უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.025987
437
08/09/2026
ვებგვერდი, 09/09/2026
430020000.10.003.025987
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №437

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 65 პუნქტისა და 521 მუხლის 76 პუნქტის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები“ განისაზღვროს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2027-2028 სასწავლო წლიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები

მუხლი 1. წესის მიზანი

1. ამ წესის მიზანია განსაზღვროს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა და აღნიშნული პირების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის წესი და პირობები.

2. ეს წესი ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე/მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და/ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლებით.

 

მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის/მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის დაწესებული მოთხოვნები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის შესაბამის დონეს, ან ჩააბაროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − გამოცდების ცენტრი) მიერ ორგანიზებული გამოცდა (შემდგომ − ენის გამოცდა) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენაში, ხოლო ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში იგი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენის მომენტში უნდა იყოს მოქმედი, ამ დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოქმედების ვადის გათვალისწინებით. ისეთი დოკუმენტის წარდგენისას, რომელშიც გამცემი ორგანიზაციის მიერ მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის, დოკუმენტის გაცემის თარიღიდან მის წარდგენამდე არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნებისთვის სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობა ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე − არანაკლებ B1 დონეზე, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – არანაკლებ B2 დონეზე.

6. სახელმწიფო ენის გამოცდის დაგეგმვას და ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ცენტრი „სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის №418 დადგენილების შესაბამისად.

7. ენის გამოცდა ტარდება გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ:

ა) ენის გამოცდა ტარდება წელიწადში რამდენჯერმე, წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ტესტირების გზით;

ბ) გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების პირობები დგინდება გამოცდების ცენტრის მიერ;

გ) ტესტირება ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში. გამოცდების ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას;

დ) ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს გამოცდების ცენტრი. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდების ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება;

ე) ენის შესაბამისი დონის დაძლევა გულისხმობს ტესტში ენის შესაბამისი დონისათვის დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას. ქულათა ოდენობა მტკიცდება ტესტირების ჩატარებამდე;

ვ) ტესტირების ჩატარების მიზნით, გამოცდების ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც იგეგმება ტესტირება.

8. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების მიზნით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ – ხარისხის ცენტრი).

9. ამ წესით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად მიიჩნევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სწავლის გაგრძელების მიზნითაც ხორციელდება განცხადებით მიმართვა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე.

10. ხარისხის ცენტრში განცხადებით მიმართვა ხდება მისი დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ამავე ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და რომლის მიღება ასევე შესაძლებელია ხარისხის ცენტრში.

11. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების აღიარების ან საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებისა და კოდის მითითებით). სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, წერილობითი თანხმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სასწავლო წლისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეების/მოქალაქეობის არმქონე პირების განცხადებას, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, ასევე უნდა დაერთოს უფლებამოსილი დაწესებულების დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეობის არქონის თაობაზე, რომელიც გაცემულია ხარისხის ცენტრში განცხადების რეგისტრაციამდე არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

12. საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებისა და კოდის მითითებით). სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, წერილობითი თანხმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სასწავლო წლისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:

ვ.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;

ვ.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას;

ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი.

13. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირის განცხადებას, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად, უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

14. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

 

მუხლი 3. უცხო ქვეყნის მოქალაქეების/მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეების/მოქალაქეობის არმქონე პირების და სხვა დაინტერესებული პირების განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ამოწმებს ხარისხის ცენტრი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ხარისხის ცენტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ან სხვა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ხარისხის ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცემიდან, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ან სხვა დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენის ეტაპზე უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში განცხადების წარდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან 5 სამუშაო დღეში, ხარისხის ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე.

4. ხარისხის ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვისთვის.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს მონაცემები უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირისათვის სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას ახორციელებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადებში:

ა) 1 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით;

ბ) 15 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს მონაცემები უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის შესახებ, ასევე, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ.

8. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია/მონაცემები ხელმისაწვდომია:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის და მის სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისთვის;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის;

ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუჩეროს სტუდენტის სტატუსი, თუ აღნიშნული პირი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ვერ დააგროვებს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების ერთ მესამედზე მეტს. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სტუდენტს სტატუსის ცვლილება არ ხორციელდება, საჯარო სამართლის იურიდული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე.

10. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ მას საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და ამ სტატუსის შეჩერებიდან 90 დღე გავიდა ან მან შეწყვიტა/დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუკი D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილობით ან შესაბამისი პროგრამის მეშვეობით აცნობებს.

11. საჯარო სამართლის იურიდული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ან მატერიალური ფორმით აცნობებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყვიტოს სტუდენტის სტატუსი, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყდა საქართველოში ყოფნის ვადა ან/და მის მიმართ მიღებულ იქნა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სტუდენთა საქართველოში დროებით ყოფნის უფლების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია  უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა, აღუდგინოს სტუდენტის სტატუსი, თუ ამის შედეგად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობა არ გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი ადგილების ზღვრულ რაოდენობას.

15. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხაობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში, ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

 

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, დაადასტუროს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობა ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დონეზე და ამ წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წერილობით თანხმობაში მიუთითოს ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ.