„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 214/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2026
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.017018
214/04
09/09/2026
ვებგვერდი, 10/09/2026
220010000.18.011.017018
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №214/04

2026 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 09/03/2026; ს/კ: 220010000.18.011.016980) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაბილური ვირტუალური აქტივი – კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი, რომელიც გამოხატული ან დენომინირებულია ერთეულებში, ხოლო მისი ღირებულება მიბმულია ფიატური ლარის ან სხვა რომელიმე ფიატური უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი, ევრო ან სხვა) ღირებულებაზე და მისი ღირებულების შენარჩუნება შესაძლებელია ლიკვიდური აქტივებით, რომლის მეშვეობით ხორციელდება ფასის სტაბილურობის შენარჩუნება და მიწოდების კონტროლი. სტაბილური ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სტაბილური ვირტუალური აქტივის სარეზერვო აქტივი – ლიკვიდური აქტივი, რომელიც წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის უზრუნველყოფას და რომლის ჯამური ღირებულება ნებისმიერ დროს სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულების 100%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ნომინალური ღირებულება – სტაბილური ვირტუალური აქტივის ფიქსირებული ან სხვაგვარად დადგენილი ღირებულება, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი აქტივით ან აქტივების ერთობლიობით და გულისხმობს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის უფლებას, მისი გამოსყიდვისას მიიღოს შესაბამისი ღირებულება;“.

2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში ემიტენტი უფლებამოსილია, წესის დანართი №1-ით განსაზღვრული სარეზერვო აქტივების გარდა, რეზერვებად ასევე გამოიყენოს სხვა ლიკვიდური აქტივი.“.

3. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. სარეზერვო აქტივების განთავსების ლიმიტები

1. ემიტენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების დივერსიფიცირებული განთავსება და თავიდან აიცილოს მათი გადაჭარბებული კონცენტრაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ რომელიმე ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში.

2. თუ ემიტენტის ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს, აღნიშნული სარეზერვო აქტივების (ფიატური ვალუტის) 100 პროცენტი შეიძლება განთავსდეს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში. ამასთან, ემიტენტის ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 10 პროცენტს.

3. თუ ემიტენტის ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში განთავსებული ფიატური ვალუტის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 10 პროცენტს და ემიტენტის ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულების 50 პროცენტს.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის კომერციული ბანკის ან მიკრობანკის სააქციო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების საფუძველზე.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის, ერთი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების კონცენტრაციის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე იმავე საბანკო ჯგუფის წევრ კომერციულ ბანკებში ან მიკრობანკებში განთავსებული ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივები.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სტაბილური ვირტუალური აქტივის სარეზერვო აქტივების მოცულობის, ემიტენტის რისკის პროფილის, ფინანსურ სისტემასთან ურთიერთკავშირის ან სხვა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით, ემიტენტს დაუდგინოს ამ მუხლით განსაზღვრულზე უფრო მკაცრი ინდივიდუალური ლიმიტები.

7. ამ მუხლის მიზნებისთვის, უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული ფულადი სახსრების ოდენობა დაიანგარიშება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ეკვივალენტი ლარში.

8. ემიტენტი ვალდებულია, მუდმივად იცავდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

9. თუ ემიტენტი დაარღვევს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს ინფორმაცია დარღვევის გამომწვევი მიზეზებისა და მისი აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ემიტენტს განუსაზღვროს გონივრული ვადა ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) სამუშაო დღეს.

11. ემიტენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების განთავსება ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.

4. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე ახორციელებდა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებას, ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ამ წესის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის, ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ამ წესის ამოქმედებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, გააგრძელოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება (მათ შორის, გამოშვება) კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 10 სექტემბრიდან.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა