დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტის − წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 425 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400000000.10.003.025974 |
|
| მუხლი 1 |
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოთხოვნების დაცვა აუცილებელია იმ სუბიექტებისათვის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც წარმოქმნიან და ახორციელებენ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას ან/და მიღებას. |
| მუხლი 3 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 20 აგვისტოს №431 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი − წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „ტექნიკური რეგლამენტი − წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობები და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში (შემდგომში − სისტემა) ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პირობებს და სისტემაში ჩასაშვებ ჩამდინარე წყლებში არსებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს (კონცენტრაციებს). 2. ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ურთიერთობებს სისტემის ოპერატორებსა და სისტემის მომხმარებლებს შორის, რომლებიც ახორციელებენ სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას. 3. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია: ა) სისტემისა და მასთან დაკავშირებული გამწმენდი ნაგებობების ისეთი გამართული, სტაბილური, უსაფრთხო და ტექნოლოგიური პროცესების ეფექტიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, რომელიც არ გამოიწვევს აღნიშნული სისტემის, გამწმენდი ნაგებობებისა და მათი ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანებას; ბ) სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების მიზნით, ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დადგენა; გ) სისტემაში ჩამდინარე წყალთან ერთად იმ დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების აკრძალვა (შეზღუდვა), რომლებიც ადეკვატური გაწმენდის გარეშე მოხვდებიან გარემოს ობიექტებში და საფრთხეს შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობასა და ბიომრავალფეროვნებას. 4. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს იმ ტექნიკურ პირობებს, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს: ა) მომხმარებლების მიერ სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვება; ბ) სისტემის ოპერატორის მიერ სისტემაში ჩამდინარე წყლის მიღება. 5. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისა და მიღების ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა − „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალარინების სისტემა; ბ) სისტემის ოპერატორი − ფიზიკური ან იურიდიული პირი (მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც მინიჭებული აქვს წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის ოპერირებისა და მართვის უფლება; გ) სისტემის მომხმარებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი (მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელიც სისტემაში ახორციელებს ჩამდინარე წყლის ჩაშვებას; დ) ჩამდინარე წყალი – სამრეწველო ან ადამიანის საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყალი; ე) სამრეწველო ჩამდინარე წყალი – ნებისმიერი ჩამდინარე წყალი, რომელიც ჩაედინება სავაჭრო ან სამრეწველო საქმიანობის განსახორციელებლად გამოყენებული ობიექტიდან და არ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალს ან სანიაღვრე წვიმის წყალს; ვ) საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი − საცხოვრებელი დასახლებებისა და მომსახურების სფეროს ჩამდინარე წყალი, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება ადამიანის ცხოველმოქმედებისა და საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად; ზ) ზედაპირული წყლის ობიექტი − ზედაპირული წყლის დამოუკიდებლად არსებული ელემენტი, როგორიცაა: მდინარე, ტბა, ჭაობი, წყალსაცავი, ნაკადული, არხი ან მისი ნაწილი, გარდამავალი წყლები ან სანაპირო წყლები; თ) ჩაშვების წერტილი – მიმღებ სტრუქტურასთან მიერთების ადგილი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ჩამდინარე წყლის ჩაშვება წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში; ი) ზალპური ჩაშვება – სისტემაში დროის მოკლე მონაკვეთში ისეთი ჩამდინარე წყლის ჩაშვება, რომლის მოცულობაც მნიშვნელოვნად აღემატება მომხმარებლის მიერ სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის საშუალო სადღეღამისო მოცულობას და/ან რომელშიც დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები არანაკლებ 20-ჯერ აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს; კ) ზენორმატიული ჩამდინარე წყალი − ჩამდინარე წყალი, რომელშიც დამაბინძურებელი ნივთიერებების ოდენობა აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს; ლ) წყალარინება − ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ჩაშვებული ჩამდინარე წყლების მიღებას, გატარებას და გამწმენდი ნაგებობისთვის მიწოდებას; მ) ნარჩენი − ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 3. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაშვებული წყლების რეგლამენტირება 1. სისტემის მომხმარებლებს ეკრძალებათ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ისეთი ნივთიერებების ჩაშვება, რომლებიც თვითონ ან სისტემაში არსებულ სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შედეგად გამოიწვევენ: ა) სისტემისა და მასთან დაკავშირებული გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ეფექტიანობის შემცირებას და დაბინძურებული ან არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლების მოხვედრას ზედაპირული წყლის ობიექტებში, რომლებშიც ხდება გამწმენდი ნაგებობებიდან გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩაშვება; ბ) სისტემის დაზიანებას ქიმიური ან მექანიკური ზემოქმედების სახით; გ) სისტემისა და მასთან დაკავშირებული გამწმენდი ნაგებობის საექსპლუატაციო ვადის შემცირებას. 2. აკრძალულია წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში შემდეგი ნივთიერებების, მასალებისა და ნარჩენების ჩაშვება: ა) ნივთიერებები, პრეპარატები, მათ შორის, აქროლადი ნივთიერებები, რომლებიც წყალთან ან ნოტიო ჰაერთან ურთიერთქმედებისას ადვილად აალებად აირებს გამოყოფენ, ასევე ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც თავისი თვისებებიდან, კონცენტრაციიდან ან რაოდენობიდან გამომდინარე, თვითონ ან ჩამდინარე წყლების სისტემაში არსებულ სხვა ნივთიერებებთან ერთად (გოგირდწყალბადი, ნახშირბადის სულფიდი, ნახშირჟანგი, ციანიდის ნაერთები, ადვილად აქროლადი ნახშირწყალბადები და სხვა ტოქსიკური, წვადი და ფეთქებადსაშიში ნივთიერებები და სხვა) შეიძლება, გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება, პირდაპირ ან აქროლების შედეგად დაგროვილი აირების გამო, რაც საფრთხეს შეუქმნის სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებას და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით − „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები“ განსაზღვრული კონცენტრაციებისა. აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ნივთიერებებით, რომელთა აალების ტემპერატურა 60°C-ზე ნაკლებია; ბ) ნებისმიერი რადიოაქტიური ნარჩენების შემცველი მოხმარებული წყლები; გ) მყარი ან წებოვანი მასალები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წყალარინების სისტემების (მილსადენების, ჭების, ცხაურების) ნორმალური ოპერირების შეფერხება ან გაბიდვნა, მაგალითად: მყარი ნარჩენები, პოლიმერული ან/და ფისისებური კონსისტენციის მასალები, ლითონის ნახერხი (ბურბუშელა), კერამიკა, გრუნტი, ქვიშა, ცემენტი, საბურღი ხსნარები (პულპები), სამშენებლო მასალები და სხვა მსხვილდისპერსიული შეწონილი ნაწილაკები, ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენები, საღებავები და სხვა. ასევე სისტემაში მოხვედრილი მყარი ან ლაბილური კონსისტენციის მასალები, რომლებსაც ვერ გაატარებს 35 მმ-იანი ცხაური; დ) კოროზიის გამომწვევი ან აგრესიული ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სისტემის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირებას; ე) ჩამდინარე წყლები, ისეთი შეფერილობით, რომელთა ინტენსიური შეფერილობა ქრება მხოლოდ 16-ჯერადი ან მეტი განზავებისას; ვ) ჩამდინარე წყალი ან ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ცხიმებს, ცვილებს, საცხებს ან ზეთებს, ან ამ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ცხოველურ ან მცენარეულ მასას, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით არიან ისინი წარმოდგენილი (ემულსიები), გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრული „კონცენტრაციებისა“; ზ) ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება სისტემაში გამყარდეს 5-დან 650C ტემპერატურულ დიაპაზონში; თ) ცხიმდამჭერებში და ნავთობდამჭერებში დაგროვილი მასა (აკრძალულია აღნიშნული მასის სისტემაში ჩაშვება ნებისმიერი გზით, მათ შორის: გათბობით, გახსნით ან განზავებით); ი) მკვეთრი არასასიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებები (ქიმიკატები, ოდორანტები, აქროლადი გამხსნელები და ა.შ.), რომლებიც იწვევენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და ხელს შეუშლიან სატუმბი სადგურებისა და წყლის გამწმენდი ნაგებობების ნორმალურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნიან გამწმენდ ნაგებობებში მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობას; კ) საფუარები, ტექნოლოგიური პროცესების ნარჩენი შლამები, ელექტროლიტები, წყლის ფილტრაციის, დარბილების ნარჩენები, უკუოსმოსის და სხვა ტიპის გამწმენდი ნაგებობების ნარჩენები – პერმიატები, ჩამდინარე წყლის პირველადი დამუშავების წერტილებში დაგროვილი ნარჩენები; ლ) ქიმიური რეაგენტები, მათ შორის, ნივთიერებები, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები წყალსატევების წყლებისთვის არ არის დადგენილი ან ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ჩამდინარე წყლების ბიოლოგიურ გაწმენდას, აგრეთვე ნივთიერებები, რომელთა ანალიტიკური კონტროლის მეთოდები შემუშავებული არ არის; მ) ხორცისა და თევზის, ზღვის პროდუქტების, ცხოველთა საკვებისა და სხვა სახის საკვები პროდუქტების დამამზადებელი საწარმოების მყარი და თხევადი ნარჩენები; ნ) მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისა და მეფრინველეობის ფერმებიდან წარმოქმნილი ნარჩენები, მათ შორის, წუნწუხი, ნაკელი და სხვა ფეკალური ნარჩენები; ო) პარკებისა და ბაღების დალაგებისა და დასუფთავებისას დაგროვილი ნარჩენები, მათ შორის: მცენარეული მასა, ფოთლები, ხის ტოტები (მათ შორის – დაქუცმაცებული), ნახერხი, ყვავილებისა და სხვა სახის მცენარეული ნარჩენები, თუ მათი წყალარინების სისტემაში მოხვედრა გამოწვეულია აღნიშნული ნარჩენების ჩაშვებით ან არასათანადო მართვით; პ) ბოჭკოვანი მასალები, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ბუნებრივი და სინთეტური ბოჭკოებით (მათ შორის: თმა, ბეწვი, ნართები, ბალანი, მატყლი, ჯაგარი, ბუმბული და მისი ნაწილები), რომლის ბოჭკოების სიგრძე აღემატება 3 სმ-ს. ასევე ბოჭკოს შემცველი ნივთიერებები, ხელოვნური ქსოვილის ნაჭრები, შესაფუთი მასალები და სხვა; ჟ) სამედიცინო ნარჩენები – სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინალური კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, მათ შორის, სარისკო ნარჩენები, აგრეთვე, სხვადასხვა სახის ბიოტექნოლოგიური პროცესების მასალები და ნარჩენები; რ) პესტიციდები (მათ შორის: ჰერბიციდები, ინსექტიციდები, როდენტიციდები, ფუმიგანტები), აგროქიმიკატები, აგრეთვე მცენარეთა ზრდის სტიმულატორები და რეგულატორები; ს) „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენების, იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდვას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებები, პესტიციდები და მათი ნარჩენები; ტ) ეპიდემიოლოგიურად საშიში ბაქტერიული, ვირუსული და სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევებით დაბინძურებული მასალები. 3. აკრძალულია სისტემაში სამედიცინო და ვეტერინალური დანიშნულების პრეპარატების − ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული საშუალებების და მათი კომბინაციების ჩაშვება. ასევე ინფექციური საავადმყოფოებისა და განყოფილებების ჩამდინარე წყლების ჩაშვება წინასწარი გაწმენდისა და გაუსნებოვნების გარეშე. 4. გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, აკრძალულია ჩამდინარე წყლების განზავება ზედაპირული, მიწისქვეშა ან ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის წყლის გამოყენებით, მათში დამაბინძურებლების კონცენტრაციების შემცირების მიზნით. 5. სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში. 6. ინფორმაცია იმ პარამეტრების შესახებ, რომლებიც არ არის შეტანილი დანართ №1-ში და წარმოადგენს გარემოსთვის საშიშ ნივთიერებებს და მათი წარმოქმნა ხდება სპეციფიკური ტექნოლოგიური პროცესების შედეგად, წინასწარ უნდა იქნეს მიწოდებული სისტემის ოპერატორისათვის შესათანხმებლად. 7. იმ შემთხვევაში, თუ სამრეწველო ჩამდინარე წყლების რაოდენობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება დღე-ღამის განმავლობაში და აჭარბებს დაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს, საწარმოებს უფლება აქვთ, დაამონტაჟონ სპეციალური რეზერვუარები და შემრევი მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთგვაროვანი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას მთელი დღის განმავლობაში.
მუხლი 4. ჩამდინარე წყლების ჩაშვების პროცესის მართვა 1. სისტემის ოპერატორი სისტემაში ჩამდინარე წყლის მიღებას ახორციელებს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 2. მომხმარებლის მიერ სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყალი უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. სისტემის ოპერატორი არ არის ვალდებული, მიიღოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ზენორმატიული ჩამდინარე წყალი. 4. სისტემის ოპერატორი, თავისი შეხედულებით, სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის სპეციფიკაციების, დატვირთვის, ტექნიკური შესაძლებლობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით უფლებამოსილია, მომხმარებელს გარკვეული ვადით მისცეს თანხმობა ზენორმატიული ჩამდინარე წყლის სისტემაში ჩაშვების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც, მასთან გააფორმებს ხელშეკრულებას ზენორმატიული წყლის მიღებაზე. სისტემის ოპერატორი თავად განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და სახელშეკრულებო მომსახურების საფასურს, რომელიც დგინდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის გათვალისწინებით. 5. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მომხმარებლისგან, რომელიც, საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს ჩამდინარე წყლის ჩაშვებას სისტემაში, მოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ხარისხის შესახებ დანართი №1-ით განსაზღვრული სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია (ჩამდინარე წყლის სინჯების აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევის შედეგები) მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში. 6. სისტემის ახალი მომხმარებელი, რომელიც გეგმავს სამრეწველო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის (სამრეწველო ჩამდინარე წყლის) სისტემაში ჩაშვებას, ან/და მომხმარებელი, რომელიც ცვლის საწარმოო პროცესს და შედეგად გეგმავს სამრეწველო ჩამდინარე წყლის ჩაშვებას სისტემაში, ვალდებულია წყალჩაშვების დაწყებამდე წარუდგინოს სისტემის ოპერატორს ინფორმაცია გამოყენებული ტექნოლოგიის, ნივთიერებების ან/და ჩაშვებული სამრეწველო ჩამდინარე წყლის მოცულობისა და ხარისხის შესახებ, ხოლო წყალჩაშვების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სამრეწველო ჩამდინარე წყლის ხარისხის შესახებ დანართი №1-ით განსაზღვრული ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით. 7. სისტემის ოპერატორი წარდგენილ ინფორმაციას განიხილავს 3 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას ზენორმატიული ჩამდინარე წყლის მიღების ან არმიღების შესახებ. 8. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სისტემის ოპერატორი დაასკვნის, რომ სისტემაში ჩაშვებული/ჩასაშვები სამრეწველო ჩამდინარე წყლის ხარისხი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მიიღებს გადაწყვეტილებას სამრეწველო ჩამდინარე წყლის არმიღების შესახებ, მომხმარებელს ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 12 თვისა), რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ჩამდინარე წყლის გაწმენდა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნების დონემდე. მომხმარებელს, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ახორციელებდა სამრეწველო ჩამდინარე წყლის ჩაშვებას სისტემაში, სისტემის ოპერატორისგან ამ პერიოდში ეძლევა ჩამდინარე წყლის ჩაშვების დროებითი ტექნიკური პირობა, რომლის მიხედვითაც მოხდება სისტემაში წყლის ჩაშვება. 9. აკრძალულია სისტემაში ჩამდინარე წყლის ზალპური ჩაშვება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ავარიული ზალპური ჩაშვების ფაქტს, მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ზალპური ჩაშვების დაახლოებითი მოცულობისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების სავარაუდო კონცენტრაციების თაობაზე. სისტემის ოპერატორის ინფორმირება მომხმარებელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
მუხლი 5. ზედამხედველობა და კონტროლი 1. სისტემის ოპერატორი ახორციელებს ჩამდინარე წყლების მიღების ზედამხედველობასა და კონტროლს. 2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გამართული ოპერირების მიზნით, ნებისმიერ დროს გააკონტროლოს მომხმარებლის მიერ სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის რაოდენობა და დაბინძურების ხარისხის მაჩვენებელი. 3. სისტემის მომხმარებელი ვალდებულია არ შეაფერხოს სისტემის ოპერატორი, რომ მან განახორციელოს ჩამდინარე წყლების მონიტორინგი, მათ შორის, ნებისმიერ დროს უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაშვება ჩამდინარე წყლის რაოდენობის გასაზომად, ან/და სინჯის (ნიმუშის) ასაღებად წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლის ჩაშვების წერტილი ექცევა მომხმარებლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ჩაშვების წერტილი მდებარეობს სისტემის მომხმარებლის საკუთრების ან/და მფლობელობაში არსებული ტერიტორიის გარეთ, სინჯის აღება ხორციელდება არსებული სისტემის უახლოესი საკანალიზაციო ჭიდან. 5. სისტემის ოპერატორი საჭიროების შემთხვევაში ახდენს წერტილოვანი სინჯის (დროის მოცემულ მონაკვეთში ჩამდინარე წყლის ნიმუშის) აღებას ან ადგილზე ამონტაჟებს შედგენილი (საშუალო) სინჯის ასაღებ ხელსაწყოს, რომელიც უზრუნველყოფს დროის გარკვეულ მონაკვეთში გასაშუალოებული სინჯის აღებას. 6. სისტემის ოპერატორმა უნდა აცნობოს მომხმარებელს ჩამდინარე წყლის სინჯის აღების შესახებ და მომხმარებელი უფლებამოსილია დაესწროს სინჯის აღებას, თუმცა თუ მომხმარებელი არ დაესწრება სინჯის აღების პროცესს, სინჯის აღება განხორციელდება მომხმარებლის დასწრების გარეშე. 7. ჩამდინარე წყლის სინჯის ანალიზი ტარდება ნებისმიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი ტიპის სინჯების აღებისა და კვლევის უფლება. 8. იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლის სინჯის აღების დროს სისტემის მომხმარებელს სურს ანალიზის ჩატარება ალტერნატიულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სისტემის ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აღებული იქნება ორი პარალელური სინჯი, რომელთაგან სათანადო წესითა და პირობებით დალუქული ერთი სინჯი გადაეცემა მომხმარებელს. 9. სისტემის ოპერატორის მიერ ნებისმიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნილი ჩამდინარე წყლის სინჯის კვლევის შედეგად თუ აღმოჩნდება, რომ მომხმარებლის მიერ სისტემაში ჩაშვებული იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყალი, ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის საფასურის ანაზღაურება ეკისრება მომხმარებელს. 10. ჩამდინარე წყლების სინჯის აღება და ლაბორატორიული ანალიზი ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის − „წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №26 დადგენილებისა და ჩამდინარე წყლების ანალიზის იმ სტანდარტული მეთოდების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროში.
მუხლი 6. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ზენორმატიული ჩამდინარე წყლის ჩაშვება 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სისტემის ოპერატორი გადაწყვეტს მიიღოს ზენორმატიული ჩამდინარე წყალი, ზენორმატიული საწარმოო ჩამდინარე წყლის მიღებაზე დამატებითი მომსახურების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თითოეული ნორმირებული პარამეტრის გადაჭარბების დონისა და დამაბინძურებლის საშიშროების კლასის შესაბამისად. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა: A= F * (0.1 * (k1+k2+... +ki) + 0.2 * ( m1+m2 +... +mi) + 0.4 * (n1+n2+... +ni)); A –ასანაზღაურებელი თანხა; F – მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში წყალარინების მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის საშუალო მაჩვენებელი; k – დანართ №1-ში მოცემული პირველი კლასის თითოეული პარამეტრის გადაჭარბების კოეფიციენტები; m – დანართ №1-ში მოცემული მეორე კლასის თითოეული პარამეტრის გადაჭარბების კოეფიციენტები; n – დანართ №1-ში მოცემული მესამე კლასის თითოეული პარამეტრის გადაჭარბების კოეფიციენტები. 2. გადაჭარბების კოეფიციენტი გამოითვლება გაზომილი კონცენტრაციის შეფარდებით ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე 1. თუ სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები სრულად შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების (ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი აკრძალული ნივთიერებების ჩაშვება, დანართ №1-ში განსაზღვრული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების გადაჭარბება, ზალპური ჩაშვება) დარღვევით, სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემთხვევაში, სისტემის მომხმარებელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლის ოდენობა და დაკისრების წესი რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმების გარდა, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, ჩამდინარე წყლის სისტემაში ჩაშვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება სისტემის ოპერატორის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი №1
წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ფიზიკურ - ქიმიური პარამეტრები და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები
შენიშვნა: − სხვადასხვა მძიმე ლითონის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში ჩამდინარე წყალში მათი ჯამური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/ლ‑ს. − საშიშროების კლასები: 1 − დაბალი, 2 − საშუალო, 3 − მაღალი.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები