სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ

სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/10/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016424
238
22/10/2026
ვებგვერდი, 28/10/2026
310050000.54.066.016424
სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №238

2026 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სპეციალური, ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 91 და 212 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური, ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის, აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესი“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი




სპეციალური, ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ექსპლუატაციის წესი

 თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ეს წესი ადგენს მოთხოვნებს სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ და განსაზღვრავს მათი იდენტიფიკაციის, მოდიფიკაციის და ექსპლუატაციის პირობებს.

2. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში აღრიცხულ სპეციალურ ძრავიან ზსხ-ებზე.

 მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები

  ამ წესის მიზნებისთვის, ამ მუხლით განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ბაზირების ადგილი – ადგილი, სადაც განთავსებულია ზსხ;

ბ) კომპონენტი – ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან მოწყობილობა;

გ) კრიტიკული ტექნიკური მომსახურება – საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების ნებისმიერი სამუშაო, რომელიც უნდა შესრულდეს სათანადო კვალიფიკაციის და ტექნიკური საშუალებების მქონე პირის მიერ;

დ) ლოკალური ფრენა – ფრენა, რომელიც არ მოიცავს მგზავრების, ფოსტის და/ან ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვას სხვადახვა აეროდრომს/საფრენ მოედანს შორის და საჰაერო ხომალდის აფრენისა და დაფრენის პუნქტი ერთი და იგივეა;

ე) მაქსიმალური მასა – ზსხ-ისთვის დაშვებული მაქსიმალური ასაფრენი მასა;

ვ) მაქსიმალური ცარიელი მასა – ზსხ-ის ცარიელი მასის მაქსიმალური დასაშვები ოდენობა;

ზ) მგზავრი – პირი, რომელიც იმყოფება სხ-ის ბორტზე ზსხ-ის მეთაურის თანხმობით, გარდა ზსხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობისა;

თ) უმართავი ვარდნის სიჩქარე ან სტაბილური ფრენის მინიმალური სიჩქარე (VS0) – სიჩქარე, რა დროსაც შესაძლებელია ზსხ-ის კონტროლი შემდეგ კონფიგურაციებში: ძრავა უქმ სვლაზე ან გამორთული ძრავით, მინიმალური სიმძლავრის რეჟიმში, საჰაერო ხრახნი აფრენის სტანდარტულ კონფიგურაციაში, გამოშვებული შასით, ფრთაუკანი დაფრენის რეჟიმში, ყველაზე არახელსაყრელი სიმძიმის ცენტრით და მაქსიმალური ასაფრენი მასით;

ი) საიდენტიფიკაციო ზსხ – სერიული წარმოების სხვა ზსხ-ებთან მიმართებაში, მწარმოებლის მიერ სპეციალურად საიდენტიფიკაციო მიზნით შემუშავებული ზსხ;

კ) სერიული სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი – სერიული წარმოების შედეგად დამზადებული ზსხ ან სერიული წარმოების შედეგად დამზადებული კომპონენტებისგან (Kit) აწყობილი ზსხ;

ლ) სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი (ULM-S) – სერიული წარმოების საფრენი აპარატი ერთი ან ორი სავარძლით, აღჭურვილი ერთი ძრავით და დამატებით აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ლ.ა) ზსხ-ის მაქსიმალური მასა აღემატება არაუმეტეს 600 კგ-ს – ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას და 650 კგ-ს – წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას;

ლ.ბ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე – არაუმეტეს 117 კვტ;

ლ.გ) მე-2 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, უმართავი ვარდნის სიჩქარე (VS0) – არაუმეტეს 45 კვანძი (83 კმ/სთ) შესწორებული ფრენის სიჩქარე.

შენიშვნა: ამ ტერმინის ფარგლებში ექცევა ის საფრენი აპარატი, რომლის მაქსიმალური მასა, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე ან მე-2 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, უმართავი ვარდნის სიჩქარე (VS0) აღემატება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით დადგენილ მნიშვნელობებს.

მ) ფრენის შესწორებული სიჩქარე (VC) – სახელსაწყო სიჩქარე, სიჩქარის საზომ მოწყობილობასთან დაკავშირებული ცდომილებების გარეშე;

ნ) ფრთის ფართობი – საჰაერო ხომალდის ფრთის ჰორიზონტალური პროექცია, ხმელეთზე დაფრენის ან კრეისერულ რეჟიმში, რომელშიც, რიგ შემთხვევაში, შედის ფიუზელაჟის ფართობი, შეერთების წერტილთან ფრთის წინა ორი კიდის დამაკავშირებელ ხაზსა და ფრთის უკანა ორი კიდის დამაკავშირებელ ხაზს შორის;

შენიშვნა: მრავალფრთიანი (ბიპლანი) ზსხ-ის შემთხვევაში ფრთის ფართობი უდრის თითოეული ფრთის ფართობის ჯამს.

ო) შენარჩუნებული სიმძლავრე – ძრავის მწარმოებლის მიერ ყველაზე მაღალ სიმძლავრედ დაფიქსირებული სიმძლავრე, მიუხედავად სიმძლავრის გამოყენების მხრივ არსებული შესაძლო შეზღუდვებისა;

შენიშვნა: შენარჩუნებული სიმძლავრე მოიცავს აფრენის რეჟიმს და ნებისმიერ შესაძლო ავარიულ რეჟიმს. არცერთი ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს ძრავის ბრუნვათა რიცხვის, კოლექტორის მაქსიმალურ წნევის ან იმ ნებისმიერი პარამეტრის შეზღუდვებს, რომელიც გამოიყენება სიმძლავრის მართვისთვის, არ შეიძლება იქნეს მიჩნეული დასაშვებად, თუ ძრავის მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ საექსპლუატაციო ლიმიტებს მიღმაა.

პ) ცარიელი მასა – ზსხ-ის სრული მასა ფრენის მდგომარეობაში, მგზავრების და ტვირთის გარეშე. თითოეული ზსხ-ის ცარიელი მასა მოიცავს:

პ.ა) გამოუყენებად საწვავს;

პ.ბ) შესაბამის შემთხვევებში ზეთის, ძრავის გამაგრილებლის და ჰიდრავლიკური სითხის მაქსიმალურ ოდენობას.

 

თავი II

მწარმოებლის აღრიცხვა და ზსხ-ის იდენტიფიკაცია

მუხლი 3. ზსხ-ის იდენტიფიკაციის პირობები

1. თითოეული საიდენტიფიკაციო ზსხ-ისთვის გაიცემა საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ვრცელდება სერიის ყველა ზსხ-ზე, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ, მასის, ძრავის და სიჩქარის მახასიათებლები.

2. საიდენტიფიკაციო ბარათის მისაღებად, ზსხ-ის მწარმოებელი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, იმ პირობით, რომ იგი ფლობს ინფორმაციას საიდენტიფიკაციო ზსხ-ის შემუშავებასა და წარმოებაზე, რაც საშუალებას იძლევა განაცხადოს შესაბამისობა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანების მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში.

3. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მიღებამდე წინასწარი დასტური გაიცემა შემდეგი პირობების დაცვით:

შენიშვნა 1: წინასწარი დასტური მოითხოვება ზსხ-ის სერიული წარმოების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ზსხ წარმოებულია სერიულად, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი საიდენტიფიკაციო ბარათის მისაღებად.

ა) განმცხადებელმა სააგენტოში წარადგინა საწყისი განაცხადი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ბ) ზსხ-ის აღწერითი ელემენტები, რომლებიც იძლევა მისი ძირითადი მონაცემების, კერძოდ, მასის, ძრავის და სიჩქარის მახასიათებლების იდენტიფიცირების საშუალებას და აუცილებელია საფრენი აპარატის ზსხ-დ კლასიფიცირების მიზნით;

გ) ზსხ-ის შემუშავებასთან და ფრენისუნარიანობის ნორმებთან დაკავშირებული შემოთავაზებული ტექნიკური პირობები, ამ წესის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზეც უნდა შესრულდეს მე-7 მუხლის მოთხოვნები;

შენიშვნა 2: სააგენტოს მიერ არ ხორციელდება ფრენისუნარიანობის ნორმების განხილვა და შეფასება.

დ) სასწავლო პროგრამა ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თუ გამოიყენება.

4. სააგენტო განიხილავს საწყის განცხადებას, ეცნობა შემოთავაზებულ ტექნიკურ პირობებს, თუ შესაბამისია, სასწავლო პროგრამას და ადასტურებს საწყისი განცხადების მიღებას.

შენიშვნა: ზსხ-ის მოდელზე მომზადების სასწავლო პროგრამა სავალდებულოა ტურბოხრახნული ძრავით აღჭურვილი ზსხ-ისთვის.

5. საწყისი განცხადების დასტურის მიღების შემდეგ განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს ზსხ-ის შესაბამისობის დადგენა შემოთავაზებულ ტექნიკურ პირობებთან და აღნიშნული განცხადებით აცნობოს სააგენტოს.

6. სერიული ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მოთხოვნით განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად;

ბ) მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) ყველა სათანადო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობას;

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ზსხ აწყობილია კომპონენტებისგან (Kit), აწყობის ინსტრუქციას;

გ) მომხმარებლის დოკუმენტაციას, რომელიც შედგება:

გ.ა) ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსგან;

გ.ბ) ზსხ-ის ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოსგან და მოიცავს განმცხადებლის მიერ შემუშავებულ ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს, მათი ჩატარების შეზღუდვების და/ან ინტერვალების ჩათვლით. სახელმძღვანელო უნდა განსაზღვრავდეს კრიტიკული ან ეკვივალენტური მნიშვნელობის ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს და მათი შესრულების პირობებს;

გ.გ) სხვა დამხმარე სახელმძღვანელო(ები)სგან/დოკუმენტ(ებ)ისგან (მაგალითად: დეტალების ილუსტრირებული კატალოგი), არსებობის შემთხვევაში.

დ) ზსხ-ის აღწერით ელემენტებს (ამ წესის №2 - №3 დანართების შესაბამისად);

ე) აწონვის ბარათს (ამ წესის №4 დანართის შესაბამისად);

ვ) სასწავლო პროგრამა ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში.

7. ზსხ-ის ტექნიკური ფაილის და მომხმარებლის დოკუმენტაციის შექმნასა და შენახვაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი პირი. აღნიშნული დოკუმენტაცია სააგენტოს გადაეცემა მხოლოდ არქივირების მიზნით და გამოიყენება ექსპლუატაციის განმავლობაში მნიშვნელოვანი საავიაციო მოვლენების დადგომის შემთხვევაში, ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ზომების განსაზღვრის მიზნით.

8. სააგენტო საიდენტიფიკაციო ბარათს გასცემს ზსხ-ის აღწერითი ელემენტებისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე.

9. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათით განსაზღვრება ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი და ბარათის მფლობელი პირი.

10. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელმა უნდა შეასრულოს ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებები.

11. საიდენტიფიკაციო ბარათი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც ადასტურებს, რომ ჯეროვნად შეასრულებს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის ვალდებულებებს. ბარათის მფლობელმა სააგენტოს უნდა აცნობოს ბარათის ახალი მფლობელისთვის გადაცემის შესახებ. სააგენტო გასცემს განახლებულ საიდენტიფიკაციო ბარათს, რომელშიც მიეთითება ახალი მფლობელი, ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიღებისთანავე.

12. იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ის მოდელმა იდენტიფიკაცია გაიარა ამ წესის ძალაში შესვლამდე სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანების შესაბამისად და თუ ზსხ-ის შემუშავების მაქსიმალური ასაფრენი მასა და ტექნიკური დოკუმენტაცია ადასტურებს შესაძლებლობას გაიზარდოს არსებული საიდენტიფიკაციო ბარათით დადგენილი მასა, მწარმოებელი უფლებამოსილია მიმართოს განცხადებით სააგენტოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. მიმართვის და სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ საიდენტიფიკაციო ბარათს.

შენიშვნა: ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემა გავლენას არ ახდენს ძველი საიდენტიფიკაციო ბარათის მოქმედებაზე.

მუხლი 4. საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის ვალდებულებები

1. საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელმა უნდა შეაგროვოს, განიხილოს და გააანალიზოს ინფორმაცია ტექნიკური ხასიათის საავიაციო მოვლენებთან და სერიოზული ინციდენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია აღრიცხვის ბარათის მფლობელებისგან ან მისთვის ცნობილი გახდა სხვა გზით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის შედეგად ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია არსებობდეს მნიშვნელოვანი საფრთხე ფრენის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, ზსხ-ის შემუშავებასთან, ტექნიკური მომსახურების ან საექსპლუატაციო პროცედურებთან დაკავშირებით, იმ ზსხ-ებზე, რომლებიც ექცევა საიდენტიფიკაციო ბარათის მოქმედების ფარგლებში, საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელმა:

ა) აღნიშნული უნდა აცნობოს სააგენტოს არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში;

ბ) უნდა შეიმუშაოს და გამოსცეს სათანადო გამოსასწორებელი ღონისძიებები უსაფრთხოების მისაღები დონის აღსადგენად, რაც შესაძლებელია ასევე მოიცავდეს ზსხ-ის კონკრეტული მოდელის ფრენების სრულ შეჩერებასაც (Grounding). მფლობელმა უნდა განსაზღვროს აღნიშნული ღონისძიებები წარმოადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ ზომას თუ რეკომენდაციას აღრიცხვის ბარათის მფლობელთათვის.

3. საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელს უნდა გააჩნდეს ინფორმაციის გავრცელების და/ან მასზე წვდომის საშუალება, რათა ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელები, მათ ვისაც პირდაპირ უკავშირდება გამოცემული ინფორმაცია, სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული უსაფრთხოების დონის აღსადგენად საჭირო ღონისძიებების შესახებ. საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელმა ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელს უნდა აცნობოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან წვდომის ინსტრუქცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციაზე წვდომა, ასევე უნდა გააჩნდეს სააგენტოს.

მუხლი 5. მწარმოებლის აღრიცხვის ბარათი

1. ზსხ-ის მწარმოებლის აღრიცხვის ბარათის მოთხოვნის განაცხადი უნდა წარედგინოს სააგენტოს.

2. მწარმოებლის აღრიცხვის ბარათს საიდენტიფიკაცო ზსხ-ზე გასცემს სააგენტო, რომლითაც განსაზღვრავს მწარმოებლის აღრიცხვის ნიშნებს და მწარმოებელს ანიჭებს უფლებამოსილებას საიდენტიფიკაციო ზსხ-ით განხორციელოს საფრენოსნო ცდები ზსხ-ის მოდიფიკაციის მიზნით ან ფრენა ადგილმდებარეობის შეცვლის მიზნით, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ზსხ-ის საწარმოდან ზსხ-ის სარეალიზაციო პუნქტში გადაყვანას ან ფრენა საჩვენებელი ფრენების ფარგლებში, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს პოტენციური მყიდველებისთვის ზსხ-ის მახასიათებლების დემონსტრირებას.

3. მწარმოებლის აღრიცხვის ბარათში მიეთითება მწარმოებლის აღრიცხვის ნიშნები, რომლებიც შედგება ლათინური ასოსგან – „W“, ორი არაბული ციფრისგან და განმცხადებლის მიერ შეთავაზებული და სააგენტოს მიერ შეთანხმებული მწარმოებლის აღნიშვნელი სამი ლათინური სიმბოლოსგან. ეს ნიშნები უნდა განთავსდეს ნებისმიერ ზსხ-ზე, რომლის ფრენაც სრულდება აღნიშნული მწარმოებლის აღრიცხვის ბარათის საფუძველზე.

4. თითოეული ფრენისთვის მწარმოებელმა შესრულებულ ფრენათა რეესტრში უნდა შეიტანოს გამოყენებული ზსხ-ის აღრიცხვის ნიშანი, ზსხ-ის დასახელება, ზსხ-ის მახასიათებლები და ფრენის სახეობა. აღნიშნული რეესტრი უნდა იყოს ხელმისაწვდომი სააგენტოსთვის.

5. მწარმოებლის აღრიცხვის ბარათი მოქმედია 5 წლის განმავლობაში და ექვემდებარება განახლებას.

მუხლი 6. დროებითი აღრიცხვის ბარათი

1. ზსხ-ით, რომელსაც არ გააჩნია საიდენტიფიკაციო ბარათი ან რომლის საიდენტიფიკაციო ბარათი არ არის მოქმედი, საცდელი ფრენების განხორციელების მიზნით, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო გასცემს ზსხ-ის დროებით აღრიცხვის ბარათს.

2. დროებითი აღრიცხვის ბარათი გაიცემა განმცხადებლის მიერ სააგენტოსთვის დროებითი აღიცხვის ბარათის გაცემის განაცხადით მიმართვის საფუძველზე, ამ წესის №6 დანართის შესაბამისად.

3. დროებით აღრიცხვის ბარათში მიეთითება დროებითი აღრიცხვის ნიშნები, რომელიც ასევე დაიტანება ზსხ-ზე.

4. დროებითი აღრიცხვის ბარათი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ საცდელი ფრენების შესრულების მიზნით, რომლებიც აუცილებელია ამ წესის მე-3 ან მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მომხმარებლის დოკუმენტაციის შესაქმნელად ან მისი ცვლილებისთვის.

5. დროებითი აღრიცხვის ბარათის გაცემისას განსაზღვრული უნდა იყოს საფრენოსნო ცდების განხორციელების ადგილი.

6. დროებითი აღრიცხვის ბარათი გაიცემა 1 წლის ვადით და არ ექვემდებარება მოქმედების ვადის გაგრძელებას.

  თავი III

მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობა

მუხლი 7. მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობა

1. ზსხ-ის მოქმედი ტექნიკური პირობები განისაზღვრება სააგენტოსთვის მისაღები ფრენისუნარიანობის ნორმების საფუძველზე, ამ წესის მე-8 მუხლის გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმები უნდა მოიცავდეს აპარატის საფრენოსნო თვისებებსა და მახასიათებლებს, კონსტრუქციას, შემუშავებას და წარმოებას, ძრავის დამონტაჟებას, აღჭურვილობას, საექსპლუატაციო შეზღუდვებს და მომხმარებლის დოკუმენტაციაში მოცემულ ინფორმაციას.

2. ზსხ-ის მოდიფიკაციის ან რემონტის შემთხვევაში ზემოთ განსაზღვრული პირობები ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, თუ:

ა) მოქმედი ტექნიკური პირობები შეესაბამება საიდენტიფიკაციო ბარათთან დაკავშირებულ პირობებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამატებით გამოქვეყნებულ ზოგად დამატებით ტექნიკურ პირობებს;

ბ) მოდიფიცირებული ზსხ არ ავლენს ისეთ საექსპლუატაციო ან შემუშავების მახასიათებლებს, რომლებიც ახალია ან უჩვეულოა შემუშავების იმ პრაქტიკასთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც აღნიშნული ტექნიკური პირობები დადგინდა.

3. თუ ზსხ ავლენს ისეთ საექსპლუატაციო ან შემუშავების მახასიათებლებს, რომელიც ახალია ან უჩვეულოა შემუშავების იმ პრაქტიკასთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც სააგენტოსთან შეთანხმებული ფრენისუნარიანობის ნორმები შემუშავდა, სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი ტექნიკური პირობები ზსხ-ისთვის ან დამატებითი მოთხოვნები საფრენოსნო და სახმელეთო მომზადების მიმართ.

4. ნებისმიერი საცდელი ფრენა, რომლის მიზანია ზსხ-ის ტექნიკური ფაილის შექმნა ან ცვლილება, უნდა შესრულდეს ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტის ყოფნის პირობით, დროებითი აღრიცხვის ბარათის ან მწარმოებლის აღრიცხვის ბარათის საფუძველზე. არაძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში, საცდელი ფრენა ასევე უნდა შესრულდეს ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტის ყოფნის პირობით და შესაძლებელია ფრენა განხორციელდეს ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის საფუძველზე.

მუხლი 8. ზსხ-ის ფრენისუნარიანობის ნორმები

1. პირველი, მე-2 და მე-3 კლასის ზსხ-ების მიმართ ფრენისუნარიანობის ნორმები განისაზღვრება შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთის საფუძველზე:

ა) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ მიღებული ტექნიკური სტანდარტის „CS-VLA Very Light Aeroplanes“ B (ფრენა) და C (სტრუქტურა) თავის მიხედვით (გარდა 1-ელი და მე-3 კლასის ზსხ-ისა);

ბ) საქართველოს ან ჩიკაგოს კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც წარმოადგენდა ან წარმოადგენს ზსხ-ის სერტიფიცირების საფუძველს.

2. მე-4 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, სპეციალური პირობები განისაზღვრება შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთის საფუძველზე:

ა) ზემსუბუქი შვეულმფრენის ფრენისუნარიანობის სპეციფიკური პირობების მიხედვით;

ბ) საქართველოს ან ჩიკაგოს კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც წარმოადგენდა ან წარმოადგენს მსუბუქი შვეულმფრენების სერტიფიცირების საფუძველს.

  თავი IV

მოდიფიკაცია და რემონტი

მუხლი 9. მოდიფიკაცია და რემონტი

1. ნებისმიერი მოდიფიკაცია ან რემონტი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე პირობას, მიიჩნევა ძირეულ მოდიფიკაციად:

ა) მოდიფიკაცია ან რემონტი გავლენას ახდენს ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის ერთ-ერთ აღწერით ელემენტზე;

ბ) მოდიფიკაცია ან რემონტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზსხ-ის მასაზე, სიმძიმის ცენტრის მდებარეობაზე, პლანერის სიმტკიცეზე, საიმედოობაზე, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე ან სხვა ნებისმიერ მახასიათებელზე, რომელიც ზემოქმედებს ზსხ-ის ფრენისუნარიანობაზე;

გ) მომხმარებლის დოკუმენტაციის არსებითი ცვლილება, მათ შორის, საექსპლუატაციო შეზღუდვებისა და ტექნიკური მომსახურების პირობების ნებისმიერი ცვლილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ –„გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი მოდიფიკაცია ან რემონტი მიიჩნევა არაძირეულ მოდიფიკაციად.

3. ძირეული მოდიფიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის ან აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ, ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

4. ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი ახორციელებს მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის და ფრენისუნარიანობის შემოწმებას და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რის საფუძველზეც სააგენტო გასცემს ახალ საიდენტიფიკაციო ბარათს.

შენიშვნა: საინდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი, საჭიროების შემთხვევაში, განცხადებას თან დაურთავს მხოლოდ ზსხ-ის შეცვლილ აღწერით ელემენტებს, მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ადასტურებს მოდიფიკაციის შედეგად ზსხ-ის შესაბამისობას მოქმედ ტექნიკურ პირობებთან და განახლებულ აწონვის ბარათს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ძირეულ მოდიფიკაციას ახორციელებს აღრიცხვის ბარათის მფლობელი, ასეთმა მოდიფიკაციამ არ უნდა მოახდინოს ზსხ-ის არსებითი მახასიათებლების ცვლილება.

მუხლი 10. ძირეული მოდიფიკაცია

1. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) ზსხ-ის მწარმოებლის მიერ მოდიფიკაცია გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით;

ბ) მწარმოებლის მიერ მოდიფიკაცია არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ბარათით და ხორციელდება აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ.

შენიშვნა 1: ზსხ-ის იმ ძირეული მოდიფიკაციის განხორციელებამდე, რომელიც გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით, აღრიცხვის ბარათის მფლობელმა, ზსხ-ის მწარმოებლისგან უნდა მოიპოვოს საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ მოდიფიკაციას, ასევე მოდიფიკაციის განხორციელების ინსტრუქცია და ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების შესაბამისი სახელმძღვანელოები, იმ შემთხვევაში, თუ მოდიფიკაცია ითვალისწინებს ცვლილებებს აღნიშნულ სახელმძღვანელოებში.

შენიშვნა 2:  ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში საჰაერო ხომალდმა უნდა შეინარჩუნოს შესაბამისობა მოქმედ ტექნიკურ პირობებთან.

2. საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი გასცემს დასტურს მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, შემდეგი პირობებით:

ა) მოდიფიკაციისას დაცულია ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ზსხ-ის მოქმედი ტექნიკური პირობები; და

ბ) საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელმა შეიმუშავა მომხმარებლის დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ყველა დამადასტურებელ ცნობას, რაც ცხადყოფს მოდიფიკაციის შესაბამისობას ტექნიკურ პირობებთან, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს საჭირო განახლებებს.

შენიშვნა: მომხმარებლის დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის.

3. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მოქმედება შეჩერდება ვიდრე ამ მუხლის მე-4 ან მე-6 პუნქტის შესაბამისად სააგენტოში არ იქნება წარმოდგენილი ძირეული მოდიფიკაციის განცხადება.

4. აღრიცხვის ბარათის მფლობელმა მოდიფიკაციის შესრულების შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით, განაცხადით უნდა დაადასტუროს მოდიფიცირებული ზსხ-ის ფრენისუნარიანობა და ეს განცხადება ხელმოწერის თარიღიდან 15 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება (ამ წესის №5 დანართის შესაბამისად), სადაც უნდა მონიშნოს ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მოთხოვნა: საიდენტიფიკაციო კოდის შეცვლა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირებული ზსხ-ის აღწერითი ელემენტები;

გ) საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, რომელიც ითვალისწინებს მოდიფიკაციას;

დ) ზსხ-ის ფრენისუნარიანობის განცხადება;

ე) საჭიროების შემთხვევაში განახლებული ზხს-ის აწონვის ბარათი;

ვ) განცხადება მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც გაცემულია საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით ან აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

შენიშვნა: აღრიცხვის ბარათის მფლობელი სააგენტოს წარუდგენს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემულ დასტურს, რითაც ადასტურებს, რომ დაცულია საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ განსაზღვრული მოდიფიკაციის განხორციელების პირობები და ზსხ-ის მომხმარებლის დოკუმენტაციაში შეტანილია ყველა განახლება, რომელიც მიღებულ იქნა აღნიშნული საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელისგან.

5. ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადების საფუძველზე სააგენტო მოდიფიცირებული ზსხ-ისთვის გასცემს ახალი აღრიცხვის ბარათს, რომელშიც მიეთითება ახალი ან განახლებული საიდენტიფიკაციო ბარათის მონაცემები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურს. ამ შემთხვევაში ძველი აღრიცხვის ბარათი და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტური ძალაშია მოდიფიცირებული ზსხ-ის ფრენისუნარიანობის განცხადების თარიღიდან არაუმეტეს 45 დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მას თან ერთვის აღნიშნული განცხადების ასლი.

შენიშვნა: განახლებულ აღრიცხვის ბარათზე მიეთითება ის საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლითაც გათვალისწინებულია ძირეული მოდიფიკაცია.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოდიფიკაცია არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ, აღრიცხვის ბარათის მფლობელმა სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით და წარუდგინოს:

ა) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება, ამ წესის №5 დანართის შესაბამისად, სადაც უნდა მონიშნოს „მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის განცხადება“;

შენიშვნა: მოდიფიცირებული ზსხ-ისთვის მოქმედი ტექნიკური პირობები განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.

ბ) აღრიცხვის ბარათის მფლობელს გააჩნია მომხმარებლის დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოსთვის და მოიცავს ყველა დამადასტურებელ ცნობას, რაც ცხადყოფს მოდიფიკაციის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს საჭირო განახლებებს;

გ) საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელისგან მიღებული წერილობითი თანხმობა მოდიფიკაციის ტექნიკური თვალსაზრისით შესრულების მისაღებობასთან დაკავშირებით;

შენიშვნა: საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი განიხილავს მოდიფიკაციის აღწერას და ადგენს მის შესაბამისობას ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან.

დ) დროებითი აღრიცხვის ბარათი, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დემონსტრირების მიზნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განცხადების სააგენტოში წარმოდგენამდე განხორციელდა საფრენოსნო ცდები დროებითი აღრიცხვის ბარათის საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში აღრიცხვის ბარათის მფლობელი სააგენტოს წერილობითი დადასტურების შემდეგ უფლებამოსილია, განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია მოდიფიცირებული ზსხ-ით, რა დროსაც მუდმივად თან უნდა იქონიოს:

ა) აღრიცხვის ბარათი;

ბ) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება, რომლის შესაბამისადაც ახორციელებს ექსპლუატაციას;

გ) მოდიფიცირებული ზსხ-ის აღწერითი ელემენტები.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, გარდა „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, სააგენტო გასცემს განახლებულ ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურს, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროებითი აღრიცხვის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტო ასევე გასცემს განახლებულ აღრიცხვის ბარათს.

შენიშვნა:  ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული განცხადების სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში აღრიცხვის ბარათის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოდიფიცირებული ზსხ აკმაყოფილებდეს მოქმედი ტექნიკური პირობების მოთხოვნებს, რაც გულისხმობს, რომ აღრიცხვის ბარათის მფლობელს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები არქივირდება აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ და მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომია სააგენტოსთვის.

10. საინდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი ვალდებულია აღრიცხვის ბარათის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, ძირეული მოდიფიკაციის განხორციელების ინსტრუქცია და საჭიროების შემთხვევაში, საფრენოსნო ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების განახლებული სახელმძღვანელოები.

მუხლი 11. არაძირეული მოდიფიკაცია

1. არაძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში ზსხ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ საცდელი ფრენისთვის, ვიდრე აღრიცხვის ბარათის მფლობელი არ დარწმუნდება, რომ მოდიფიცირებული ზსხ ფრენისუნარიანია და აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად ზსხ-ისთვის განსაზღვრულ შესაბამის ტექნიკურ პირობებს.

2. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში აღრიცხვის ბარათის მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტები.

  თავი V

ზსხ-ის ექსპლუატაცია და შეზღუდვები

მუხლი 12. ზსხ-ის ექსპლუატაციის ზოგადი პირობები

1. ზსხ-ის ექსპლუატაცია ხორციელდება ზსხ საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. ზსხ-ის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 30 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის“ შესაბამისად.

3. ზსხ-ის ექსპლუატაციისას:

ა) დაცული უნდა იქნეს სსიპ  – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის“ VI თავის მოთხოვნები;

ბ) თითოეულ ფრენაზე ზსხ-ის ბორტზე უნდა იყოს წარმოდგენილი ზსხ-ის პილოტის დამატებითი სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ტურბოხრახნული ძრავით აღჭურვილი ზსხ-ისთვის, რომელზეც პილოტი ასრულებს ფრენას და მოითხოვება ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად.

4. აღრიცხვის ბარათის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად შემუშავებული და გამოცემული ყველა სათანადო ღონისძიება, როდესაც აღნიშნულის შესრულება სავალდებულოდ მოითხოვება ბარათის მფლობელის მიერ.

მუხლი 13. ზსხ-ის გამოყენება

1. ზსხ-ის ექსპლუატაცია ნებადართულია მხოლოდ დღისით ვიზუალური ფრენის წესების შესაბამისად, ხმელეთის ან წყლის ზედაპირის მხედველობაში შენარჩუნებით.

2. ზსხ-ის ექსპლუატაცია დაუშვებელია:

ა) საფასურის სანაცვლოდ მგზავრის, ტვირთის ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით;

ბ) კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) მიზნით, გარდა პირადი მიზნებისთვის შესრულებული სპეციალიზებული ექსპლუატაციისა;

გ) გაცნობითი ლოკალური ფრენების შესრულების მიზნით.

3. ზსხ-ის ფრენა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, ხოლო უცხო სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში ზსხ-ით ფრენა შესაძლებელია შესრულდეს საქართველოს და შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

4. ზსხ-ის ხელსაწყოთა პანელზე უნდა იყოს დამაგრებული ამ წესის №7 დანართში განსაზღვრული შინაარსის მქონე საინფორმაციო დაფა, რომელიც ხილულია როგორც პილოტისთვის, ისე მგზავრისთვის.

მუხლი 14. ზსხ-ის საფრენად დაშვება

ზსხ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ იგი ფრენისუნარიანია. გარდა ამისა, აღრიცხვის ბარათის მფლობელმა ყოველი ფრენისთვის უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ზსხ-ის აღრიცხვის ბარათი და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტური მოქმედია;

ბ) ზსხ-ზე დატანილია აღრიცხვის ნიშნები;

გ) ზსხ აკმაყოფილებს ფრენისუნარიანობისთვის დადგენილ პირობებს და დაგეგმილი ფრენისთვის საჭირო საექსპლუატაციო და საავარიო აღჭურვილობა ზსხ-ზე დამონტაჟებულია სწორად და არის მუშა მდგომარეობაში;

დ) ზსხ შეესაბამება მისი საიდენტიფიკაციო ბარათით განსაზღვრულ აღწერით ელემენტებს ან ძირეული მოდიფიკაციის განცხადებას, რომელიც წარდგენილია ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად;

ე) ნებისმიერი მოდიფიკაცია და/ან რემონტი შესრულებულია ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ვ) დაცულია სააგენტოს მიერ ამ წესის მე-19 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული საექსპლუატაციო ინსტრუქციები და/ან ფრენისუნარიანობის დირექტივები;

ზ) დაცულია საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ გამოცემული სავალდებულოდ შესასრულებელი ღონისძიებები;

თ) ზსხ-ის ტექნიკური მომსახურება შესრულდა მისი ტექნიკური მომსახურების პროგრამისა და ამ წესის VII თავში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ი) ზსხ-ით ფრენა არ შესრულდება, თუ ადგილი ჰქონდა ინციდენტს ან სერიოზულ ინციდენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზსხ-ის რემონტი განხორციელდა საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ;

კ) აღრიცხვის ბარათის გაცემის შემდეგ არ გამოვლენილა შემთხვევა, რომელიც მიუთითებს, რომ ზსხ ექსპლუატაცია შეიცავს რისკებს ან წარმოშობს სერიოზულ საფრთხეებს.

  თავი VI

საფრენოსნო ეკიპაჟი

მუხლი 15. მოთხოვნები ეკიპაჟის მიმართ

1. ამ მუხლის მიზნებისთვის, ზსხ-ები, რომლებიც ფლობენ ერთსა და იმავე საიდენტიფიკაციო ბარათს, მათ შორის მის რევიზიებს, ჩაითვლება ერთი და იგივე მოდელად.

2. პირი, რომელიც ასრულებს ზსხ-ით ფრენას:

ა) უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის“ საფუძველზე გაცემული პილოტის მოწმობა ან აღიარების სერტიფიკატი განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისი უფლებამოსილებით;

ბ) უნდა ფლობდეს ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის განხორციელების უფლებამოსილებას;

გ) გავლილი აქვს ადამიანის შესაძლებლობების სწავლება ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ზსხ აღჭურვილია ტურბოხრახნული ძრავით;

დ) უნდა ფლობდეს ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მომზადების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაცია საჭიროებს ასეთ მომზადებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩაითვლება შესრულებულად, თუ:

ა) პირი ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ ან აღიარებულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას; ან

ბ) პირი ფლობს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (Annex 1  – Personnel Lisensing) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოწმობას მოქმედი ოსტატობით; ან

გ) პირი არის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მოქმედი კვალიფიკაციის მფლობელი;

4. პილოტი უფლებამოსილია, ტურბოხრახნული ძრავით აღჭურვილ ზსხ-ზე გამოიყენოს მოწმობით მინიჭებული უფლებები, იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 12 თვის პერიოდში:

ა) ზსხ-ის მეთაურის რანგში შესრულებული აქვს არანაკლებ 6 საათი ფრენა;

ბ) ზსხ-ზე პილოტის ინსტრუქტორთან ერთად შესრულებული აქვს 1 საათი ფრენა;

5. დაუშვებელია ზსხ-ით ფრენა მგზავრთან ერთად, თუ პილოტს უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ზსხ-ის მეთაურის რანგში არ შეუსრულებია არანაკლებ 3 აფრენა და დაფრენა.

მუხლი 16. ზსხ-ის პილოტის დამატებითი სწავლება

1. ადამიანის შესაძლებლობების სწავლება უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ა) საავიაციო ფიზიოლოგიის ძირითად საკითხებს:

ა.ა) აბსოლუტური სიმაღლის ზემოქმედება (სიმაღლით გამოწვეული ჰიპოქსია, ბაროტრავმა, ტენიანობის გაზომვა (ტენიანობა) და ფრენის კომფორტი);

ა.ბ) აღქმა და სენსორული ილუზიები (აღქმის შესაძლებლობები, სივრცითი დეზორიენტაცია);

ა.გ) ჰიგიენა და უსაფრთხოება (კვება, ცხოვრების წესი და ცხოვრების რიტმი, დასვენების პერიოდების დაცვა, თამბაქო, ალკოჰოლი, მედიკამენტები და თვითმკურნალობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებები);

ბ) საავიაციო ფსიქოლოგიის ძირითად საკითხებს:

ბ.ა) ძირითადი ინტელექტუალური შესაძლებლობები (შერჩევითი აღქმა და სხვადასხვა სენსორული არხებიდან მიღებული ინფორმაციის დუბლირება და საიმედოობა);

ბ.ბ) მეხსიერება (ხანმოკლე მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება, ცოდნის ტიპები, მსჯელობა (აზროვნება), ყურადღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, საკუთარი რესურსების მართვა);

ბ.გ) დინამიკური ინტელექტუალური პროცესები (გონებრივი წარმოდგენა, მოლოდინი, მოქმედების დაგეგმვა, მოქმედების კონტროლი, ქცევის ავტომატიზაცია, დასწავლა);

ბ.დ) სამუშაო დატვირთვა (განმარტება და სამუშაო დატვირთვის მართვა);

ბ.ე) სტრესი (სტრესისა და შფოთვის განმარტებები და მათი გამომწვევი ფაქტორები, ქცევა სტრესის პირობებში და მისი გავლენა სამუშაოს შესრულებაზე, სტრესის მართვა);

ბ.ვ) ადამიანური შეცდომა და ადამიანური საიმედოობა (საიმედოობის ცნება, შეცდომა როგორც გარდაუვალი ქცევა, ე.წ. შეცდომის მოდელები და ინდივიდუალური ან კოლექტიური შეცდომების მიზეზები, საკუთარი შეცდომების გამოვლენა და გამოსწორება საკუთარი მოქმედებების მონიტორინგის საშუალებით);

ბ.ზ) სიფხიზლე და დაღლილობა (სიფხიზლის, ყურადღებისა და დაღლილობის განმარტებები, დაღლილობის მართვა).

2. ზსხ-ის მოდელზე მომზადება, იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაცია საჭიროებს ამას, უნდა ჩატარდეს იმ სასწავლო პროგრამის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მომზადება მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე საფრენოსნო ნაწილებს და სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) ზსხ-ის საფრენი მახასიათებლების გაცნობას მართვის სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიულ მდგომარეობებში;

ბ) ზსხ-ის ძალური დანადგარის სპეციფიკურ თავისებურებებს;

გ) ზსხ-ის ბორტზე განთავსებული უსაფრთხოების და სიცოცხლის გადარჩენის (სამაშველო) ყველა აღჭურვილობის ადგილმდებარეობას და გამოწენების წესს;

დ) მფრინავის კომპეტენციას მარშრუტზე ფრენების შესასრულებლად, მათ შორის, კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ან იმ საჰაერო სივრცეში, სადაც რადიოკავშირის გამოყენება სავალდებულოა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მომზადება უნდა განხორციელდეს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ, რომელიც თავადაც აკმაყოფილებს ამ წესის მე-15 მუხლის მოთხოვნებს. ინსტრუქტორის მიერ ამ მოთხოვნის შესასრულებლად, სწავლება შესაძლებელია განახორციელოს ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ განსაზღვრულმა სათანადო კომპეტენციის მქონე პილოტმა.

5. სწავლების დასრულების შემდეგ პილოტის ინსტრუქტორი გასცემს ადამიანის შესაძლებლობების სწავლების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, თუ იგი მიიჩნევს, რომ მიღწეულია მომზადების მიზნები და ზსხ-ის პილოტს აქვს კომპეტენცია, ზსხ-ზე შეასრულოს სტანდარტული საფრენოსნო მანევრები, არასტანდარტული და ავარიულ მდგომარეობაში მოქმედების პროცედურები, ასევე განახორციელოს მარშრუტზე ფრენა.

  თავი VII

ზსხ-ის ფრენისუნარიანობა და ტექნიკური მომსახურება

მუხლი 17. ფრენისუნარიანობის შენარჩუნება

1. ზსხ-ის ფრენისუნარიანობა უზრუნველყოფილ უნდა იყოს შემდეგ ღონისძიებათა ერთობლიობით:

ა) ტექნიკური მომსახურების პროგრამის სრულად შესრულებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ) გაუმართაობის აღმოფხვრით;

გ) მოდიფიკაციებისა და/ან რემონტის შესრულებით;

დ) აღჭურვილობის გამართულობით;

ე) ფრენისუნარიანობის დირექტივების შესრულებით.

