოსაძიებლად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, ხოლო ამ ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – დაარეგისტრიროს ცხოველი, როგორც უპატრონო, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

7. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულო დაჭერას შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად ექვემდებარება:

ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

გ) უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლა;

დ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ჰყავს პატრონი;

ე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები.

8. თავშესაფარში გადაყვანას ექვემდებარება პატრონიანი ცხოველი ამ  წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხოლო უპატრონო/მიკედლებული ცხოველი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრის დროით.

9. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას/აღრიცხვას, საჭიროების შემთხვევაში – ანტირაბიულ ვაქცინაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო კატის შემთხვევაში – ამ წესით განსაზღვრული იდენტიფიკაციის საშუალებით. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

10. ცხოველის გარემოში დაბრუნებისას დაცული უნდა იქნეს საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემო, კერძოდ, აკრძალულია ცხოველის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.

11. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.


მუხლი 8. პატრონიანი ცხოველის მოშენება
 

1. ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

3. ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად აკრძალულია:

ა) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება;

ბ) ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება;

გ) იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში;

დ) ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან.

4. სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.

5. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.

6. მეპატრონის მიერ სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.


მუხლი 9. ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება
 

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

 

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა – ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ) სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის ან/და სიცოცხლისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა.

6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ცხოველის ევთანაზიის შემდეგ დასაშვებია ცხოველის პათოლოგანატომიური გამოკვლევა.

8. ცხოველების ევთანაზია დაუშვებელია:

ა) დახრჩობით;

ბ) გაგუდვით;

გ) მოწამვლით;

დ) ელექტრომუხტის გამოყენებით;

ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით;

ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით;

ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური, აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით;

თ) სხვა არაჰუმანური მეთოდებით, მათ შორის, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვა-წამებას, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას.


მუხლი 10. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება
 

1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის მეპატრონეზე, ხოლო ცხოველის მეპატრონის/მიმკედებლის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

3. მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში, ამ წესით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები.

5. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

6. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება  მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის მეპატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა.

7. მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.

9.  იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მეპატრონე/მიმკედლებელი, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია, თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება);

ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები, მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება.

10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

11. ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები).

12. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფლის და მისი მოვლა-პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე.

13. მუნიციპალური თავშესაფრიდან ან კერძო თავშესაფრიდან ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე.

14. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ ცხოველი 10 სამუშაო დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს.

15. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.


მუხლი 11. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება 
 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ (ს/№445573488).


მუხლი 12. გარდამავალი დებულებები 
 

საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე წესით, რეგულირდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდაბარე აქტების შესაბამისად.