არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010100000.22.027.017729
1248
04/09/2026
ვებგვერდი, 07/09/2026
010100000.22.027.017729
არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1248/№117/ნ

2026 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების თანდართული წესი.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრმა უზრუნველყონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.
3. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 15 სექტემბრიდან. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე



არასრულწლოვანებზე  ზრუნვისა  და  მხარდაჭერის  სახლში  განთავსებული  კანონთან  კონფლიქტში  მყოფი  არასრულწლოვანის  მიერ  ზოგადი  განათლების  მიღების  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ − ცენტრი) სტრუქტურულ ერთეულში – არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში (შემდგომ – სახლი) განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის (შემდგომ – არასრულწლოვანი) მიერ ზოგადი განათლების მიღების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს არასრულწლოვანის ზოგადი განათლების მიღების წესთან და სახლში მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ამ წესის მიზანია „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომ – ეროვნული სასწავლო გეგმა) გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის გზით სახლში განთავსებული არასრულწლოვანის მხარდაჭერა.

3. სახლში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – განათლების მინისტრი) მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ამ პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს.

მუხლი 2. არასრულწლოვანის განათლების უფლება

1. არასრულწლოვანს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ზოგადი განათლება, რაც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევას;

ბ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით, ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, აგრეთვე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, აგრეთვე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით ჩაბარების სურვილის შემთხვევაში, სახლში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაეხმაროს არასრულწლოვანს ექსტერნატის გამოცდისათვის მომზადებაში.

მუხლი 3. სახლში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი

1. სახლში არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც არასრულწლოვანი ირიცხება, უზრუნველყოფს განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – სკოლა), რომლის პროგრამულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – განათლების სამინისტრო).

2. სკოლის მასწავლებელი, მათ შორის, სპეციალური მასწავლებელი, არასრულწლოვანისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც არასრულწლოვანი ირიცხება.

3. სკოლის მასწავლებელი უზრუნველყოფს:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლებას განათლების სამინისტროს მიერ ცენტრთან წინასწარ შეთანხმებული მასწავლებლის მუშაობის გრაფიკის შესაბამისად;

ბ) არასრულწლოვანის აკადემიური მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად არასრულწლოვანის გაცდენების აღრიცხვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონულ ჟურნალში;

დ) ექსტერნატის, სემესტრული, წლიური ან/და საშემოდგომო გამოცდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე) ყოველთვიური ანგარიშის მომზადებასა და სკოლისთვის წარდგენას.

4. სკოლის სპეციალური მასწავლებელი „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების შესაბამისად ახორციელებს თავის საქმიანობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერის მიზნით.

5. ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც არასრულწლოვანი ირიცხება, უზრუნველყოფს:

ა) განათლების სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე არასრულწლოვანის გადაყვანასა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ პირის შესახებ არასრულწლოვანის სტატუსის მითითებას;

ბ) ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანის კლასიდან კლასში გადაყვანას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 4. არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა/მობილობა

1. არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ან მოსწავლის სტატუსის აღდგენის მიზნით ცენტრი უზრუნველყოფს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებით გათვალისწინებული, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების შეგროვებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის შესაბამისად დროულ მიწოდებას. თუ არასრულწლოვანს ობიექტური მიზეზების გამო არ გააჩნია ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები ან მათი მოპოვება დამატებით დროს საჭიროებს, ცენტრი არასრულწლოვანის დაშვებას სასწავლო პროცესში უზრუნველყოფს გონივრული ვადით.

2. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ან სახლის მიერ ორჯერ შესაბამისი მიმართვის (რაც დასტურდება დოკუმენტურად) მიუხედავად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/მობილობის მოთხოვნით არ მიმართა, ამ მოთხოვნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებით გათვალისწინებული კანონიერი წარმომადგენლის განცხადებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 31 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის ნაცვლად, წარედგინება სახლის დირექტორის განცხადება.

3. თუ არასრულწლოვანს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/მობილობის პროცესში მინიჭებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი ან არსებობს შესაბამისი ვარაუდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობის თაობაზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია იმოქმედოს „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 5. სასწავლო პროცესის მიმდინარეობა სახლში

1. სახლში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით.

2. არასრულწლოვანისთვის, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი ან/და აქვს სახელმწიფო ენის ფლობის არასაკმარისი დონე, სასწავლო პროცესი ხორციელდება ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერით და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით.

3. სახლში სასწავლო კვირა არაუმეტეს 6-დღიანია.

4. სახლში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 წუთით.

5. სახლში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 წუთით.

6. არასრულწლოვანის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობისა და კონფიდენციალობის დაცვის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ირიცხება არასრულწლოვანი, პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებს.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ კლასს, რომელშიც ირიცხება მხოლოდ არასრულწლოვანი, შესაძლებელია არ ჰყავდეს დამრიგებელი.

8. არასრულწლოვანის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ჩარიცხული იყო არასრულწლოვანი, ამზადებს ინფორმაციას მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.

მუხლი 6. განათლების სამინისტროს მოვალეობები

არასრულწლოვანის ზოგადი განათლების მიღების მიზნით, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) არასრულწლოვანის შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სკოლისთვის და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მიწოდებას, სადაც ირიცხება არასრულწლოვანი;

ბ) არასრულწლოვანისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობას, მათ შორის, სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას;

გ) არასრულწლოვანის სწავლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად სკოლის დაფინანსებას განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის საფუძველზე, ამ პროგრამის ფარგლებში სკოლის მიერ დაქირავებული მასწავლებლების შერჩევაში მონაწილეობასა და მასწავლებლების დაქირავებამდე მათი კანდიდატურების ცენტრთან შეთანხმებას;

დ) არასრულწლოვანთან მომუშავე მასწავლებლის შესაბამის გადამზადებას, მათ შორის, მასწავლებლის სპეციალურ სწავლებას, არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ე) არასრულწლოვანისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლების მიზნით, სკოლის მასწავლებლების მუშაობის გრაფიკის ცენტრთან წინასწარ შეთანხმებას;

ვ) არასრულწლოვანისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების, თვალსაჩინოებებისა და სხვა სასწავლო რესურსების მიწოდებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სასკოლო ფორმის მიწოდებას;

ზ) არასრულწლოვანისთვის ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ მოსწავლეზე გათვლით ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერით;

თ) არასრულწლოვანისთვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს ყოველწლიურად შექმნას.

მუხლი 7. მასწავლებლის მოვალეობები

მასწავლებელი ვალდებულია:

ა) არასრულწლოვანთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობდეს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილი პრინციპებით;

ბ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და სკოლაში ყოფნისას დაემორჩილოს ცენტრის შინაგანაწესითა და ცენტრის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სხვა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) დაიცვას არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემები.

მუხლი 8. ცენტრის მოვალეობები

არასრულწლოვანებისთვის ზოგადი განათლების მიღების მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) სახლში განთავსებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციის განათლების სამინისტროსთვის მიწოდებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხით გათვალისწინებული დოკუმენტების შეგროვებასა და სკოლისათვის მოთხოვნის შესაბამისად დროულ მიწოდებას;

გ) სახლში სკოლის მასწავლებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შეშვებასა და მათი უსაფრთხოების დაცვას;

დ) შესაბამისი სასწავლო ფართის, ინვენტარის გამოყოფასა და სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას;

ე) ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების მსურველი არასრულწლოვანებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცდების ჩაბარებაში ხელშეწყობას;

ვ) არასრულწლოვანებისთვის სწავლისთვის აუცილებელი კლასგარეშე ლიტერატურის, საკანცელარიო ნივთებისა და სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი სხვა აღჭურვილობის გადაცემას;

ზ) განათლების სამინისტროს მიერ არასრულწლოვანებისთვის განათლების ხელმისაწვდომობისათვის გამიზნული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;

თ) არასრულწლოვანებისთვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების/მოწვეული წევრების სახლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შეშვებას და მათი უსაფრთხოების დაცვას.

მუხლი 9. მონიტორინგი

1. არასრულწლოვანებისთვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, განათლების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც არანაკლებ 3 წევრისგან შედგება და კომპლექტდება განათლების სამინისტროსა და ცენტრის წარმომადგენლებისგან. ცენტრის თავმჯდომარე განათლების მინისტრს წარუდგენს ცენტრის თანამშრომელთაგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატურას. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია:

ა) ცენტრთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაესწროს სახლში მიმდინარე სასწავლო პროცესს;

ბ) სასწავლო პროცესში ხარვეზების გამოვლენის მიზნით განახორციელოს მონიტორინგი;

გ) სასწავლო პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართოს სკოლას, განათლების სამინისტროს ან/და ცენტრს;

დ) სკოლის მასწავლებლებისგან მოითხოვოს ჩატარებული გაკვეთილების შესახებ ანგარიშების წარდგენა.

3. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს სამეთვალყურეო საბჭოს მოთხოვნა.