დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100060020.22.027.017730 |
|
პენიტენციური კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 84-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 16 მარტის №335-IVმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №3822-XIIIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებთ: |
1.
დამტკიცდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების თანდართული წესი. |
2.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივი ბრძანება. |
4.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
5.
ამ ბრძანების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 15 სექტემბრიდან. |
|
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სრული
ზოგადი
განათლების
მიღების
წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების წესი (შემდგომ – წესი) აწესრიგებს პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებასთან და პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ამ წესის მიზანია „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომ – ეროვნული სასწავლო გეგმა) გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა, განათლების უწყვეტობისა და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − განათლების მინისტრი) მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ამ პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე. მუხლი 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების უფლება 1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) მიიღოს სრული ზოგადი განათლება, რაც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევას; ბ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით, ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. 2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით ჩაბარების სურვილის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაეხმაროს არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ექსტერნატის გამოცდისათვის მომზადებაში. 3. სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების მიზნით, ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ექსტერნატის გამოცდაზე დასწრებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3. სრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების უფლება 1. სრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პირადი განცხადების საფუძველზე, „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით, ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები. 2. სრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსტერნატის გამოცდების ორგანიზება და ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრება. 3. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით ჩაბარების სურვილის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია: ა) დაეხმაროს იმ სრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ან №5 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ნაწილში, ექსტერნატის გამოცდისათვის მომზადებაში; ბ) დაეხმაროს სრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა), რომელმაც არასრულწლოვანების პერიოდში ჩაიდინა დანაშაული, ონლაინ სწავლების ფორმით ექსტერნატის გამოცდებისთვის მომზადების დროს. მუხლი 4. პენიტენციურ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი 1. პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ირიცხება, უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ − სკოლა), რომლის პროგრამულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − განათლების სამინისტრო). 2. სკოლის მასწავლებელი, მათ შორის სპეციალური მასწავლებელი, არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ირიცხება. 3. სკოლის მასწავლებელი უზრუნველყოფს: ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლებას განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან წინასწარ შეთანხმებული მასწავლებლის სამუშაო გრაფიკის შესაბამისად; ბ) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის აკადემიური მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად; გ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაცდენების აღრიცხვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონულ ჟურნალში; დ) ექსტერნატის, სემესტრული, წლიური ან/და საშემოდგომო გამოცდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) არასრულწლოვანი აბიტურიენტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხარდაჭერას; ვ) ყოველთვიური ანგარიშის მომზადებასა და სკოლისთვის წარდგენას. 4. სკოლის სპეციალური მასწავლებელი „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების შესაბამისად ახორციელებს თავის საქმიანობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერის მიზნით. 5. ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ირიცხება, უზრუნველყოფს: ა) განათლების სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანას განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ პირის შესახებ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსის მითითებას; ბ) ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კლასიდან კლასში გადაყვანას; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 5. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა/მობილობა 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ან მოსწავლის სტატუსის აღდგენის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების შეგროვებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის შესაბამისად დროულ მიწოდებას. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ობიექტური მიზეზების გამო არ გააჩნია ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები ან მათი მოპოვება დამატებით დროს საჭიროებს, პენიტენციური დაწესებულება არასრულწლოვანის დაშვებას სასწავლო პროცესში უზრუნველყოფს გონივრული ვადით. 2. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ ჰყავს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების მიერ ორჯერ შესაბამისი მიმართვის (რაც დასტურდება დოკუმენტურად) მიუხედავად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/მობილობის მოთხოვნით არ მიმართა, ამ მოთხოვნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებით გათვალისწინებული კანონიერი წარმომადგენლის განცხადების ან/და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 31 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის ნაცვლად, წარედგინება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განცხადება. 3. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/მობილობის პროცესში მინიჭებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი ან არსებობს შესაბამისი ვარაუდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობის თაობაზე, სკოლა ვალდებულია იმოქმედოს „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების შესაბამისად. მუხლი 6. სასწავლო პროცესის მიმდინარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში 1. პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან/და სახელმწიფო ენის ფლობის არასაკმარისი დონის მქონე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულისათვის სასწავლო პროცესი ხორციელდება ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული გეგმითა და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო კვირა არაუმეტეს 6-დღიანია. 4. პენიტენციურ დაწესებულებაში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 წუთით. 5. პენიტენციურ დაწესებულებაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 წუთით. 6. არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობისა და კონფიდენციალობის დაცვის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ირიცხება არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებს. 7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების იმ კლასს, რომელშიც ირიცხება მხოლოდ არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული, შესაძლებელია არ ჰყავდეს დამრიგებელი. 8. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, სადაც ჩარიცხული იყო ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვანი, ამზადებს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად. მუხლი 7. განათლების სამინისტროს მოვალეობები არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების მიღების მიზნით განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებას სკოლისთვის და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც არასრულწლოვანი ირიცხება; ბ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობას, მათ შორის, სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას; გ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სწავლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად სკოლის დაფინანსებას განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის საფუძველზე, ამ პროგრამის ფარგლებში სკოლის მიერ დაქირავებული მასწავლებლების შერჩევაში მონაწილეობასა და მასწავლებლების დაქირავებამდე მათი კანდიდატურების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან შეთანხმებას; დ) არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლების მიზნით, სკოლის მასწავლებლების მუშაობის გრაფიკის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან წინასწარ შეთანხმებას; ე) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების, თვალსაჩინოებებისა და სხვა სასწავლო რესურსების მიწოდებას; ვ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ მოსწავლეზე გათვლით ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერით; ზ) არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე მასწავლებლების შესაბამისი გადამზადებისათვის ხელშეწყობას; თ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს ყოველწლიურად შექმნას. მუხლი 8. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოვალეობები სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების მიღების მიზნით უზრუნველყოფს: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის განათლების სამინისტროსთვის მიწოდებას; ბ) „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების შეგროვებასა და სკოლისათვის მოთხოვნის შესაბამისად დროულ მიწოდებას; გ) პენიტენციურ დაწესებულებაში სკოლის მასწავლებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შეშვებასა და მათი უსაფრთხოების დაცვას; დ) შესაბამისი სასწავლო ფართის, ინვენტარის გამოყოფას და სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას; ე) ექსტერნატის გამოცდების ჩატარების არასრულწლოვანი ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეწყობას; ვ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის სწავლისათვის აუცილებელი კლასგარეშე ლიტერატურის, საკანცელარიო ნივთებისა და სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი სხვა აღჭურვილობის გადაცემას; ზ) განათლების სამინისტროს მიერ არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლების ხელმისაწვდომობისათვის გამიზნული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; თ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების/მოწვეული წევრების პენიტენციურ დაწესებულებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შეშვებას და მათი უსაფრთხოების დაცვას. მუხლი 9. მონიტორინგი 1. არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, განათლების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც არანაკლებ 3 წევრისგან შედგება და კომპლექტდება განათლების სამინისტროს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისაგან. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი განათლების მინისტრს წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთაგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატურას. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, სათათბირო ხმის უფლებით, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია: ა) სპეციალური პენიტენციური სამსახურთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაესწროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესს; ბ) სასწავლო პროცესში ხარვეზების გამოვლენის მიზნით განახორციელოს მონიტორინგი; გ) სასწავლო პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართოს სკოლას, განათლების სამინისტროს ან/და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს; დ) სკოლის მასწავლებლისგან მოითხოვოს ჩატარებული გაკვეთილების შესახებ ანგარიშების წარდგენა. 3. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს სამეთვალყურეო საბჭოს მოთხოვნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები