დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.017020 |
|
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2024, ს/კ: 220090000.18.011.016830) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებულ წესს: ა) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა 1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის აქტივის შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებელი აუდიტორი. 2. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა ხორციელდება ლიკვიდატორის მიერ და შერჩეული კანდიდატი წარედგინება ეროვნულ ბანკს წერილობითი თანხმობის მისაღებად. 3. დამოუკიდებელი აუდიტორი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. 4. დამოუკიდებელი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისთვის შესაბამის და შეფასების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და შესაბამის რესურსებს; ბ) იყოს დამოუკიდებელი როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად; გ) არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკთან, ეროვნულ ბანკთან ამ მუხლის მე-11-მე-14 პუნქტების შესაბამისად. 5. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებისა და შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდატორი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული კითხვარის საფუძველზე და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად. ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ კანდიდატზე, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი უარის თქმის შემთხვევაში, ლიკვიდატორი ხელახლა შეარჩევს სხვა კანდიდატს და კვლავ წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად. 6. ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორსა და დამოუკიდებელ აუდიტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დამოუკიდებელ აუდიტორს განესაზღვრება: ა) შეფასების განხორციელების ვადა; ბ) კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება; გ) შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, საჭიროებისამებრ. 7. შეფასების განხორციელების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ბანკის ზომისა და კომპლექსურობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეფასების დეტალურობის საჭიროების გათვალისწინებით. 8. შეფასების განხორციელებისას დამოუკიდებელი აუდიტორი: ა) არ უნდა დაექვემდებაროს ინსტრუქციებსა და მითითებებს ბანკისგან და ეროვნული ბანკისგან; ბ) არ უნდა მიიღოს ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი ბანკისგან და ეროვნული ბანკისგან. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) ისეთ ინსტრუქციებზე, მითითებებზე, ტექნიკური აღჭურვილობის ან მხარდაჭერის სხვა ფორმების მიღებაზე, რომელიც ლიკვიდატორის შეფასებით საჭიროა შეფასების მიზნებისთვის; ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანაზღაურებასა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების დაფარვაზე. 10. აუდიტორი დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში, დამოუკიდებელი აუდიტორი არ უნდა იყოს ბანკის ან ეროვნული ბანკის თანამშრომელი/დაკავშირებული პირი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, იგი არ უნდა იყოს ბანკთან დაკავშირებული პირი. 11. დამოუკიდებელ აუდიტორს არ უნდა ჰქონდეს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი ბანკთან და ეროვნულ ბანკთან. 12. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს სულ მცირე შემდეგ პირებთან ინტერესთა კონფლიქტს: ა) ბანკის ადმინისტრატორები; ბ) ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან სხვაგვარად მაკონტროლებელი პირები; გ) ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული ბანკის მნიშვნელოვანი კრედიტორები. 13. არსებით ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა: ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიმდინარე ან წარსულში გაწეული მომსახურება ბანკისთვის ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული პირებისთვის და გაწეული მომსახურების კავშირი შეფასებისთვის რელევანტურ საკითხებთან; ამასთან, მიმდინარე არსებით ინტერესთა კონფლიქტად ითვლება, თუ პირმა, შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის, განახორციელა ბანკის აუდიტორული შეფასება; ბ) პირადი („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი) ან პროფესიული ურთიერთობა დამოუკიდებელ აუდიტორსა და ბანკს ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებულ პირებს შორის; გ) საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა ბანკის მიმართ, დამოუკიდებელი აუდიტორის მხრიდან; დ) სხვა გარემოება, თუ ლიკვიდატორის შეფასებით მას შეუძლია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა. 14. თუ აუდიტორი იურიდიული პირია, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სტრუქტურული გამიჯვნა, რომელსაც შეუძლია აუდიტორის დამოუკიდებლობაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოფხვრა, მათ შორის, იმ თანამშრომლების გამორიცხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ მომსახურების განხორციელებაში. 15. პირი, რომელიც განიხილება ან დაინიშნა დამოუკიდებელ აუდიტორად, ვალდებულია: ა) შესაბამისი პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებისმიერი არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ლიკვიდატორს, ხოლო ლიკვიდატორმა თავის მხრივ ეროვნულ ბანკს ნებისმიერი შესაძლო არსებითი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ; გ) უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებს ან/და შეფასებაში ჩართულ სხვა პირებს არ ჰქონდეთ ამ მუხლით განსაზღვრული არსებითი ინტერესთა კონფლიქტი. 16. ამ მუხლის მოთხოვნები დაცული უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება ბანკის აქტივების და ვალდებულებების აუდიტორული შეფასება.“; ბ) დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები