დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 342 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 13/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.010.199 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.199
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №342
2007 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №29, მუხ. 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2007 წლის 17 აპრილამდე უზრუნველყოს:
ა) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების) რეორგანიზაცია;
ბ) შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება და მითითებული საშტატო ნუსხიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების) მოსამსახურეთა დანიშვნა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის თანამდებობებზე ხელშეკრულებით არა უმეტეს 6 თვის ვადით ან მოვალეობის შემსრულებლად, ან გამოსაცდელი ვადით;
გ) შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასამტკიცებლად წარმოდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში“.
ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანება (გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) ამოქმედდეს 2007 წლის 16 აპრილს.
მინისტრის პირველი მოადგილე კ. ბაინდურაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინაში.
3. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №15.
მუხლი 2. სამსახურის დაფინანსება
სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 3. წარმომადგენლობა
1. სამსახური ახორციელებს სახელმწიფოს წარმომადგენლობას და მოქმედებს სახელმწიფოს სახელით მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას.
2. სამსახურის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია სამსახურის უფროსი.
3. ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას სამსახურის წარმომადგენლობის უფლებამოსილება სამსახურის უფროსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დელეგირებულ იქნეს სამსახურის სხვა მოხელეებზე ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები
სამსახური (სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლს;
ბ) ორგანიზაციას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების, აგრეთვე სხვა კანონებით განსაზღვრული და მის კომპეტენციაში შემავალი გადასახდელების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო და საბაჟო კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და სხვა კონტროლს;
დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს და მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროში, სისხლის სამართლის სფეროში კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) დადგენილი წესით მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) ახდენს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევასა და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
თ) მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ცვლილებების შეტანის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე;
კ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებთან და დანაშაულებებთან დაკავშირებით;
ლ) უზრუნველყოფს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა გამოვლენას, გახსნას და აღკვეთას და ამ მიზნით:
ლ.ა) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს ფიზიკურ იძულებას კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
ლ.ბ) ატარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, გამოითხოვს მოსამართლის ბრძანებას კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ლ.გ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის ექსპერტიზას;
მ) დანაშაულისა თუ სხვა სამართალდარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას აჩერებს და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ამოწმებს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ საბუთებს, ახდენს პირის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების) დაკავებას სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკური პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმოადგენს სამსახურს ან უფლებამოსილებას ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას, უზრუნველყოფს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას, განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;
დ) უშუალოდ, ხოლო დელეგირების შემთხვევაში _ სამსახურის მოხელეების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ე) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის საჯარო მოსამსახურეთათვის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, უზრუნველყოფს და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურად დასჯას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა იმ მოსამსახურეებისა, რომელთა დანიშვნისა და განთავისუფლების კომპეტენციაც გააჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების საფუძველზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს ფინანსთა მინისტრის წინაშე თანამშრომლებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
ი) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შემოსავლების სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების თაობაზე;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ძალადაკარგულად ცნობს სამსახურის შესაბამისი მოსამსახურეების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამტკიცებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული რაოდენობის მოადგილე, რომლებიც ხელმძღვანელობენ უფროსის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს.
5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და ერთეულების საქმიანობას.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ფინანსთა მინისტრის დავალებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატის, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიან ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
2. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) იურიდიული სამმართველო;
გ) მომსახურების სამმართველო;
დ) მეთოდოლოგიის სამმართველო;
ე) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
ვ) ადმინისტრირების სამმართველო;
ზ) აუდიტის სამმართველო;
თ) სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის სამმართველო;
ი) ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამმართველო;
კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;
3. სამსახურის განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საგამოძიებო დეპარტამენტი;
ბ) სპეციალური დანიშნულების რაზმი.
4. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია;
ბ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
გ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
დ) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია;
ე) ბათუმის საგადასახადო ინსპექცია;
ვ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია;
ზ) რუსთავის საგადასახადო ინსპექცია;
თ) ფოთის საგადასახადო ინსპექცია;
ი) გორის საგადასახადო ინსპექცია;
კ) თელავის საგადასახადო ინსპექცია;
ლ) ახალციხის საგადასახადო ინსპექცია;
მ) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი“;
ნ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი“.
5. საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის, როგორც განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 7. ადმინისტრაცია
ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, სამსახურის ოფიციალური დელეგაციების (თანამშრომელთა) უცხოეთში მივლინებების ორგანიზება;
ბ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. საზოგადოებასთან და მასმედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება. სამსახურისა და მისი ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;
დ) საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის ორგანიზება და საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებების შესრულების ვადების კონტროლი;
ვ) შემოსული და გასული კორესპოდენციის, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის;
ზ) საქმისწარმოების უზრუნველყოფა, დამთავრებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და დაარქივება დადგენილი წესით;
თ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ი) ერთიანი საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობისა და პერსონალის მართვის ორგანიზაცია, მოსამსახურეთა სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება;
კ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამისი უწყებებთან თანამშრომლობა და მიმოწერის ორგანიზება, სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების (მათ შორის შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის) კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგის ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა;
ლ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა, სამსახურის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ნაერთი ბალანსის მომზადება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების მართვა და ხარჯვაზე მონიტორინგი, სამსახურის მატერიალური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მოსამსახურეთა სტიმულირების და სოციალური დაცვის მექანიზმების შემუშავება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებათა შესრულება.
მუხლი 8. იურიდიული სამმართველო
იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება და აღნიშნულ პროცესში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სამსახურის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;
გ) სასამართლო და სხვა სახის დავების წარმოშობის მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოების იურიდიული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ე) სამსახურში შემოსული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ვ) სათანადო ინფორმაციის მომზადება საჩივრების განსახილველად დანიშნულ სხდომებზე გასატანად;
ზ) დავების განმხილველი სხდომების ორგანიზება და სხდომის ოქმების წარმოების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 9. მომსახურების სამმართველო
მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესის კოორდინაცია. წინადადებების და მეთოდური მითითებების მომზადება;
ბ) დადგენილი წესით საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო (მათ შორის სამეწარმეო) რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) უცხოური და საერთაშორისო საწარმოების და ორგანიზაციების საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის ძირითადი პრინციპებისა და თავისებურებების შემუშავება;
დ) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით ურთიერთობების დამყარება სათანადო ორგანოებთან და მათგან ინფორმაციების მიღება, მისი შედარება გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზებთან და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ზომების მიღება მათ აღმოსაფხვრელად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, შესაბამისი განცხადებების და მომართვების განხილვა. ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციების ინფორმირება საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (საინფორმაციო ბუკლეტების, ბეჭდვითი გამოცემების, სატელევიზიო გადაცემების და ა.შ.) მეშვეობით;
ზ) არსებული პრაქტიკის განზოგადება სახელმწიფო (საგადასახადო) რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობის გამოყენებაზე, საანგარიშგებო და სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება და შესაბამისი წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის და განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის ანალიზის უზრუნველყოფა და შესაბამისი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო ორგანოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგი. დადგენილ ვადებში გადამხდელთა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება საგადასახადო ორგანოების ჭრილში, მათი საქმიანობის გაანალიზება, პრაქტიკულ დახმარების გაწევა საგადასახადო ორგანოებისათვის;
კ) ბანკის ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ უცხოური საწარმოსათვის გახსნილ საბანკო ანგარიშებზე მოწოდებული ინფორმაციების დამუშავება და შესაბამისი საგადასახადო ორგანოების ინფორმირება;
ლ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის სისტემატიზაცია და ახსნა-განმარტებებისა და კონსულტაციების გაწევა დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის და ორგანიზაციებისათვის;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ნ) აქციზური მარკების მიღებისა და გაცემის ორგანიზება, აღრიცხვა და ინვენტარიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მბეჭდავ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
ო) წინადადებების მომზადება აქციზური მარკების დამცავი ნიშნებისა და დიზაინის სრულყოფისათვის;
პ) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების კონსულტირება აქციზური მარკების გამოყენების, კონტროლისა და დამცავი ნიშნების გაყალბების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით;
ჟ) საგადასახადო ორგანოების უზრუნველყოფა ანგარიშ-ფაქტურებით და დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატებით. წინადადებების მომზადება და დღგ-ის დაბეგვრაზე შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა–სერტიფიკატების გაცემა. სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის გაცემა, აღრიცხვა და გაუქმება;
რ) წინადადებების მომზადება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ბეჭდვის ორგანიზებაზე და მათი გაცემის უზრუნველყოფა;
ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში არსებული ფორმების გამოყენების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების მომზადება მათი გამოყენებისა და კონტროლის სრულყოფაზე;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 10. მეთოდოლოგიის სამმართველო
მეთოდოდლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუქნციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა შემუშავებული ინსტრუქციების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში გადამხდელთა და საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელი პირების დაბეგვრასთან დაკავშირებული ინსტრუქციის პროექტების, მეთოდური მითითებების და სხვა აქტების, აგრეთვე საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციების და გაანგარიშებების სხვა ფორმების და მათი შევსების წესების შემუშავება;
დ) შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი გადასახადებისა და მოსაკრებლების დეკლარაციებისა და ფორმების, აგრეთვე საჯარო მოხელეთა მიერ დეკლარირების კუთხით საგადასახადო და საბაჟო ორგანოთა საქმიანობის მეთოდოლოგიურად უზრუნველყოფა;
ე) სხვა სახელმწიფოებთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების გამოყენების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავება.
ვ) წარმოდგენილი ანგარიშების ფორმების გაანალიზება და გამოკვეთილი ტენდენციების განზოგადება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო ორგანოებიდან და სხვა უწყებებიდან სამსახურში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავება საგადასახადო ორგანოთა სისტემაში;
თ) საბაჟო პროცედურების, აგრეთვე საბაჟო ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა. სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ქვედანაყოფების და სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზირებული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
ი) ჰარმონიზირებული სისტემების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე მუშაობა, ჰარმონიზირებული სისტემის ცვლილებების სისტემატიზაციის და ამ ცვლილებებთან სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
კ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო (მათ შორის, რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ლ) ამ პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და არსებული სამართლებრივი აქტების სრულყოფაზე წინადადებების შემუშავება, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე მეთოდური მითითებების შედგენა და საბაჟო ორგანოებისადმი დაგზავნა;
მ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი საინფორმაციო ბაზების (მსგავსი და იდენტური საქონლის ფასების, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ საქონელთა ფასების სისტემა და სხვა) შემუშავება, წარმოება და ოპერატიული განახლება;
ნ) საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა;
ო) წინადადებების შემუშავება საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 11. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზირების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ბ) საბაჟო კონტროლის განხორციელების და საბაჟო კონტროლის შედეგების რეალიზაციის ერთიანი პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის, საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების საქმიანობის ზედამხედველობა, სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციისა და განხორციელების კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
გ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;
დ) საბაჟო ვალდებულების დაფარვის საგარანტიო (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა) სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება და საგარანტიო სისტემის ერთიანი სტანდარტების დანერგვა;
ე) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე, მათ შორის, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით საქონლის შემოტანის და გადაადგილების პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
ვ) საბაჟო ორგანოების მიერ ფიტოსანიტარიული, ვეტსანიტარიული, რადიაციული და სავალუტო კონტროლის, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებათა, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე ზედამხედველობის განხორციელების, აგრეთვე საავტორო უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საბაჟო ორგანოების მიერ ფიტოსანიტარიული, ვეტსანიტარიული, რადიაციული და სავალუტო კონტროლის, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებათა, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე ზედამხედველობის განხორციელების, აგრეთვე საავტორო უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით კონტროლის ცალკეული სახეობების განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების საქმიანობის ზედამხედველობა, სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
თ) საბაჟო კონტროლის სახეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ი) საბაჟო დამუშავების ოპერაციების მონიტორინგი და ზედამხედველობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 12. ადმინისტრირების სამმართველო
ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების ანალიზი და მონიტორინგი, უზრუნველყოფის ღონისძიებებით გადახდევინების მეთოდებისა და პროგრამების შემუშავება, რისთვისაც ამუშავებს მეთოდოლოგიური და ინსტრუქციული ხასიათის რეკომენდაციებს;
გ) ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აღრიცხვა და ანალიზი ელექტრონული და სხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის მათ მიერ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ამოღების პროცესში;
დ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშგების წარმოება და პრაქტიკის განზოგადება;
ე) მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;
ვ) საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ვადის შეცვლის, რესტრუქტურიზაციის და დავალიანებათა ჩამოწერის საკითხებზე სამართლებრივი აქტების და მეთოდური რეკომენდაციების პროექტების მომზადება;
ზ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;
თ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ საგადასახადო და საბაჟო დავალიანების უიმედო ვალად აღიარებისა და ჩამოწერის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა სისრულის ანალიზი;
ი) იღებს და აანალიზებს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოებიდან წარმოდგენილ ინფორმაციას მათ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარებების გაწევა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 13. აუდიტის სამმართველო
აუდიტის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსური სტანდარტული პრინციპების შემუშავება;
გ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ საგადასახადო და საბაჟო შემოწმების ხაზით გაწეული საქმიანობის დაგეგმვა, ანალიზი და პრაქტიკის განზოგადება;
დ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელ გასვლით გეგმურ საგადასახადო და საბაჟო შემოწმებებზე გეგმის დამტკიცების ორგანიზება და მონიტორინგის დაწესება მის შესრულებაზე;
ე) საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის გადამხდელთა საგადასახადო და საბაჟო ანგარიშგების უტყუარობის შემოწმებაზე მეთოდური რეკომენდაციების დამუშავება და კონსულტირება;
ვ) სრულყოფის და განვითარების პროგრამის ჩარჩოებში საგადასახადო და საბაჟო კონტროლის და ტექნოლოგიის პერსპექტიული ღონისძიებების აღწერის მასალების შემუშავების პროცესის ორგანიზება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარებების გაწევა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 14. სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის სამმართველო
სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სასამართლოს დადგენილებით (ბრძანებით), გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების და ფინანსურ სფეროში სპეციალური გამოკვლევების ჩატარება,
ბ) გამოძიებისათვის შესაბამისად მიღებულ შედეგებზე დასკვნების (დოკუმენტების) წარდგენა;
გ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 15. ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამმართველო
ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ფუქნციებია:
ა) მონაცემთა ელექტრონული (ქსელური და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების გამოყენებით დაცული) და არაელექტრონული ბაზების შექმნა, ოპერატიული განახლება, სისტემატიზაცია და წარმართვა;
ბ) სამსახურის ხელმძღვანელობისათვის, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და უცხოეთის სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის საგადასახადო და საბაჟო ორგანოებზე დაყვანა;
დ) დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი, საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია;
ე) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია;
ვ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის და მათი აკრეფის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკურ ინფორმაციის მომზადება;
ზ) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო და საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
თ) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების არსებული სატარიფო და არასატარიფო მექანიზმების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ზეგავლენის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ი) საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის), გადატანების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციებისა და საურავების მიხედვით აღრიცხვის წარმოების წესების შემუშავება;
კ) გადამხდელთა პირადი ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება;
ლ) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის, სპეციალური საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
მ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;
ნ) ელექტრონულ და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამაუშავება სამსახურის ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ;
ო) დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანა საგადასახადო ორგანოებამდე;
პ) შემოსავლების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების, ეკონომიკის ძირითადი დარგების მიხედვით;
ჟ) საგადასახადო შემოსავლების მიმდინარეობის, მათ შორის, ეკონომიკის დარგების და რაიონების მიხედვით, აგრეთვე დაბეგვრის საკითხებზე აქტუალური ინფორმაციების და მასალების მომზადება;
რ) საგადასახადო ბაზის საპროგნოზო გაანგარიშებების წარმოება ფინანსთა სამინისტროს მიერ დაშვებული წესით;
ს) საბაჟო პროცედურების განხორციელებისას პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის ანალიზი და შერჩევითი შემოწმება საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით და შესაბამისი რეაგირება;
ტ) გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
უ) წინადადებების მომზადება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებით წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირების შესახებ და შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზირებული ორგანოებისათვის;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 16. საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების და აპარატურული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სამმართველო
საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების და აპარატურული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქსელების ადმინისტრირება და სამსახურის მონაცემთა საინფორმაციო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქციის და მეთოდური მითითებების პროექტების შემუშავება. დანერგილი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესახებ სახელმძღვანელოების და რეკომენდაციების შესახებ ტრეინინგების მომზადება;
გ) აპარატურული ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის ქვედანაყოფებისათვის პრაქტიკული დახმარებების გაწევა;
ე) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ლოკალური გაუმართაობების აღრიცხვა და აღმოფხვრა, სისტემის ფუნქციონალური სპეციფიკაციის დახვეწისათვის მომხმარებელთა წინადადებების შეგროვება და სისტემატიზაცია;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო სისტემების შემუშავება და დანერგვა;
ზ) კომპეტეციის ფარგლებში ინფორმაციის კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 17. სამსახურის სათათბირო ორგანო
1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.
2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზებას და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 18. სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები