„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1896/1-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.103279
1896/1-VIმს-XIმპ
27/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
210020000.05.001.103279
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე დანართის სახით წარდგენა. ამ დანართის ქართულ ენაზე თარგმანი საქპატენტს წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;“.

2. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ აღადგინოს საქმისწარმოება განაცხადზე.“.

4. 151 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საგანაცხადო მასალებს აკლია აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალდებულია ეს საბუთი 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების ვადების ცვლილების შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის II თავით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში განმცხადებელს დაუბრუნდება დაჩქარებული ექსპერტიზისთვის გადახდილი საფასური. ამასთანავე, იგი ვალდებულია საქპატენტის მიერ განაცხადზე საქმისწარმოების ვადების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი საფასური.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ბიულეტენში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს სააპელაციო საჩივარი ან სარჩელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.“.

5. მე-16 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებელს უფლება აქვს, არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ ამ გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში.“;

გ) 42 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელს, თუ არსებობს ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.“;

დ) 43 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​3. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ასაჩივრებს საქპატენტის გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია სააპელაციო პალატას წარუდგინოს იმის მტკიცებულება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა საქართველოში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად. აღნიშნული მტკიცებულების წარუდგენლობის ან სასაქონლო ნიშნის რეალური გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება წყდება. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ან/და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში არ იქნა შეტანილი სააპელაციო საჩივარი ან სარჩელი, ან აღნიშნული პუნქტების შესაბამისად შეტანილი სააპელაციო საჩივრის ან სარჩელის საფუძველზე მიღებულ იქნა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, საქპატენტი სასაქონლო ნიშანს არეგისტრირებს სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

„მუხლი 181. წინასწარი ძიება

1. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მიმართოს საქპატენტს წინასწარი ძიების მომსახურების მიღების მიზნით, რათა დადგინდეს, არის თუ არა კონკრეტული სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის იდენტური სასაქონლო ნიშანი დაცული საქართველოში (საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელების გზით) ან/და არის თუ არა საქპატენტში წარდგენილი განაცხადი იმავე სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან/და საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მისთვის საქართველოში დაცვის მინიჭების მოთხოვნის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ახორციელებს წინასწარ ძიებას და მის შედეგს დაინტერესებულ პირს აცნობებს.

3. წინასწარი ძიების განხორციელებისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი დარჩება.

4. წინასწარი ძიების განხორციელების წესი დგინდება ინსტრუქციით.“.

8. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. საფასური

1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის, არსობრივი ექსპერტიზისთვის, დაჩქარებული ექსპერტიზისთვის, პრიორიტეტის მოთხოვნისთვის, წინასწარი ძიების განხორციელებისთვის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის, ცვლილებების რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, მოწმობის გაცემისთვის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემისთვის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერებისთვის, აღდგენისა და გაგრძელებისთვის, სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის, დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანებისა და სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის საფასური.

2. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“.

9. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი გამოყენება საქართველოში სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ, ლიცენზიანტის მიერ და სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით მესამე პირის მიერ.“.

10. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასაქონლო ნიშანი რეალურად არ გამოიყენებოდა საქართველოში უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი საქართველოში. თუ სასაქონლო ნიშნის საქართველოში გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული 5-წლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე პერიოდში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია;“.

11. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს ისეთ საფირმო სახელწოდებას, რომელზე უფლებებიც საქართველოში წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;“;

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სასაქონლო ნიშანი არის მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი, რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, და სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან/და განმასხვავებელუნარიანობას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება სასაქონლო ნიშნის მფლობელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს საქართველოში რეპუტაციის მქონე სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან/და განმასხვავებელუნარიანობას;“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს იმის მტკიცებულება, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სარჩელის საფუძვლად. აღნიშნული მტკიცებულების წარუდგენლობის ან სასაქონლო ნიშნის რეალური გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სარჩელზე საქმისწარმოება წყდება.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის №02 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

27 ოქტომბერი 2026 წ.

N1896/1-VIმს-XIმპ