შენიშვნა: ფრენისწინა შემოწმება, რომელიც სრულდება პილოტის მიერ არ მიიჩნევა ტექნიკური მომსახურების სამუშაოდ.

2. აღრიცხვის ბარათის მფლობელმა უნდა შეიმუშავოს ზსხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი განახლება. პროგრამა უნდა მოერგოს ზსხ-ის და მის ექსპლუატაციას, რომლის შინაარსიც უნდა შეესაბამებოდეს ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათთან დაკავშირებულ ტექნიკურ მომსახურების სახელმძღვანელოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მის განახლებებს ან დამატებებს ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის შემდეგ. პროგრამა უნდა იყოს დეტალური, სრული და უნდა განსაზღვრავდეს:

შენიშვნა: ტექნიკური მომსახურების პროგრამის განახლება და სააგენტოსთვის წარდგენა უნდა განხორციელდეს ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს ცვლილებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის პერიოდში.

ა) კრიტიკული ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს;

ბ) იმ კომპონენტების საექსპლუატაციო დროის (Operating Time) ან საექსპლუატაციო ვადის (Service Life) შეზღუდვებს, რომელთათვისაც განსაზღვრულია ასეთი დრო და/ან ვადა;

გ) ზსხ-ის მფლობელი  – ექსპლუატანტის მიერ შესასრულებელ სამუშაოებს (თუ გამოიყენება).

3. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი შემუშავებულ ტექნიკური მომსახურების პროგრამას, მათ შორის მის განახლებებს, სააგენტოს წარუდგენს განცხადების (დეკლარაციის) სახით. სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს პროგრამა, თუ ასეთი საჭიროება წარმოიშობა უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.

4. ზსხ-ის ტექნიკური მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელის მიერ, იმ პირობით, რომ ავიასაწარმოს ნებადართული სამუშაოების ნუსხა ან მოწმობა ითვალისწინებს ზსხ-ის კლასის შესაბამისი სხ-ს სახეობის მომსახურების უფლებამოსილებას.

შენიშვნა: დასაშვებია ტექნიკური მომსახურების შემდეგი სამუშაოები შესრულდეს ზსხ-ის მფლობელი-ექსპლუატანტის მიერ, გარდა კრიტიკული ტექნიკური მომსახურების სამუშაოებისა, მათ შორის:

ა) მარტივი სერვისული მომსახურებების სამუშაოები (მაგ.: ზეთის დონის შევსება, საბურავში წნევის რეგულირება და სხვ.)

ბ) სახარჯი მასალების შეცვლა/ მასალებით გაწყობა;

გ) მარტივი ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომელიც ზუსტად განისაზღვრება ტექნიკური მომსახურების პროგრამით და არ საჭიროებს:

გ.ა) ზსხ-ის ძირითადი კომპონენტების/ ანაწყობების მოხსნას;

გ.ბ) გრადუირებულ (დაკალიბრებულ) ხელსაწყოს;

გ.გ) სპეციალურ საგამოცდო აღჭურვილობას (მაგ.: არადამრღვევი გამოცდა (NDT), ავიონიკის სისტემების გამართულობის შემოწმება და სხვ.).

დ) შეზეთვა, წმენდა-დასუფთავება, მარტივად შესასრულებელი დათვალიერება, გარდა არაგეგმური დათვალიერებისა.

5. ზსხ-ის კრიტიკული ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, ხორციელდება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული პირობის დაცვით.

შენიშვნა: ავიასაწარმოს ან ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელის მიერ 1-ელი ან მე-3 კლასის ზსხ-ის კრიტიკული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების განხორციელება დასაშვებია იმ პირობით, რომ პირი ფლობს განსახორციელებელი სამუშაოს ეკვივალენტურ ცოდნას და გამოცდილებას შემუშავებით მსგავსი სახეობის სხ-ზე.

მუხლი 18. ზსხ-ის ტექნიკური მომსახურება

1. თითოეულ ზსხ-ის უნდა გააჩნდეს ტექნიკური მომსახურების ჟურნალი.

2. ნებისმიერმა პირმა, რომელმაც შეასრულა ზსხ-ის ან მისი კომპონენტის ტექნიკური მომსახურების სამუშაო, მოდიფიკაცია ან რემონტი, მათ შორის საკუთარი პასუხისმგებლობით, ჟურნალში უნდა მიუთითოს შესრულებული სამუშაოს აღწერა და სამუშაოს შესრულებისას გამოვლენილი შენიშვნები (Observations), აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის ნომერი (ასეთის ფლობის შემთხვევაში) და ხელი მოაწეროს ჩანაწერს.

3. ნებისმიერმა პირმა, რომელიც ასრულებს ან შეასრულა ზსხ-ის ან მისი კომპონენტის ტექნიკური მომსახურება, მოდიფიკაცია ან რემონტი, სააგენტოს და ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელს უნდა შეატყობინოს ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამუშაოს შესრულებისას და რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს ფრენის უსაფრთხოებისთვის, როგორც ეს განისაზღვრება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესით“.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებით პირმა ასევე უნდა შეატყობინოს ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელ პირ(ებ)ს.

5. საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებით შეტყობინება ხორციელდება დაუყოვნებლივ, მაგრამ მოვლენიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში.

მუხლი 19. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ქმედება

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ზსხ-ის ფრენა შეჩერების საფუძვლის გამოსწორებამდე, მოითხოვოს ზსხ-ის ინსპექტირება, მოდიფიკაცია ან დაადგინოს საექსპლუატაციო შეზღუდვები საექსპლუატაციო დირექტივების ან ფრენისუნარიანობის დირექტივების სახით.

მუხლი 20. ზედამხედველობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.